Posted by : ლელა კაკაშვილი Saturday 28 April 2018


1917 წლის თებერვლის რევოლუცია
         რუსეთის წარუმატებლობები პირველ მსოფლიო ომში გახდა 1917 წლის თებერვლის რევოლუციის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი. ფრონტზე განცდილ არაერთ მარცხს ამძიმებდა რთული სოციალური ვითარება. საყოველთაო სახალხო მღელვარების დაწყებამდე ქვეყანაში მიმდინარეობდა გაფიცვები. 
     1917 წლის 23 თებერვალს პეტროგრადში (ომის დასაწყისში ამ ქალაქის გერმანული სახელი პეტერბურგი შეიცვალა სლავური პეტროგრადით) მოეწყო მასობრივი დემონსტრაცია, რომელიც შემდგომ დღეებშიც გაგრძელდა და გადაიზარდა პოლიციასთან შეტაკებებეში. დემონსტრანტები გამოდიოდნენ ომის შეწყვეტისა და მთავრობის გადაგომის მოთხოვნებით. ამ ამბოხს შეუერთდა პეტროგრადის გარნიზონის ჯარისკაცების ნაწილიც.
        შექმნილ ვითარებაში, 1917 წლის 3 მარტს მეფე ნიკოლოზ II (1895-1917 წწ) გადადგა. სამეფო ტახტზე ( 2 მარტს) უარი თქვა მისმა ძმამ, მიხეილმაც. ამ ფაქტით დასრულდა რუსეთში მონარქიის არსებობა. თუმცა  თუ რა ფორმის მმართველობა უნდა დამყარებულიყო რუსეთში _ მონარქიული თუ რესპუბლიკური, დროებით გადაიდო და რუსეთი რესპუბლიკად მხოლოდ 1917 წლის 1 სექტემბერს გამოცხადდა.
       პეტროგრადში შეიქმნა დროებითი მთავრობა, რომელიც ძირითადად შედგებოდა ლიბერალი პოლიტიკოსებისაგან, კერძოდ კონსტიტუციურ-დემოკრატებისაგან (კადეტებისაგან). პარალელურად გაიმართა პეტროგრადის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოს პირველი არჩევნები. საბჭოებში დომინირებდნენ რუსეთის სოციალ-დემოკრატიული პარტიის (რსდმპ) ზომიერი ფრთის _ მენშევიკებისა და სოციალისტ-რევოლუციეონერების (ესერების) პარტიების წარმომადგენლები. საბჭოს თავმჯდომარე გახდა მენშევიკი კარლო ჩხეიძე. რსდმპ-ს რადიკალური ფრთა _ ბოლშევიკები თავდაპირველად უმცირესობაში იყვნენ, მაგრამ მალე პეტროგრადის საბჭოში უმრავლესობა მოიპოვეს.
       რუსეთში დროებითი მთავრობა და საბჭოები ერთმანეთის პარალელურად მოღვაწეობდნენ. ქვეყანაში დამყარდა ორხელისუფლებიანობა. დროებით მთავრობას მუშაობა მეტად რთულ პირობებში უხდებოდა. იზრდებოდა დროებითი მთავრობის მუშაობით გამოწვეული უკმაყოფილება და მძაფრდებოდა ანტისაომარი განწყობილებები.  ფრონტზე მდგომარეობა სულ უფრო მძიმდებოდა. სამხედრო მინისტრის, კერენსკის მიერ დაგეგმილი შეტევა წარუმატებელი გამოდგა. მიუხედავად რუსეთის არმიის ყველაზე ნიჭიერი გენერლის, ბრუსილოვის ცალკეული გამარჯვებებისა, ომში რუსეთის საბოლოო მარცხი სულ უფრო თვალსაჩინო ხდებოდა. მიუხედავად ამისა დროებითი მთავრობა არ აპირებდა რუსეთის გამოყვანას ომიდან.
       დროებითმა მთავრობამ ვერც მიწის საკითხი გადაწყვიტა. ამ ვითარებას ვერც მთავრობის ცვლილებამ უშველა, კერძოდ დროებითი მთავრობის თავმჯდომარე ლვოვი ამ პოსტზე შეცვალა ალექსანდრე კერენსკიმ.
       დროებითმა მთავრობამ დაპირისპირებულობის აღმოსაფხვრელად განიზრახა სამხედრო დიქტატურის დამყარება. დიქტატორი უნდა გამხდარიყო სამხედრო ძალების უფროსი კორნილოვი. მაგრამ 1917 წ აგვისტოში კერენსკისა და კორნილოვს შორის უთანხმოებამ იფეთქა და შეთქმულება ჩაიშალა კორნილოვი დააპატიმრეს. კერენსკისა და კორნილოვს შორის უთანხმოებამ საგრძნობლად გააძლიერე ბოლშევიკების ბანაკი.
       1917 წლის სექტემბერში პეტროგრადის მუშათა და ჯარისკაცთა საბჭოებში ბოლშევიკებმა უმრავლესობა მოიპოვეს. საბჭოს თავმჯდომარე გახდა ბოლშევიკთა ერთერთი ლიდერი ლევ ტროცკი (იგივე ბრონშტეინი). მსგავსი სიტუაცია იყო მოსკოვის საბჭოშიც. ბოლშევიკების გავლენა თანდათან მატულობდა. ლენინი და ბოლშევიკების ლიდერები შეიარაღებული აჯანყებით იმუქრებოდნენ. გამჟღავნდა  გერმანიის სამხედრო უწყების მიერ ბოლშევიკების პარტიის დაფინანსების ფაქტიც, თუმცა დროებითი მთავრობა მოერიდა ბოლშევიკების წინააღმდეგ რადიკალური ზომების მიღებას.


- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -