Posted by : ლელა კაკაშვილი Monday 16 April 2018



პეტრე I-ის გამეფება და
 "დიდი ელჩობა"

   XVII საუკუნის დასაწყისში რუსეთი ეკონომიკურად და პოლიტიკურად ძალზე დასუსტებული იყო და ჩამორჩებოდა ევროპის სახელმწიფოებს. რუსეთის დასუსტება გამოიწვია პოლონეთისა და შვედეთის შემოსევებმა. ქვეყანაში ეკონომიკა განადგურებული, სახელმწიფო აპარატი მოშლილი, ხოლო ჯარი კი დემორალიზებული იყო.
   1682 წელს გარდაიცვალა რუსეთის მეფე თევდორე, რომელსაც ვაჟი არ ჰყავდა, ამიტომ სამეფო ტახტზე მისი უმცროსი ძმები 16 წლის ივანე და 10 წლის პეტრე აიყვანეს. ივანე გონებასუსტი იყო და ქვეყნის მართვა არ შეეძლო, პეტრე კი ჯერ პატარა იყო. ამიტომ ქვეყნის მართვის სადავეები მათმა უფროსმა დამ, სოფიომ ჩაიგდო ხელში. სოფიოს სურდა, რომ ქვეყნის ერთპიროვნული მმართველი გამხდარიყო და ამიტომ პეტრეს მოკვლა გადაწყვიტა, თუმცა პეტრეს დროულად შეატყობინეს საფრთხის შესახებ. 1689 წელს მან თავისი ერთგული ხალხის დახმარებით სოფიო დააპატიმრა და ბელოოზეროვოს მონასტერში გამოკეტა, თვითონ კი სახელმწიფოს მმართვას შეუდგა.
   გამეფების პირველ წლებში პეტრემ დაიწყო აქტიური საგარეო პოლიტიკის გატარება. პეტრე I-ის საგარეო პოლიტიკა ითვალისწინებდა რუსეთის ტერიტორიულ ექსპანსიას ჩრდილოეთით და სამხრეთით.  მან სახელდახელოდ შექმნა საზღვაო ფლოტი 1696 წელს გაილაშქრა სამხრეთით აზოვის ზღვაზე. ორთვიანი ალყის შემდეგ მან მოახერხა აზოვის ციხის აღება და ამით მოიპოვა აზოვის ზღვაზე გსასვლელი. თუმცა პეტრეს მთავარ მიზანს წარმოადგენდა შავ ზღვაზე გასასვლელის მოპოვება. ამისათვის იგი თურქებს უნდა შებრძოლებიდა, რისთვისაც მოკავშირეები სჭირდებოდა ამ მიზნით 1697-1698 წლებში პეტრემ ევროპაში მოაწყო "დიდი ელჩობა". საინტერესოა, რომ პეტრემდე რუსეთში მეფის ქვეყნის გარეთ გასვლა აკრძალული იყო. ამიტომ პეტრემ ამ ელჩობაში საიდუმლოდ მიიღო მონაწილეობა, როგორც ამ მოგზაურობის ერთერთმა წევრმა.
   პეტრე I-მა ვერ მოახერხა ევროპული სახელმწიფოები ჩაება ანტიოსმალურ კოალიციაში, რადგან ისინი ამ დროისათვის იბრძოდნენ ესპანეთის სამეფო ტახტის მემკვიდრეობისათვის. მიუხედავად ამისა ამ მოგზაურობას მაინც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
   "დიდი ელჩობის" დროს, ჩვეულებრივ მოქალაქედ ჩაცმული პეტრე I ენერგიულად სწავლობდა ევროპის იმდროინდელ კულტურულ და ტექნიკურ მიღწევებს, ცხოვრების წესს. იგი ხუროდაც მუშაობდა. რუსეთში დაბრუნებულმა პეტრემ ქვეყნის ევროპულ ყაიდაზე გარდაქმნა დაიწყო.

რეფორმები
  დიდი ელჩობიდან დაბრუნებულმა პეტრე I-მა რუსეთში დაიწყო რეფორმების გატარება.
1 _ პეტრე I-მა ცენტრალური ხელისუფლების განმტკიცების მიზნით ადგილობრივი დიდებულების იგივე ბოიარების, ძალაუფლების შესუსტება დაიწყო. პეტრე I-მა გააუქმა ბოიარების მემკვიდრეობით არსებული პრივილეგიები და დააძალა წვერის შეჭრაც, რათა გარეგნულად დამსგავსებოდნენ ევროპელ არისტოკრატებს;
2 _ პეტრემ სრულიად შეცვალა სახელმწიფო აპარატი და ის ევროპულ ყაიდაზე მოაწყო.  გააუქმა მანამდე არსებული “პრიკაზები” დადააწესა სახელმწიფოს უმაღლესი ორგანო _ სენატი და კოლეგიები, რომლებსაც დააკისრა სამინისტროების ფუნქციები;
3 _ პეტრე I-მა გააუქმა რუსეთის საპატრიარქო და ეკლესიის მართვა დაუქვემდებარა სასულიერო კოლეგიას _ სინოდს;
4 _ პეტრე I-მა რუსეთი დაყო ახალ ადმინისტრაციულ ერთეულებად _ 8 გუბერნიად და მათ სათავეში თავისი ნდობით აღჭურვილი პირები _ გუბერნატორები ჩაუყენა;
5 _ განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო პეტრე დიდის მიერ შემუშვებული "რანგთა ტაბელი" ანუ ცხრილი, რომელიც წარმოადგენდა რუსეთში სამოქალაქო და სამხედრო თანამდებობებისა და წოდებების ანუ ჩინების გაცემის სისტემას და სახელმწიფო სამსახურში დაწინაურების პირობებს. "რანგთა ტაბელის" თანახმად დაწინაურება ხდებოდა განათლების,  ნიჭისა და დამსახურების მიხედვით და არა წარმომავლობით;
6 _ პეტრე I-მა ჩაატარებინა ქვეყანაში შრომის უნარის მქონე მამაკაცების აღწერა, რათა გაეკონტროლებინა სახელმწიფო ხაზინაში შესული გადასახადები. შეცვალა საგადასახადო სისტემაც. დააწესა სულადობრივი გადასახადი, რომელმაც ჩაანაცვლა მანამდე არსებული ყველა სხვა გადასახადი;
7 _ პეტრე I განსაკუთრებით ზრუნავდა რუსეთის მოსახლეობის ცხოვრების წესის ევროპულ ყაიდაზე გარდასაქმნელად, ამიტომ ის ავალდებულებდა თავის ქვეშევრდომებს, რომ ევროპული ტანსაცმელი ჩაეცვათ და იქაური მანერები გადაეღოთ;
8 _ პეტრე I ზრუნავდა რუსეთის ეკონომიკის განვითარებისათვის და არაერთი რეფორმაც გაატარა: მისი მმართველობის პერიოდში რუსეთში დაახლოვებით 200 საწარმო აშენდა. დაიწყო ოქროს, ვერცხლის და სხვა ლითონების მოპოვება. პეტრე I ხელმძღვანელობთა თანამედროვე ეკონომიკური იდეებით, კერძოდ, ის ცდილობდა, ქვეყნიდან გატანილი პროდუქტის რაოდენობა შემოტანილზე მეტი ყოფილიყო. ვაჭრობისა და წარმოების წასახალისებლად ხელს უწყობდა ქალაქების განვითარებას. მან გამოსცა კანონები, რომლის მიხედვითაც ქალაქის მოსახლეობას მრავალი პრივილეგია ენიჭებოდ;
9 _ პეტრე I ყურადღებას აქცევდა საზოგადოების განათლებისა და კულტურის დონის ამაღლებას. დიდებულთა შვილებისათვის განათლების მიღება სავალდებულო გახდა. პეტრეს ინიციატივით რუსეთში გაიხსნა ათობით სასწავლებელი, განსაკუთრებით გამოსარჩევია მათემატიკისა და ნავიგაციის, არტილერიის, საინჟინრო, სამედიცინო და სამთო სკოლები; გიმნაზია და საზღვაო აკადემია. წერა-კითხვის გავრცელებისთვის მან ძველი საეკლესიო სლავური დამწერლობა, ახალი, უფრო გასაგები სამოქალაქო დამწერლობით ჩაანაცვლა. პეტრე ევროპაში გზავნიდა ახალგაზრდებს სასწავლებლად, ამის შედეგად კი, XVIII საუკუნის ბოლოს ევროპიდან რუსეთში მრავალი გნათლებული ახალგაზრდა დაბრუნდა, რომლებმაც, პეტრეს სიკვდილის შემდეგ გააგრძელეს რუსეთის ევროპულ ყაიდაზე გარდაქმნა;
10 _ პეტრეს ინიციატივით დაარსდა პირველი რუსული გაზეთი, პირველი რუსული მუზეუმი, თეატრი და საჯარო ბიბლიოთეკა; განვითარდა თეატრალური კულტურა, ხელოვნება და არქიტექტურა;
11 _ პეტრე I-ის ეპოქისათვის სიმბოლოდ იქცა ქალაქ სანტ-პეტერბურგის დაარსება. 1703 წელს ჩრდილოეთის ომის დროს რუსეთის ჯარებმა დაიკავა ბალტიის ზღვასთან მდინარე ნევის შესართავის მიმდებარე ტერიტორიები, რომლებიც მანამდე შვედებს ეკუთვნოდათ. პეტრემ მდინარე ნევაზე არსებული კუნძულებიდან ერთი ამოარჩია და ციხე-ქალაქის მშენებლობა დაიწყო, რომელსაც სახელი წმინდა პეტრეს პატივსაცემად დაარქვეს _ სანტ-პეტერბურგი ანუ წმნიდა პეტრეს ქალაქი. ამ ქალაქის დასაპროექტებლად და ასაშენებლად პეტრემ მოიწვია მრავალი ევროპელი არქიტექტორი, მშენებელი და ხელოსანი. შედეგად აშენდა იმ დროის ევროპის შესაფერისი სასახლებიით, ხიდებით, არხებით, დაგეგმილი ქუჩებით და ბაღებით დამშვენებული ქალაქი. 1712 წელს პეტრემ რუსეთის დედაქალაქი პეტერბურგში გადაიტანა. მალე ეს ქალაქი რუსეთის ეკონომიკის, კულტურისა და პოლიტიკის ცენტრი გახდა.
   პეტრეს მიერ გატარებული მრავალი რეფორმისა და წარმატებული სამხედრო კამპანიების მიუხედავად, მას ბევრი მოწინაარმდეგებიც ჰყავდა. 1698 წელს მას აუჯანყდნენ სტრელცები (მეთოფეები), ხოლო 1708-1709 წლებში იგი სასტიკად გაუსწორდა გლეხთა აჯანყებას. მან დააპატიმრებინა საკუთარი ერთადერთი ვაჟი ალექსი, რომელიც შეთქმულებაში იყო ეჭვმიტანილი. ალექსი პატიმრობაში გარდაიცვალა.
1725 წელს პეტრე დიდი ხანგრძლივი ავადმყოფობის შემდეგ 52 წლის ასაკში გარდაიცვალა.

საგარეო პოლიტიკა
   პეტრე I-ის საგარეო პოლიტიკა ითვალისწინებდა რუსეთის ტერიტორიულ ექსპანსიას ჩრდილოეთით და სამხრეთით. ჩრდილოეთში, ბალტიის ზღვაზე, ევროპისაკენ, "ფნჯრის გასაჭრელად" მან ხანგრძლივი ომი წამოიწყო შვედებთან, რომელიც ისტორიაში ცნობილია "ჩრდილოეთის ომის" სახელით და მიმდინარეობდა 1700 (1703)-1721 წლებში.
ომი დაიწყო ნარვის ციხე-სიმაგრესთან რუსების მარცხით. შვედების მეფე კარლ XII-ემ გადაწყვიტა, რომ მან ამ ბრძოლით საბოლოოდ დაამარცხა რუსები და დაიწყო სამხედრო მოქამედებები პოლონეთის წინააღმდეგ. 
   მოსკოვში დაბრუნებულმა პეტრე I-მა კი არმიის გარდაქმნა დაიწყო. შემოიღო კანონი, რომლის თანახმადაც  ყოველი 20 კომლიდან ერთი კაცი სამხედრო სამსახურში უნდა წასულიყო და რამდენიმე წელიწადი უნდა ემსახურათ. ამის შედეგად რუსეთში შეიქმნა რეგულარული არმია, რომელიც პეტრემ ევროპულ ყაიდაზე გარდაქმნა; შემოიღო წოდებათა ახალი სისტემა. ჯარის გასაწვრთნელად მან ევროპიდან ჩამოიყვანა სპეციალისტები, რომელიც სახმელეთო და საზღვაო ჯარების ჩამოყალიბებაში ეხმარებოდნენ. ჯარის ძირითად ნაწილს გლეხები შეადგენდნენ, ხოლო ოფიცრები თავადაზნაურობის წარმომადგენლები იყვნენ.
   1701 წელს პეტრემ განაახლა ბრძოლები შვედების წინააღმდეგ და სერიოზულ წარმატებასაც მიაღწია, დაიკავა რამდენიმე მნიშვნელოვანი ციხესიმაგრე, მათ შორის ნარვა, და ბალტიის ზღვაზე გასასვლელი მოიპოვა. საპასუხო შეტევაზე გადმოვიდა შვედეთის მეფეც, მაგრამ ეს შეტევა მისთვის უშედეგო გამოდგა. 1709 წელს რუსულმა ჯარებმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვეს შვედეთის არმიაზე უკრაინაში, პოლტავის ბრძოლაში. დამარცხებულმა კარლ XII-ემ კი ოსმალეთს შეაფარა თავი.
პეტრე I-ის გამარჯვებებმა შეაშფოთა ოსმალეთი, რომელიც ფიქრობდა, რომ პეტრე სამხრეთითაც გნაგრძობდა ლაშქრობებს და ამიტომ რუსეთს ომი გამოუცხადა. პეტრე იძულებული გახდა ოსმალთა წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაბმულიყო, სადაც მისმა ჯარმა წარმატებებს ვერ მიარღია და 1713 წელს პეტრე იძულებული გახდა ზავი დაედო, რომლის თანახმადაც რუსეთმა ოსმალეთს დაუთმო აზოვის ციხე-სიმაგრე და აზოვის ზღვაზე გასასვლელი.
   ზავის დადების შემდეგ პეტრემ შევედების წინააღმდეგ გააგრძელა მოქმედებები, რადგან ისინი უპირატესობას ფლობდნენ ზღვაზე. პეტრე I-მა ამ მხრივაც გამოიჩინა თავი და 1714 წელს, ახლადშექმნილმა რუსულმა ფლოტმა დაამარცხა შვედები განგუტის ბრძოლაში.
   ჩრდილოეთის ომი დასრულდა 1721 წელს, ნიშტატის ზავით, რუსეთის გამარჯვებით. ამ ხელშეკრულებით რუსეთმა შემოიერთა მნიშვნელოვანი ტერიტორიები, მოიპოვა გასასვლელი ბალტიის ზღვაზე და ასე გაჭრა "ფანჯარა ევროპაში". ჩრდილოეთის ომში მიღწეული წარმატებების აღსანიშნავად 1721 წლის 22 ოქტომბერს (2 ნოემბერს) პეტრე I-მა რუსეთი იმპერიად გამოაცხადა, ხოლო თვით პეტრემ სენატორთა "თხოვნით" მიიღო "სამშობლოს მამის, სრულიად რუსეთის იმპერატორის, პეტრე დიდის" ტიტული.
   შვედებთან ომის დასრულების შემდეგ პეტრე I-მა გადაწყვიტა კასპიის ზღვის სანაპიროების დაკავება. 1722-1723 წლებში რუსეთმა დაიპყრო კასპიის ზღვის სანაპიროები, ამან კი სპარსეთის უკმაყოფილება გამოიწვია. პეტრე I სპარსეთის წინააღმდეგ ლაშქრობისათვის მომზადება დაიწყო და ამისათვის ქართლის მეფე ვახტანგ VI-სთან შეთანხმებაც გააფორმა, მაგრამ უღალატა ქართველ მეფეს და მტრის პირისპირ მარტო დატოვა, 1724 წელს რუსეთმა ხელშეკრულება დადო ოსმალეთთან, რომლის მიხედვითაც ამ ორმა ქვეყანამ, რუსეთმა და ოსმალეთმ გავლენის ზონებად დაყო სეფიანთა დაშლილი სახელმწიფოს დაქვემდებარებული ტერიტორიები, მათ შორის აღმოსავლეთ საქართველოც. თუმცა პეტრეს გარდაცვალების შემდეგ რუსეთმა დროებით უარი თქვა კავკასიაში ექსპანსიაზე, შესაბამისად კავკასიაში ოსმალეთმა და უკვე გაძლიერებულმა ირანმა აღიდგინეს პოზიციები.

- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -