Posted by : ლელა კაკაშვილი
Monday 16 April 2018
დასავლეთ და სამხრეთ საქართველო XVII საუკუნეში
დასავლეთ საქართველოს დაკავების ცალკეულ, უშედეგო მცდელობებს თუ არ ჩავთვლით, მთელი XVII საუკუნე აქ ოსმალეთი დომინირებდა. ოსმალეთმა გურიისა და სამეგრელოს დამორჩილების მიზნით მოაწყო შავი ზღვის სანაპიროების ბლოკადა, შეწყდა მარილისა და რკინის შემოტანა. ქართული სამთავროები, იმერეთის სამეფოს მსგავსად იძულებულნი გახდნენ გამხდარიყვნენ ოსმალეთის მოხარკეები და ვასალები. მიუხედავად ამისა დასავლეთ საქართველოს სამეფო-სამთავროები დამოუკიდებლობას ინარჩუნებდნენ საშინაო პოლიტიკაში, მაგრამ ამასთან ერთად ისინი ერთმანეთთან დაუსრულებელ ბრძოლას აწარმოებდნენ.
ოსმალთა ბატონობას დასავლეთ საქართველოში თან ერთვოდა ჩრდილოკავკასიელ მთიელთა თავდასხმებიც. სწორედ მთიელთა მოძალებამ და ოსმალთა შემოტევებმა აიძულა იმერეთის მეფე ბაგრატი ბიჭვინთიდან გელათში გადაეტანა დასავლეთ საქართველოს საეკლესიო ცენტრი.
რაც შეეხება სამცხე-საათაბაგოს - XVI საუკუნის დასაწყისიდან სამცხის ათაბაგებს საქართველოს მეფეებისაგან უკვე სრული დამოუკიდებლობა ჰქონდათ მოპოვებული. სამცხის ათაბაგები ყოველთვის ყოყმანობდნენ ქართლის და იმერეთის მეფეებთა მოკავშირეობას, რადგან ეშინოდათ, რომ მტრის წინააღმდეგ მოწვეული ქართლის და იმერეთის მეფეები ათაბაგის ძალაუფლებას ბოლოს მოუღებდნენ. ამიტომაც არჩევდნენ მორჩილება გამოეცხადებინათ და ძღვენი მიერთმიათ დამპყრობლებისათვის.
ათაბაგების მიერ გატარებული ასეთი პოლიტიკა დამღუპველი აღმოჩნდა სამცხისათვის. 1555 წლის ამასიის ზავის შემდეგ სამცხეში თანდათანობით იმძლავრეს ოსმალებმა. ხოლო 1578 წლისათვის უკვე მთლიანად აკონტროლებდნენ ამ რეგიონს. 1590 წლის ირან-ოსმალეთის ზავით მთელი სამცხე-საათაბაგო ოსმალეთს ერგო. ოსმალებმა აღწერეს მთელი სამცხე-საათაბაგო და უწოდეს “გურჯისტანის ვილაიეთი”. 1595 წელს შეიქმნა “გურჯისტანის ვილაიეთის დიდი დავთარი”. ამ დავთრის მიხედვით სამცხე-საათაბაგო იყოფოდა 8 სანჯაყად, რომლებშიც შედიოდა 1160 სოფელი.
თურქებმა სამცხეში დანერგეს მიწათმფლობელობის თავისი წესები. მიწა შეიძლებოდა ჰქონოდა მხოლოდ იმას, ვინც მაჰმადიანი იყო და სულთნის სამსახურში იმყოფებოდა. ოსმალური მიწისმფლობელობა ითვალისწინებდა სამხედრო ვალდებულებასაც. მოსახლეობის ნაწილი იძულებული გახდა გამაჰმადიანებულიყო, გარკვეულმა ნაწილმა კი მაინც მოახერხა შეენარჩუნებინა მართლმადიდებლობა. ამ დროიდან იწყება კათოლიკობის გავრცელება სამცხე-საათაბაგოში, რადგანაც ოსმალები კათოლიკეებს უკფრო ნაკლებად ავიწროვებდნენ, ვიდრე მართლმადიდებლებს. ამიტომ ქართველების ერთმა ნაწილმა მაჰმადიანობის მიღებას კათოლიკობის მიღება ამჯობინა. სამხრეთ საქართველოს დაკარგვამ ძალიან გაართულა ბრძოლა ოსმალთა წინააღმდეგ.
რაც შეეხება XVII საუკუნეს – ეს ის დროა, როცა სამცხე-საათაბაგო უკვე ოსმალეთის ნაწილად იქცა. ოსმალებმა აქ შექმნეს ჩილდირის იგივე ახალციხის საფაშო. სწორედ ზოჰაბის ზავის თანახმა, მთელი სამცხე-საათაბაგო ოსმალებს დარჩათ. დაიკარგა საქართველოს ტერიტორიის 1/3.