Posted by : ლელა კაკაშვილი Saturday 28 April 2018


III რესპუბლიკა საფრანგეთში
    როგორც გვახსოვს საფრანგეთის II რესპუბლიკის პრეზიდენტად არჩევის შემდეგ ლუი-ნაპოლეონმა დაივიწყა ფრანგებისათვის მიცემული დაპირებები და სულ მალე ერთპიროვნულ, ავტორიტეტულ მმართველად ჩამოყალიბდა. II რესპუბლიკის ე.წ. “საკანონმდებლო ორგანომ” თითქმის მთლიანად დაკარგა სახელისუფლებო ფუნქცია. 1852 წელს, ისევ სახალხო რეფერენდუმის შედეგად ლუი-ნაპოლეონი საფრანგეთის იმპერატორი გახდა. ამიერიდან ის ნაპოლეონ III-ედ იწოდებოდა.
    1852 წლის 2 დეკემბერს საფრანგეთში გაუქმდა II რესპუბლიკა და გამოცხადდა II იმპერიის შექმნა. ნაპოლეონ III-ემ სრულიად გაუმართლებებლი სამხედრო კამპანია წამოიწყო მექსიკაში, რომელიც სრული კრაახით დასრულდა. როგორც უკვე ვიცით საფრანგეთმა სრული მარცხით დაასრულა ომი პრუსიასთანაც. როდესაც ომში საფრანგეთის არმიის დამარცხებისა და ნაპოლეონ II-ის დანებების ამბავმა პარიზს მიაღწია, რესპუბლიკელთა ნაწილმა 1870 წლის 4 სექტემბერს საზეიმოდ გამოაცხადა ახალი რესპუბლიკის დაარსება. ასე დაიწყო III რესპუბლიკის ხანა საფრანგეთში.

    საფრანგეთში ჩამოყალიბდა დროებითი მთავრობა ადოლფ ტიერის ხელმძღვანელობით. ახალმა მთავრობამ თავისი რამდენიმე წევრი გაგზავნა ქ. ტურში იქიდან პრუსიის წინააღმდეგ ბრძოლის ორგანიზებისათვის, მაგრამ ამ ვითარებაშიც კი ვერ შეთანხმდნენ “ზომიერი” და “რადიკალი” რესპუბლიკელები. რადიკალების ლიდერმა, ორატორმა ლეონ გამბეტამ დიდი მუშაობა გასწია ტურში ქვეყნის დასაცავად მოსახლეობის დასარაზმავად. ეროვნული გვარდიის წევრები და გამოუცდელი ჭაბუკები ეწერებოდნენ ახალ ფრანგულ ჯარში. ფრანგების დასახმარებლად ჩამოვიდა იტალიის ეროვნული გმირი ჯუზეპე გარიბალდიც. გერმანელები ისევ გადმოვიდნენ შეტევაზე და მალე პარიზიც აიღეს. საფრანგეთის დროებითმა მთავრობამ 1871 წელს, თებერვალში კაპიტულაცია ე.ი. დამარცხება გამოაცხადა.

   საფრანგეთმა თანდათან მაინც შეძლო ფეხზე წამოდგომა. 1875 წელს მიიღეს III რესპუბლიკის კონსტიტუცია. ამ კონსტიტუციით საკანონმდებლო ხელისუფლება ეკუთვნოდა პარლამენტს (იგივე ეროვნულ კრებას), რომელიც შედგებოდა დეპუტატთა პალატისა და სენატისაგან. დეპუტატთა პალატა აირჩეოდა პირდაპირი გზით საყოველთაო, თანასწორი და ფარული არჩევნების საფუძველზე. ხმის მიცემის უფლება არ ეძლეოდა ქალებს, სამხედრო მოსამსახურეებს, კოლონიების მოსახლეობას და 21 წლამდე მამაკაცებს. პრეზიდენტი, რომელსაც ირჩევდა ეროვნული კრება 7 წლის ვადით, ითვლებოდა აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაურად. ის ასევე იყო რესპუბლიკის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი. დაიწყო ლიბერალური პოლიტიკური ეკონომიკური და სოციალური რეფორმების გატარება. მათ შორის განსაკუთრებით აღსანიშნავია 1881 წლის კანონი პრესის თავისუფლების შესახებ და 1882 წლის განათლების რეფორმა, რომელიც გულისხმობდა  დაწყებით სკოლებში სახელმწიფო დაფინანსების შემოღებას. საფრანგეთში სკოლა უფასო, სავალდებულო და საერო გახდა. 
1881 წელს, საფრანგეთის მთავრობის მხარდაჭერით დაიწყო პანამის არხის გაჭრის პროექტი. პანამის არხის გაჭრაც ისეთივე წარმატებული უნდა ყოფილიყო, როგორიც სუეცის არხისა, მაგრამ ადგილობრივი პირობების გაუთვალისწინებლობამ, მალარიამ და კორუფციულმა გარიგებებმა პროექტის გაჩერება გამოიწვია. ამან კი უარყოფითად იმოქმედა ქვეყნის ეკონომიკაზე.
   როგორც ავღნიშნეთ 1881 წელს დაკანონდა პრესისა და შეკრებების თავისუფლება,  ხოლო 1884 წელს დაუშვეს განქორწინება და მოქალაქეებს მიენიჭათ პროფესიული კავშირების შექმნის უფლება; 1905 წელს ეკლესია გამოეყო სახელმწიფოს.
   III რესპუბლიკამ, II მსოფლიო ომის დროს საფრანგეთის ოკუპაციის გამოკლებით. ფორმალურად 1946 წლამდე იარსება. II მსოფლიო ომის შემდეგ, 1946 წელს მიღებულმა ახალმა კონსტიტუციამ საფუძველი ჩაუყარა საფრანგეთის IV რესპუბლიკას.
    ცალკეული პოლიტიკური კრიზისების მიუხედავად, XIX საუკუნის მიწურულისათვის საფრანგეთის რესპუბლიკა უზარმაზარ კოლონიურ იმპერიას წარმოადგენდა და სიდიდით მხოლოდ ბრიტანეთის იმპერიას ჩამოუვარდებოდა.

- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -