Posted by : ლელა კაკაშვილი Saturday 28 April 2018



ერთა ლიგის შექმნა

    I მსოფლიო ომის შემდეგ საყოველთაო მშვიდობისა და საერთაშორისო წესების უზენაესობის დასამყარებლად 1919 წელს პარიზის საზავო კონფერენციაზე 44-მა სახელმწიფომ დააფუძნა მსოფლიოში პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია _ ერთა ლიგა, რომლის დაარსების იდეაც ეკუთვნოდა აშშ-ს პრეზიდენტს ვუდრო ვილსონს, თუმცა საბოლოოს ჯამში აშშ ერთა ლიგის წევრი არ გამხდარა, რადგან შტატებში საზოგადოების დიდი ნაწილი თვლიდა, რომ რაიმე ტიპის ევროპულ ორგანიზაციაში გაწევრიანება ნიშნავდა აშშ-ს ჩარევას ევროპულ პრობლემებსა და კონფლიქტებში. ერთა ლიგის წევრი არ გამხდარა საბჭოთა რუსეთიც.
   ერთა ლიგის მუშაობას ხელმძღვანელობდა გენერალური მდივანი. ამ ორგანიზაციის შტაბ-ბინა მდებარეობდა ქ. ჟენევაში.
ერთა ლიგის მმართველი ორგანოები იყო:
1. საბჭო, რომელიც შედგებოდა ოთხი მუდმივი და ოთხი არჩევითი წევრისაგან. ერთა ლიგის საბჭოს მუდმივი წევრები იყვნენ: დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, იტალია, იაპონია. ერთა ლიგის საბჭოს ფუნქცია იყო, კონფლიქტის დროს შეესრულებინა მედიატორის როლი, ეკონომიკური სანქციების საშუალებით გაენეიტრალებინა აგრესორი ქვეყანა;
2. ასამბლეა, რომელიც წარმოადგენდა მსოფლიო პარლამენტის შექმნის პირველ მცდელობას. ასამბლეაზე განიხილებოდა სხვადასხვა სახის გლობალური პრობლემები. თითოეულ ქვეყანას ჰქონდა ერთი ხმა. ნებისმიერ სახელმწიფოს ჰქონდა უფლება, ვეტო დაედო ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე.
3. საერთაშორისო სასამართლო, რომელიც მდებარეობდა ქ. ჰააგაში. იგი შედგებოდა სხვადასხვა ქვეყნიდან არჩეული 15 მოსამართლისაგან და განიხილავდა ქვეყანათა შორის დავებს;
გარდა ამისა ერთა ლიგას გააჩნდა სხვა სტრუქტურებიც: სამანდატო კომისია, რომელიც გერმანიისათვის ჩამორთმეულ კოლონიებში აკონტროლებდა სამანდატო მმართველობას; უმცირესობათა კომისია; განიარაღების კომისია, მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაცია; ლტოლვილთა ორგანიცაია და სხვა.
   1941 წელს გაიმართა ერთა ლიგის გენერალური ასამბლეის უკანასკნელი სხდომა. 1946 წლის აპრილში კი ერთა ლიგამ თვითლიკვიდაცია გამოაცხადა და ასპარეზი დაუთმო თავის მემკვიდრეს გაერთიანებული ერების ორგანიზაციას.

- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -