Posted by : ლელა კაკაშვილი Saturday 28 April 2018


იტალიის გაერთიანება

    შუა საუკუნეებსა და ადრეულ ახალ დროში იტალია დაქუცმაცებული იყო მრავალ სამეფო-სამთავროდ და ქალაქ-რესპუბლიკად. მისი ტერიტორიის ნაწილი უშუალოდ რომის პაპს ემორჩილებოდა (ე.წ. პაპის ოლქი). იტალიაში ბატონობდნენ უცხო სახელმწიფოები. ესენი იყვნენ: “საღვთო რომის იმპერია” გერმანელი იმპერატორების მეთაურობით, ესპანეთი, საფრანგეთი და ავსტრია.
     ნაპოლეონ I-ის ეპოქაში მთელი იტალია საფრანგეთის იმპერატორს ემორჩილებოდა. ვენის კონგრესის შემდეგ სარდინიის სამეფომ კუნძულ სარდინიის გარდა შეიერთა ჩრდილო-დასავლეთი იტალია _ პიემონტი, რომლის ცენტრი იყო ტურინში და გენუის რესპუბლიკის ყოფილი ტერიტორია; მის შემადგენლობაში ასევე შედიოდა სავოია და ნიცა. 1848 წელს სარდინიის სამეფო გამოცხადდა კონსტიტუციურ მონარქიად და, როგორც პოლიტიკურად ყველაზე წინწასული სახელმწიფო, იქცა იტალიის გაერთიანების ცენტრად.
     იტალიის პატრიოტთა შორის გამოირჩეულები არიან ჯუზეპე მაძინი და ჯუზეპე გარიბალდი. 1831 წ მარსელში ყოფნისას გარიბალდიმ ჩამოაყალიბა ორგანიზაცია “ახალგაზრდა იტალია” და მიზნად დაისახა იტალიის გაერთიანება. მაძინიც და გარიბალდიც ცდილობდნენ ქვეყნის გაერთიანებას, რასაც “რისორჯიმენტო” (იტალიურად-“გამოცოცხლება/აღორძინება) ეწოდა. მაძინი ერთიანი იტალიის მომხრე იყო. 1849 წელს მან ხანმოკლე დროით შეძლო “რომის რესპუბლიკის” შექმნა.
ჯუზეპე გარიბალდი

   თავიდან რესპუბლიკურ იდეას ემხრობოდა გარიბალდიც, მაგრამ მოგვიანებით, არსებული რეალობიდან გამომდინარე, იგი მიემხრო იტალიის გერთიანებას სარდინიის სამეფოს მიერ. გარიბალდის დიდმა პოპულარობამ უზრუნველყო იტალიელების მხარდაჭერა სარდინიის მეფისათვის, რომელიც საბოლოოდ ერთიანი იტალიის მეფე გახდა.
   საგარეო პოლიტიკის სფეროში ძალიან აქტიურობდა სარდინიის სამეფოს პრემიერ-მინისტრი _ გრაფი კავური. იტალიის გაერთიანებისათვის კამილო კავურმა დაიწყო ეფექტური რეფორმების გატარება პიემონტის სამეფოში. მის დროს გაიზარდა რკინიგზის მშენებლობა, მოხდა მრეწველობის განვითარება და ჯარის მოდერნიზაცია. იმავე დროს კავურმა ყირიმის ომში მონაწილეობის მიღებით გაიმყარა პოზიციები საგარეო პოლიტიკაშიც. მას ესმოდა, რომ თუკი სურდა იტალიის გაერთიანება, აუცილებელი იყო, სულ ცოტა, ერთი ძლიერი ევროპული სახელმწიფოს მხარდაჭერა მაინც. 
კამილო კავური

   იმდროისათვის ევროპაში თავის პოზიციებს იმყარებდა ნაპოლეონ III, რომელიც ცდილობდა ევროპის მთავარი არბიტრი ყოფილიყო. 1858 წელს შედგა საიდუმლო შეხვედრა კავურსა და ნაპოლეონს შორის. იმპერატორი ნაპოლეონ III დაჰპირდა კავურს სამხედრო დახმარებას ავსტრიის იმპერიის წინააღმდეგ იმ პირობით, თუ სანაცვლოდ მიიღებდა ალპებში მიმდებარე სავოიის პროვინციას და ხმელთაშუა ზღვის სანაპიროზე იტალიური ქალაქ ნიცას.
   მოხერხებული დიპლომატიით კავურმა შეძლო ავსტრიის პროვოცირება, რათა სწორედ მას გამოეცხადებინა ომი სარდინიისათვის და “აგრესორად” გამოსულიყო. ომი საფრანგეთსა და ავსტრიას შორის მიმდინარეობდა 1859 წ  საფრანგეთი დაუყოვნებლივ ჩაერთო კონფლიქტში და ორი მძიმე დამარცხება მიაყენა ავსტრიის არმიას. მაგრამ ამის შემდეგ ნაპოლეონ III-ემ სარდინიის დაუკითხავად დადო ზავი ავსტრიასთან ქ. ციურიხში 1859 წ, და თავისი იტალიელი მოკავშირე მიატოვა. ზავის თანახმად ავსტრიამ ფრანგებს დაუთმო ლომბარდია (დედაქალაქი მილანი), ხოლო ვენეცია თავის შემადგენლობაში შეინარჩუნა. ნაპოლეონ III-ემ  ლომბარდია სარდინიის მეფეს “გაუცვალა” სავოიასა და ნიცაში, რამაც იტალიელი პატრიოტების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია. კავური, რომელიც ამ გაცვლას არ ეთანხმებოდა, გადადგა. 
    1859-1860 წწ-ში ჩრდილოეთ იტალიის ყველა სახელმწიფო (ვენეციის გარდა) შეუერთდა სარდინიის სამეფოს. ჯუზეპე გარიბალდიმ აიღო კუნძული სიცილია და სამხრეთ  იტალია. 1860 წელს გარიბალდი შეხვდა სარდინიის სამეფოს მეფეს ვიტორიო-ემანუელე II-ს, მიმართა მას, როგორც “იტალიის მეფეს” და მასთან ერთად შევიდა ქ. ნეაპოლში.
გარიბალდის და ვიტორიო-ემანუელის შეხვედრა 26 ოქტომბერს

    იტალიის სამეფოს შექმნა ოფიციალურად გამოცხადდა 1861 წელს ქალაქ ტურინში. იტალიის დედაქალაქი გახდა ქ. რომი, თუმცა კიდევ 10 წელი ეს ქალაქი და მისი მიმდებარე ლაციოს პროვინცია რომის პაპის სახელმწიფო იყო და მას იმპერატორი ნაპოლეონ III მფარველობდა. მხოლოდ საფრანგეთ-პრუსიის 1870-1871 წწ, ომის შემდეგ, რომელშიც საფრანგეთი მძიმედ დამარცხდა, 1870 წელს გახდა შესაძლებელი რომის შეერთება იტალიასთან და მომდევნო 1871 წელს იქ დედაქალაქის გადატანა.
   ერთიანი იტალიური სახელმწიფოს ჩამოყალიბებას პრობლემებიც მოჰყვა. ჩრდილოეთ და სამხრეთ იტალია ერთმანეთისაგან განსხვავდებოდა, როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად და სოციალურად. ქვეყნის ინდუსტრიულ ცენტრს ჩრდილოეთი წარმოადგენდა, ხოლო სამხრეთში წამყვან ეკონომიკურ დარგს სოფლის მეურნეობა წარმოადგენდა. ეს სხვაობა დღემდე შენარჩუნებულია.
    1929 წელს იტალიის სამეფოსა და რომის პაპს შორის დაიდო ლატერანის შეთანხმება (კონკორდატი) და ოფიციალურად შეიქმნა ვატიკანის სახელმწიფო, რომის რომის ცენტრში მდებარეობს და სულ 44 ჰექტარი ტერიტორია უჭირავს ვატიკანის სახელმწიფოს მეთაურია რომის პაპი. 


- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -