საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა.
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება
     1917 წელს რუსეთში მომხდარი თებერვლის რევოლუციის შემდეგ სამხრეთ კავკასიაში ძალაუფლება გადაეცა, დროებითი მთავრობის სამხარეო ორგანოს, ამიერკავკასიის განსაკუთრებულ კომიტეტს, ე.წ. “ოზაკომს” (Особый Закавказский Комитет),რომელიც დაკომპლექტდა კავკასიის ერების და ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური პარტიების წევრებისაგან. მისი ქართველი წევრები იყვნენ სოციალისტ-ფედერალისტი კიტა აბაშიძე და სოციალ-დემოკრატი აკაკი ჩხენკელი. ოზაკომის პარალელურად არსებობდა მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭო ნოე ჟორდანიას (1868-1953 წწ) მეთაურობით. ჟორდანია, ქართულ პოლიტიკურ სარბიელზე მოქმედი ყველაზე ძლიერი ძალის, სოციალ-დემოკრატების, აღიარებული ლიდერი იყო.
    1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ მოხდა უმნიშვნელოვანესი ფაქტი: საქართველოში, 12 მარტს, სვეტიცხოვლის ტაძარში გამოცხადდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შესახებ. ამავე წლის სექტემბერში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქად არჩეულ იქნა კირიონ II (გიორგი საძაგლიშვილი).
   1917 წლის აპრილში ჩამოყალიბდა “საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭო”, რომლის თავმჯდომარე იყო აკაკი ჩხენკელი. “საქართველოს ინტერპარტიულ საბჭოში” წარმოდგენილი იყო ყველა ძირითადი პოლიტიკური მიმდინარეობა. ინტერპარტიულმა საბჭომ გადაწყვიტა ეროვნული ყრილობის მოწვევა, რომელსაც ექნებოდა მეტი ლეგიტიმური უფლება, ელაპარაკა ქართველი ხალხის სახელით.
   1917 წლის 19 ნოემბერს გაიხსნა ეროვნული ყრილობა. ყრილობაზე მოწვეული იყვნენ საქართველოსი მოქმედი პოლიტიკური პარტიების, ეთნიკური უმცირესობების, სხვადასხვა კონფესიების, პროფესიული გაერთიანებების წარმომადგენლები. ეროვნულმა ყრილობა აირჩია საქართველოს ეროვნული საბჭო ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით. ეროვნულმა ყრილობამ ასევე მიიღო დადგენილება, რომელშიც აღინიშნა, რომ რუსეთში დემოკრატიული წყობილების დამყარების შემთხვევაში საქართველო ავტონომიის სახით რჩებოდა მის შემადგენლობაში.
   როგორც უკვე ავღნიშნეთ 1918 წლის 6 იანვარს ბოლშევიკებმა ახლად არჩეული რუსეთის დამფუძნებელი კრება (იგივე პარლამენტი) დაშალეს. რუსეთში დამყარდა ბოლშევიკური დიქტატურა.
   1918 წლის 10 თებერვალს რუსეთის დამფუძნებელი კრებიდან გამოძევებული ამიერკავკასიელი დეპუტატებისაგან შეიქმნა ამიერკავკასიის სეიმი (იგივე პარლამენტი), რომლის თავმჯდომარედაც აირჩიეს კარლო ჩხეიძე.  1918 წლის 6 იანვარს რუსეთის დამფუძნებელი კრების დეპუტატები  უკვე არჩეულები იყვნენ, ამიტომაც მათ ლეგიტიმური უფლება ჰქონდა ამიერკავკასიის სემის დეპუტატები ყოფილიყვნენ.
    1918 წლის 3 მარტს ბოლშევიკებმა გერმანიასთან და მის მოკავშირეებთან, რუსეთში ომის დაძაბულობის მოხსნის და საკუთარი ხელისუფლების გადარჩენის მიზნით, ქალაქ ბრესტ-ლიტოვსკში დადეს სეპარატიული ზავი, ანუ ისეთი ზავი, რომელიც იდება ომის დროს კოალიციაში მყოფი სახელმწიფოს მიერ მოწინააღმდეგესთან თავისი მოკავშირეების თანხმობის გარეშე. ბრესტის ზავით საბჭოთა რუსეთი I მსოფლიო ომიდან გავიდა. საზავო მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდა ამიერკავკასიის დელეგაცია. თურქეთმა მიიღო ბათუმის, ყარსისა და არტაანის ოლქები. ასე, რომ ამ ზავის პირობებით სამხრეთ კავკასია თურქეთს დარჩა. თურქეთი მაშინვე შეუდგა ბრესტის ზავის პირობების რეალიზებას და მოითხოვა ბათუმის, ყარსისა და არტაანის ოლქების დაცლა. ამიერკავკასიის სეიმმა თურქეთის მოთხოვნა უარყო და სცადა დიპლომატიური გზით მოეგვარებინა ეს კონფლიქტი.
    1918 წლის 14 მარტს, ქ. ტრაპიზონში დაიწყო საზავო მოლაპარაკება. ამიერკავკასიის დელეგაციეს მეთაურობდა აკაკი ჩხენკელი. თურქეთი კატეგორიულად მოითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავის პირობების შესრულებას. მათი ჯარები ამიერკავკასიის საზღვრებში შემოიჭრნენ. ასეთ მძიმე სიტუაციაში, 1918 წლის  9 აპრილს, დაფუძნდა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესეპუბლიკა. მაგრამ გერმანული ორიენტაციის საქართველოს, ინგლისური ორიენტაციის სომხეთსა და თურქული ორიენტაციის აზერბაიჯანს სხვადასხვა ინტერესები ჰქონდათ.
   1918 წლის 11 მაისს ბათუმში განახლდა ამიერკავკასია-თურქეთის საზავო მოლაპარაკებები. თურქეთი პოზიციას არ ცვლიდა. აკაკი ჩხენკელმა საქართველოს ეროვნულ საბჭოს გაუგზავნა გერმანელთა შემოთავაზება, რომელიც გერმანიის, როგორც პირველ მსოფლიო ომში თურქეთის მოკავშირის დახმარებით,  საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას გულისხმობდა. ამ შემთხვევაში გერმანიის წარმომადგენელი ფონ ლოსოვი კისრულობდა თურქეთთან მოლაპარაკებებში შუამავლობას.  ფონ ლოსოვი აკაკი ჩხენკელს აცნობებდა თავის მზადყოფნას, შეესრულებინა მოლაპარაკებაში შუამავლის როლი, იმ შემთხვევაში თუ საქართველო დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა. ასე, რომ შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება იყო. საქართველო უნდა გამხდარიყო ამიერკავკასიაში მზარდი გერმანული ინტერესების დასაყრდენი. აკაკი ჩხენკელი ამის შესახებ  საქართველოს ეროვნული საბჭოსადმი ბათუმიდან გაგზავნილ საიდუმლო წერილში წერდა: “ურისკოდ არაფერი არ კეთდება. სახელმწიფო ვის დაუარსებია ურისკოდ! საჭიროა გამბედაობა და კიდევ გამბედაობა!”.

   1918 წლის 26 მაისს გაიმართა ამიერკავკასიის სეიმის უკანასკნელი სხდომა. 3 საათზე  სეიმმა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა დაშლილად გამოაცხადა, ხოლო თვითონ უფლებამოსილება მოიხსნა. იმავე დღეს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ 1918 წლის 26 მაისს, 16 საათსა და 50 წუთზე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, გოლოვინის (დღევანდელი რუსთაველის) გამზირზე, იმავე დარბაზში, სადაც თავისი უკანასკნელი სხდომა გამართა ამიერკავკასიის სეიმმა, გაიხსნა საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა. ეროვნულ საბჭოს ნოე ჟორდანიამ გააცნო “საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი”, რომლის თანახმადაც გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა.  დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის პირველ თავმჯდომარედ დაინიშნა ნოე რამიშვილი, რომელიც 1918 წლის ივნისში შეცვალა ნოე ჟორდანიამ. 1918 წლის 8 ოქტომბერს ეროვნულ საბჭოს ეწოდა საქართველოს პარლამენტი, რომელიც დაითხოვეს დამფუძნებელი კრების არჩევნებთან დაკავშირებით.

საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა

ავტორი : ლელა კაკაშვილი
ლენინი
1917 წლის ოქტომბრის რევოლუცია

       ბოლშევიკთა ამბოხი დაიწყო 1917 წლის 24-25 ოქტომბერს ღამით  2 სთ-სა და 10 წუთზე (ახალი სტილით 7 ნოემბერს), ამიტომაც ეწოდა შემდეგში ამ მოვლენებს ოქტომბრის რევოლუცია. კრეისერ “ავრორას” მიერ ზალპის მიცემისა და წინასწარი საარტილერიო დაბომბვის შემდეგ დაიწყო შეტევა ზამთრის სასახლეზე. ბოლშევიკთა შეიარაღებულმა რაზმებმა პეტროგრადი ყოველგვარი წინააღმდეგობის გარეშე დაიკავეს. წითელგვარდიელებს მხოლოდ იუნკერთა რამდენიმე ბატალიონმა გაუწია წინააღმდეგობა. ზამთრის სასახლეში ბოლშევიკებს 30 იუნკერი დახვდა. დაპატიმრებულთა შორის არ იყო კერენსკი, რომელიც ქალაქგარეთ იმყოფებოდა და ქალაქზე ლაშქრობისათვის ემზადებოდა, მაგრამ მუშებმა და ჯარისკაცებმა კერენსკის 700 კაციანი რაზმი ქალაქში არ შეუშვეს. კერენსკი გაიქცა. სახელმწიფო გადატრიალება დასრულდა. ბოლშევიკებმა ყოველგვარი მსხვერპლის გარეშე აიღეს ძალაუფლება.
      შეიქმნა ახალი მთავრობა, რომელსაც ეწოდებოდა _ სახალხო კომისართა საბჭო. ახალ მთავრობას, ანუ სახალხო კომისართა საბჭოს სათავეში ჩაუდგა ვლადიმერ ილიას ძე ლენინი.
1917 წლის ნოემბერში ჩატარდა დამფუძნებელი კრების არჩევნები, რომელიც ჯერ კიდევ ოქტომბრის მოვლენებამდე იყო დანიშნული. ამ საკანონმდებლო ორგანოს, ანუ დამფუძნებელ კრებას უნდა მოემზადებინა ქვეყნის კონსტიტუცია. ამგრამ არჩევნები ბოლშევიკებისათვის არასასურველი შედეგებით დასრულდა (ისინი მეორე ადგილზე გავიდნენ მიღებული ადგილების რაოდენობით).
           1918 წლის 6 იანვარს ბოლშევიკებმა სამხედრო ძალის გამოყენებით დაშალეს დამფუძნებელი კრება. პეტროგრადის საბჭოს თავმჯდომარემ, ლევ ტროცკიმ კი ოფიციალურად გამოაცხადა, რომ ყველგან რუსეთში ხელისუფლების მთავარი ორგანო ხდებოდა საბჭოები. სწორედ აქედან მომდინარეობს ტერმინები “საბჭოთა ხელისუფლება”, “საბჭოთა კავშირი” და ა. შ. მალე ბოლშევიკების პარტიამ სახელი შეიცვალა და მას რუსეთის კომუნისტური პარტია ეწოდა.
            ბოლშევიკებს რუსეთში ხელისუფლების ხელში აღების შემდეგ იმედი ჰქონდათ, რომ რევოლუციური პროცესები დაიწყებოდა მთელ ევროპაში, მაგრამ ასე არ მოხდა. მშვიდობა, რომელსაც ისინი მოსახლეობას ჰპირდებოდნენ აუცილებელი იყო არმიისა და გლეხობის დასაშოშმინებლად. ბოლშევიკებს ხელი უნდა მოეწერათ სამშვიდობო ხელსკრულებისათვის, მგრამ ისე, რომ თითქოს ემხილათ “ბურჟუაზიული მთავრობები”, მაგრამ იმავდროულად არ უნდა ეჩვენებინათ რომ ისინი მხარს უჭერდნენ ცენტრალური სახელმწიფოების (სამთა კავშირის).

ოქტომბრის რევოლუცია რუსეთში

ავტორი : ლელა კაკაშვილი

1917 წლის თებერვლის რევოლუცია
         რუსეთის წარუმატებლობები პირველ მსოფლიო ომში გახდა 1917 წლის თებერვლის რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. ფრონტზე განცდილ არაერთ მარცხს ამძიმებდა რთული სოციალური ვითარება. საყოველთაო სახალხო მღელვარების დაწყებამდე ქვეყანაში მიმდინარეობდა გაფიცვები. 
     1917 წლის 23 თებერვალს პეტროგრადში (ომის დასაწყისში ამ ქალაქის გერმანული სახელი პეტერბურგი შეიცვალა სლავური პეტროგრადით) მოეწყო მასობრივი დემონსტრაცია, რომელიც შემდგომ დღეებშიც გაგრძელდა და გადაიზარდა პოლიციასთან შეტაკებებეში. დემონსტრანტები გამოდიოდნენ ომის შეწყვეტისა და მთავრობის გადაგომის მოთხოვნებით. ამ ამბოხს შეუერთდა პეტროგრადის გარნიზონის ჯარისკაცების ნაწილიც.
        შექმნილ ვითარებაში, 1917 წლის 3 მარტს მეფე ნიკოლოზ II (1895-1917 წწ) გადადგა. სამეფო ტახტზე ( 2 მარტს) უარი თქვა მისმა ძმამ, მიხეილმაც. ამ ფაქტით დასრულდა რუსეთში მონარქიის არსებობა. თუმცა  თუ რა ფორმის მმართველობა უნდა დამყარებულიყო რუსეთში _ მონარქიული თუ რესპუბლიკური, დროებით გადაიდო და რუსეთი რესპუბლიკად მხოლოდ 1917 წლის 1 სექტემბერს გამოცხადდა.
       პეტროგრადში შეიქმნა დროებითი მთავრობა, რომელიც ძირითადად შედგებოდა ლიბერალი პოლიტიკოსებისაგან, კერძოდ კონსტიტუციურ-დემოკრატებისაგან (კადეტებისაგან). პარალელურად გაიმართა პეტროგრადის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს პირველი არჩევნები. საბჭოებში დომინირებდნენ რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (რსდმპ) ზომიერი ფრთის _ მენშევიკებისა და სოციალისტ-რევოლუციეონერების (ესერების) პარტიების წარმომადგენლები. საბჭოს თავმჯდომარე გახდა მენშევიკი კარლო ჩხეიძე. რსდმპ-ს რადიკალური ფრთა _ ბოლშევიკები თავდაპირველად უმცირესობაში იყვნენ, მაგრამ მალე პეტროგრადის საბჭოში უმრავლესობა მოიპოვეს.
       რუსეთში დროებითი მთავრობა და საბჭოები ერთმანეთის პარალელურად მოღვაწეობდნენ. ქვეყანაში დამყარდა ორხელისუფლებიანობა. დროებით მთავრობას მუშაობა მეტად რთულ პირობებში უხდებოდა. იზრდებოდა დროებითი მთავრობის მუშაობით გამოწვეული უკმაყოფილება და მძაფრდებოდა ანტისაომარი განწყობილებები.  ფრონტზე მდგომარეობა სულ უფრო მძიმდებოდა. სამხედრო მინისტრის, კერენსკის მიერ დაგეგმილი შეტევა წარუმატებელი გამოდგა. მიუხედავად რუსეთის არმიის ყველაზე ნიჭიერი გენერლის, ბრუსილოვის ცალკეული გამარჯვებებისა, ომში რუსეთის საბოლოო მარცხი სულ უფრო თვალსაჩინო ხდებოდა. მიუხედავად ამისა დროებითი მთავრობა არ აპირებდა რუსეთის გამოყვანას ომიდან.
       დროებითმა მთავრობამ ვერც მიწის საკითხი გადაწყვიტა. ამ ვითარებას ვერც მთავრობის ცვლილებამ უშველა, კერძოდ დროებითი მთავრობის თავმჯდომარე ლვოვი ამ პოსტზე შეცვალა ალექსანდრე კერენსკიმ.
       დროებითმა მთავრობამ დაპირისპირებულობის აღმოსაფხვრელად განიზრახა სამხედრო დიქტატურის დამყარება. დიქტატორი უნდა გამხდარიყო სამხედრო ძალების უფროსი კორნილოვი. მაგრამ 1917 წ აგვისტოში კერენსკისა და კორნილოვს შორის უთანხმოებამ იფეთქა და შეთქმულება ჩაიშალა კორნილოვი დააპატიმრეს. კერენსკისა და კორნილოვს შორის უთანხმოებამ საგრძნობლად გააძლიერე ბოლშევიკების ბანაკი.
       1917 წლის სექტემბერში პეტროგრადის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოებში ბოლშევიკებმა უმრავლესობა მოიპოვეს. საბჭოს თავმჯდომარე გახდა ბოლშევიკთა ერთერთი ლიდერი ლევ ტროცკი (იგივე ბრონშტეინი). მსგავსი სიტუაცია იყო მოსკოვის საბჭოშიც. ბოლშევიკების გავლენა თანდათან მატულობდა. ლენინი და ბოლშევიკების ლიდერები შეიარაღებული აჯანყებით იმუქრებოდნენ. გამჟღავნდა  გერმანიის სამხედრო უწყების მიერ ბოლშევიკების პარტიის დაფინანსების ფაქტიც, თუმცა დროებითი მთავრობა მოერიდა ბოლშევიკების წინააღმდეგ რადიკალური ზომების მიღებას.


თებერვლის რევოლუცია რუსეთში

ავტორი : ლელა კაკაშვილი


ერთა ლიგის შექმნა

    I მსოფლიო ომის შემდეგ საყოველთაო მშვიდობისა და საერთაშორისო წესების უზენაესობის დასამყარებლად 1919 წელს პარიზის საზავო კონფერენციაზე 44-მა სახელმწიფომ დააფუძნა მსოფლიოში პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია _ ერთა ლიგა, რომლის დაარსების იდეაც ეკუთვნოდა აშშ-ს პრეზიდენტს ვუდრო ვილსონს, თუმცა საბოლოოს ჯამში აშშ ერთა ლიგის წევრი არ გამხდარა, რადგან შტატებში საზოგადოების დიდი ნაწილი თვლიდა, რომ რაიმე ტიპის ევროპულ ორგანიზაციაში გაწევრიანება ნიშნავდა აშშ-ს ჩარევას ევროპულ პრობლემებსა და კონფლიქტებში. ერთა ლიგის წევრი არ გამხდარა საბჭოთა რუსეთიც.
   ერთა ლიგის მუშაობას ხელმძღვანელობდა გენერალური მდივანი. ამ ორგანიზაციის შტაბ-ბინა მდებარეობდა ქ. ჟენევაში.
ერთა ლიგის მმართველი ორგანოები იყო:
1. საბჭო, რომელიც შედგებოდა ოთხი მუდმივი და ოთხი არჩევითი წევრისაგან. ერთა ლიგის საბჭოს მუდმივი წევრები იყვნენ: დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, იაპონია. ერთა ლიგის საბჭოს ფუნქცია იყო, კონფლიქტის დროს შეესრულებინა მედიატორის როლი, ეკონომიკური სანქციების საშუალებით გაენეიტრალებინა აგრესორი ქვეყანა;
2. ასამბლეა, რომელიც წარმოადგენდა მსოფლიო პარლამენტის შექმნის პირველ მცდელობას. ასამბლეაზე განიხილებოდა სხვადასხვა სახის გლობალური პრობლემები. თითოეულ ქვეყანას ჰქონდა ერთი ხმა. ნებისმიერ სახელმწიფოს ჰქონდა უფლება, ვეტო დაედო ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.
3. საერთაშორისო სასამართლო, რომელიც მდებარეობდა ქ. ჰააგაში. იგი შედგებოდა სხვადასხვა ქვეყნიდან არჩეული 15 მოსამართლისაგან და განიხილავდა ქვეყანათა შორის დავებს;
გარდა ამისა ერთა ლიგას გააჩნდა სხვა სტრუქტურებიც: სამანდატო კომისია, რომელიც გერმანიისათვის ჩამორთმეულ კოლონიებში აკონტროლებდა სამანდატო მმართველობას; უმცირესობათა კომისია; განიარაღების კომისია, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია; ლტოლვილთა ორგანიცაია და სხვა.
   1941 წელს გაიმართა ერთა ლიგის გენერალური ასამბლეის უკანასკნელი სხდომა. 1946 წლის აპრილში კი ერთა ლიგამ თვითლიკვიდაცია გამოაცხადა და ასპარეზი დაუთმო თავის მემკვიდრეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციას.

ერთა ლიგა

ავტორი : ლელა კაკაშვილი
დევიდ ლოიდ ჯორჯი, ვიტორიო ორლანდო, ჯოჯრ კლემანსო და ვუდრო ვილსონი




პარიზის (ვერსალის) კონფერეცია და მისი შედეგები.
პარიზის კონფერენციის მნიშვნელობა
    I მსოფლიო ომის საზავო მოლაპარაკებები ჯერ კიდევ 1918 წლის ოქტომბერში დაიწყო, მაშინ როდესაც დასავლეთის ფრონტზე ამის შესახებ არაფერი იცოდნენ.  
     I მსოფლიო ომში გამარჯვებული სახელმწიფოები პარიზის საზავო კონფერენციაზე შეიკრიბნენ 1919 წლის 18 იანვარს. მართალია კონფერენციას ესწრებოდა ანტანტის მოკავშირე 27 ქვეყნის წარმომადგენელი, ვინც ომი გამოუცხადა გერმანიას, მაგრამ სინამდვილეში გადაწყვეტილებას იღებდა სამი სახელმწიფო _ საფრანგეთი, ბრიტანეთი და აშშ. დამარცხებული სახელმწიფოები პარიზის კონფერენციაზე არ მიიწვიეს, ამდენად ეს მოლაპარაკება ომის მონაწილე მხარეებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკება კი არ იყო, არამედ გამარჯვებულების დიქტატი: კერძოდ სამმა გამარჯვებულმა სახელმწიფომ უკარნახა თავისი საზავო პირობები დანარჩენ მსოფლიოს. სამივე გამარჯვებულს საკუთარი სამშვიდობო გეგმა ჰქონდა:
1. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის ჟორჟ კლემანსოს მთავარი დევიზი იყო _ “გადმოვუბრუნოთ ჯიბეები ბოშებს”, ასეთ სალანძღავ სიტყვით მოიხსენიებდნენ ფრანგები გერმანელებს. საფრანგეთს სურდა გერმანიის მაქსიმალურად დასუსტება და ომით მიყენებული ზარალის ანაზღაურების მთელ სიმძიმეს გერმანიას აკისრებდა.
2. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, დევიდ ლოიდ ჯორჯი ხელმძღვანელობდა ევროპის კონტინენტზე “ძალთა წონასწორობის” შენარჩუნების ტრადიციული ბრიტანული პოლიტიკით. მას კარგად ესმოდა, რომ გერმანიის მეტისმეტად დასუსტება და დამცირება ევროპას, მშვიდობის სანაცვლოდ ახალ ომამდე მიიყვანდა. გერმანია ადრე თუ გვიან ძალას მოიკრეფდა და შურს იძიებდა, მაგრამ საფრანგეთის მოქმედებას ბრიტანეთი დიდად არ ეწინააღმდეგებოდა;
3. აშშ-ს პრეზიდენტი ვუდრო ვილსონი, რომელიც შუამავლობდა ომის შეწყვეტის საკითხებს გერმანიასა და “ანტანტას” შორის, გერმანიის მთავრობას ჰპირდებოდა, რომ საზავო ხელშეკრულება არ იქნებოდა მძიმე. თუმცა ვილსონმა ვერ შეძლო მოკავშირეთა დარწმუნება. ვილსონის საზავო დებულება ე.წ. “14 პუნქტი” მოკავშირეებმა არ მიიღეს. მათ სურდათ გერმანიის სრული კაპიტულაცია. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ჟორჟ კლემანსომ კი განაცხად: “ბატონი ვილსონი თავს მაბეზრებს თავისი 14 პუბქტით, მაშინ როდესაც თვით ყოვლისშემძლე უფალიც კი ათით დაკმაყოფილდა”.


     ვერსალის საზავო ხელშეკრულებაზე მუშაობა 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც ვიცით სამუშაო პროცესს არ დასწრებია გერმანული მხარე. ხელშეკრულების გაცნობის საშუალება მათ მხოლოდ 1919 წლის 28 ივნისს, “სარაევოს გასროლის” ხუთი წლის თავზე მიეცათ, ვერსალის სარკეებიან დარბაზში. ეს სიმბოლური იყო: ზავის დადების ადგილი განზრახ შეირჩა, რადგან სწორედ იქ, 1871 წლის 18 იანვარს, საფრანგეთზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, საზეიმოდ გამოცხადდა ერთიანი გერმანული სახელმწიფოს (ანუ რაიხის, იმპერიის) შექმნა. ასევე შემთხვევითი არ ყოფილი პარიზის საზავო კონფერენციის გახსნის თარიღად 18 იანვრის შერჩევა. 
     პირობები მოსალოდნელზე მკაცრი აღმოჩნდა. ამ საზავო ხელშეკრულებით გერმანიამ დაკარგა: აფრიკული და აზიური კოლონიები, ასევე ელზასი, ლოთარინგია და სხვა მიწები. ძლიერ გერმანიის იმპერიას ჩაენაცვლა არასტაბილური ვაიმარის რესპუბლიკა _ ასე უწოდებდნენ გერმანიას 1919-1933 წლებში. 1918 წლის 9 ნოემბერს გერმანიაში მოეწყო სამხედრო გადატრიალება, კაიზერი ვილჰემ II აიძულეს უარი ეთქვა ტახტზე. იგი ნიდერლანდებში გაიქცა. ხელისუფლებაში მოვიდა სოციალისტური პარტიის ლიდერი ებერტი, რომელმაც ჩაატარა რაიხსტაგის არჩევნები ქალაქ ვაიმარში 1919 წლის 11 თებერვალს. ასე შეიქმნა ძლიერი გერმანიის ადგილას არასტაბილური ვაიმარის რესპუბლიკა.

   ვაიმარის რესპუბლიკას აეკრძალა მძიმე საბრძოლო ტექნიკის წარმოებისა და ყოლის უფლება, ასევე სამხედრო ფლოტისა და არმიის ყოლა. ნება დართეს ჰყოლოდა მხოლოდ 100 000 ჯარისკაცი და რამდენიმე ათეული სამხედრო ხომალდი. დამარცხებულ გერმანიას დაეკისრა მოკავშირეთა სასარგებლოდ 130 მილიარდი მარკის გადახდა. გერმანიაში გამეფდა სიღარიბე და ინფლაცია. ამან კი ხელი შეუწყო რადიკალური, ულტრამემარცხენე (კომუნისტური) და ულტრამემარჯვენე (ნაცისტური) იდეების გავრცელებას. ვესალის ზავის ზედმეტად მძიმე და უსამართლო პირობები შემდგომში II მსოფლიო ომის დაწყების მიზეზი გახდა.
  გერმანიისათვის მორალური თვალსაზრისით, განსაკუთრებით მძიმე იყო ვერსალის ხელშეკრულები 231 პარაგრაფი, რომელიც ომის გაჩაღებაში დამნაშავედ მხოლოდ გერმანიასა და მის მოკავშირე სახელმწიფოებს ცნობდა. ისტორიული ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ ეს პარაგრაფი სიმართლეს არ შეესაბამებოდა: ომის გაჩაღებაში ავსტრია-უნგრეთთან და გერმანიასთან ერთად პირდაპირი დამნაშავენი იყვნენ: სერბეთი, რუსეთი, ბრიტანეთი და საფრანგეთი.
   პარიზის საზავო კონფერენციაზე მოხდა სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებებიც. დაიშალა ავსტრია-უნგრეთის იმპერია და მის ნანგრევებზე წარმოიქმნა შემდეგი დამოუკიდებელი სახელმწიფოები: ავსტრიის, უნგრეთის, ჩეხოსლოვაკიის და იუგოსლავიის რესპუბლიკები, რომელშიც გაერთიანდნენ სერბები, ხორვატები, სლოვენები სერბების ჰეგემონობით. ამ სახელმწიფოს იუგოსლავია ეწოდა 1929 წლიდან.
    დაიშალა ოსმალეთის იმპერიაც. ყოფილი ოსმალეთის იმპერიის აზიური კოლონიები ინგლისისა და საფრანგეთის კონტროლქვეშ მოექცა. იტალიაში, ფაშისტი ბენიტო მუსოლინის ხელისუფლებაში მოსვლამდე სუფევდა პოლიტიკური არასტაბილურობა. მძიმე ეკონომიკური კრიზისი სუფევდა ინგლისში. ასეთივე მდგომარეობაში აღმოჩნდა საფრანგეთიც.
   რუსეთის იმპერია დაემხო 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შედეგად და დაიწყო სამოქალაქო ომი, სადაც გაიმარჯვეს ბოლშევიკებმა და 1922 წელს შექმნეს ახალი სახელმწიფო _ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი ანუ სსრკ.
   გერმანიაში ვერსალის საზავო ხელშეკრულების მიმართ საზოგადოებრივი აზრი ორად გაიყო. პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოების ერთი ნაწილი ზავის პირობების შესრულების მომხრე იყო. მათი აზრით სწორედ ეს გახდებოდა წინაპირობა გამარჯვებულ სახელმწიფოებთან ვერსალის ზავის პირობების შერბილების ანდა, სულაც გაუქმებაზე მოლაპარაკებების საწარმოებლად. მეორე ნაწილი კი ვერსალის ხელშეკრულების პირობებს ეროვნული ღირსების შეურაცხყოფად მიიჩნევდა. მათ შორის იყო ჰიტლერის პარტიაც. საზოგადოების ამგვარმა განწყობილებამ მნიშვნელოვნად განაპირობა ნაცისტების მოსვლა ხელისუფლების სათავეში 1933 წელს. 
   



პარიზის (ვერსალის) კონფერეცია

ავტორი : ლელა კაკაშვილი

პირველი მსოფლიო ომის გამოცხადება

    პირველი მსოფლიო ომის დაწყების საბაბი გახდა 1914 წლის 28 ივნისს ქალაქ სარაევოში ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ტახტის მემკვიდრის, ერცჰერცოგ ფრანც-ფერდინანდის, მკვლელობა სერბი ნაციონალისტის, გავრილო პრინციპის მიერ, რასაც შედეგად მოჰყვა “ბოსნიის კრიზისი”. ავსტრიის ტახტის მემკვიდრე ფრანც-ფერდინანდი ჩავიდა სერბებით დასახლებულ ბოსნიის ქალაქ სარაევოში, რათა დასწრებოდა სამხედრო წვრთნებს. ფრანც-ფერდინანდი ბოსნიელებისათვის ავტონომიის მინიჭების მომხრე იყო, ხოლო მის სრულ დამოუკიდებლობას მხარს არ უჭერდა, რითაც გამოიწვია ორგანიზაცია “ახლგაზრდა ბოსნიის” გაღიზიანება. ამ მიზეზით ის და მისი მეუღლე სასიკვდილოდ დაჭრა ამ ორგანიზაციის წევრმა სერბმა სტუდენტმა გავრილო პრინციპმა.


    ამ მკვლელობაში ავსტრიელებმა სერბები დაადანაშაულეს და, გერმანიასთან კონსულტაციის შემდეგ, 23 ივლისს ბელგრადს ულტიმატუმი წარუდგინეს: სერბეთს უნდა შეეწყვიტა ანტიავსტრიული პროპაგანდა და ავსტრიის წარმომადგენლები დაეშვა მკვლელობის გამოსაძიებლად. სერბებმა ბოლო პუნქტი არ მიიღეს. 1914 წლის 28 ივლისს ავსტრიამ ომი გამოუცხადა სერბეთს. მსოფლიო ომში ომის გამოცხადება პირველად მოხდა ტელეგრამით. 30 ივლისს ომში ჩაება Gგერმანია.  გერმანიამ გააფრთხილა რუსეთი, რომ თუ ეს უკანასკნელი სერბეთის დასახმარებლად მობილიზაციას გამოაცხადებდა გერმანია მათ ომს გამოუცხადებდა. 30 ივლისს, როდესაც ავსტრიულმა არტილერიამ დაბომბა ბელგრადი (სერბეთის დედაქალაქი), რუსებმა იმავე საღამოს პირველად გადალახეს გერმანიის იმპერიის აღმოსავლეთი საზღვარი და გერმანიასთან ომში ჩაებნენ. ასე, რომ 1 აგვისტოს გერმანიამ ომი გამოუცხადა რუსეთს.  3 აგვისტოს კი ომში ჩაება საფრანგეთი. დიდ ბრიტანეთს ნეიტრალიტეტის შენარჩუნება სურდა, მაგრამ 4 აგვისტოს გერმანიის ჯარები შეიჭრნენ ბელგიაში, რის შედეგადაც ბრიტანელები ომში ჩაებნენ. 1914 წლის 2 ნოემბერს რუსეთმა ოსმალეთს ომი გამოუცხადა. ასე დაიწყო I მსოფლიო ომი.


ომის მიმდინარეობა და შედეგები

   ომის მსურველ თითოეულ მხარეს ჰქონდა წინასწარ შემუშავებული სამხედრო სტრატეგია. გერმანიის გეგმას ეწოდებოდა “შლიფენის გეგმა”_ გერმანიის გენერალური შტაბის უფროსის, ფონ შლიფენის გვარის მიხედვით. შლიფენი თვლიდა, რომ გერმანიას ომი მოუწევდა საფრანგეთისა და რუსეთის წინააღმდეგ და ორ ფრონტზე ძალები არ ეყოფოდა. აქედან გამომდინარე შლიფენმა თავის გეგმას საფუძვლად დაუდო მოწინააღმდეგეთა “ცალ-ცალკე განადგურების” იდეა. 
   შლიფენის გეგმის მიხედვით: ვიდრე ჩამორჩენილი რუსეთი ნელ-ნელა ჩაატარებდა მობილიზაციას და ჯარებს განალაგებდა, გერმანელებს ძირითადი დარტყმა უნდა მიეყენებინა საფრანგეთისათვის. დაარღვევდნენ რა ბელგიის ნეიტრალიტეტს, გერმანიის ჯარები დაუცველი ბელგია-საფრანგეთის საზღვართან უნდა შეჭრილიყვნენ ჩრდილოეთ საფრანგეთში. აქ ჯარების ნაწილი დაიკავებდა ლა-მანშის სრუტის ნაპირებს, რათა ინგლისელებისათვის ხელი შეეშალა, ხოლო მეორე ნაწილი შემოუვლიდა პარიზს ჩრდილო-დასავლეთიდან, მოაქცევდა საფრანგეთის ჯარს ალყაში და გაანადგურებდა. მთელი ეს ოპერაცია 40 დღეში უნდა ჩატარებულიყო, რის შემდეგაც გერმანელები მთელს ძალებს რუსეთისაკენ მიმართავდნენ.
   როგორც მოსალოდნელი იყო ნეიტრალურმა ბელგიამ უარი განაცხადა გერმანიის ჯარების გატარებაზე, რაც აუცილებელი იყო “შლიფენის გეგმის” განხორციელებისათვის. 4 აგვისტოს Gგერმანია შეიჭრა ბელგიაში, ხოლო იმავე დღეს ფრანგები შევიდნენ ელზასსა და ლოთარინგიაში. ფრანგებმა ბელგიიდან უკან, პარიზისაკენ დაიხიეს. პარიზელმა ტაქსისტებმა ფრონტზე გადაიყვანეს ახლად ჩამოყალიბებული VI არმია. ამ მეთოდის 60 000 ფრანგი ჯარისკაცი ჩავიდა ბრძოლის ველზე.
    შლიფენის გეგმა საფრანგეთის სწრაფად დამარცხებისა 1914 წლის სექტემბერში ჩაიფუშა მარნის ბრძოლაში გერმანეთა მარცხით. უკვე 1914 წლის ოქტომბერ-ნოემბერში შვეიცარიიდან ლა-მანშამდე გადაიჭიმა 700 კილომეტრიანი ბრძოლის ხაზი, რომელიც შემდგომი სამი წელი შენარჩუნდა. ორივე მხარე ხარჯავდა ძალიან დიდ ადამიანურ რესურს.

   I მსოფლიო ომის ისტორიაში დიდი როლი ითამაშა ახალმა საბრძოლო ტექნიკამ და მოწინააღმდეგის განადგურების უახლესმა საშუალებებმა. 1915 წლის აპრილში გაიმართა იპრის ბრძოლა, სადაც გერმანელებმა პირველად კაცობრიობის ისტორიაში გამოიყენეს ქიმიური იარაღი _ქლორი, ე.წ. “იპრიტის გაზი”. ამ გაზისაგან ფრანგების უმეტესობა დაიხრჩო, ხოლო კანადელებმა გამოსავალი მონახეს. მათ ცხვირსახოცებზე მოშარდეს და სახეზე აირფარეს.  იპრათან ბრძოლა მთელი თვე გრძელდებოდა და მხოლოდ ბოლო დღეებში მიიღეს ჯარისკაცებმა ნამდვილი აირწინაღები. 
    იპრის ბრძოლის შემდეგ მოწინააღმდეგეები გამოიფიტნენ და სანგრებში ჩასხდნენ. დაიწყო ე.წ. პოზიციური ბრძოლები და ვერცერთმა მხარემ ვერ მოახერხა უპირატესობის მოპოვება. იგივე განმეორდა 1916 წელსაც. მიუხედავად დიდი მსხვერპლისა 1916 წლის თებერვალში ვერდენის ბრძოლასა (სადაც 800 000 ადამიანი დაიღუპა) და 1916 წლის სექტემბერში სომაზე ბრძოლის დროს ვერც ერთმა მხარემ ვერ მოახერხა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება. სწორედ სომაზე გამოიყენეს ინგლისელებმა ისტორიაში პირველი ტანკი. ინგლისელები ტანკებს იყენებდნენ ქვეითთა მხარდასაჭერად, ხოლო ფრანგები, როგორც დამოუკიდებელ მოსიარულე საარტილეო დანადგარს. პირველი ტანკი ძალიან მოუქნელი იყო.
   1917 წელს ბრიტანეთში შემოიღეს საყოველთაო სამხედრო სამსახური, ხოლო საფრანგეთში შეიცვალა სარდლობა. გერმანიის სარდლობაშიც მოხდა ცვლილებები. კერძოდ რუსეთთან ბრძოლაში წარმატებული გერმანელები _ ჰიბდერბურგი და ლუდენდორფი მხედართმთავრებად დაინიშნენ. გერმანიამ ფრონტის ხაზზე ააგო ძლიერი სანგრები. ამ ხაზს გერმანელებმა “ზიგფრიდის ხაზი”, ხოლო “ანტანტამ” “ჰინდენბურგის ხაზი” უწოდა.
    გარდა სახმელეთო ფრონტისა შეტაკებები მიმდინარეობდა ზღვაზეც. გერმანული ფლოტი ინგლისურზე გაცილებით სუსტი იყო, ამიტომ ისინი ერიდებოდნენ მასშტაბურ ბრძოლებს და ძირითადად ინგლისის ტერიტორიული წყლების დანაღმვით შემოიფარგლებოდნენ. გერმანელები აქტიურად იყენებდნენ წყალქვეშა ნავებით შეტევის ტაქტიკას. 1916 წლის 31 მაისს გაიმართა იუტლანდიის საზღვაო ბრძოლა, რომელიც გერმანელთა სასტიკი მარცხით დასრულდა.
    პირველ მსოფლიო ომში ასევე გამოჩნდა ავიაციაც. აეროპლანები მაშინ ახალი ხილი იყო და მაინცდამაინც დიდ როლს არ ასრულებდა, მას უფრო მეტად სადაზვერვო ფუნქცია ჰქონდა. 1916 წელს ფრონტის ხაზზე გამოჩნდა ინგლისური F-2 და ფრანგული “ნიუპორტი”. ფრონტის ხაზზე გამოიყენებოდა დირიჟაბლები, რომლის უპირატესობა თვითმფრინავთან შედარებით ის იყო, რომ მას ჰაერში ხანგრძლივი ყოფნა შეეძლო, მაგრამ მის ნაკლს ამინდზე მისი დამოუკიდებულება წარმოადგენდა. I მსოფლიო ომში თავი გამოიჩინა ქალაქების დაბომბვითაც, თუმცა ამას მასიური ხასიათი არ მიუღია. რამდენიმე ბომბი ჩამოაგდეს ლონდონსა და პარიზში და ამ დაბომბვას ათამდე ადამიანი შეეწირა.

    1918 წლისათვის დასავლეთის ფრონტზე მოწინააღმდეგეები უკვე დასუსტებულები იყვნენ სამწლიანი ომის შემდეგ. 1918 წლის 3 მარტს დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის ზავი, რომლის ძალითაც უკვე საბჭოთა რუსეთი გავიდა ომიდან. ბრესტის ზავის შემდეგ გერმანელებმა აღმოსავლეთიდან ძალები დასავლეთისაკენ გადაისროლეს, რამაც შეამსუბუქა მათი მდგომარეობა. 
   ომში გადამწყვეტი მაინც “ანტანტის” მხარეზე აშშ-ს ოში ჩაბმა გამოდგა. აშშ თავდაპირველად უარყოფითად იყო განწყობილი ომის მიმართ და მკაცრ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა. აშშ-ს პრეზიდენტმა ვუდრო ვილსონმა არაერთხელ სცადა დაპირისპირებული მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან მოეწვია, მაგრამ უშედეგოდ. ამერიკელების პაციფისტული განწყობა შეარყია 1915 წლის მაისს გერმანული წყალქვეშა ნავის მიერ სამოქალაქო ლაინერის “ლუზიტანიის” ჩაძირვამ, რომელზედაც ამერიკელი მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ. ამას დაემატა “ციმერმენის გეგმაც”. ციმერმანი იყო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც საიდუმლო ინსტრუქციით ურჩევდა მექსიკის მთავრობას ომის დაწყებას აშშ-სთან, მაგრამ ციმერმანის დეპეშა ბრიტანეთის დაზვერვას ჩაუვარდა ხელში, რომელმაც დაუყოვნებლივ აცნობა აშშ-ს. 1917 წლის აპრილში აშშ ომში ჩაება “ანტანტის” მხარეს. ამერიკულ კორპუსში 14 დივიზია შედიოდა 300 000 ჯარისკაცით. ამერიკულ ჯარებს სარდლობდა ჯონ პერშინგი.
ციმერმანის დეპეშა

  როგორც დავინახეთ I მსოფლიო ომის შედეგებზე ორმა მოვლენამ იქონია გავლენა:
1. 1917 წ 6 აპრილს ანტანტის მხარეს ჩაება აშშ;
2. 1917 წლის ოქტომბერში რუსეთში მოხდა სახელმწიფო გადატრიალება და ქვეყნის      სათავეში მოვიდა რსდმპ (ბოლშევიკები). ხელისუფლების სათავეში მოსვლისთანავე მათ ზავი  შესთავაზეს გერმანიას. 1918 წლის მარტში ბრესტ-ლიტოვსკში საბჭოთა რუსეთმა გერმანიასთან დადო სეპარატიული ზავი.
    მალე სხვა ფრონტებზეც უპირატესობა “ანტანტის” ქვეყნების მხარეს გადავიდა. 1918 წლის ოქტომბერში მოკავშირეებმა შეუტიეს ავსტრიელებს. ორკვირიანი ბრძოლის შემდეგ, 1918 წლის 3 ნოემბერს ავსტრია-უნგრეთმა კაპიტულაცია გამოაცხადა.
   წარმატებები ჰქონდათ ბრიტანელებსაც. ახლო აღმოსავლეთში ბრიტანელებმა დაიკავეს ბაღდადი, ბაქო, იერუსალიმი. ბრიტანულმა დაზვერვამ არაბებში შეძლო გამოეწვია ანტიოსმალური აჯანყება. თურქები მიხვდნენ, რომ აჯანყებას ვერ ჩაახშობდნენ და 1918 წლის 30 ოქტომბერს დადებული მუდროსის ზავით კაპიტულაცია გამოაცხადეს.
   პირველი მსოფლიო ომის ბედი მაინც დასავლეთის ფრონტზე განვითარებულმა მოვლენებმა გადაწყვიტა. გერმანელები ყოველი მეტრი მიწისათვის იბრძოდნენ, მაგრამ ოქტომბერში ბრიტანელებმა მოახერხეს “ჰინდერბურგის ხაზის” გარღვევა. გერმანიაში ბლოკადის გამო საკვებისა და პირველადი მოხმარების საგნებზე გაჩნდა დეფიციტი. ძლიერდებოდა პაციფისტური განწყობაც.
  მოკავშირეების დანებების შემდეგ ანტანტის სახელმწიფოებთან ზავს ხელი მოაწერა გერმანიამაც, მაგრამ სინამდვილეში ეს იყო კაპიტულაცია. ზავი დაიდო 1918 წლის 11 ნოემბერს დილის 11 საათზე, პარიზის ახლოს, კომპიენის ტყეში საფრანგეთის მარშალ ფოშის საშტაბო მატარებლის ვაგონში. გერმანელთაგან ამ დოკუმენტს ხელი მოაწერა მათიას ერცბერგერმა.


   I მსოფლიო ომში ჩაბმული იყო 38 სახელმწიფო 1.5 მილიონი მოსახლეობით. საბრძოლო მოქმედებებში დაიღუპა დაახლოვებით 10 მილიონი ადამიანი. დაჭრილების, დასახიჩრებულების და გაზით მოწამლულების რიცხვი კი დაახლოვებით 20 მილიონს შეადგენდა.
    ასე დასრულდა პირველი მსოფლიო ომი, რომელსაც 9 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ მოვლენას უძღვნა გერმანელმა მწერალმა ერიხ მარია რემარკმა რომანი “დასავლეთის ფრონტი უცვლელია”.



პირველი მსოფლიო ომი

ავტორი : ლელა კაკაშვილი

სამოქალაქო ომი აშშ-ში

     XIX საუკუნის დასაწყისში აშშ-ში ერთ მილიონზე მეტი შავკანიანი მონა ცხოვრობდა. მონობის საკითხი, რომლის მიმართაც ორგვარი დამოკიდებულება არსებობდა, შიდა ეროვნული დაპირისპირების საფუძველად იქცა. განსხვავებული ხედვის ერთერთი მთავარი მიზეზი ჩრდილოეთისა და სამხრეთის შტატებში არსებული ეკონომიკური მოწყობის სხვადასხვა წესი იყო.
    ჩრდილოეთის შტატები ხასიათდება ზომიერი ჰავით, ამიტომ აქ ძირითდად განვითარებული იყო ფერმერული მეურნეობა, რომელიც არ საჭიროებდა მონების შრომას. ამასთან ჩრდილოეთის შტატები დასახლებული იყო პროტესტანტული ქრისტიანული ღირებულელების მატარებელი მოსახლეობით, რომელთათვისაც მიუღებელი იყო მონობა.
   სამხრეთის შტატებს ახასიათებს ცხელი კლიმატი. მის შტატებში გაშენებული იყო შაქრის ლერწმის, თამბაქოსა და განსაკუთრებით ბამბის ვრცელი პლანტაციები, რომელთა დამუშავება მონური შრომის გამოყენების გარეშე დიდ სირთულეს წარმოადგენდა.
   ჩრდილოეთის შტატების ინიციატივით, 1808 წელს, კონგრესმა აკრძალა აფრიკასთან მონებით ვაჭრობა და ახალი მონების შემოყვანა. XIX საუკუნის I მეოთხედში შეერთებული შტატების ტერიტორია გაიზარდა. მიწების ნაწილი ამერიკელებმა საფრანგეთისა და ესპანეთისაგან შეიძინა, კერძოდ ლუიზიანა, ფლორიდა; ხოლო ნაწილი მექსიკასთან ომით მოიპოვეს _ კალიფორნია, ნიუ-მექსიკო, ტეხასი. 
   ახალი ტერიტორიების ათვისებაში მნიშვნლოვან როლს ასრულებდა ამერიკელთა მიგრაცია დასავლეთისაკენ. მთავრობას სურდა თავისუფალი ფერმერული მერნეობების დაარსება. მიღებული იქნა "ჰოუმსტედების აქტი" (1862 წ), რომელიც ითვალისწინებდა ჰოუმსტედების ანუ მიწის დიდი ნაკვეთების უფასოდ ან შეღავათიან ფასად  (6 დოლარი) დარიგებას, რათა შექმნილიყო ფერმერული მეურნეობები. ამ პროცესში ჩართულნი იყვნენ, როგორც ჩრდილოეთის თავისუფალი, ასევე სამხრეთის მონათმფლობელური საზოგადოებები. ყოველივე ამის შედეგად შეიქმნა ახალი შტატები, კერძოდ მონობისაგან თავისუფალი _ ილიონისი, ინდიანა, მენი და  მონათმფლობელური _ ალაბამა, მისისიპი, მისური.
    1820 წელს ჩრდილოეთისა და სამხრეთის შტატებს შორის მიღწეული იქნა  ე.წ. “მისურის კომპრომისი”, რომლის ძალითაც ზოგიერთ შტატებში მონობა აიკრძალა, ამის მიუხედავად წინააღმდეგობა თავისუფალი შრომისა და მონობის მომხრეთა შორის ღრმავდებოდა, მას “გარდაუვალი კონფლიქტი” ეწოდა.
    აშშ-ში  გაძლიერდა ე.წ. აბოლოციონისტური მოძრაობა. აბოლოციონისტები (მონობის გაუქმების მომხრენი) თავის პოზიციას ამართლებდნენ როგორც მორალური პოზიციიდან, ასევე საერთაშორისო მაგალითებით, კერძოდ ამ დროისათვის ევროპის ქვეყნები მონობას აუქმებდნენ, მაგალითად ბრიტანეთმა 1834 წელს აკრძალა მონობა საკუთარ კოლონიებში. აბოლოციონისტები არგუმენტად იყენებდნენ ასევე დემოკრატიის მიზნებს და  თავისუფალი შრომის ეკონომიკურ უპირატესობას. (ამ მოძრაობის მხარდაჭერას წარმოადგენს ჰარიეტ ბიჩერ სტოუს მოთხრობა "ბიძია თომას ქოხი"). მონათმფლობელობის მომხრეები კი ლაპარაკობდნენ კულტურული ტრადიციების პრიორიტეტებზე. მათთვის შავი რასა უბრალოდ, უმდაბლესი იყო, რომელიც თავისუფლებას არ იმსახურებდა. მონობის გაუქმების შემთხვევაში პლანტატორები ეკონომიკურადაც ბევრს კარგავდნენ.

    პოლიტიკურმა დაპირისპირებებმა წარმოქმნა ახალი პარტიები, მათ შორის ახალი რესპუბლიკური პარტია 1854 წელს, რომელიც გამოხატავდა ჩრდილოეთის შტატების პროტესტანტების, ბიზნესმენების, მდიდარი ფერმერების, ინტელექტუალების, ასევე ქარხნის მუშებისა და თავისუფალი შავკანიანების ინტერესებს. რესპუბლიკური პარტია და მისი ლიდერი აბრაამ ლინკოლნი (1809-1865 წწ), რომელიც 1860 წელს ამერიკის მე-16 პრეზიდენტად აირჩიეს, აქტიურად უჭერდა მხარს აბოლიციონიზმს ე.ი. მონობია გაუქმებას.
   სწორედ აბრაამ ლინკოლნის  საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვება იქცა ამბოხების საბაბად. 1861 წლის 8 თებერვალს 11-მა მონათმფლობელურმა შტატმა (34 შტატიდან) დააფუძნეს ახალი სახელმწიფო, ამერიკის კონფედერაციული შტატები, რომლის დედაქალაქიც გახდა ვირჯინიაში მდებარე ქ. რიჩმონდი. კონფედერაციის პრეზიდენტად აირჩიეს ჯეფერსონ დევისი.  4 მარტს საინაგურაციო სიტყვაში პრეზიდენტი ლინკოლნი დაჰპირდა სამხრეთის შტატებს, რომ ძალადობრივად არ გააუქმებდა მათ ტერიტორიაზე მონობას და მოუწოდა შეეწყვიტათ გამოყოფის პროცესი. ამ მიმართვამ შედეგი არ გამოიღო. ლინკოლნმა და კონფედერაციის პრეზიდენტმა, ჯეფერსონ დევიდსმა, სამხედრო მობილიზაცია გამოახცადეს. სამოქალაქო ომი აშშ-ში მიმდინარეობდა 1861-1865 წლებში.
   ჩრდილოეთსა და დასავლეთით მდებარე 23 შტატი ლინკოლნის ერთგული დარჩ. აქ იყო თავმოყრილი მრეწველობის უდიდესი ნაწილი, რომელიც სამხედრო საჭურველს, მათ შორის იმ დროისათვის ყველაზე თანამედროვე სამხედრო გემებს ამზადებდა. იქ განვითარებული იყო სარკინიგზო ტრანსპორტი, რომელიც აადვილებდა სამხედრო მობილიზაციას. სამოქალაქო ომის დროს 10 000-მდე სხვადასხვა მასშტაბის ბრძოლა და შეტაკება მოხდა. ბრძოლები ძირითადად მიმდინარეობდა სამხრეთის შტატების ტერიტორიაზე.
   მოხალისეების რაოდენობა საკმარისი არ იყო და ორივე მხარეს მალე დასჭირდა სავალდებულო გაწვევის დაწყება, რაც ბევრ წინააღმდეგობას აწყდებოდა, განსაკუთრებით ჩრდილოეთის შტატებში. ჩრდილოელ მოხალისეთა ძირითადი მოტივაცია იყო პირადი ღირსების დაცვა, მონობის წინააღმდეგ ბრძოლა და პატრიოტიზმი _ სახელმწიფოს ერთიანობის შენარჩუნება. მაგრამ ახალწვეულთა ნაწილს არ უნდოდა სისხლის დაღვრა შავკანიანების გასაავისუფლებლებლად. ამიტომ ხშირი იყო დეზერტირობის ფაქტებიც.
   სამხრეთელების მოტივაცია უფრო ერთგვაროვანი იყო _ მონობის შენარჩუნება...
ომის დროს ასობით ათასი შავკანიანი მონა გაიქცა ჩრდილოეთის შტატებში, ისინი მათ არმიაში შედიოდნენ. ჩრდილოეთის ძალებმა მოხდინეს სამხრეთის შტატების ბლოკირება ზღვიდან და მას შეუწყვიტეს საგარეო ვაჭრობის შესაძლებლობდა ზღვიდან. ყოველივე ამის შედეგად სამხრეთის შტატებში საერთოდ მოიშალა მეურნეობა. დაიწყო შიმშილობა.
1863 წლის 1-3 ივნისს მიმდინარეობდა გეთისბერგის ბრძოლა, რომელიც სამოქალაქო ომის დროს ყველაზე სისხლიანი გამოდგა _ ორივე მხარემ ჯამში 50 000-ზე მეტი მოკლული ჯარისკაცი დაკარგა. სამოქალაქო ომი დასრულდა ჩრდილოეთის გამარჯვებით. ამერიკის ისტორიაში ყველაზე სისხლისმღვრელ, სამოქალაქო ომს ემსხვერპლა 600 000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე
   1865 წლის 9 აპრილს სამხრეთელი გენერალი ლი დანებდა ჩრდილოელ გენერალს გრანტს.  ამ სისხლისმღრელ  ომში გაიმარჯვეს ჩრდილოეთის შტატებმა. ომის დამთავრებიდან რამოდენიმე ხანში მონობის მომხრეებმა შური მაინც იძიეს. მათ მოაკვლევინეს პრეზიდენტი ლინკოლნი. ვაშინგტონში ხალხი გამარჯვებას ზეიმობდა. 14 აპრილს, კი საღამოს, პრეზიდენტ ლინკოლნს, რომელიც 1864 წელს მეორე ვადით აირჩიეს პრეზიდენტად, თეატრში, სპექტაკლის მსვლელობის დროს ესროლეს. იგი მალე გარდაიცვალა.  მკვლელი, კონფედერატების მომხრე ვირჯინიელი მსახიობი, ჯონ უილკს ბუთი დააპატიმრეს და სიკვდილით დასაჯეს. პრეზიდენტის პოსტი დაიკავა ვიცე-პრეზიდენტმა ენდრიუ ჯონსონმა.
   1865 წლის 6 დეკემბერს დამტკიცდა კონსტიტუციური ცვლილება, რომლის ძალითაც აშშ-ში გაუქმდა მონობა და 4 მილიონამდე მონა თავისუფალი გახდა.

სამოქალაქო ომი აშშ-ში

ავტორი : ლელა კაკაშვილი

იტალიის გაერთიანება

    შუა საუკუნეებსა და ადრეულ ახალ დროში იტალია დაქუცმაცებული იყო მრავალ სამეფო-სამთავროდ და ქალაქ-რესპუბლიკად. მისი ტერიტორიის ნაწილი უშუალოდ რომის პაპს ემორჩილებოდა (ე.წ. პაპის ოლქი). იტალიაში ბატონობდნენ უცხო სახელმწიფოები. ესენი იყვნენ: “საღვთო რომის იმპერია” გერმანელი იმპერატორების მეთაურობით, ესპანეთი, საფრანგეთი და ავსტრია.
     ნაპოლეონ I-ის ეპოქაში მთელი იტალია საფრანგეთის იმპერატორს ემორჩილებოდა. ვენის კონგრესის შემდეგ სარდინიის სამეფომ კუნძულ სარდინიის გარდა შეიერთა ჩრდილო-დასავლეთი იტალია _ პიემონტი, რომლის ცენტრი იყო ტურინში და გენუის რესპუბლიკის ყოფილი ტერიტორია; მის შემადგენლობაში ასევე შედიოდა სავოია და ნიცა. 1848 წელს სარდინიის სამეფო გამოცხადდა კონსტიტუციურ მონარქიად და, როგორც პოლიტიკურად ყველაზე წინწასული სახელმწიფო, იქცა იტალიის გაერთიანების ცენტრად.
     იტალიის პატრიოტთა შორის გამოირჩეულები არიან ჯუზეპე მაძინი და ჯუზეპე გარიბალდი. 1831 წ მარსელში ყოფნისას გარიბალდიმ ჩამოაყალიბა ორგანიზაცია “ახალგაზრდა იტალია” და მიზნად დაისახა იტალიის გაერთიანება. მაძინიც და გარიბალდიც ცდილობდნენ ქვეყნის გაერთიანებას, რასაც “რისორჯიმენტო” (იტალიურად-“გამოცოცხლება/აღორძინება) ეწოდა. მაძინი ერთიანი იტალიის მომხრე იყო. 1849 წელს მან ხანმოკლე დროით შეძლო “რომის რესპუბლიკის” შექმნა.
ჯუზეპე გარიბალდი

   თავიდან რესპუბლიკურ იდეას ემხრობოდა გარიბალდიც, მაგრამ მოგვიანებით, არსებული რეალობიდან გამომდინარე, იგი მიემხრო იტალიის გერთიანებას სარდინიის სამეფოს მიერ. გარიბალდის დიდმა პოპულარობამ უზრუნველყო იტალიელების მხარდაჭერა სარდინიის მეფისათვის, რომელიც საბოლოოდ ერთიანი იტალიის მეფე გახდა.
   საგარეო პოლიტიკის სფეროში ძალიან აქტიურობდა სარდინიის სამეფოს პრემიერ-მინისტრი _ გრაფი კავური. იტალიის გაერთიანებისათვის კამილო კავურმა დაიწყო ეფექტური რეფორმების გატარება პიემონტის სამეფოში. მის დროს გაიზარდა რკინიგზის მშენებლობა, მოხდა მრეწველობის განვითარება და ჯარის მოდერნიზაცია. იმავე დროს კავურმა ყირიმის ომში მონაწილეობის მიღებით გაიმყარა პოზიციები საგარეო პოლიტიკაშიც. მას ესმოდა, რომ თუკი სურდა იტალიის გაერთიანება, აუცილებელი იყო, სულ ცოტა, ერთი ძლიერი ევროპული სახელმწიფოს მხარდაჭერა მაინც. 
კამილო კავური

   იმდროისათვის ევროპაში თავის პოზიციებს იმყარებდა ნაპოლეონ III, რომელიც ცდილობდა ევროპის მთავარი არბიტრი ყოფილიყო. 1858 წელს შედგა საიდუმლო შეხვედრა კავურსა და ნაპოლეონს შორის. იმპერატორი ნაპოლეონ III დაჰპირდა კავურს სამხედრო დახმარებას ავსტრიის იმპერიის წინააღმდეგ იმ პირობით, თუ სანაცვლოდ მიიღებდა ალპებში მიმდებარე სავოიის პროვინციას და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე იტალიური ქალაქ ნიცას.
   მოხერხებული დიპლომატიით კავურმა შეძლო ავსტრიის პროვოცირება, რათა სწორედ მას გამოეცხადებინა ომი სარდინიისათვის და “აგრესორად” გამოსულიყო. ომი საფრანგეთსა და ავსტრიას შორის მიმდინარეობდა 1859 წ  საფრანგეთი დაუყოვნებლივ ჩაერთო კონფლიქტში და ორი მძიმე დამარცხება მიაყენა ავსტრიის არმიას. მაგრამ ამის შემდეგ ნაპოლეონ III-ემ სარდინიის დაუკითხავად დადო ზავი ავსტრიასთან ქ. ციურიხში 1859 წ, და თავისი იტალიელი მოკავშირე მიატოვა. ზავის თანახმად ავსტრიამ ფრანგებს დაუთმო ლომბარდია (დედაქალაქი მილანი), ხოლო ვენეცია თავის შემადგენლობაში შეინარჩუნა. ნაპოლეონ III-ემ  ლომბარდია სარდინიის მეფეს “გაუცვალა” სავოიასა და ნიცაში, რამაც იტალიელი პატრიოტების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. კავური, რომელიც ამ გაცვლას არ ეთანხმებოდა, გადადგა. 
    1859-1860 წწ-ში ჩრდილოეთ იტალიის ყველა სახელმწიფო (ვენეციის გარდა) შეუერთდა სარდინიის სამეფოს. ჯუზეპე გარიბალდიმ აიღო კუნძული სიცილია და სამხრეთ  იტალია. 1860 წელს გარიბალდი შეხვდა სარდინიის სამეფოს მეფეს ვიტორიო-ემანუელე II-ს, მიმართა მას, როგორც “იტალიის მეფეს” და მასთან ერთად შევიდა ქ. ნეაპოლში.
გარიბალდის და ვიტორიო-ემანუელის შეხვედრა 26 ოქტომბერს

    იტალიის სამეფოს შექმნა ოფიციალურად გამოცხადდა 1861 წელს ქალაქ ტურინში. იტალიის დედაქალაქი გახდა ქ. რომი, თუმცა კიდევ 10 წელი ეს ქალაქი და მისი მიმდებარე ლაციოს პროვინცია რომის პაპის სახელმწიფო იყო და მას იმპერატორი ნაპოლეონ III მფარველობდა. მხოლოდ საფრანგეთ-პრუსიის 1870-1871 წწ, ომის შემდეგ, რომელშიც საფრანგეთი მძიმედ დამარცხდა, 1870 წელს გახდა შესაძლებელი რომის შეერთება იტალიასთან და მომდევნო 1871 წელს იქ დედაქალაქის გადატანა.
   ერთიანი იტალიური სახელმწიფოს ჩამოყალიბებას პრობლემებიც მოჰყვა. ჩრდილოეთ და სამხრეთ იტალია ერთმანეთისაგან განსხვავდებოდა, როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად და სოციალურად. ქვეყნის ინდუსტრიულ ცენტრს ჩრდილოეთი წარმოადგენდა, ხოლო სამხრეთში წამყვან ეკონომიკურ დარგს სოფლის მეურნეობა წარმოადგენდა. ეს სხვაობა დღემდე შენარჩუნებულია.
    1929 წელს იტალიის სამეფოსა და რომის პაპს შორის დაიდო ლატერანის შეთანხმება (კონკორდატი) და ოფიციალურად შეიქმნა ვატიკანის სახელმწიფო, რომის რომის ცენტრში მდებარეობს და სულ 44 ჰექტარი ტერიტორია უჭირავს ვატიკანის სახელმწიფოს მეთაურია რომის პაპი. 


იტალიის გაერთიანება

ავტორი : ლელა კაკაშვილი

III რესპუბლიკა საფრანგეთში
    როგორც გვახსოვს საფრანგეთის II რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ლუი-ნაპოლეონმა დაივიწყა ფრანგებისათვის მიცემული დაპირებები და სულ მალე ერთპიროვნულ, ავტორიტეტულ მმართველად ჩამოყალიბდა. II რესპუბლიკის ე.წ. “საკანონმდებლო ორგანომ” თითქმის მთლიანად დაკარგა სახელისუფლებო ფუნქცია. 1852 წელს, ისევ სახალხო რეფერენდუმის შედეგად ლუი-ნაპოლეონი საფრანგეთის იმპერატორი გახდა. ამიერიდან ის ნაპოლეონ III-ედ იწოდებოდა.
    1852 წლის 2 დეკემბერს საფრანგეთში გაუქმდა II რესპუბლიკა და გამოცხადდა II იმპერიის შექმნა. ნაპოლეონ III-ემ სრულიად გაუმართლებებლი სამხედრო კამპანია წამოიწყო მექსიკაში, რომელიც სრული კრაახით დასრულდა. როგორც უკვე ვიცით საფრანგეთმა სრული მარცხით დაასრულა ომი პრუსიასთანაც. როდესაც ომში საფრანგეთის არმიის დამარცხებისა და ნაპოლეონ II-ის დანებების ამბავმა პარიზს მიაღწია, რესპუბლიკელთა ნაწილმა 1870 წლის 4 სექტემბერს საზეიმოდ გამოაცხადა ახალი რესპუბლიკის დაარსება. ასე დაიწყო III რესპუბლიკის ხანა საფრანგეთში.

    საფრანგეთში ჩამოყალიბდა დროებითი მთავრობა ადოლფ ტიერის ხელმძღვანელობით. ახალმა მთავრობამ თავისი რამდენიმე წევრი გაგზავნა ქ. ტურში იქიდან პრუსიის წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზებისათვის, მაგრამ ამ ვითარებაშიც კი ვერ შეთანხმდნენ “ზომიერი” და “რადიკალი” რესპუბლიკელები. რადიკალების ლიდერმა, ორატორმა ლეონ გამბეტამ დიდი მუშაობა გასწია ტურში ქვეყნის დასაცავად მოსახლეობის დასარაზმავად. ეროვნული გვარდიის წევრები და გამოუცდელი ჭაბუკები ეწერებოდნენ ახალ ფრანგულ ჯარში. ფრანგების დასახმარებლად ჩამოვიდა იტალიის ეროვნული გმირი ჯუზეპე გარიბალდიც. გერმანელები ისევ გადმოვიდნენ შეტევაზე და მალე პარიზიც აიღეს. საფრანგეთის დროებითმა მთავრობამ 1871 წელს, თებერვალში კაპიტულაცია ე.ი. დამარცხება გამოაცხადა.

   საფრანგეთმა თანდათან მაინც შეძლო ფეხზე წამოდგომა. 1875 წელს მიიღეს III რესპუბლიკის კონსტიტუცია. ამ კონსტიტუციით საკანონმდებლო ხელისუფლება ეკუთვნოდა პარლამენტს (იგივე ეროვნულ კრებას), რომელიც შედგებოდა დეპუტატთა პალატისა და სენატისაგან. დეპუტატთა პალატა აირჩეოდა პირდაპირი გზით საყოველთაო, თანასწორი და ფარული არჩევნების საფუძველზე. ხმის მიცემის უფლება არ ეძლეოდა ქალებს, სამხედრო მოსამსახურეებს, კოლონიების მოსახლეობას და 21 წლამდე მამაკაცებს. პრეზიდენტი, რომელსაც ირჩევდა ეროვნული კრება 7 წლის ვადით, ითვლებოდა აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურად. ის ასევე იყო რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი. დაიწყო ლიბერალური პოლიტიკური ეკონომიკური და სოციალური რეფორმების გატარება. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია 1881 წლის კანონი პრესის თავისუფლების შესახებ და 1882 წლის განათლების რეფორმა, რომელიც გულისხმობდა  დაწყებით სკოლებში სახელმწიფო დაფინანსების შემოღებას. საფრანგეთში სკოლა უფასო, სავალდებულო და საერო გახდა. 
1881 წელს, საფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერით დაიწყო პანამის არხის გაჭრის პროექტი. პანამის არხის გაჭრაც ისეთივე წარმატებული უნდა ყოფილიყო, როგორიც სუეცის არხისა, მაგრამ ადგილობრივი პირობების გაუთვალისწინებლობამ, მალარიამ და კორუფციულმა გარიგებებმა პროექტის გაჩერება გამოიწვია. ამან კი უარყოფითად იმოქმედა ქვეყნის ეკონომიკაზე.
   როგორც ავღნიშნეთ 1881 წელს დაკანონდა პრესისა და შეკრებების თავისუფლება,  ხოლო 1884 წელს დაუშვეს განქორწინება და მოქალაქეებს მიენიჭათ პროფესიული კავშირების შექმნის უფლება; 1905 წელს ეკლესია გამოეყო სახელმწიფოს.
   III რესპუბლიკამ, II მსოფლიო ომის დროს საფრანგეთის ოკუპაციის გამოკლებით. ფორმალურად 1946 წლამდე იარსება. II მსოფლიო ომის შემდეგ, 1946 წელს მიღებულმა ახალმა კონსტიტუციამ საფუძველი ჩაუყარა საფრანგეთის IV რესპუბლიკას.
    ცალკეული პოლიტიკური კრიზისების მიუხედავად, XIX საუკუნის მიწურულისათვის საფრანგეთის რესპუბლიკა უზარმაზარ კოლონიურ იმპერიას წარმოადგენდა და სიდიდით მხოლოდ ბრიტანეთის იმპერიას ჩამოუვარდებოდა.

III რესპუბლიკა საფრანგეთში

ავტორი : ლელა კაკაშვილი

თერგდალეულები

    ეროვნული თვითშეგნების გამოღვიძების პროცესში უმთავრესი როლი, ილია ჭავჭავაძის (1837_1907 წწ) მეთაურობით მოღვაწე, თერგდალეულებმა შეასრულეს. მათ უმრავლესობას განათლება რუსეთში ჰქონდა მიღებული “თერგდალეულებად” ამიტომაც მოიხსენიებოდნენ. ილიასთან ერთად ამ დასში მოღვაწეობდნენ აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, სერგი მესხი, ნიკო ნიკოლაძე, გიორგი წერეთელი და სხვები.
   თერგდალეულები საზოგადოებრივ-კულტურულ ასპარეზზე გამოვიდნენ XIX საუკუნის 60-იან წლებში და თავდაპირველად დაუპირისპირდნენ უფროს თაობას, რომლებსაც უმოქმედობასა და ცარიზმის პოლიტიკისადმი შემრიგებლურ დამოკიდებულებაში ადანაშაულებდნენ. ეს დაპირისპირება ცნობილია “მამათა და შვილთა” ბრძოლის სახელით.
   თერგდალეულთა პროგრამა ითვალისწინებდა ხალხის, როგორც ეროვნულ ისე, სოციალურ განთავისუფლებას. ისინი კარგად იცნობდნენ რუსეთის და ევროპის პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეების ნააზრევს, იყვნენ მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების საქმის კურსში. 
   1861 წელს ილია ჭავჭავაძემ შექმნა “მგზავრის წერილები”, სადაც  ჩამოაყალიბა XIX საუკუნის ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის უმთავრესი დამახასიათებელი ნიშანი: ქართველი ერის შეურიგებლობა რუსულ სახელმწიფოებრიობასთან. მართალია ლელთ ღუნიას სიტყვებს: “ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს” კომენტარი არ მოსდევს, მაგრამ ცხადია, ამ სიტყვებში ილია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას გულისხმობდა. თერგდალეულთა ეროვნული პროგრამის მიხედვით, არსებული პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, თავდაპირველ და უპირველეს ამოცანას წარმოადგენდა რუსეთის იმპერიის ფარგლებში ავტონომიის მოპოვება. ამიტომ ამახვილებდა ილია ჭავჭავაძე მიზანმიმართულად ყურადღებას დიდი ბრიტანეთის მაგალითზე, რომლის შემადგენლობაშიც ირლანდიას ავტონომია (ჰომრული) ჰქონდა მოპოვებული.
   ილია ჭავჭავაძე უპირველეს ამოცანად სახავდა ქართული ეროვნული ცნობიერების აღორძინებას. ვითარება კი ძალზე სავალალო, თითქმის კატასტროფული იყო. რუსეთის კოლონიური პოლიტიკის მიზანი ხომ ქართველი კაცის შეგნებიდან ცნებების “ქართველისა” და “საქართველოს” აღმოფხვრა იყო, ასევე რუსიფიკატირული პოლიტიკის მიზანს წარმოადგენდა ქართული ენის განდევნა, ქართველი ერის ასიმილაცია და საქართველოს გადაქცევა რუსეთის განუყიფელ ნაწილად. ასეთ მდგომარეობამდე ქართველი ერი ერთბაშად არ მისულა.  XIX საუკუნის 60-იანი წლების დამდეგისათვის შექმნილი მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ თითქოს ხსნა არსაიდან ჩანდა. ეს გზა კი ილია ჭავჭავაძემ იპოვა. ეროვნული ცნობიერების აღორძინების უმთავრეს პირობად ილია Qჭავჭავაძეს ქართულ სინამდვილეში ქართული ენის დაბრუნება, ქართული ენის კანონიერ უფლებებში აღდგენა და მისი სიწმინდის დაცვა მიაჩნდა.
     ქართული ეროვნული ცნობიერების აღდგენის საქმეში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა განათლებას. ამიტომ 1879 წელს შეიქმნა “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება”. მისი პირველი თავმჯდომარე იყო, ცნობილი საზოგადო მოღვაწე, დიმიტრი ყიფიანი (1814-1887 წწ). ის სტავროპოლში გადაასახლეს და 1887 წელს ცარიზმის პოლიტიკის მსხვერპლი გახდა. მას ლექსი “განთიადი” მიუძღვნა აკაკი წერეთელმა. “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” მოთხოვნით გაიხსნა სკოლები, გამოიცა სახელმწძღვანელოები და სხვა სახის ნაშრომები, შეგროვდა ძველი ხელნაწერები და ფოლკლორული მასალა, დაიწყო ისტორიულ ძეგლებზე ზრუნვა. 1885 წლიდან ამ საზოგადოებას უცვლელად თავმჯდომარეობდა ილია ჭავჭავაძე.

განათლების სფეროში ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იაკობ გოგებაშვილის (1840-1912 წწ) მოღვაწეობა. რუსიფიკაციის პირობებში მისმა სასკოლო სახელმძღვანელოებმა: “ქართული ენის ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის” (1865 წ), “დედა ენამ” (1876 წ), “ბუნების კარმა” და „რუსკოე სლოვომ” დიდი როლი ითამაშა მშობლიურ ენაზე განათლების მასობრივად გავრცელების კუთხით.
ქართული პრესა და საერთოდ, ქართული პერიოდული გამოცემები საქართველოსა და ქართველობის გადარჩენისათვის დაწყებულ მოძრაობას შეუერთდა XIX საუკუნის ^60-იანი წლებიდანვე. ილია ჭავჭავაძემ 1863 წელს დაარსა ჟურნალი “საქართველოს მოამბე”, რომელმაც სულ რამდენიმე წელი იარსება, მაგრამ დიდი საქვეყნო საქმე შეასრულა. ეროვნულ მოძრაობას დიდი ღვაწლი დასდო გაზეთმა “დროებამ”, რომელიც გამოდიოდა 1866-1885 წლებში, ხოლო ქართული პერიოდული გამოცემების მედროშეობა წილად ხვდა ილია ჭავჭავაძის “ივერიას”, რომელიც გამოდიოდა 1877-1906 წლებში. თერგდალეულთა მიერ გამოცემულ ჟურნალ-გაზეთებში განიხილებოდა საქართველოს ისტორიასთან, კულტურასთან, სოციალურ-პოლიტიკურ და ეკონომიკურ პრობლემატიკასთან დაკავშირებული საკითხები. ქართულენოვანი პრესა სახელმწიფოს მხრიდან მკაცრ ცენზურას ექვემდებარებოდა. მაგალითად: XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან პრესაში აიკრძალა ტერმინ “საქართველოს” ხმარება და ქვეყანას თბილისისა და ქუთაისის გუბერნიების სახელით მოიხსენიებდნენ. მიუხედავად ამისა, ქართული გაზეთების მესვეურები მაინც ახერხებდნენ მკითხველამდე სათქმელის მიტანას.
ეროვნული ცნობიერების გამოღვიძების, შელახული ეროვნული ღირსების აღდგენისათვის ბრძოლაში წარმოუდგენლად დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა საქართველოს ისტორიის გაყალბების წინააღმდეგ ბრძოლას., რომლის ბრწყინვალე ნიმუშები მოგვცა ილია ჭავჭავაძემ 1889 წელს პუბლიცისტური წერილების სერიაში “აი ისტორია”. ეს წერილები მიმართული იყო რუსული ხალხოსნური მოძრაობის ცნობილი მოღვაწის ივანე ჯაბადარის წინააღმდეგ, რომელიც შეეცადა დაემტკიცებინა, რომ ქართველი ერი დაბერდა და მას მომავალი არა აქვს. ილია ჭავჭავაძემ დამაჯერებლად უარყო ჯაბადარის ყველა არგუმენტი. სომეხ მეცნიერთა, ასევე მათ თანამოაზრე სხვა მეცნიერთა მხრიდან საქართველოს ისტორიის გაყალბების წინააღმდეგაა მიმართული ილია ჭავჭავაძის უბრწყინვალესი ნაშრომი “ქვათა ღაღადი” (1899 წ).
ილია ჭავჭავაძისა და მისი მომხრების თაოსნობით დაარსდა თბილისისა (1875 წ) და ქუთაისის (1876 წ) სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკები. ბანკების შექმნის მიზანი ასეთი იყო: ბატონყმობის გაუქმების შემდეგ გაღარიბებული თავადაზნაურობა იძულებული გახდა, მამულები გაეყიდა. ამ მიწებს კი იაფად ყიდულობდნენ უცხოელები, ძირითადად სომხები. თბილისისა და ქუთაისის ბანკები თავადაზნაურობას იმის საშუალებას აძლევდა, რომ მიწა კი არ გაეყიდათ, არამედ დაეგირავებინათ და თანხის ბანკში დაბრუნების შემდეგ ქონება უკან დაებრუნებიათ. ბანკების მიერ გაღებული თანხის დიდი ნაწილი ქართული სკოლებისა და თეატრის დაფინანსებას მოხმარდა.
70-იან წლებში თერგდალეულთა რიგები ორად გაიყო: “პირველ დასს” ილია ჭავჭავაძე ედგა სათავეში იაკობ გოგებაშვილთან, ვაჟა-ფშაველასთან და სხვებთან ერთად, ხოლო “მეორე დასს”_ სერგე მესხი, გიორგი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე. ილია ჭავჭავაძე და მისი მიმდევრები თვლიდნენ, რომ საქართველოს უმთავრესი პრობლემა ეროვნული საკითხის გადაჭრა და სხვადასხვა სოციალურ ფენებს შორის ჰარმონიის დამყარება უნდა ყოფილიყო, მათ შორის დაპირისპირება კი ამ საკითხის უკანა პლანზე გადაწევას გამოიწვევდა.
“მეორე დასის” იდეებს გაზეთი “დროება” გამოხატავდა. ისინი მთავარ ყურადღებას სოციალური და ეკონომიუკური ხასიათის პრობლემებზე და საქართველოში კაპიტალიზმის განვითარებაზე ამახვილებდნენ. თუმცა ამ “დასმა” დიდხანს ვერ იარსება. 1883 წელს ჯერ სერგი მესხი გარდაიცვალა, შემდეგ გაზეთი “დროება” დაიხურა, ხოლო 1894 წელს ნიკო ნიკოლაძე ფოთის ქალაქის თავად დაინიშნა და უდიდესი სამუშაო გასწია ამ საპორტო ქალაქის აღმშენებლობისათვის. “მეორე დასელების” უმეტესობა კვლავ ილია ჭავჭავაძეს შეუერთდა, ხოლო გიორგი წერეთელმა 1893 წელს დაარსა გაზეთი “კვალი” და რევოლუციურად განწყობილი სოციალ-დემოკრატიული მიმართულების ახალგაზრდობა შემოიკრიბა. ასე შეიქმნა “მესამე დასი”, რომელთა ლიდერი გახდა ნოე ჟორდანია.
და ბოლოს, უნდა ითქვას, რომ “სამოციანელთა” მიერ დაწყებული ეროვნული მოძრაობა ძირითადად ეყრდნობოდა ილია ჭავჭავაძის სამ თეზისს _ “მამული, ენა, სარწმუნოება” და მიზნად ისახავდა შემდეგ ამოცანებს:
1.ქართული ენის დაცვა;
2.ქართული მიწის ქართველთა ხელში დარჩენა;
3.კაპიტალიზმის განვითარება;
4.ქართული თეატრისა და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების აღორძინება; როგორც ვიცით 1850 წელს გიორგი ერისთავის მიერ დაარსებული თეატრი 1856 დაიხურა, Mმუდმივი ქართული თეატრი კი ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთელის ხელმძღვანელობით მხოლოდ 1879 წელს აღადგინეს.
5.საყოველთა განათლების ხელმისაწვდომობა.
“თერგდალეულების” მიზანი იყო საქართველო აღარ ყოფილიყო რუსეთის ჩამორჩენილი პროვინციად და ამ გზაზე მისაბაძ მაგალითს წარმოადგენდა განვითარებული ევროპა, თუმცა მათ მიაჩნდათ, რომ დასავლური გამოცდილების გადმოღება უნდა მომხდარიყო გააზრებულად და ქართულ ნიადაგზე.


თერგდალეულები

ავტორი : ლელა კაკაშვილი



რევოლუციური მოვლენები გერმანიასა
 და ავსტრიის იმპერიაში

   1848 წელს საფრანგეთში განვითარებულმა მოვლენებმა იმოქმედა პოლიტიკურ პროცესებზე ევროპის სხვა ქვეყნებშიც. მან ბიძგი მისცა რევოლუციურ გამოსვლებს პრუსიასა და ავსტრიაში.
   პრუსიაში წოდებრივ-წარმომომადგენლობით ორგანოს ერქვა ლანდგატი. ბერლინში შეიკრიბა ლანგდატი, რომლის წევრებმა მოითხოვეს საყოველთაო არჩევნების ჩატარება. ამის გამო ლანდგატის შემადგენლობა დაითხოვეს. 1848 წლის თებერვალში სამხრეთ გერმანიაში ლიბერალურად განწყობილმა დემონსტრანტებმა მოითხოვეს პრესის თავისუფლება და დემოკრატიული უფლებები, ასევე ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს ჩამოყალიბება და სასამართლო პროცესის საჯაროობა. დემონსტრანტების მოთხოვნა აგრეთვე იყო ერთიანი გერმანული პარლამენტის შექმნა. ბერლნიში დაიწყო რევოლუციური გამოსვლები.
   ავსტრიაში, ვენაში რევოლუცია 1848 წლის 13 მარტს, ძველი მონარქიული რეჟიმის სახედ ქცეული მეტერნიხის გადადგომით დაიწყო. ჩეხებმა, იტალიელებმა და უნგრელებმა მოითხოვეს ეროვნული თანასწორუფლებიანობა, ასევე დამოუკიდებლობა, რითაც საფრთხე შეუქმნეს ავსტრიის მრავალეროვანი იმპერიის არსებობას. ინდუსტიულ რეგიონებში კი ( მაგალითად: კალაქ კიოლნში) მუშები გამოდიოდნენ სოციალური მოთხოვნებით. ისინი ითხოვდნენ მუშების დაცვას მეწარმეთა თვითნებობისაგან, ექსპლოატაციისაგან, შრომის უფლებას, საწარმოების ნაციონალიზაციას.
   შექმნილი ვითარების გამო გერმანულ სახელმწიფოებსა და ავსტრიაში ჩატარდა არჩევნები. 1848 წლის მაისში მუშაობას შეუდგა მაინის ფრანკფურტში კონსტიტუტუციური ნაციონალური კრება, რომელიც შეიკრიბა რევოლუციური სამფეროვანი დროშებით საზეიმოდ მორთულ პაულსკირხეში (ანუ მოციქულ პავლეს სახელობის ეკლესიაში), რომელიც გერმანელმა ნაციონალისტებმა მთავრობისაგან დამოუკიდებლად შეკრიბა და პრუსიის ნაციონალური კრება ბერლინში, ხოლო ვენაში შეიკრიბა საკონსტიტუციო რაიხსტაგი.

   ფრანკფურტის ნაციონალური (ეროვნული) კრების (ე.წ. “ფრანკფურტის პარლამენტის”) დეპუტატებად აირჩიეს განათლებული ადამიანები _ ადვოკატები, პროფესორები, საჯარო მოხელეები, ბურჟუაზიის წარმომადგენლები. ფრანკფურტში შეიქმნა დროებითი გერმანული მთავრობაც, მაგრამ ამ მთავრობას არ ჰქონდა ძალაუფლების აღსრულების უფლებამოსილება, ამიტომ ის არ ცნეს სხვა სახელმწიფოებმა. ხოლო პრუსიის ნაციონალურმა კრებამ და ვენაში მოქმედმა რაიხსტაგმა კი მიიღეს მეტად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები გლეხობის გათავისუფლების შესახებ.
   1848 წლის დეკემბერში ფრანკფურტის ნაციონალურმა კრებამ ჩამოაყალიბა “გერმანელი ხალხის ძირითადი უფლებები”, ხოლო 1849 წლის მარტში დაასრულა კონსტიტუციის ტექსტზე მუშაობა. ეს დოკუმენტი ითვალისწინებდა გაერთიანებულ გერმანულ სახელმწიფოთა შექმნას ავსტრიის გარეშე.
  კონსტიტუციის თანახმად მთავრობა ანგარიშვალდებული უნდა ყოფილიყო პარლამენტის წინაშე. ამას გარდა უნდა გაუქმებულიყო შემორჩენილი ფეოდალური პრივილეგიები ყოველგვარი კომპენსაციის გარეშე. ყოველი მოქალაქე პირადად თავისუფალი იყო და კანონის წინაშე თანასწორი უნდა ყოფილიყო, უქმდებოდა წოდებრივი უთანასწორობა.
   ფრანკფურტის კრებამ გაერთიანებული გერმანული სახელმწიფოს მეთაურად პრუსიის მეფე ვილჰემ IV აირჩია. მან არ მიიღო გერმანიის იმპერატორის გირგვინი რევოლუციონერების ხელიდან. ამის საპასუხოდ მან ძალით დაშალა პრუსიის ნაციონალური კრება და გამოიწვია პრუსიის დეპუტატები ფრანკფურტიდანაც. 1849 წლის სექტემბერში, ჯარის დახმარებით გარეკეს ფრანკფურტის ნაციონალური კრების დანარჩენი წევრებიც.
   ნაციონალური კრების ნაცვლად აღადგინეს ძველი ბუნდესტაგი, რომელმაც გააუქმა ფრანკფურტის კრების მიერ მიღებული კანონებით გათვალისწინებული ძირითადი უფლებები. როგორც ბერლინში, ისე ვენაში რევოლუციები სამხედრო ძალით ჩაახშეს (1849 წლის შემოდგომაზე). ასევე გაუსწორდნენ ჩეხ და იტალიელ აჯანყებულებსაც. 1849 წლის აგვისტოში, რუსული არმიის დახმარებით დაამარცხეს რევოლუცია უნგრეთშიც. აჯანყებულთა მეთაურები სიკვდილით დასაჯეს.

1848 წ. გერმანიასა და ავსტრიაში

ავტორი : ლელა კაკაშვილი


1848 წლის საფრანგეთის რევოლუცია

    1848 წლისათვის საფრანგეთში დამძიმდა მოსახლეობის დიდი ნაწილის მდგომარეობა. 
1)1846 წელი მოუსავლიანობის წელი იყო, რასაც მოჰყვა სურსათზე ფასების ზრდა. 
2)მიმდინარეობდა საერთაშორისო ფინანსური კრიზისი, რომელმაც გავლენა მოახდინა უმუშევრობის ზრდაზე. 1847 წლისათვის შიშილობდა პარიზელი მუშების დაახლოვებით 1/3. 
3)“მეოთხე წოდების” _ წვრილი ბურჟუაზია და მუშები, ნაწილი მოითხოვდა უმუშევართა სახელმწიფო საწარმოებში, ე.წ. “ნაციონალურ საწარმოებში” დასაქმებას და კერძო საწარმოების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემას, ე..ი. მათ ნაციონალიზაციას. ეს მოთხოვნები ეფუძნებოდა ფრანგი სოციალისტის ლუი ბლანის პროგრამას. ლუი ბლანის პროგრამა ითვალისწინებდა სახელმწიფოს მიერ მუშების დაცვას კაპიტალისტების თვითნებობისაგან.
   1848 წლის 22 თებერვალს საფრანგეთის მთავრობამ აკრძალა იმ დემონსტრაციის ჩატარება, რომელსაც უნდა მოეთხოვა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა. ერთი დღის შემდეგ პარიზელებმა ბარიკადები აღმართეს ქუჩაში. მეფე ლუი-ფილიპმა გამოსვლების აღსაკვეთად ნაციონალური გვარდია გაგზავნა, რომელიც აჯანყებულთა მხარეზე გადავიდა. . სამი დღის შემდეგ ლუი-ფილიპი ბრიტანეთში გაიქცა.
   1848 წლის 24 თებერვალს საფრანგეთი რესპუბლიკად გამოცხადდა, ამჯერად უკვე მეორედ, რომელსაც ეწოდება II რესპუბლიკა და რომელიც არსებობდა 1848-1852 წლებში. ახალ, დროებით მთავრობაში შრომის მინისტრად დაინიშნა ლუი ბლანი, დროებითმა მთავრობამ გამოაცხადა “შრომის საყოველთაო უფლება” და შექმნა ნაციონალური საწარმოები. უმუშევრები გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ დაასაქმეს მიწის სამუშაოებით. დროებითმა მთავრობამ ასევე განსაზღვრა დაუსაქმებელთა (იგივე უმუშევრების) დახმარება მინიმუმ ერთი ფრანკის ოდენობით დღეში. ამ უკანასკნელი გადაწყვეტილების გამო ათასობით უმუშევარი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან პარიზს მოაწყდა.
   სოციალური საკითხების მოგვარების გარდა, მეორე რესპუბლიკის კიდევ ერთმნიშვნელოვან მონაპოვრად ითვლება მამაკაცებისათვის საყოველთაო და თანასწორი ხმის უფლების მინიჭება. 1848 წლის აპრილში ამ ახალი საარჩევნო წესის საფუძველზე გაიმართა კონსტიტუციური ნაციონალური კრების არჩევნები. ამჯერად არჩევნებში მონაწილეობდა 9 მილიონი ამომრჩეველი, მანამდე არჩევნებში მონაწილეობდა 0,2 მილიონი ამომრჩეველი. მიუხედავად ამისა ხმების უმრავლესობა ისევ ბურჟუაზიამ მოიპოვა.
   ბურჟუაზიის მხრიდან გამძაფრდა სახელმწიფო საწარმოების კრიტიკა, რადგან ისინი თვლიდნენ, რომ სახელმწიფო საწარმოები არარენტაბელურები ე.ი. არამომგებიანები იყვნენ. როცა ნაციონალურმა კრებამ  დახურა ნაციონალური საწარმოები, 1848 წლის 23 ივნისს პარიზელი მუშები ისევ ქუჩაში გამოვიდნენ, ამჯერად უკვე შეიარაღებულები. იარაღი პარიზელმა მუშებმა ცოტა ხნით ადრე, როგორც ნაციონალურმა გვარდიელებს დაურიგდათ.
   ნაციონალურმა კრებამ პარიზელი მუშების ეს აჯანყება, რომელიც ევროპაში მუშათა პირველ რევოლუციადაა შეფასებული, სამხედრო ძალით ჩაახშო. ჯარს ხელმძღვანელობდა სამხედრო მინისტრი კავენიაკი. ბრძოლებში დაიღუპა 12 000 ადამიანი.
   კონსერვატორულმა (მემარჯვენე) მთავრობამ ივნისში ახალი კონსტიტუცია მიიღი, რომელშიც არაფერი იყო ნათქვამი მშრომელთა დასაქმებისა და მათი უფლებების შესახებ. ამავე კონსტიტუციით პარლამენტი უნდა არჩეულიყო საყოველთაო არჩევნებით, ხოლო აღმასრულებელ ხელისუფლებად _ პრეზიდენტი ოთხწლიანი ვადით. 1848 წლის დეკემბერში  ახალი კონსტიტუციის საფუძველზე ჩატარდა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნები.
   რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატად ლუი ეჟენ კავენიაკი დასახელდა. 1848 წლის 10 დეკემბერს ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით კი, საყოველთაო საარჩევნო უფლების საფუძველზე, რომელიც მხოლოდ მამაკაცებს ჰქონდათ, ხმათა 75%-ით საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად აირჩიეს ამ დროისათვის სამშობლოში დაბრუნებული ნაპოლეონ ბონაპარტის ძმისშვილი ლუი ნაპოლეონი. ლუი ნაპოლეონი ბურჟუაზიას შეჰპირდა წესრიგსა და დაცვას, წვრილ ბურჟუაზიასა და მუშებს კი სიღარიბისა და სოციალური უთანასწორობის დაძლევას 

   ლუი-ნაპოლეონმა კი ორწლიანი მმართველობის შემდეგ 1851 წელს ეროვნული ასამბლეა დაითხოვა, რადგან ამ უკანასკნელმა უარი განუცხადა კონსტიტუციის გადახედვასა და მეორე ვადით არჩევის უფლების მინიჭებაზე. ლუი-ნაპოლეონის ბრძანებით მისი მოწინააღმდეგეები გადააასახლეს, მათ შორის კავენიაკიც. ყოველივე ამ მოვლენებს საფრანგეთში მღელვარებები მოჰყვა, დაიწყო გამოსვლები, თუმცა უშედეგოდ.
   1852 წლის 2 დეკემბერს ლუი ნაპოლეონმა ახალი კონსტიტუცია მიიღო, რომლის მიხედვითაც სენატისა და სახელმწიფო საბჭოს ძალაუფლება პრეზიდენტის ხელში გადადიოდა. იმავე დღეს სენატმა იგი ნაპოლეონ III-ის სახელით საფრანგეთის იმპერატორად გამოაცხადა, საფრანგეთის მეორე რესპუბლიკა კი მეორე იმპერიად იქცა.

1848 წ. საფრანგეთი

ავტორი : ლელა კაკაშვილი

1830 წლის ივლისის რევოლუცია
და “ივლისის მონარქია”

    1815 წელს, ვენის კონგრესზე მიღებული შეთანხმების შესაბამისად საფრანგეთში აღდგა ბურბონების მმართველობა, მაგრამ ამჯერად კონსტიტუციური მონარქიის სახით. რომელიც ითვალისწინებდა კონსტიტუციით შეზღუდულ მონარქიას.  მეფე ლუი XVIII-ემ, (1814-1824 წწ) გამოსცა ბრიტანული ნიმუშის მიხედვით შედგენილი კონსტიტუცია, ანუ ე.წ. “ქარტია” (რომელიც მოქმედებდა 1848 წლამდე). მეფის მიერ გამოცემული “ქარტია” ითვალისწინებდა ძალაუფლების დანაწილებას და წარმომადგენლობითი ორგანოს “ორპალატიანი სისტემის” შექმნას. “ქარტიის” მიხედვით პარლამენტის ზედა პალატა შედგებოდა მეფის მიერ დანიშნული არისტოკრატიისაგან, ქვედა პალატა (ანუ წარმომადგენლობითი ორგანო) კი არჩევითი იყო.
     ლუი XVIII-ის გარდაცვალების შემდეგ საფრანგეთის ტახტი დაიკავა მისმა ძმამ, შარლ X-ემ (1824-1830 წწ), რომელიც ტახტზე ავიდა იმ განზრახვით, რომ  განახორციელებდა ძველი რეჟიმის “ჭეშმარიტ” რესტავრაციას. შარლ X-ის ულტრაკონსერვატორულმა საშინაო პოლიტიკამ მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მეფის ბრძანებით დაითხოვეს პარლამენტი, შეცვალეს საარჩევნო კანონი და პრესის თავისუფლება გაუქმდა. ეს ბრძანებულება მეფემ 1830 წლის 26 ივლისს გამოაქვეყნა. იმავე დღეს პარიზში ბარიკადების აღმართეს, 28 ივლისს კი დაპირისპირება ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა. ბარიკადებზე ააფრიალეს აკრძალული სამფეროვანი რევოლუციური დროშა. მეფე იძულებული გახდა უკან გაეწვია თავისი ბრძანებულება, მაგრამ წარმომადგენლობითმა პალატამ საფრანგეთის მეფის ტახტი სხვა ბურბონს, ორლეანის ჰერცოგს, ლუი ფილიპს შესთავაზა. შარლ X კი იძულებული გახდა შოტლანდიაში გაქცეულიყო.
    1830 წელს მომხდარ ამ მოვლენას “ივლისის რევოლუციას” უწოდებენ, ხოლო “ივლისის რევოლუციის” შედეგად საფრანგეთის ხელისუფლების სათავეში მოსულ მთავრობას _ “ივლისის მონარქიას”. ახალმა მთავრობამ შეცვალა კონსტიტუცია. სამფეროვანი რევოლუციური დროშა კვლავ საფრანგეთის სახელმწიფო დროშა გახდა. ამ ახალი კონსტიტუციით მთავრობა მეფის წინაშე კი არ იყო ანგარიშვალდებული, არამედ _ პარლამენტის წინაშე იღებდა ვალდებულებას. ტახტზე ასვლამდე ლუი-ფილიპმა (1830-1848 წწ) ფიცი დადო ახალ კონსტიტუციაზე. ასე, რომ “ივლისის მონარქიას” საფრანგეთში “ბურჟუაზიულ მონარქიას” უწოდებენ, ხოლო ლუი-ფილიპს _ კი “მეფე-ბურჟუას”.
    “ივლისის მონარქიის” ხელისუფლების დროს საფრანგეთში დამძიმდა ეკონომიკური მდგომარეობა, რასაც მოსახლეობის გამოსვლები მოჰყვა. მთავრობა არაეფექტურად მუშაობდა, გაბატონებული იყო კორუფცია, ყოველივე ამის გამო უკვე 1848 წლისათვის მეფე ლუი-ფილიპეს მოსახლეობა ნაკლებად უჭერდა მხარს. ფრანგი ხალხისათვის სამაგალითო ფიგურად კვლავ ნაპოლეონ I იქცა, რადგან ფრანგებისათვის ნაპოლეონ I იყო ის “დიდი კაცი”, ვინც საფრანგეთს ევროპაში პირველობა მოუტანა. ხალხის გულის მოსაგებად და “ბონაპარტისტული” განწყობის გაძლიერების საპასუხოდ, ლუი-ფილიპმა 1840 წელს წმინდა ელენეს კუნძულიდან ნაპოლეონის ნეშტის პარიზში გადმოსვენება ბრძანა.

"ივლისის მონარქია"

ავტორი : ლელა კაკაშვილი

- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -