Posted by : ლელა კაკაშვილი Monday 23 April 2018


თერგდალეულები

    ეროვნული თვითშეგნების გამოღვიძების პროცესში უმთავრესი როლი, ილია ჭავჭავაძის (1837_1907 წწ) მეთაურობით მოღვაწე, თერგდალეულებმა შეასრულეს. მათ უმრავლესობას განათლება რუსეთში ჰქონდა მიღებული “თერგდალეულებად” ამიტომაც მოიხსენიებოდნენ. ილიასთან ერთად ამ დასში მოღვაწეობდნენ აკაკი წერეთელი, იაკობ გოგებაშვილი, სერგი მესხი, ნიკო ნიკოლაძე, გიორგი წერეთელი და სხვები.
   თერგდალეულები საზოგადოებრივ-კულტურულ ასპარეზზე გამოვიდნენ XIX საუკუნის 60-იან წლებში და თავდაპირველად დაუპირისპირდნენ უფროს თაობას, რომლებსაც უმოქმედობასა და ცარიზმის პოლიტიკისადმი შემრიგებლურ დამოკიდებულებაში ადანაშაულებდნენ. ეს დაპირისპირება ცნობილია “მამათა და შვილთა” ბრძოლის სახელით.
   თერგდალეულთა პროგრამა ითვალისწინებდა ხალხის, როგორც ეროვნულ ისე, სოციალურ განთავისუფლებას. ისინი კარგად იცნობდნენ რუსეთის და ევროპის პოლიტიკური და საზოგადო მოღვაწეების ნააზრევს, იყვნენ მსოფლიოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების საქმის კურსში. 
   1861 წელს ილია ჭავჭავაძემ შექმნა “მგზავრის წერილები”, სადაც  ჩამოაყალიბა XIX საუკუნის ეროვნულ-გამანთავისუფლებელი მოძრაობის უმთავრესი დამახასიათებელი ნიშანი: ქართველი ერის შეურიგებლობა რუსულ სახელმწიფოებრიობასთან. მართალია ლელთ ღუნიას სიტყვებს: “ჩვენი თავი ჩვენადვე გვეყუდნოდეს” კომენტარი არ მოსდევს, მაგრამ ცხადია, ამ სიტყვებში ილია საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენას გულისხმობდა. თერგდალეულთა ეროვნული პროგრამის მიხედვით, არსებული პოლიტიკური რეალობიდან გამომდინარე, თავდაპირველ და უპირველეს ამოცანას წარმოადგენდა რუსეთის იმპერიის ფარგლებში ავტონომიის მოპოვება. ამიტომ ამახვილებდა ილია ჭავჭავაძე მიზანმიმართულად ყურადღებას დიდი ბრიტანეთის მაგალითზე, რომლის შემადგენლობაშიც ირლანდიას ავტონომია (ჰომრული) ჰქონდა მოპოვებული.
   ილია ჭავჭავაძე უპირველეს ამოცანად სახავდა ქართული ეროვნული ცნობიერების აღორძინებას. ვითარება კი ძალზე სავალალო, თითქმის კატასტროფული იყო. რუსეთის კოლონიური პოლიტიკის მიზანი ხომ ქართველი კაცის შეგნებიდან ცნებების “ქართველისა” და “საქართველოს” აღმოფხვრა იყო, ასევე რუსიფიკატირული პოლიტიკის მიზანს წარმოადგენდა ქართული ენის განდევნა, ქართველი ერის ასიმილაცია და საქართველოს გადაქცევა რუსეთის განუყიფელ ნაწილად. ასეთ მდგომარეობამდე ქართველი ერი ერთბაშად არ მისულა.  XIX საუკუნის 60-იანი წლების დამდეგისათვის შექმნილი მდგომარეობა იმდენად მძიმე იყო, რომ თითქოს ხსნა არსაიდან ჩანდა. ეს გზა კი ილია ჭავჭავაძემ იპოვა. ეროვნული ცნობიერების აღორძინების უმთავრეს პირობად ილია Qჭავჭავაძეს ქართულ სინამდვილეში ქართული ენის დაბრუნება, ქართული ენის კანონიერ უფლებებში აღდგენა და მისი სიწმინდის დაცვა მიაჩნდა.
     ქართული ეროვნული ცნობიერების აღდგენის საქმეში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა განათლებას. ამიტომ 1879 წელს შეიქმნა “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოება”. მისი პირველი თავმჯდომარე იყო, ცნობილი საზოგადო მოღვაწე, დიმიტრი ყიფიანი (1814-1887 წწ). ის სტავროპოლში გადაასახლეს და 1887 წელს ცარიზმის პოლიტიკის მსხვერპლი გახდა. მას ლექსი “განთიადი” მიუძღვნა აკაკი წერეთელმა. “ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების” მოთხოვნით გაიხსნა სკოლები, გამოიცა სახელმწძღვანელოები და სხვა სახის ნაშრომები, შეგროვდა ძველი ხელნაწერები და ფოლკლორული მასალა, დაიწყო ისტორიულ ძეგლებზე ზრუნვა. 1885 წლიდან ამ საზოგადოებას უცვლელად თავმჯდომარეობდა ილია ჭავჭავაძე.

განათლების სფეროში ასევე განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო იაკობ გოგებაშვილის (1840-1912 წწ) მოღვაწეობა. რუსიფიკაციის პირობებში მისმა სასკოლო სახელმძღვანელოებმა: “ქართული ენის ანბანი და პირველი საკითხავი წიგნი მოსწავლეთათვის” (1865 წ), “დედა ენამ” (1876 წ), “ბუნების კარმა” და „რუსკოე სლოვომ” დიდი როლი ითამაშა მშობლიურ ენაზე განათლების მასობრივად გავრცელების კუთხით.
ქართული პრესა და საერთოდ, ქართული პერიოდული გამოცემები საქართველოსა და ქართველობის გადარჩენისათვის დაწყებულ მოძრაობას შეუერთდა XIX საუკუნის ^60-იანი წლებიდანვე. ილია ჭავჭავაძემ 1863 წელს დაარსა ჟურნალი “საქართველოს მოამბე”, რომელმაც სულ რამდენიმე წელი იარსება, მაგრამ დიდი საქვეყნო საქმე შეასრულა. ეროვნულ მოძრაობას დიდი ღვაწლი დასდო გაზეთმა “დროებამ”, რომელიც გამოდიოდა 1866-1885 წლებში, ხოლო ქართული პერიოდული გამოცემების მედროშეობა წილად ხვდა ილია ჭავჭავაძის “ივერიას”, რომელიც გამოდიოდა 1877-1906 წლებში. თერგდალეულთა მიერ გამოცემულ ჟურნალ-გაზეთებში განიხილებოდა საქართველოს ისტორიასთან, კულტურასთან, სოციალურ-პოლიტიკურ და ეკონომიკურ პრობლემატიკასთან დაკავშირებული საკითხები. ქართულენოვანი პრესა სახელმწიფოს მხრიდან მკაცრ ცენზურას ექვემდებარებოდა. მაგალითად: XIX საუკუნის 80-იანი წლებიდან პრესაში აიკრძალა ტერმინ “საქართველოს” ხმარება და ქვეყანას თბილისისა და ქუთაისის გუბერნიების სახელით მოიხსენიებდნენ. მიუხედავად ამისა, ქართული გაზეთების მესვეურები მაინც ახერხებდნენ მკითხველამდე სათქმელის მიტანას.
ეროვნული ცნობიერების გამოღვიძების, შელახული ეროვნული ღირსების აღდგენისათვის ბრძოლაში წარმოუდგენლად დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა საქართველოს ისტორიის გაყალბების წინააღმდეგ ბრძოლას., რომლის ბრწყინვალე ნიმუშები მოგვცა ილია ჭავჭავაძემ 1889 წელს პუბლიცისტური წერილების სერიაში “აი ისტორია”. ეს წერილები მიმართული იყო რუსული ხალხოსნური მოძრაობის ცნობილი მოღვაწის ივანე ჯაბადარის წინააღმდეგ, რომელიც შეეცადა დაემტკიცებინა, რომ ქართველი ერი დაბერდა და მას მომავალი არა აქვს. ილია ჭავჭავაძემ დამაჯერებლად უარყო ჯაბადარის ყველა არგუმენტი. სომეხ მეცნიერთა, ასევე მათ თანამოაზრე სხვა მეცნიერთა მხრიდან საქართველოს ისტორიის გაყალბების წინააღმდეგაა მიმართული ილია ჭავჭავაძის უბრწყინვალესი ნაშრომი “ქვათა ღაღადი” (1899 წ).
ილია ჭავჭავაძისა და მისი მომხრების თაოსნობით დაარსდა თბილისისა (1875 წ) და ქუთაისის (1876 წ) სათავადაზნაურო საადგილმამულო ბანკები. ბანკების შექმნის მიზანი ასეთი იყო: ბატონყმობის გაუქმების შემდეგ გაღარიბებული თავადაზნაურობა იძულებული გახდა, მამულები გაეყიდა. ამ მიწებს კი იაფად ყიდულობდნენ უცხოელები, ძირითადად სომხები. თბილისისა და ქუთაისის ბანკები თავადაზნაურობას იმის საშუალებას აძლევდა, რომ მიწა კი არ გაეყიდათ, არამედ დაეგირავებინათ და თანხის ბანკში დაბრუნების შემდეგ ქონება უკან დაებრუნებიათ. ბანკების მიერ გაღებული თანხის დიდი ნაწილი ქართული სკოლებისა და თეატრის დაფინანსებას მოხმარდა.
70-იან წლებში თერგდალეულთა რიგები ორად გაიყო: “პირველ დასს” ილია ჭავჭავაძე ედგა სათავეში იაკობ გოგებაშვილთან, ვაჟა-ფშაველასთან და სხვებთან ერთად, ხოლო “მეორე დასს”_ სერგე მესხი, გიორგი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე. ილია ჭავჭავაძე და მისი მიმდევრები თვლიდნენ, რომ საქართველოს უმთავრესი პრობლემა ეროვნული საკითხის გადაჭრა და სხვადასხვა სოციალურ ფენებს შორის ჰარმონიის დამყარება უნდა ყოფილიყო, მათ შორის დაპირისპირება კი ამ საკითხის უკანა პლანზე გადაწევას გამოიწვევდა.
“მეორე დასის” იდეებს გაზეთი “დროება” გამოხატავდა. ისინი მთავარ ყურადღებას სოციალური და ეკონომიუკური ხასიათის პრობლემებზე და საქართველოში კაპიტალიზმის განვითარებაზე ამახვილებდნენ. თუმცა ამ “დასმა” დიდხანს ვერ იარსება. 1883 წელს ჯერ სერგი მესხი გარდაიცვალა, შემდეგ გაზეთი “დროება” დაიხურა, ხოლო 1894 წელს ნიკო ნიკოლაძე ფოთის ქალაქის თავად დაინიშნა და უდიდესი სამუშაო გასწია ამ საპორტო ქალაქის აღმშენებლობისათვის. “მეორე დასელების” უმეტესობა კვლავ ილია ჭავჭავაძეს შეუერთდა, ხოლო გიორგი წერეთელმა 1893 წელს დაარსა გაზეთი “კვალი” და რევოლუციურად განწყობილი სოციალ-დემოკრატიული მიმართულების ახალგაზრდობა შემოიკრიბა. ასე შეიქმნა “მესამე დასი”, რომელთა ლიდერი გახდა ნოე ჟორდანია.
და ბოლოს, უნდა ითქვას, რომ “სამოციანელთა” მიერ დაწყებული ეროვნული მოძრაობა ძირითადად ეყრდნობოდა ილია ჭავჭავაძის სამ თეზისს _ “მამული, ენა, სარწმუნოება” და მიზნად ისახავდა შემდეგ ამოცანებს:
1.ქართული ენის დაცვა;
2.ქართული მიწის ქართველთა ხელში დარჩენა;
3.კაპიტალიზმის განვითარება;
4.ქართული თეატრისა და სხვა კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების აღორძინება; როგორც ვიცით 1850 წელს გიორგი ერისთავის მიერ დაარსებული თეატრი 1856 დაიხურა, Mმუდმივი ქართული თეატრი კი ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთელის ხელმძღვანელობით მხოლოდ 1879 წელს აღადგინეს.
5.საყოველთა განათლების ხელმისაწვდომობა.
“თერგდალეულების” მიზანი იყო საქართველო აღარ ყოფილიყო რუსეთის ჩამორჩენილი პროვინციად და ამ გზაზე მისაბაძ მაგალითს წარმოადგენდა განვითარებული ევროპა, თუმცა მათ მიაჩნდათ, რომ დასავლური გამოცდილების გადმოღება უნდა მომხდარიყო გააზრებულად და ქართულ ნიადაგზე.


- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -