Posted by : ლელა კაკაშვილი
Monday 26 March 2018
დავით აღმაშენებლის რეფორმები
რუის-ურბნისის კრების მნიშვნელობა ძალზე დიდია. მან პირველ რიგში დიდგვაროვანთა ოპოზიციას ჩამოაშორა დიდი ძალისა და ზეგავლენის მქონე მოკავშირე ეკლესია და მნიშვნელოვანდ შეუწყო ხელი 1)საქართველოს სახელმწიფოებრივ განმტკიცებას, ასევე 2)ერის ზნეობრივ განწმენდას. ეს იყო აგრეთვე მეფის ხელისუფლების პოლიტიკური გამარჯვებაც, რომლის უზრუნველსაყოფად დავით IV-ემ საგანგებო ღონისძიებები გაატარა.
I _ დავით IV-ის საეკლესიო პოლიტიკის წარმატებით წარმართვას განსაკუთრებით შეუწყოხელი სამეფო ხელისუფლების მიერ გატარებულმა მნიშვნელოვანმა ღონისძიებამ ჭყონდიდელისა და მწიგნობართუხუცესის თანამდებობების გაერთიანებამ _ ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესობის შემოღებამ. მწიგნობართუხუცესი ანუ კანცლერი იყო მეფის უახლოესი მრჩეველი და მისი სამწიგნობროს ანუ კანცელარიის განმგებელი. იგი უბრალო ბერი იყო, მაგრამ უაღრესად განსაწვლული და სახელმწიფო საქმეებში კარგად ჩახედული პიროვნება უნდა ყოფილიყო. სხვა დიდგვაროვენი მოხელეებისაგან განსხვავებით, მას, როგორც ბერს არ გააჩნდა საკუთარი სამამულო და სამემკვიდრეო ინტერესები, ამიტომ იგი მეფისა და ქვეყნის უაღრესად ერთგული იყო. დავითმა ეს უბრალო ბერი ქვეყნის სათავეში მოაქცია და სხვა სავაზიროების თავმჯდომარეობა დააკისრა. ამავე დროს მას შეუთავსა ერთ-ერთი უმაღლესი საეკლესიო თანამდებობა _ ჭყონდიდის ეპისკოპოსობა ანუ ჭყონდიდელობა. ახლა მეფის სახელით უკვე ჭყონდიდელი ეპისკოპისი განაგებდა საეკლესიო საქმეებს და ესწრებოდა საეკლესიო კრებებს, რომლებშიც ის უკვე არა მარტო როგორც ეპისკოპოსი, არამედ როგორც მეფის ვეზირი მონაწილეობდა. მასვე ჰქონდა მეფისადმი არა მარტო რჩევის მოვალეობა, არამედ რჩევის უფლებაც. ამრიგად, იგი მეფის უმაღლესი მოხელეც იყო და დიდი სასულიერო თანამდებობის პირიც. ასეთი გზით მეფე აკონტროლებდა ეკლესიის საქმიანობას. პირველი მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი იყო მეფის აღმზრდელი და უახლოესი მრჩეველი გიორგი მონაზონი.
II _ დავით მეფემ მნიშვნელოვანი სასამართლო რეფორმა გაატარა. ადრე საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან მოსულ საჩივრებს მეფე და დარბაზი განიხილავდა. დავითმა შექმნა სააპელაციო სასამართლო _ სააჯო კარი. სააჯო კარს ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი ედგა სათავეში. მას სასამართლოს წარმოებაში კიდევ ორი მწიგნობარი ეხმარებოდა. სააჯო კარი ყოველ ორშაბათს იხილავდა მომჩივანთა საქმეებს და საბოლოო განაჩენი გამოჰქონდა.
III _ საქართველოში სამეფო პოლიცია _ მანდატურები ადრეც არსებობდნენ, მაგრამ დავითის დროს ეს სამსახური შინაგან საქმეთა სამინისტროს მსგავს ცალკე უწყებად ჩამოყალიბდა. მას მანდატურთუცუხესი ხელმძღვანელობდა. მანდატურებს სამეფო მამულებში მოსავლის აღების კონტროლიც ევალებოდათ. მანდატურთუხუცესი სამეფო კრზე მიღებასაც უძღვებოდა. ამისათვის მას საგანგებო ოქროს კვერთხი _ არგანი ჰქონდა.
IV _ ასევე ცალკე უწყებად გაფორმდა სამხედრო სამსახურიც, რომელსაც სათავეში ამირსპასალარი (სპარსულ-არაბული სიტყვაა და სპის, ლაშქრის მეთაურს ნიშნავს) ჩაუდგა. დავით მეფემ ახალი ტიპის ხუთიათასკაციანი სამხედრო შენაერთი ჩამოყალიბდა, რომელიც ყმაწვილობაში ნაყიდი და შემდომ გაქრსტიანებული ტყვე-მონებისაგან შედგებოდა. ეს მცველთა ჯარი უშუალოდ მეფეს ემორჩილებოდა. იგი საგანგებოდ იყო გამოწვრთვნილი. მას "მონასპა" ეწოდებოდა
V _ ქვეყნის თავდაცვის მიზნებს ემსახურებოდა აგრეთვე დავითის მიერ შექმნილი მსტოვართა სამსახური, რომელიც დღევანდელი უშიშროების სამსახურის ფუნქციას ასრულებდა. მსტოვრებს უნდა თვალყური ედევნებინათ სელჩუკ მომთაბარეთა საქართველოს საზღვრებთან გადაადგილებასაათვის და საქართველოში მათი შემოსვლის ამბავი სამეფო კარისათვის უმალვე მოეხსენებინათ. ქვეყნის შიგნით მსტოვრებს თვალყური უნდა ედევნებინათ ურჩი დიდებულისათვის, დროულად აღმოეჩინათ მოსალოდნელი შეთქმულებები, რადგან მეფის მიერ გატარებული ღონისძიებანი დიდგვაროვანი ოპოზიციის წინააღმდეგ ამრავლებდა მეფის პოლიტიკით უკმაყოფილოტა რიცხვს ე.ი. “მაბრალობლებს”. სწორედ მათ დაუპისპირა მეფემ მსტოვართა ე.ი. მეთვალყურეთა, მზვერავთა ძლიერი აპარატი.
VI _ სახელმწიფოს ფინანსებს სპეციალური უწყება განაგებდა, რომელსაც მეჭურჭლეთუხუცესი ხელმძღვანელობდა. დავითმა გაატარა სამონეტო რეფორმა. მის დროს იჭრებოდა ვერცხლისა და სპილენძის მონეტები.
VII _ მეფესთან სასახლეში _ დარბაზში სახელმწიფო საბჭო იკრიბებოდა, რომელსაც ასევე “დარბაზი” ეწოდებოდა. დარბაზობაში სამეფო კარის მოხელეები, ერისთავები და ერისთავთ-ერისთავები, უმაღლესი სამღვდელოებისა და დიდებულთა საგვარეულოს წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. დარბაზი მეფის სურვილით პერიოდულად იკრიბებოდა და სახელმწიფოს უმნიშვნელოვანესი საკითხების გადაწყვეტის დროს მას რჩევას აძლევდა. დარბაზი მეფესთან ერთად ქვეყნის უმაღლესი სასამართლოს ფუნქციასაც ასრულებდა.
VIII _ ქვეყნის გაძლიერებისათვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა სამხედრო სფეროს რეორგანიზაციას. დავითმა ქვეყნის მთელი ლაშქარი სამ ნაწილად _ “მონა-სპად”, მეციხოვნეებად და მოლაშქრეებად დაყო. “მონა-სპა” წარმოადგენდა მეფის პირად გვარდიას, რომელსაც პირველ რიგში მეფის დაცვა და სასწრაფო სამხედრო დავალებების შესრულება ევალებოდა. ის 5 000 კაცისაგან შედგებოდა. მეციხოვნეების მოვალეობა ციხეებისა და ქალაქების დაცვა იყო. ჯარის დანარჩენ ნაწილს მოლაშქრეები შეადგენდნენ. მიუხედავად ასეთი ღონისძიებებისა ქვეყნის სიძლიერისათვის საციცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო მუდმივი ჯარის შექმნა. დავით IV უკვე კარგა ხანია მრავალრიცხოვანი მუდმივი ჯარის შექმნაზე ფიქრობდა. ამ მიზნით, მან ადრევე ურთიერთობა დაამყარა კავკასიის ჩრდილეოთ ველებში მომთაბარე თურქული მოდგმის ყივჩაყებთან და მეორე ცოლად ყივჩაყებთა მთავრის ათრაქა შარაღანის ძის ასული გურანდუხტი მოიყვანა. ამ დროისათვის ყივჩაყები ძალზე შეავიწროვა კიევის რუსეთის დიდმა მთავარმა ვლადიმერ მონომახმა, რომელმაც რამდენჯერმე ილაშქრა ყივჩაყეთში და მათ მძიმე მარცხი მიაყენა. უკანაკსნელ ასეთ ლაშქრობას 1116 წელს ჰქონდა ადგილი, ამიტომ ყივჩაყები სიხარულით შეხვდნენ დავით მეფის წინადადებას საქართველოში გადმოსახლების შესახებ. მათ მხოლოდ ოსეთზე გამავალკი გზის უსაფრთხოება მოითხოვეს. 1118 წელს საქართველოს მეფე თავის აღმზრდელთან და უერთგულეს თანამებრძოლთან გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესთან ერთად ჩრდილოეთ კავკასიაში, ოსეთში გადავიდა, ოსები და ყივჩაყები ერთმანეთთან შეარიგა, ორთავეს მძევლები ჩამოართვა და ყივჩაყებს საქართველოსაკენ გაუხსნა გზა. ოსეთში ყოფნისას გიორგი ჭყონდიდელ-მწიგნობართუხუცესი გარდაიცვალა. დავით მეფემ თავისი გამზრდელი ორმოცი დღე მამასავით იგლოვა. ქართველებმა გიორგის ცხედარი საქართველოში გადმოასვენეს და იმჟამად მშენებარე გელათის სამონასტრო კომპლექსში დაკრძალეს.
ასეთნაირად დავით IV საქართველოში ორმოცი ათასი ყივჩაყი მეომარი მათი ცოლებით და ბავშვებით გადმოიყვანა, ყოველ ოჯახს ერთი შეიარაღებუი მხედარი უნდა მიეცა მეფისათვის. ამგვარად შეიქმნა 40 000-იანი კარგად გაწვრთნილი და შეიარაღებული, მთლიანად მეფეზე დამოკიდებული მუდმივი ცხენოსანი ლაშქარი, რაც მეფის ხელისუფლებისათვის დიდ ძალას წარმოადგენდა და რითაც საქართველოს სამხედრო ძლიერება მნიშვნელოვნად განამტკიცა. ყივჩაყები სელჩუკებისაგან აოხრებულ მიწებზე დაასახლეს, სპასალარები და გამგებლები მიუჩინეს. მალე მრავალმა ყივჩაყმა ქრისტეს სჯული აღიარა და მოინათლა. გახარებული ქართველი მემატიანეს ცნონით, “სიმრავლე ურიცხვი შეეძინებოდა ქრისტესა”.
IX.- საგანმანათლებლო რეფორმა: დავით IV დიდ ყურადღებას აქცევდა განათლების საკითხებს. 1106 წელს მისი უშუალო ჩარევით აიგო გელათის სამონასტრო კომპლექსი, სადაც უმაღლესი განათლების ცენტრი, აკადემია დაარსდა. აკადემიის ხელმძღვანელი, რომელსაც მოძღვართ-მოძღვარს უწოდებდნენ, ქვეყანაში უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა. გელათის აკადემიის პირველი ხელმძღვანელლი ცნობილი ფილოსოფოსი იოანე პეტრიწი იყო. აქვე მოღვაწეობდა ცნობილი ქართველი სწავლული არსენ იყალთოელი, რომელიც შემდეგ აღმოსავლეთ საქართველოში, იყალთოს აკადემიაში გადავიდა. ამ აკადემიაში ახალგაზრდებს, ღვთისმეტყველებასთან ერთად, მეცნიერების სხვადასხვა დარგს _ გრამატიკას, ართმეტიკას, გეომეტრიას, ასტრონომიას, ფილოსოფიას და სხვას _ ასწავლიდნენ. გელათის აკადემიაში გახსნილი იყო ქსენონი ავადმყოფებისათვის, სადაც მედიცინა ისწავლებოდა. ქართველი ახალგაზრდები განათლებას საზღვარგარეთაც ღებულობდნენ. დავითმა 40 ახალგაზრდა გაგზავნა ბიზანტიაში სასწავლებლად.
X - საქართველოს ცალკეულ მხარეებს ერისთავები და ერისთავთ-ერისთავები განაგებდნენ. მათ ადგილზე გადასახადის აკრეფა, საერისთავოს ლაშქრის გამოყვანა და ადგილზე სასამართლო საქმე ევალებოდათ. ერისთავები და ერისთავთ-ერისთავები დიდი ხელისუფლებით სარგებლობდნენ. ერისთავთ-ერისთავებს რამდენიმე ერისთავი ემორჩილებოდა. ჩვეულებრივ, ერისთავები და ერისთავთ-ერისთავები ერთიდაიგივე საგვარეულოდან ინიშნებოდნენ. ერისთავს, ისევე როგორც ერისთავთ-ერისთავს, თანამდებობაზე დანიშვნის დროს საყდარში კათალიკოსი ან მთავარეპისკოპოსი საგანგებოდ აკურთხებდა და უსურვებდა, რომ “გლახაკთა და ნაკლულევანთა (ფიზიკური ნაკლის მქონეთ) მიმართ მოწყალება გამოეჩინა, სასამართლო განაჩენი უქრთამოდ და სამართლიანად გამოეტანა და ერისთავობის პერიოდში მისი ქვეშერმდომები მშვიდობაში და მორჩილებაში ყოფილიყვნენ”. ვინც კი შემჩნეული იქნებოდა ბოროტ სიტყვასა თუ მოქმედებაში. ე.ი. ღალატში, მათ მეფე სასტიკად უსწორდებოდა _”განპატიჟებითაც ” კი ანუ თვალდაწვითა და დასაჭურისებით. წესრიგისა და წესიერების დაცვა ყველასათვის კანონად იქცა.
მას შემდეგ, რაც დიდებული აზნაურები თანდათანობით კარგავდნენ “შეუვალობას”, ლაშქრის გამოყვანის მოვალეობა გადავიდა მოსაკარგავე-ერისთავთა მოვალეობაში. მოსაკარგავე ერისთავი მკვეთრად განსხვავდებოდა მემამულე-ერისთავისაგან. მოსაკარგავე _ ამა თუ იმ ტერიტორიის გამგებელი-მოხელე იყო, მემამულე კი მემკვიდრეობითი მფლობელი. დავითი ავიწროვებდა ან საერთოდ აქრობდა მემამულე-ერისთავებს და მათ მაგივრად მოსაკარგავეებს ამრავლებდა. ასეთი მოსაკარგავე-ერისთავი ყოფილა დავითის მიერ კახეთში განწესებული არიშიანი, რომელიც მეფის უერთგულესი მოხელე იყო და სწორედ მისი მონაწილეობით მოხდა კახეთის შემოერთება ერთიან საქართველოსთან.
ამრიგად დავით აღმაშენებლის რეფორმებმა გადამწყვეტი როლი ითამაშა ქვეყნის გაძლიერებისა და ბრძოლისუნარიანობის ამაღლების საქმეში.