Posted by : ლელა კაკაშვილი Friday 23 February 2018



ბრინჯაოს ხანა

ძვ.წ. IV-III ათასწლეულების მიჯნაზე ქართველთა წინაპარმა ტომებმა ისწავლეს ბრინჯაოს გამოდნობა. ბრინჯაოს ღებულობდნენ ცეცხლზე გამდნარ სპილენძში: კალის, დარიშხანისა და ანთიმონის შერევით. საუკეთესო შეფარდება იყო: 90% სპილენძი და 10% კალა. ამით ლითონი უფრო მყარი ხდებოდა. გამდნარ სპილენძს ყალიბებში ასხამდნენ და საჭირო ფორმას აძლევდნენ. ბრინჯაოს იარაღებმა მთლიანად ვერ განდევნეს ქვის იარაღები, ამიტომ ქვის იარაღებსაც კვლავ განსაკუტრებული დატვირთვა ენიჭებოდა.
ბრინჯაოს ხანა სამ პერიოდად იყოფა:
1.     ადრე ბრინჯაოს ხანა;
2.      შუა  ბრინჯაოს ხანა;
3.     გვიანი ბრინჯაო-ადრერკინის ხანა;
1. ადრე ბრინჯაოს ხანაში, ძვ.წ. IV ათასწლეულის ბოლოდან და III ათასწლეულის პირველ ნახევარში საქართველოში გვარცელებულია მტკვარ-არაქსის კულტურა. ამ კულტურის არეალი მოიცავდა არა მარტო სამხრეთ კავკასიას, არამედ წინა აზიასაც.
ადრე ბრინჯაოს ხანაში განვითარების კიდევ უფრო მაღალ დონეს აღწევს მიწათმოქმედება, მესაქონლეობა, მეთუნეობა. შედარებით უფრო გვიან ჩნდება ცხენი, რომლის გამოყენებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, კერძოდ: იოლი გახდა შორ მანძილზე გადაადგილება, რაც თავის მხრივ ხელს უწყობდა კავშირ-ურთიერთობების გაფართოებას, ასევე ცხენოსანი ჯარის გამოყენებამ შეცვალა სამხედრო სტრატეგია და სხვა.
2. შუა ბრინჯაოს ხანა იწყება ძვ.წ. III ათასწლეულის ბოლოდან, რომელიც გაგრძელდა დაახლოვებით  ძვ. წ II ათასწლეულის შუა ხანებამდე. ამ პერიოდში კიდევ უფრო ვითარდება: მეტალურგია, ხელოსნობა და შემოდის დაკრძალვის ახალი წესი _ ჩნდება ყორღანული სამარხები, რომელსიც ტომთა ბელადებს მარხავდნენ. ყორღანები პირველად თრიალეთში აღმოაჩინეს და ამიტომ მას „თრიალეთურ კულტურასაც“ უწოდებენ. ყორღანები გრანდიოზულ სიდიდეს აღწევდა.
        თრიალეთის ყორღანებს  ქვამიწაყრილის ფორმა ჰქონდათ. ყველაზე დიდი ყორღანების სიმაღლე 8 მეტრამდე, (ზოგან 10-15 მეტრი), დიამეტრი 100 მეტრამდე, საერთი ფართობი კი 1 ჰექტრამდე აღწევდა. ყორღანის ცენტრში მშრალი ფიქალებით ნაგები დასაკრძალი ორმო იყო, რომლის სიღრმე 6 მეტრს და საერთო ფართობი 175 მეტრამდე აღწევდა. ამ ტიპის ყორღანების აგება სამშენებლო ცოდნის საკმაოდ მაღალ დონეს მოითხოვდა. სავარაუდოა, რომ ამ კულტურის წარმომადგენლები სამარხის აგებას დიდ დროსა და ენერგიას ახმარდნენ. ყორღანების ხის სვეტები, რომლებსაც სამარხი ოთახის თაღი ებჯინებოდა ზოგჯერ ოქროს ფირფიტებით იყო გარშემორტყმული. მიცვალებული ხშირად დასაკრძალავ ოთხთვალა ეტლზე ესვენა. 

         დიდ ყორღანებში საზოგადოების რჩეულნი _ ტომის ბელადები, ცალკეული გვარების წინამძღვრები _ იკრძალებლოდნენ.  მიცვალებულს თან ატანდნენ ძვირფას ნივთებს მაგალითად: ასეთია თრიალეთის ყორღანში აღოჩენილი ოქროს თასი. ძალიან საინტერესოა ვერცხლის სასმისი, რომელზედაც რიტუალური სცენაა აღბეჭდილი.
3. ძვ.წ. II ათასწლეულის მეორე ნახევრიდან იწყება გვიანი ბრინჯაო-ადრერკინის ხანა (ასე იმიტომ ეწოდება, რომ ამ პერიოდში იწყება რკინის მეტალურგიაზე გადასვლა) და გრძელდება ძვ.წ. I ათასწლეულის პირველ ნახევრამდე. ამ ეპოქაში საქართველოს ტერიტორიაზე ჩნდენა ორი კულტურული წრე: დასავლურ ქართული ანუ კოლხური და აღმოსავლურ ქართული. ამ პერიოდში მეურნეობა უფრო დაწინაურდა, რაც გამოიწვია ბრინჯაოს იარაღის სრულყოფამ. საყოველთაოდ ცნობილია კოლხური ცულები.  ათასწლეულის დასაწყისში კოლხურმა კულტურამ თავისი განვითარების მწვერვალს მიაღწია.
სხვადასხვა ომების დროს კიდევ უფრო დაწინაურდნენ საგვარეულო და სატომო არისტოკრატია, რომელმაც სამემკვიდრეოდ აქცია სხვადასხვა თანამდებობები. ამავე დროს ტომის ბელადები, რომლებიც არჩეულნი იყვნენ ამ თანამდებობებზე ცდილობდნენ სამუდამოდ დაუფლებოდნენ ძალაუფლებას. ამ საქმეში მათ მხარს უჭერდა საკუთარი სამხედრო რაზმი, რომლებიც ცდილობდნენ მიწის საუკეთესო ნაკვეთების დასაკუთრებას. ბრძოლის დროს მოპოვებული ნადავლის დიდი ნაწილიც მათი იყო. ასევე მდიდრდებოდნენ სასულიერო პირებიც, ანუ ქურუმები, რომელთა საკუთრებაც ხდებოდა ამა თუ იმ პირის შეწირული მიწები და სიმდიდრე. ტომის ბელადები ხშირად უმაღლესი ქურუმებიც იყვნენ.
ძლიერი და დაწინაურებული ტომი ძალით იმორჩილებდა სუსტს. დამარცხებულნი იძულებულნი იყვნენ დამორჩილებოდნენ გაბატონებული ტომის ბელადს. მათ უნდა გადაეხადათ ბელადის სასარგებლოდ გადასახადები და მათ მხარდამხარ ებრძოლათ. ასეთი კავშირები, რომლებიც ბატონობა-მორჩილებაზე იყო აგებული უფრო მყარი იყო და ხანგრძლივიც.



- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -