Posted by : ლელა კაკაშვილი
Wednesday 2 May 2018
საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა.
საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება
1917 წელს რუსეთში მომხდარი თებერვლის რევოლუციის შემდეგ სამხრეთ კავკასიაში ძალაუფლება გადაეცა, დროებითი მთავრობის სამხარეო ორგანოს, ამიერკავკასიის განსაკუთრებულ კომიტეტს, ე.წ. “ოზაკომს” (Особый Закавказский Комитет),რომელიც დაკომპლექტდა კავკასიის ერების და ყველაზე გავლენიანი პოლიტიკური პარტიების წევრებისაგან. მისი ქართველი წევრები იყვნენ სოციალისტ-ფედერალისტი კიტა აბაშიძე და სოციალ-დემოკრატი აკაკი ჩხენკელი. ოზაკომის პარალელურად არსებობდა მუშათა და ჯარისკაცთა დეპუტატების საბჭო ნოე ჟორდანიას (1868-1953 წწ) მეთაურობით. ჟორდანია, ქართულ პოლიტიკურ სარბიელზე მოქმედი ყველაზე ძლიერი ძალის, სოციალ-დემოკრატების, აღიარებული ლიდერი იყო.
1917 წლის თებერვლის რევოლუციის შემდეგ მოხდა უმნიშვნელოვანესი ფაქტი: საქართველოში, 12 მარტს, სვეტიცხოვლის ტაძარში გამოცხადდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის შესახებ. ამავე წლის სექტემბერში საქართველოს კათალიკოს-პატრიარქად არჩეულ იქნა კირიონ II (გიორგი საძაგლიშვილი).
1917 წლის აპრილში ჩამოყალიბდა “საქართველოს ეროვნული ინტერპარტიული საბჭო”, რომლის თავმჯდომარე იყო აკაკი ჩხენკელი. “საქართველოს ინტერპარტიულ საბჭოში” წარმოდგენილი იყო ყველა ძირითადი პოლიტიკური მიმდინარეობა. ინტერპარტიულმა საბჭომ გადაწყვიტა ეროვნული ყრილობის მოწვევა, რომელსაც ექნებოდა მეტი ლეგიტიმური უფლება, ელაპარაკა ქართველი ხალხის სახელით.
1917 წლის 19 ნოემბერს გაიხსნა ეროვნული ყრილობა. ყრილობაზე მოწვეული იყვნენ საქართველოსი მოქმედი პოლიტიკური პარტიების, ეთნიკური უმცირესობების, სხვადასხვა კონფესიების, პროფესიული გაერთიანებების წარმომადგენლები. ეროვნულმა ყრილობა აირჩია საქართველოს ეროვნული საბჭო ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით. ეროვნულმა ყრილობამ ასევე მიიღო დადგენილება, რომელშიც აღინიშნა, რომ რუსეთში დემოკრატიული წყობილების დამყარების შემთხვევაში საქართველო ავტონომიის სახით რჩებოდა მის შემადგენლობაში.
როგორც უკვე ავღნიშნეთ 1918 წლის 6 იანვარს ბოლშევიკებმა ახლად არჩეული რუსეთის დამფუძნებელი კრება (იგივე პარლამენტი) დაშალეს. რუსეთში დამყარდა ბოლშევიკური დიქტატურა.
1918 წლის 10 თებერვალს რუსეთის დამფუძნებელი კრებიდან გამოძევებული ამიერკავკასიელი დეპუტატებისაგან შეიქმნა ამიერკავკასიის სეიმი (იგივე პარლამენტი), რომლის თავმჯდომარედაც აირჩიეს კარლო ჩხეიძე. 1918 წლის 6 იანვარს რუსეთის დამფუძნებელი კრების დეპუტატები უკვე არჩეულები იყვნენ, ამიტომაც მათ ლეგიტიმური უფლება ჰქონდა ამიერკავკასიის სემის დეპუტატები ყოფილიყვნენ.
1918 წლის 3 მარტს ბოლშევიკებმა გერმანიასთან და მის მოკავშირეებთან, რუსეთში ომის დაძაბულობის მოხსნის და საკუთარი ხელისუფლების გადარჩენის მიზნით, ქალაქ ბრესტ-ლიტოვსკში დადეს სეპარატიული ზავი, ანუ ისეთი ზავი, რომელიც იდება ომის დროს კოალიციაში მყოფი სახელმწიფოს მიერ მოწინააღმდეგესთან თავისი მოკავშირეების თანხმობის გარეშე. ბრესტის ზავით საბჭოთა რუსეთი I მსოფლიო ომიდან გავიდა. საზავო მოლაპარაკებებში არ მონაწილეობდა ამიერკავკასიის დელეგაცია. თურქეთმა მიიღო ბათუმის, ყარსისა და არტაანის ოლქები. ასე, რომ ამ ზავის პირობებით სამხრეთ კავკასია თურქეთს დარჩა. თურქეთი მაშინვე შეუდგა ბრესტის ზავის პირობების რეალიზებას და მოითხოვა ბათუმის, ყარსისა და არტაანის ოლქების დაცლა. ამიერკავკასიის სეიმმა თურქეთის მოთხოვნა უარყო და სცადა დიპლომატიური გზით მოეგვარებინა ეს კონფლიქტი.
1918 წლის 14 მარტს, ქ. ტრაპიზონში დაიწყო საზავო მოლაპარაკება. ამიერკავკასიის დელეგაციეს მეთაურობდა აკაკი ჩხენკელი. თურქეთი კატეგორიულად მოითხოვდა ბრესტ-ლიტოვსკის ზავის პირობების შესრულებას. მათი ჯარები ამიერკავკასიის საზღვრებში შემოიჭრნენ. ასეთ მძიმე სიტუაციაში, 1918 წლის 9 აპრილს, დაფუძნდა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესეპუბლიკა. მაგრამ გერმანული ორიენტაციის საქართველოს, ინგლისური ორიენტაციის სომხეთსა და თურქული ორიენტაციის აზერბაიჯანს სხვადასხვა ინტერესები ჰქონდათ.
1918 წლის 11 მაისს ბათუმში განახლდა ამიერკავკასია-თურქეთის საზავო მოლაპარაკებები. თურქეთი პოზიციას არ ცვლიდა. აკაკი ჩხენკელმა საქართველოს ეროვნულ საბჭოს გაუგზავნა გერმანელთა შემოთავაზება, რომელიც გერმანიის, როგორც პირველ მსოფლიო ომში თურქეთის მოკავშირის დახმარებით, საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებას გულისხმობდა. ამ შემთხვევაში გერმანიის წარმომადგენელი ფონ ლოსოვი კისრულობდა თურქეთთან მოლაპარაკებებში შუამავლობას. ფონ ლოსოვი აკაკი ჩხენკელს აცნობებდა თავის მზადყოფნას, შეესრულებინა მოლაპარაკებაში შუამავლის როლი, იმ შემთხვევაში თუ საქართველო დამოუკიდებლობას გამოაცხადებდა. ასე, რომ შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი გამოსავალი საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადება იყო. საქართველო უნდა გამხდარიყო ამიერკავკასიაში მზარდი გერმანული ინტერესების დასაყრდენი. აკაკი ჩხენკელი ამის შესახებ საქართველოს ეროვნული საბჭოსადმი ბათუმიდან გაგზავნილ საიდუმლო წერილში წერდა: “ურისკოდ არაფერი არ კეთდება. სახელმწიფო ვის დაუარსებია ურისკოდ! საჭიროა გამბედაობა და კიდევ გამბედაობა!”.
1918 წლის 26 მაისს გაიმართა ამიერკავკასიის სეიმის უკანასკნელი სხდომა. 3 საათზე სეიმმა ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა დაშლილად გამოაცხადა, ხოლო თვითონ უფლებამოსილება მოიხსნა. იმავე დღეს, საქართველოს ეროვნულმა საბჭომ 1918 წლის 26 მაისს, 16 საათსა და 50 წუთზე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, გოლოვინის (დღევანდელი რუსთაველის) გამზირზე, იმავე დარბაზში, სადაც თავისი უკანასკნელი სხდომა გამართა ამიერკავკასიის სეიმმა, გაიხსნა საქართველოს ეროვნული საბჭოს სხდომა. ეროვნულ საბჭოს ნოე ჟორდანიამ გააცნო “საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი”, რომლის თანახმადაც გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა. დამოუკიდებელი საქართველოს მთავრობის პირველ თავმჯდომარედ დაინიშნა ნოე რამიშვილი, რომელიც 1918 წლის ივნისში შეცვალა ნოე ჟორდანიამ. 1918 წლის 8 ოქტომბერს ეროვნულ საბჭოს ეწოდა საქართველოს პარლამენტი, რომელიც დაითხოვეს დამფუძნებელი კრების არჩევნებთან დაკავშირებით.