Posted by : ლელა კაკაშვილი Saturday 10 March 2018


რომი და ქართლის სამეფო
ახ.წ. I საუკუნეში

   I საუკუნეში ქართლის სამეფო შესამჩნევად გაძლიერდა. ამას ხელი შეუწყო საგარეო პოლიტიკურმა ფაქტორმაც. კერძოდ, 
1) პონტოს სამეფოს განადგურებისა და კავკასიაში ლაშქრობის შემდეგ, რომი დაუმეზობლდა პართიას, რომელიც ირანის ტერიტორიაზე მდებარეობდა. პართიამ შეაჩერა რომის წინსვლა აღმოსავლეთით. რომსა და პართიას შორის ურთიერთობა ხან ომით და ხან დაზავებით გრძელდებოდა. ასეთ პირობებში რომისათვის მნიშვნელოვანი იყო ქართლის (იბერიის) მეფეების მხარდაჭერა, ასეთი დამოკიდებულება კი ხელს უწყობდა ქართლის გაძლიერებას;
2) ქართლში მდებარეობდა “დარიალის კარი”, რომელიც ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიას ერთმანეთთან აკავშირებდა. კავკასიონის ქედის გადაღმა კი ცხოვრობდნენ მომთაბარე ტომები, რომლებიც საფრთხეს წარმოადგენდნენ როგორც რომისათვის, ისე პართიისათვის. კავკასიონის გადმოსასვლელები ვის ხელშიაც იყო, უპირატესობასაც ის ფლობდა კავკასიაში. მას შეეძლო დაექირავებინა ეს ტომები ან უბრალოდ შეთანხმებოდა, თავის სამდფლობელოზე გაეტარებინა და მოწინააღმდეგის მიწებისათვის შეესია. ამ უპირატესობას სწოედ ქართლის სამეფო ფლობდა, რამაც ხელი სეუწყო მისი პოზიციების გაძლიერებას კავკასიაში;
3) პომპეუსის ლაშქრობის შემდეგ ქართლის სამეფო რომის ვასალად ითვლებოდა და საჭიროების დროს მის მხარდასაჭერად გამოჰყავდა საკუთარი ან ჩრდილოეთში დაქირავებული ჯარი. ასეთი მდგომარეობა ქართლის მეფეებსაც აძლევდა ხელს, რადგან მაშინდელი მსოფლიოს უძლიერესი იმპერიის, რომის მხარდაჭერით საკუთარ საქმეებსაც აგვარბდნენ;
4) I საუკუნის შუა ხანებში სომხეთი საკმაოდ დასუსტებული იყო, სწორედ სომხეთის გამო დაუპირისპირდა ამ დროს რომი და პართია ერთმანეთს. ამ ბრძოლაში ქართლიც ჩაერთო და წარმატებასაც მიაღწია. I საუკუნის 30-იან წლებში ქართლის მეფე მითრიდატემ დაამარცხა პართიელები. ქართლის მეფე მითრიდატეს ჰყავდა ორი ვაჟი _ ფარსმანი და მითრიდატე. რომის იმპერატორ ტიბერიუსთან შეთანხმებით, ქართლის ტახტი დაიკავა მემკვიდრე ფარსმანმა, რომელიც სომხეთში შეიჭრა და იქ თავისი ძმა, მითრიდატე გაამეფა. პართიის მეფე არ შეეგუა ამ მარცხს და ტახტის მემკვიდრის, ოროდის მეთაურობით სომხეთში ჯარი შემოიყვანა. 35 წელს ქართველებთან ბრძოლაში პართიელები დამარცხდნენ, ოროდი კი ბრძოლის დროს ფარსმანმა დაჭრა.  როგორც დავინახეთ ქართლში გამეფდა ფარსმან I, ხოლო სომხეთის ტახტზე კვლავ მისი ძმა მითრიდატე იჯდა.
    რომაელები მიხვდნენ, რომ ქართლის მეფეებმა პართიისა და რომის დაპირისპირებით ისარგებლეს და სომხეთში საკუთარ პოლიტიკას ატარებდნენ. ამიტომ იმპერატორმა კალიგულამ მითრიდატე თავისთან დაიბარა და დააპატიმრა. ამით პართიელებმა ისარგებლეს და სომხეთის ტახტზე კვლავ თავისი წარმომადგენელი აიყვანეს. 
რომაელები იძულებულები გახდნენ, ისევ ფარსმანისათვის მიემართათ, ახლა იმპერატორმა კლვადიუსმა მითრიდატე ციხიდან გაათავისუფლა ჯარი მისცა და სომხეთში გაგზავნა. ფარსმან I თავის ძმას ტახტის დაბრუნებაში დაეხმარა, მაგრამ რომში დიდხანს ყოფნამ მითრიდატე რომაელთა ერთგული მოკავშირე გახადა. ის თავისი ძმის, ფარსმან I-ის სურვილებს აღარ ითვალისწინებდა. ამის გამო მათ შორის ურთიერთობა დაიძაბა.
 ფარსმანმა გადაწყვიტა ძმის წინააღმდეგ თავისი უფროსი ვაჟი, რადამისტი გამოეყენებინა. რადამისტი იმ დროს სახელგანთქმული მეომარი იყო. ქართლის მეფეს სურდა რადამისტის სომხეთში გამეფება. ამ გზით ფარსმანი ორ კურდღელს დაიჭერდა: 1) ის ქვეყნიდან მოიშორებდა დაუმორჩილებელ და სამეფო ტახტზე პრეტენზიის მქონე შვილს და 2) სომხეთის ტახტიდან ჩამოაგდებდა თავის არასასურველ ძმას, მითრიდატეს.
რადამისტმა, მამისა და სომეხი აზნაურების დახმარებით 52 წელს, შეძლო მითრიდატეს დამარცხება და მოკლა იგი, მაგრამ იმდენად მკაცრი მმართველი აღმოჩნდა, რომ სომხები აუჯანყდნენ და ქვეყნიდან გააძევეს. სომხეთში კი კვლავ პართიელი უფლისწული გამეფდა. სომხეთის დაკარგვის გამო ფარსმანს რომის იმპერატორის წინაშე თავის მართლება მოუხდა. მან ყველაფერი შვილს (რადამისტს) გადააბრალა და მოაკვლევინა იგი.
   ასე, რომ ქართლის მზარდი პოლიტიკური ამბიციები რომმა და პართიამ მალევე დააცხრეს და 63 წლის ზავით სომხეთიც თავად გადაინაწილეს. კერძოდ სომხეთი ხდებოდა პართიის სამეფო სახლის უმცროსი შტოს წარმომადგენელთა სამფლობელო, მაგრამ ფორმალურად სომხეთის მეფე რომის ვასალად ითვლებოდა. ე.ი. სომხეთში პართიელი უფლისწული იმეფებდა, ოღონდ სამეფო ნიშნებს მას რომის იმპერატორი გამოუგზავნიდა, ანუ ფორმალურად რომის ვასალად ჩაითვლებოდა.
   მიუხედავად ამისა, რომი მაინც ცდილობდა ქართლთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ამას ადასტურებს მცხეთასთან აღმოჩენილი ბერძნულენოვანი წარწერა, რომლის თანახმადაც რომის იმპერატორი ვესპასიანე (69-79წწ) ქართლის მეფეს თავის მეგობარს უწოდებს.


რომი და ქართლის სამეფო
 ახ. წ.  II საუკუნეში

    განსხვავებული ვითარება შეიქმნა II საუკუნეში. სწორედ II საუკენეში ქართლის სამეფო უფრო გაძლიერდა. ამას ხელი შეუწყო იმანაც, რომ ამ პერიოდში რომის იმპერია (როგორც გვახსოვს) საკუთარი საზღვრების დაცვაზე ზრუნავდა და თავის მოკავშირე სამეფოებთან კარგ ურთიერთობას უფრთხილდებოდა.
   II საუკუნის 30-50-იან წლებში ქართლში მეფობდა ფარსმან II ქველი. მან თავისი სამფლობელოს საზღვრები სამხრეთ-დასავლეთისაკენ გააფართოვა და ქართლის სამეფოს შეუერთა ქართული ტომებით, ძიდრიტებით დასახლებული მიწები (თანამედროვე აჭარის ტერიტორია), რითაც რომის იმპერიას კოლხეთში შესასვლელი სახმელეთო გზა ჩაუკეტა. როგორც ჩანს ეს რომის იმპერატორ ადრიანეს ნებართვის გარეშე გააკეთა, რამაც მათ შორის ურთიერთობა დაძაბა.
  128 წელს იმპერატორმა ადრიანემ (117-138 წწ) მცირე აზიაში ყოფნისას თავისთან მიიწვია აღმოსავლეთის სხვადასხვა ქვეყნების მეფეები და მმართველები, მაგრამ განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინა ქართლის მეფე ფარსმან II-ის მიმართ (ალბათ ფარსმან ქველთან შერიგებას ცდილობდა) და მას ძვირფასი საჩუქრები, საომარი სპილო და 50 კაციანი რაზმი გამოუგზავნა. ქართლის მეფე მაინც არ გამოცხადდა მასთან და მხოლოდ სამაგიერო საჩუქრები _ ოქროქსოვილის მოსასხამები გამოუგზავნა. განაწყენებულმა იმპერატორმა ფარსმანის საჩუქრების აბუჩად აგდების მიზნით ბრძანა ამ მოსასხამებით გლადიატორები შეემოსათ და ისე გამოეშვათ ცირკის არენაზე. ამის საპასუხოდ, 134 წელს, ფარსმანმა გახსნა დარიალის კარი, გადმოიყვანა ალან-ოსთა მეომარი ტომები და რომის აღმოსავლეთ პროვინციებს შეუსია. ამით ქართლის მეფემ აგრძნობინა იმპერატორს თავისი ძლიერება. როგორც უკვე ავღნიშნეთ ასეთი დაპირისპირება რომსა და ქართლს შორის იმანაც განაპირობა, რომ ქართლის მეფემ, რომის იმპერატორის ნებართვის გარეშე დაიკავა შავ ზღვაზე გასასვლელი და დაიქვემდებარა ძიდრიტთა ტომი, რომელიც დასახლებული იყო აჭარის შავი ზღვის სანაპიროზე.

     რომსა და ქართლს შორის ასეთი დაძაბული ურთიერთობა შედარებით მოწესრიგდა ადრიანეს სიკვდილის შემდეგ. რომის საიმპერატორო ტახტზე ასულმა ახალმა იმპერატორმა, ანტონიუს პიუსმა (138-161 წწ) აღიარა ფარსმან ქველის მიერ შავი ზღვისპირა მიწების ქართლის სამეფოსთან მიერთების სამართლიანობა. მან ქართლის მეფე რომში სტუმრად მიიწვია. ფარსმან II ქველი ამალითა და ცოლ-შვილით დაახლოვებით 141-144 წლებში, ჩავიდა რომში. მოლაპარაკების შემდეგ გაიმართა დიდი ასპარეზობა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ქართლის მეფემ და მისი ამალის წევრებმა. იმპერატორმა ნება დართო ქართლის მეფეს კაპიტოლიუმში მსხვერპლი შეეწირა, რაც დიდი პატივი იყო უცხოელისათვის. ცხენზე ამხედრებული ფარსმანის ქანდაკება კი ომის ღმერთის, მარსის ტაძარში დაიდგა. უნდა აღინიშნოს, რომ არც მანამდე და არც შემდეგში არც ერთი არარომაელი მმართველისათვის არ დაუდგამთ რომაელებს ძეგლი რომში.
  ქართლში დაბრუნებული ფარსმან II დროგამოშვებით პართიას “აწუხებდა” და ჩრდილოკავკასიელების მეშვეობით არბევდა. პართიის მეფემ ჯარი გამოგზავნა ფარსმან ქველის წინააღმდეგ, მაგრამ ვერ შეძლო მისი დამარცხება. საქმე იქამდე მივიდა, რომ ის იძულებული გახდა რომის იმპერატორთან ეჩივლა, რათა რომს თავისი მოკავშირე ქართლის მეფე როგორმე გაეჩერებინა. როდესაც ამანაც არ გამოიღო შედეგი პართიელებმა მოიყიდეს ფარსმან ქველის მზარეული და ის მოწამლეს. 

- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -