Posted by : ლელა კაკაშვილი Monday 23 April 2018


1830 წლის ივლისის რევოლუცია
და “ივლისის მონარქია”

    1815 წელს, ვენის კონგრესზე მიღებული შეთანხმების შესაბამისად საფრანგეთში აღდგა ბურბონების მმართველობა, მაგრამ ამჯერად კონსტიტუციური მონარქიის სახით. რომელიც ითვალისწინებდა კონსტიტუციით შეზღუდულ მონარქიას.  მეფე ლუი XVIII-ემ, (1814-1824 წწ) გამოსცა ბრიტანული ნიმუშის მიხედვით შედგენილი კონსტიტუცია, ანუ ე.წ. “ქარტია” (რომელიც მოქმედებდა 1848 წლამდე). მეფის მიერ გამოცემული “ქარტია” ითვალისწინებდა ძალაუფლების დანაწილებას და წარმომადგენლობითი ორგანოს “ორპალატიანი სისტემის” შექმნას. “ქარტიის” მიხედვით პარლამენტის ზედა პალატა შედგებოდა მეფის მიერ დანიშნული არისტოკრატიისაგან, ქვედა პალატა (ანუ წარმომადგენლობითი ორგანო) კი არჩევითი იყო.
     ლუი XVIII-ის გარდაცვალების შემდეგ საფრანგეთის ტახტი დაიკავა მისმა ძმამ, შარლ X-ემ (1824-1830 წწ), რომელიც ტახტზე ავიდა იმ განზრახვით, რომ  განახორციელებდა ძველი რეჟიმის “ჭეშმარიტ” რესტავრაციას. შარლ X-ის ულტრაკონსერვატორულმა საშინაო პოლიტიკამ მოსახლეობის უკმაყოფილება გამოიწვია განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც მეფის ბრძანებით დაითხოვეს პარლამენტი, შეცვალეს საარჩევნო კანონი და პრესის თავისუფლება გაუქმდა. ეს ბრძანებულება მეფემ 1830 წლის 26 ივლისს გამოაქვეყნა. იმავე დღეს პარიზში ბარიკადების აღმართეს, 28 ივლისს კი დაპირისპირება ხელჩართულ ბრძოლაში გადაიზარდა. ბარიკადებზე ააფრიალეს აკრძალული სამფეროვანი რევოლუციური დროშა. მეფე იძულებული გახდა უკან გაეწვია თავისი ბრძანებულება, მაგრამ წარმომადგენლობითმა პალატამ საფრანგეთის მეფის ტახტი სხვა ბურბონს, ორლეანის ჰერცოგს, ლუი ფილიპს შესთავაზა. შარლ X კი იძულებული გახდა შოტლანდიაში გაქცეულიყო.
    1830 წელს მომხდარ ამ მოვლენას “ივლისის რევოლუციას” უწოდებენ, ხოლო “ივლისის რევოლუციის” შედეგად საფრანგეთის ხელისუფლების სათავეში მოსულ მთავრობას _ “ივლისის მონარქიას”. ახალმა მთავრობამ შეცვალა კონსტიტუცია. სამფეროვანი რევოლუციური დროშა კვლავ საფრანგეთის სახელმწიფო დროშა გახდა. ამ ახალი კონსტიტუციით მთავრობა მეფის წინაშე კი არ იყო ანგარიშვალდებული, არამედ _ პარლამენტის წინაშე იღებდა ვალდებულებას. ტახტზე ასვლამდე ლუი-ფილიპმა (1830-1848 წწ) ფიცი დადო ახალ კონსტიტუციაზე. ასე, რომ “ივლისის მონარქიას” საფრანგეთში “ბურჟუაზიულ მონარქიას” უწოდებენ, ხოლო ლუი-ფილიპს _ კი “მეფე-ბურჟუას”.
    “ივლისის მონარქიის” ხელისუფლების დროს საფრანგეთში დამძიმდა ეკონომიკური მდგომარეობა, რასაც მოსახლეობის გამოსვლები მოჰყვა. მთავრობა არაეფექტურად მუშაობდა, გაბატონებული იყო კორუფცია, ყოველივე ამის გამო უკვე 1848 წლისათვის მეფე ლუი-ფილიპეს მოსახლეობა ნაკლებად უჭერდა მხარს. ფრანგი ხალხისათვის სამაგალითო ფიგურად კვლავ ნაპოლეონ I იქცა, რადგან ფრანგებისათვის ნაპოლეონ I იყო ის “დიდი კაცი”, ვინც საფრანგეთს ევროპაში პირველობა მოუტანა. ხალხის გულის მოსაგებად და “ბონაპარტისტული” განწყობის გაძლიერების საპასუხოდ, ლუი-ფილიპმა 1840 წელს წმინდა ელენეს კუნძულიდან ნაპოლეონის ნეშტის პარიზში გადმოსვენება ბრძანა.

- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -