Posted by : ლელა კაკაშვილი Monday 23 April 2018



1848 წლის საფრანგეთის რევოლუცია

    1848 წლისათვის საფრანგეთში დამძიმდა მოსახლეობის დიდი ნაწილის მდგომარეობა. 
1)1846 წელი მოუსავლიანობის წელი იყო, რასაც მოჰყვა სურსათზე ფასების ზრდა. 
2)მიმდინარეობდა საერთაშორისო ფინანსური კრიზისი, რომელმაც გავლენა მოახდინა უმუშევრობის ზრდაზე. 1847 წლისათვის შიშილობდა პარიზელი მუშების დაახლოვებით 1/3. 
3)“მეოთხე წოდების” _ წვრილი ბურჟუაზია და მუშები, ნაწილი მოითხოვდა უმუშევართა სახელმწიფო საწარმოებში, ე.წ. “ნაციონალურ საწარმოებში” დასაქმებას და კერძო საწარმოების სახელმწიფო საკუთრებაში გადაცემას, ე..ი. მათ ნაციონალიზაციას. ეს მოთხოვნები ეფუძნებოდა ფრანგი სოციალისტის ლუი ბლანის პროგრამას. ლუი ბლანის პროგრამა ითვალისწინებდა სახელმწიფოს მიერ მუშების დაცვას კაპიტალისტების თვითნებობისაგან.
   1848 წლის 22 თებერვალს საფრანგეთის მთავრობამ აკრძალა იმ დემონსტრაციის ჩატარება, რომელსაც უნდა მოეთხოვა საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმა. ერთი დღის შემდეგ პარიზელებმა ბარიკადები აღმართეს ქუჩაში. მეფე ლუი-ფილიპმა გამოსვლების აღსაკვეთად ნაციონალური გვარდია გაგზავნა, რომელიც აჯანყებულთა მხარეზე გადავიდა. . სამი დღის შემდეგ ლუი-ფილიპი ბრიტანეთში გაიქცა.
   1848 წლის 24 თებერვალს საფრანგეთი რესპუბლიკად გამოცხადდა, ამჯერად უკვე მეორედ, რომელსაც ეწოდება II რესპუბლიკა და რომელიც არსებობდა 1848-1852 წლებში. ახალ, დროებით მთავრობაში შრომის მინისტრად დაინიშნა ლუი ბლანი, დროებითმა მთავრობამ გამოაცხადა “შრომის საყოველთაო უფლება” და შექმნა ნაციონალური საწარმოები. უმუშევრები გარკვეული ანაზღაურების სანაცვლოდ დაასაქმეს მიწის სამუშაოებით. დროებითმა მთავრობამ ასევე განსაზღვრა დაუსაქმებელთა (იგივე უმუშევრების) დახმარება მინიმუმ ერთი ფრანკის ოდენობით დღეში. ამ უკანასკნელი გადაწყვეტილების გამო ათასობით უმუშევარი ქვეყნის სხვადასხვა რეგიონებიდან პარიზს მოაწყდა.
   სოციალური საკითხების მოგვარების გარდა, მეორე რესპუბლიკის კიდევ ერთმნიშვნელოვან მონაპოვრად ითვლება მამაკაცებისათვის საყოველთაო და თანასწორი ხმის უფლების მინიჭება. 1848 წლის აპრილში ამ ახალი საარჩევნო წესის საფუძველზე გაიმართა კონსტიტუციური ნაციონალური კრების არჩევნები. ამჯერად არჩევნებში მონაწილეობდა 9 მილიონი ამომრჩეველი, მანამდე არჩევნებში მონაწილეობდა 0,2 მილიონი ამომრჩეველი. მიუხედავად ამისა ხმების უმრავლესობა ისევ ბურჟუაზიამ მოიპოვა.
   ბურჟუაზიის მხრიდან გამძაფრდა სახელმწიფო საწარმოების კრიტიკა, რადგან ისინი თვლიდნენ, რომ სახელმწიფო საწარმოები არარენტაბელურები ე.ი. არამომგებიანები იყვნენ. როცა ნაციონალურმა კრებამ  დახურა ნაციონალური საწარმოები, 1848 წლის 23 ივნისს პარიზელი მუშები ისევ ქუჩაში გამოვიდნენ, ამჯერად უკვე შეიარაღებულები. იარაღი პარიზელმა მუშებმა ცოტა ხნით ადრე, როგორც ნაციონალურმა გვარდიელებს დაურიგდათ.
   ნაციონალურმა კრებამ პარიზელი მუშების ეს აჯანყება, რომელიც ევროპაში მუშათა პირველ რევოლუციადაა შეფასებული, სამხედრო ძალით ჩაახშო. ჯარს ხელმძღვანელობდა სამხედრო მინისტრი კავენიაკი. ბრძოლებში დაიღუპა 12 000 ადამიანი.
   კონსერვატორულმა (მემარჯვენე) მთავრობამ ივნისში ახალი კონსტიტუცია მიიღი, რომელშიც არაფერი იყო ნათქვამი მშრომელთა დასაქმებისა და მათი უფლებების შესახებ. ამავე კონსტიტუციით პარლამენტი უნდა არჩეულიყო საყოველთაო არჩევნებით, ხოლო აღმასრულებელ ხელისუფლებად _ პრეზიდენტი ოთხწლიანი ვადით. 1848 წლის დეკემბერში  ახალი კონსტიტუციის საფუძველზე ჩატარდა საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნები.
   რესპუბლიკელების საპრეზიდენტო კანდიდატად ლუი ეჟენ კავენიაკი დასახელდა. 1848 წლის 10 დეკემბერს ჩატარებული არჩევნების შედეგების მიხედვით კი, საყოველთაო საარჩევნო უფლების საფუძველზე, რომელიც მხოლოდ მამაკაცებს ჰქონდათ, ხმათა 75%-ით საფრანგეთის რესპუბლიკის პრეზიდენტად აირჩიეს ამ დროისათვის სამშობლოში დაბრუნებული ნაპოლეონ ბონაპარტის ძმისშვილი ლუი ნაპოლეონი. ლუი ნაპოლეონი ბურჟუაზიას შეჰპირდა წესრიგსა და დაცვას, წვრილ ბურჟუაზიასა და მუშებს კი სიღარიბისა და სოციალური უთანასწორობის დაძლევას 

   ლუი-ნაპოლეონმა კი ორწლიანი მმართველობის შემდეგ 1851 წელს ეროვნული ასამბლეა დაითხოვა, რადგან ამ უკანასკნელმა უარი განუცხადა კონსტიტუციის გადახედვასა და მეორე ვადით არჩევის უფლების მინიჭებაზე. ლუი-ნაპოლეონის ბრძანებით მისი მოწინააღმდეგეები გადააასახლეს, მათ შორის კავენიაკიც. ყოველივე ამ მოვლენებს საფრანგეთში მღელვარებები მოჰყვა, დაიწყო გამოსვლები, თუმცა უშედეგოდ.
   1852 წლის 2 დეკემბერს ლუი ნაპოლეონმა ახალი კონსტიტუცია მიიღო, რომლის მიხედვითაც სენატისა და სახელმწიფო საბჭოს ძალაუფლება პრეზიდენტის ხელში გადადიოდა. იმავე დღეს სენატმა იგი ნაპოლეონ III-ის სახელით საფრანგეთის იმპერატორად გამოაცხადა, საფრანგეთის მეორე რესპუბლიკა კი მეორე იმპერიად იქცა.

- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -