Posted by : ლელა კაკაშვილი Saturday 28 April 2018


პირველი მსოფლიო ომის გამოცხადება

    პირველი მსოფლიო ომის დაწყების საბაბი გახდა 1914 წლის 28 ივნისს ქალაქ სარაევოში ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ტახტის მემკვიდრის, ერცჰერცოგ ფრანც-ფერდინანდის, მკვლელობა სერბი ნაციონალისტის, გავრილო პრინციპის მიერ, რასაც შედეგად მოჰყვა “ბოსნიის კრიზისი”. ავსტრიის ტახტის მემკვიდრე ფრანც-ფერდინანდი ჩავიდა სერბებით დასახლებულ ბოსნიის ქალაქ სარაევოში, რათა დასწრებოდა სამხედრო წვრთნებს. ფრანც-ფერდინანდი ბოსნიელებისათვის ავტონომიის მინიჭების მომხრე იყო, ხოლო მის სრულ დამოუკიდებლობას მხარს არ უჭერდა, რითაც გამოიწვია ორგანიზაცია “ახლგაზრდა ბოსნიის” გაღიზიანება. ამ მიზეზით ის და მისი მეუღლე სასიკვდილოდ დაჭრა ამ ორგანიზაციის წევრმა სერბმა სტუდენტმა გავრილო პრინციპმა.


    ამ მკვლელობაში ავსტრიელებმა სერბები დაადანაშაულეს და, გერმანიასთან კონსულტაციის შემდეგ, 23 ივლისს ბელგრადს ულტიმატუმი წარუდგინეს: სერბეთს უნდა შეეწყვიტა ანტიავსტრიული პროპაგანდა და ავსტრიის წარმომადგენლები დაეშვა მკვლელობის გამოსაძიებლად. სერბებმა ბოლო პუნქტი არ მიიღეს. 1914 წლის 28 ივლისს ავსტრიამ ომი გამოუცხადა სერბეთს. მსოფლიო ომში ომის გამოცხადება პირველად მოხდა ტელეგრამით. 30 ივლისს ომში ჩაება Gგერმანია.  გერმანიამ გააფრთხილა რუსეთი, რომ თუ ეს უკანასკნელი სერბეთის დასახმარებლად მობილიზაციას გამოაცხადებდა გერმანია მათ ომს გამოუცხადებდა. 30 ივლისს, როდესაც ავსტრიულმა არტილერიამ დაბომბა ბელგრადი (სერბეთის დედაქალაქი), რუსებმა იმავე საღამოს პირველად გადალახეს გერმანიის იმპერიის აღმოსავლეთი საზღვარი და გერმანიასთან ომში ჩაებნენ. ასე, რომ 1 აგვისტოს გერმანიამ ომი გამოუცხადა რუსეთს.  3 აგვისტოს კი ომში ჩაება საფრანგეთი. დიდ ბრიტანეთს ნეიტრალიტეტის შენარჩუნება სურდა, მაგრამ 4 აგვისტოს გერმანიის ჯარები შეიჭრნენ ბელგიაში, რის შედეგადაც ბრიტანელები ომში ჩაებნენ. 1914 წლის 2 ნოემბერს რუსეთმა ოსმალეთს ომი გამოუცხადა. ასე დაიწყო I მსოფლიო ომი.


ომის მიმდინარეობა და შედეგები

   ომის მსურველ თითოეულ მხარეს ჰქონდა წინასწარ შემუშავებული სამხედრო სტრატეგია. გერმანიის გეგმას ეწოდებოდა “შლიფენის გეგმა”_ გერმანიის გენერალური შტაბის უფროსის, ფონ შლიფენის გვარის მიხედვით. შლიფენი თვლიდა, რომ გერმანიას ომი მოუწევდა საფრანგეთისა და რუსეთის წინააღმდეგ და ორ ფრონტზე ძალები არ ეყოფოდა. აქედან გამომდინარე შლიფენმა თავის გეგმას საფუძვლად დაუდო მოწინააღმდეგეთა “ცალ-ცალკე განადგურების” იდეა. 
   შლიფენის გეგმის მიხედვით: ვიდრე ჩამორჩენილი რუსეთი ნელ-ნელა ჩაატარებდა მობილიზაციას და ჯარებს განალაგებდა, გერმანელებს ძირითადი დარტყმა უნდა მიეყენებინა საფრანგეთისათვის. დაარღვევდნენ რა ბელგიის ნეიტრალიტეტს, გერმანიის ჯარები დაუცველი ბელგია-საფრანგეთის საზღვართან უნდა შეჭრილიყვნენ ჩრდილოეთ საფრანგეთში. აქ ჯარების ნაწილი დაიკავებდა ლა-მანშის სრუტის ნაპირებს, რათა ინგლისელებისათვის ხელი შეეშალა, ხოლო მეორე ნაწილი შემოუვლიდა პარიზს ჩრდილო-დასავლეთიდან, მოაქცევდა საფრანგეთის ჯარს ალყაში და გაანადგურებდა. მთელი ეს ოპერაცია 40 დღეში უნდა ჩატარებულიყო, რის შემდეგაც გერმანელები მთელს ძალებს რუსეთისაკენ მიმართავდნენ.
   როგორც მოსალოდნელი იყო ნეიტრალურმა ბელგიამ უარი განაცხადა გერმანიის ჯარების გატარებაზე, რაც აუცილებელი იყო “შლიფენის გეგმის” განხორციელებისათვის. 4 აგვისტოს Gგერმანია შეიჭრა ბელგიაში, ხოლო იმავე დღეს ფრანგები შევიდნენ ელზასსა და ლოთარინგიაში. ფრანგებმა ბელგიიდან უკან, პარიზისაკენ დაიხიეს. პარიზელმა ტაქსისტებმა ფრონტზე გადაიყვანეს ახლად ჩამოყალიბებული VI არმია. ამ მეთოდის 60 000 ფრანგი ჯარისკაცი ჩავიდა ბრძოლის ველზე.
    შლიფენის გეგმა საფრანგეთის სწრაფად დამარცხებისა 1914 წლის სექტემბერში ჩაიფუშა მარნის ბრძოლაში გერმანეთა მარცხით. უკვე 1914 წლის ოქტომბერ-ნოემბერში შვეიცარიიდან ლა-მანშამდე გადაიჭიმა 700 კილომეტრიანი ბრძოლის ხაზი, რომელიც შემდგომი სამი წელი შენარჩუნდა. ორივე მხარე ხარჯავდა ძალიან დიდ ადამიანურ რესურს.

   I მსოფლიო ომის ისტორიაში დიდი როლი ითამაშა ახალმა საბრძოლო ტექნიკამ და მოწინააღმდეგის განადგურების უახლესმა საშუალებებმა. 1915 წლის აპრილში გაიმართა იპრის ბრძოლა, სადაც გერმანელებმა პირველად კაცობრიობის ისტორიაში გამოიყენეს ქიმიური იარაღი _ქლორი, ე.წ. “იპრიტის გაზი”. ამ გაზისაგან ფრანგების უმეტესობა დაიხრჩო, ხოლო კანადელებმა გამოსავალი მონახეს. მათ ცხვირსახოცებზე მოშარდეს და სახეზე აირფარეს.  იპრათან ბრძოლა მთელი თვე გრძელდებოდა და მხოლოდ ბოლო დღეებში მიიღეს ჯარისკაცებმა ნამდვილი აირწინაღები. 
    იპრის ბრძოლის შემდეგ მოწინააღმდეგეები გამოიფიტნენ და სანგრებში ჩასხდნენ. დაიწყო ე.წ. პოზიციური ბრძოლები და ვერცერთმა მხარემ ვერ მოახერხა უპირატესობის მოპოვება. იგივე განმეორდა 1916 წელსაც. მიუხედავად დიდი მსხვერპლისა 1916 წლის თებერვალში ვერდენის ბრძოლასა (სადაც 800 000 ადამიანი დაიღუპა) და 1916 წლის სექტემბერში სომაზე ბრძოლის დროს ვერც ერთმა მხარემ ვერ მოახერხა გადამწყვეტი უპირატესობის მოპოვება. სწორედ სომაზე გამოიყენეს ინგლისელებმა ისტორიაში პირველი ტანკი. ინგლისელები ტანკებს იყენებდნენ ქვეითთა მხარდასაჭერად, ხოლო ფრანგები, როგორც დამოუკიდებელ მოსიარულე საარტილეო დანადგარს. პირველი ტანკი ძალიან მოუქნელი იყო.
   1917 წელს ბრიტანეთში შემოიღეს საყოველთაო სამხედრო სამსახური, ხოლო საფრანგეთში შეიცვალა სარდლობა. გერმანიის სარდლობაშიც მოხდა ცვლილებები. კერძოდ რუსეთთან ბრძოლაში წარმატებული გერმანელები _ ჰიბდერბურგი და ლუდენდორფი მხედართმთავრებად დაინიშნენ. გერმანიამ ფრონტის ხაზზე ააგო ძლიერი სანგრები. ამ ხაზს გერმანელებმა “ზიგფრიდის ხაზი”, ხოლო “ანტანტამ” “ჰინდენბურგის ხაზი” უწოდა.
    გარდა სახმელეთო ფრონტისა შეტაკებები მიმდინარეობდა ზღვაზეც. გერმანული ფლოტი ინგლისურზე გაცილებით სუსტი იყო, ამიტომ ისინი ერიდებოდნენ მასშტაბურ ბრძოლებს და ძირითადად ინგლისის ტერიტორიული წყლების დანაღმვით შემოიფარგლებოდნენ. გერმანელები აქტიურად იყენებდნენ წყალქვეშა ნავებით შეტევის ტაქტიკას. 1916 წლის 31 მაისს გაიმართა იუტლანდიის საზღვაო ბრძოლა, რომელიც გერმანელთა სასტიკი მარცხით დასრულდა.
    პირველ მსოფლიო ომში ასევე გამოჩნდა ავიაციაც. აეროპლანები მაშინ ახალი ხილი იყო და მაინცდამაინც დიდ როლს არ ასრულებდა, მას უფრო მეტად სადაზვერვო ფუნქცია ჰქონდა. 1916 წელს ფრონტის ხაზზე გამოჩნდა ინგლისური F-2 და ფრანგული “ნიუპორტი”. ფრონტის ხაზზე გამოიყენებოდა დირიჟაბლები, რომლის უპირატესობა თვითმფრინავთან შედარებით ის იყო, რომ მას ჰაერში ხანგრძლივი ყოფნა შეეძლო, მაგრამ მის ნაკლს ამინდზე მისი დამოუკიდებულება წარმოადგენდა. I მსოფლიო ომში თავი გამოიჩინა ქალაქების დაბომბვითაც, თუმცა ამას მასიური ხასიათი არ მიუღია. რამდენიმე ბომბი ჩამოაგდეს ლონდონსა და პარიზში და ამ დაბომბვას ათამდე ადამიანი შეეწირა.

    1918 წლისათვის დასავლეთის ფრონტზე მოწინააღმდეგეები უკვე დასუსტებულები იყვნენ სამწლიანი ომის შემდეგ. 1918 წლის 3 მარტს დაიდო ბრესტ-ლიტოვსკის ზავი, რომლის ძალითაც უკვე საბჭოთა რუსეთი გავიდა ომიდან. ბრესტის ზავის შემდეგ გერმანელებმა აღმოსავლეთიდან ძალები დასავლეთისაკენ გადაისროლეს, რამაც შეამსუბუქა მათი მდგომარეობა. 
   ომში გადამწყვეტი მაინც “ანტანტის” მხარეზე აშშ-ს ოში ჩაბმა გამოდგა. აშშ თავდაპირველად უარყოფითად იყო განწყობილი ომის მიმართ და მკაცრ ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა. აშშ-ს პრეზიდენტმა ვუდრო ვილსონმა არაერთხელ სცადა დაპირისპირებული მხარეები მოლაპარაკების მაგიდასთან მოეწვია, მაგრამ უშედეგოდ. ამერიკელების პაციფისტული განწყობა შეარყია 1915 წლის მაისს გერმანული წყალქვეშა ნავის მიერ სამოქალაქო ლაინერის “ლუზიტანიის” ჩაძირვამ, რომელზედაც ამერიკელი მოქალაქეებიც იმყოფებოდნენ. ამას დაემატა “ციმერმენის გეგმაც”. ციმერმანი იყო გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელიც საიდუმლო ინსტრუქციით ურჩევდა მექსიკის მთავრობას ომის დაწყებას აშშ-სთან, მაგრამ ციმერმანის დეპეშა ბრიტანეთის დაზვერვას ჩაუვარდა ხელში, რომელმაც დაუყოვნებლივ აცნობა აშშ-ს. 1917 წლის აპრილში აშშ ომში ჩაება “ანტანტის” მხარეს. ამერიკულ კორპუსში 14 დივიზია შედიოდა 300 000 ჯარისკაცით. ამერიკულ ჯარებს სარდლობდა ჯონ პერშინგი.
ციმერმანის დეპეშა

  როგორც დავინახეთ I მსოფლიო ომის შედეგებზე ორმა მოვლენამ იქონია გავლენა:
1. 1917 წ 6 აპრილს ანტანტის მხარეს ჩაება აშშ;
2. 1917 წლის ოქტომბერში რუსეთში მოხდა სახელმწიფო გადატრიალება და ქვეყნის      სათავეში მოვიდა რსდმპ (ბოლშევიკები). ხელისუფლების სათავეში მოსვლისთანავე მათ ზავი  შესთავაზეს გერმანიას. 1918 წლის მარტში ბრესტ-ლიტოვსკში საბჭოთა რუსეთმა გერმანიასთან დადო სეპარატიული ზავი.
    მალე სხვა ფრონტებზეც უპირატესობა “ანტანტის” ქვეყნების მხარეს გადავიდა. 1918 წლის ოქტომბერში მოკავშირეებმა შეუტიეს ავსტრიელებს. ორკვირიანი ბრძოლის შემდეგ, 1918 წლის 3 ნოემბერს ავსტრია-უნგრეთმა კაპიტულაცია გამოაცხადა.
   წარმატებები ჰქონდათ ბრიტანელებსაც. ახლო აღმოსავლეთში ბრიტანელებმა დაიკავეს ბაღდადი, ბაქო, იერუსალიმი. ბრიტანულმა დაზვერვამ არაბებში შეძლო გამოეწვია ანტიოსმალური აჯანყება. თურქები მიხვდნენ, რომ აჯანყებას ვერ ჩაახშობდნენ და 1918 წლის 30 ოქტომბერს დადებული მუდროსის ზავით კაპიტულაცია გამოაცხადეს.
   პირველი მსოფლიო ომის ბედი მაინც დასავლეთის ფრონტზე განვითარებულმა მოვლენებმა გადაწყვიტა. გერმანელები ყოველი მეტრი მიწისათვის იბრძოდნენ, მაგრამ ოქტომბერში ბრიტანელებმა მოახერხეს “ჰინდერბურგის ხაზის” გარღვევა. გერმანიაში ბლოკადის გამო საკვებისა და პირველადი მოხმარების საგნებზე გაჩნდა დეფიციტი. ძლიერდებოდა პაციფისტური განწყობაც.
  მოკავშირეების დანებების შემდეგ ანტანტის სახელმწიფოებთან ზავს ხელი მოაწერა გერმანიამაც, მაგრამ სინამდვილეში ეს იყო კაპიტულაცია. ზავი დაიდო 1918 წლის 11 ნოემბერს დილის 11 საათზე, პარიზის ახლოს, კომპიენის ტყეში საფრანგეთის მარშალ ფოშის საშტაბო მატარებლის ვაგონში. გერმანელთაგან ამ დოკუმენტს ხელი მოაწერა მათიას ერცბერგერმა.


   I მსოფლიო ომში ჩაბმული იყო 38 სახელმწიფო 1.5 მილიონი მოსახლეობით. საბრძოლო მოქმედებებში დაიღუპა დაახლოვებით 10 მილიონი ადამიანი. დაჭრილების, დასახიჩრებულების და გაზით მოწამლულების რიცხვი კი დაახლოვებით 20 მილიონს შეადგენდა.
    ასე დასრულდა პირველი მსოფლიო ომი, რომელსაც 9 მილიონზე მეტი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ამ მოვლენას უძღვნა გერმანელმა მწერალმა ერიხ მარია რემარკმა რომანი “დასავლეთის ფრონტი უცვლელია”.



- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -