Posted by : ლელა კაკაშვილი Saturday 28 April 2018

დევიდ ლოიდ ჯორჯი, ვიტორიო ორლანდო, ჯოჯრ კლემანსო და ვუდრო ვილსონი




პარიზის (ვერსალის) კონფერეცია და მისი შედეგები.
პარიზის კონფერენციის მნიშვნელობა
    I მსოფლიო ომის საზავო მოლაპარაკებები ჯერ კიდევ 1918 წლის ოქტომბერში დაიწყო, მაშინ როდესაც დასავლეთის ფრონტზე ამის შესახებ არაფერი იცოდნენ.  
     I მსოფლიო ომში გამარჯვებული სახელმწიფოები პარიზის საზავო კონფერენციაზე შეიკრიბნენ 1919 წლის 18 იანვარს. მართალია კონფერენციას ესწრებოდა ანტანტის მოკავშირე 27 ქვეყნის წარმომადგენელი, ვინც ომი გამოუცხადა გერმანიას, მაგრამ სინამდვილეში გადაწყვეტილებას იღებდა სამი სახელმწიფო _ საფრანგეთი, ბრიტანეთი და აშშ. დამარცხებული სახელმწიფოები პარიზის კონფერენციაზე არ მიიწვიეს, ამდენად ეს მოლაპარაკება ომის მონაწილე მხარეებს შორის სამშვიდობო მოლაპარაკება კი არ იყო, არამედ გამარჯვებულების დიქტატი: კერძოდ სამმა გამარჯვებულმა სახელმწიფომ უკარნახა თავისი საზავო პირობები დანარჩენ მსოფლიოს. სამივე გამარჯვებულს საკუთარი სამშვიდობო გეგმა ჰქონდა:
1. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრის ჟორჟ კლემანსოს მთავარი დევიზი იყო _ “გადმოვუბრუნოთ ჯიბეები ბოშებს”, ასეთ სალანძღავ სიტყვით მოიხსენიებდნენ ფრანგები გერმანელებს. საფრანგეთს სურდა გერმანიის მაქსიმალურად დასუსტება და ომით მიყენებული ზარალის ანაზღაურების მთელ სიმძიმეს გერმანიას აკისრებდა.
2. ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი, დევიდ ლოიდ ჯორჯი ხელმძღვანელობდა ევროპის კონტინენტზე “ძალთა წონასწორობის” შენარჩუნების ტრადიციული ბრიტანული პოლიტიკით. მას კარგად ესმოდა, რომ გერმანიის მეტისმეტად დასუსტება და დამცირება ევროპას, მშვიდობის სანაცვლოდ ახალ ომამდე მიიყვანდა. გერმანია ადრე თუ გვიან ძალას მოიკრეფდა და შურს იძიებდა, მაგრამ საფრანგეთის მოქმედებას ბრიტანეთი დიდად არ ეწინააღმდეგებოდა;
3. აშშ-ს პრეზიდენტი ვუდრო ვილსონი, რომელიც შუამავლობდა ომის შეწყვეტის საკითხებს გერმანიასა და “ანტანტას” შორის, გერმანიის მთავრობას ჰპირდებოდა, რომ საზავო ხელშეკრულება არ იქნებოდა მძიმე. თუმცა ვილსონმა ვერ შეძლო მოკავშირეთა დარწმუნება. ვილსონის საზავო დებულება ე.წ. “14 პუნქტი” მოკავშირეებმა არ მიიღეს. მათ სურდათ გერმანიის სრული კაპიტულაცია. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ჟორჟ კლემანსომ კი განაცხად: “ბატონი ვილსონი თავს მაბეზრებს თავისი 14 პუბქტით, მაშინ როდესაც თვით ყოვლისშემძლე უფალიც კი ათით დაკმაყოფილდა”.


     ვერსალის საზავო ხელშეკრულებაზე მუშაობა 4 თვის განმავლობაში მიმდინარეობდა. როგორც ვიცით სამუშაო პროცესს არ დასწრებია გერმანული მხარე. ხელშეკრულების გაცნობის საშუალება მათ მხოლოდ 1919 წლის 28 ივნისს, “სარაევოს გასროლის” ხუთი წლის თავზე მიეცათ, ვერსალის სარკეებიან დარბაზში. ეს სიმბოლური იყო: ზავის დადების ადგილი განზრახ შეირჩა, რადგან სწორედ იქ, 1871 წლის 18 იანვარს, საფრანგეთზე მოპოვებული გამარჯვების შემდეგ, საზეიმოდ გამოცხადდა ერთიანი გერმანული სახელმწიფოს (ანუ რაიხის, იმპერიის) შექმნა. ასევე შემთხვევითი არ ყოფილი პარიზის საზავო კონფერენციის გახსნის თარიღად 18 იანვრის შერჩევა. 
     პირობები მოსალოდნელზე მკაცრი აღმოჩნდა. ამ საზავო ხელშეკრულებით გერმანიამ დაკარგა: აფრიკული და აზიური კოლონიები, ასევე ელზასი, ლოთარინგია და სხვა მიწები. ძლიერ გერმანიის იმპერიას ჩაენაცვლა არასტაბილური ვაიმარის რესპუბლიკა _ ასე უწოდებდნენ გერმანიას 1919-1933 წლებში. 1918 წლის 9 ნოემბერს გერმანიაში მოეწყო სამხედრო გადატრიალება, კაიზერი ვილჰემ II აიძულეს უარი ეთქვა ტახტზე. იგი ნიდერლანდებში გაიქცა. ხელისუფლებაში მოვიდა სოციალისტური პარტიის ლიდერი ებერტი, რომელმაც ჩაატარა რაიხსტაგის არჩევნები ქალაქ ვაიმარში 1919 წლის 11 თებერვალს. ასე შეიქმნა ძლიერი გერმანიის ადგილას არასტაბილური ვაიმარის რესპუბლიკა.

   ვაიმარის რესპუბლიკას აეკრძალა მძიმე საბრძოლო ტექნიკის წარმოებისა და ყოლის უფლება, ასევე სამხედრო ფლოტისა და არმიის ყოლა. ნება დართეს ჰყოლოდა მხოლოდ 100 000 ჯარისკაცი და რამდენიმე ათეული სამხედრო ხომალდი. დამარცხებულ გერმანიას დაეკისრა მოკავშირეთა სასარგებლოდ 130 მილიარდი მარკის გადახდა. გერმანიაში გამეფდა სიღარიბე და ინფლაცია. ამან კი ხელი შეუწყო რადიკალური, ულტრამემარცხენე (კომუნისტური) და ულტრამემარჯვენე (ნაცისტური) იდეების გავრცელებას. ვესალის ზავის ზედმეტად მძიმე და უსამართლო პირობები შემდგომში II მსოფლიო ომის დაწყების მიზეზი გახდა.
  გერმანიისათვის მორალური თვალსაზრისით, განსაკუთრებით მძიმე იყო ვერსალის ხელშეკრულები 231 პარაგრაფი, რომელიც ომის გაჩაღებაში დამნაშავედ მხოლოდ გერმანიასა და მის მოკავშირე სახელმწიფოებს ცნობდა. ისტორიული ობიექტურობა მოითხოვს ითქვას, რომ ეს პარაგრაფი სიმართლეს არ შეესაბამებოდა: ომის გაჩაღებაში ავსტრია-უნგრეთთან და გერმანიასთან ერთად პირდაპირი დამნაშავენი იყვნენ: სერბეთი, რუსეთი, ბრიტანეთი და საფრანგეთი.
   პარიზის საზავო კონფერენციაზე მოხდა სხვა მნიშვნელოვანი ცვლილებებიც. დაიშალა ავსტრია-უნგრეთის იმპერია და მის ნანგრევებზე წარმოიქმნა შემდეგი დამოუკიდებელი სახელმწიფოები: ავსტრიის, უნგრეთის, ჩეხოსლოვაკიის და იუგოსლავიის რესპუბლიკები, რომელშიც გაერთიანდნენ სერბები, ხორვატები, სლოვენები სერბების ჰეგემონობით. ამ სახელმწიფოს იუგოსლავია ეწოდა 1929 წლიდან.
    დაიშალა ოსმალეთის იმპერიაც. ყოფილი ოსმალეთის იმპერიის აზიური კოლონიები ინგლისისა და საფრანგეთის კონტროლქვეშ მოექცა. იტალიაში, ფაშისტი ბენიტო მუსოლინის ხელისუფლებაში მოსვლამდე სუფევდა პოლიტიკური არასტაბილურობა. მძიმე ეკონომიკური კრიზისი სუფევდა ინგლისში. ასეთივე მდგომარეობაში აღმოჩნდა საფრანგეთიც.
   რუსეთის იმპერია დაემხო 1917 წლის ოქტომბრის რევოლუციის შედეგად და დაიწყო სამოქალაქო ომი, სადაც გაიმარჯვეს ბოლშევიკებმა და 1922 წელს შექმნეს ახალი სახელმწიფო _ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი ანუ სსრკ.
   გერმანიაში ვერსალის საზავო ხელშეკრულების მიმართ საზოგადოებრივი აზრი ორად გაიყო. პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოების ერთი ნაწილი ზავის პირობების შესრულების მომხრე იყო. მათი აზრით სწორედ ეს გახდებოდა წინაპირობა გამარჯვებულ სახელმწიფოებთან ვერსალის ზავის პირობების შერბილების ანდა, სულაც გაუქმებაზე მოლაპარაკებების საწარმოებლად. მეორე ნაწილი კი ვერსალის ხელშეკრულების პირობებს ეროვნული ღირსების შეურაცხყოფად მიიჩნევდა. მათ შორის იყო ჰიტლერის პარტიაც. საზოგადოების ამგვარმა განწყობილებამ მნიშვნელოვნად განაპირობა ნაცისტების მოსვლა ხელისუფლების სათავეში 1933 წელს. 
   



- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -