Posted by : ლელა კაკაშვილი
Monday 16 April 2018
როსტომ ხანი. ბახტრიონის ეპოპეა
1632 წლიდან ირანსა და ქართლს შორის ურთიერთობის ახალი ფორმა დამყარდა. ამ დროიდან დაწყებული საუკუნეზე მეტი ხნის განმავლობაში ქართლს მართავდნენ გამაჰმადიანებული ბაგრატიონები, რომლებსაც ნიშნავდა შაჰი. ისინი ატარებდნენ "ვალის" იგივე შაჰის წარმომადგენლის ტიტულს. ქართლის პირველი ვალი იყო დაუდ-ხანის ვაჟი როსტომი (1632-1658 წლები), იგივე ხოსრო მირზა. ამ დროიდან მოყოლებული 1745 წლამდე ქართლში მხოლოდ გამაჰმადიანებული ბაგრატიონები ისხდნენ. როსტომ-ხანი სპარსეთში გაიზარდა და იქ მოღვაწეობის პერიოდში დიდი გავლენით საეგებლობდა ქვეყანაში. იგი იყო ისპაანის ტარუღა ანუ მოურავი. როსტომი უკვე 67 წლის იყო, როცა ქართლში ჩამოვიდა. ქართულ საბუთებში როსტომ-ხანი მეფედ მოიხსენიება.
როსტომის მეფობის დროს დაიწყო ქვეყნის ეკონომიკური განვითარება. დაბრუნდა გახიზნული მოსახლეობა, აღდგა ქალაქები, გამოცოცხლდა ვაჭრობა-ხელოსნობა. ქართლმა დაისვენა ყიზილბაშთა გამანადგურებელი შემოსევებისაგან. როსტომი შაჰის მორჩილი იყო და ირანელთა ლაშქრობის არანაირი საჭიროება აღარ არსებობდა. როსტომმა ქართულ სამოხელეო თანამდებობებს სახელები შეუცვალა და მათ ირანული სახელები დაარქვა, თუმცა თანამდებობათა დანიშნულება უცვლელი დატოვა. მართალია ქრიატიანობა არ იდევნებოდა, მაგრამ გარკვეულწილად ვრცელდებოდა ირანული წეს-ჩვეულებები.
1648 წელს როსტომ ხანმა დაამარცხა თეიმურაზ I და კახეთი დაიკავა. გურჯისტანის ვალმა კარგად იცოდა, რომ სანამ თეიმურაზი თავისუფალი იყო და სანამ ყიზილბაშებს მისი აჯანყების შიში ექნებოდათ, ისინი როსტომს თავისუფალი მოქმედების საშუალებას მისცემდნენ. როგორც კი თეიმურაზისაგან საფრთხე აღარ ექნებოდათ, შაჰი მაშინვე უფრო მეტ მორჩილებას მოითხოვდა როსტომისაგან. სწორედ ამ მიზეზის გამო არ შეიპყრო როსტომმა თეიმურაზი.
1658 წელს როსტომი გარდაიცვალა. იგი ირანში, ყუმში დკრძალეს. როსტომს შვილი არ ჰყავდა და ტახტზე ავიდა მისი ნაშვილები, ბაგრატიონთა უმცროსი შტოს _ მუხრანბატონების შთამომავალი ვახტანგ V, იგივე შაჰ-ნავაზ I (1658-1675 წწ). ვახტანგ V ყოველნაირად ცდილობდა ევროპელების მოზიდვას თბილისში, ჰპირდებოდა მათ ბაჟისა და გადასახადებისაგან გათავისუფლებას, ძალას არ იშურებდა მათი დარწმუნებისათვის, რომ საქართველო ინდოეთისაკენ საუკეთესო გზას წარმოადგენდა.
გაცილებით რთული ვითარება იყო ამ პერიოდის კახეთში, რომელიც უშუალოდ ყიზილბაშების მიერ დანიშნული მოხელეების მიერ იმართებოდა. გრძელდებოდა დაცარიელებულ ქვეყანაში თურქმანების ჩამოსახლება. მომთაბარე თურქმანები ძირითადად მისდევდნენ მესაქონლეობას და სჭირდებოდათ ვრცელი საძოვრები. მევენახეობას გადაშენების საფრთხე ემუქრებოდა. ასეთივე საშიშროების წინაშე აღმოჩნდა მთიანეთის მოსახლეობაც, რომელიც ბარის პურითა და ღვინით, ასევე ბარის საზამთრო საძოვრებით ირჩენდა თავს.
ასეთი საფრთხის წინაშე აღმოჩენილმა კახელებმა 1659 (1660) წელს აჯანყება მოაწყვეს, რომელსაც სათავეში ჩაუდგნენ ზაალ არაგვის ერისთავი, ბიძინა ჩოლოყაშვილი, შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები. მთიელებმა და კახელებმა აიღეს ბახტრიონის ციხე, რომელიც წარმოოადგენდა მნიშვნელოვან სტრატეგიულ პუნქტს. კახელებმა შეძლეს თურქმანების მნიშვნელოვანი ნაწილის განდევნაც. კახეთი ფიზიკურ განადგურებას გადაურჩა. მიუხედავად საბოლოო მარცხისა, აჯანყებულებმა ხელი ააღებინეს ყიზილბაშებს კახეთის სრული "გათათრების" პოლიტიკაზე. აჯანყების მეთაურები კი: შალვა და ელიზბარ ქსნის ერისთავები და ბიძინა ჩოლოყაშვილი, ყიზილბაშებმა 1662 წელს სიკვდილით დასაჯეს, ხოლო შაჰის ბრძანებით ვახტანგ V-ემ ზაალ არაგვის ერისთავი მოაკვლევინა.
რაც შეეხება თეიმურაზ I-ს, იგი იმერეთში ბერად აღიკვეცა და განმარტოვდა სკანდის ციხეში. როდესაც ვახტაანგ V-ემ იმერეთში ილაშქრა, მას თეიმურაზი ტყვედ ჩაუვარდა, მთელი ცხოვრება ყიზილბაშების წინაარმდეგ მებრძოლი მეფე ირანში გაგზავნეს. ისლამის მიღებაზე უარის თქმის შემდეგ თეიმურაზ I ასტრაბადის ციხეში გამოკეტეს, სადაც იგი გარდაიცვალა 1663 წელს 74 წლის ასაკში. ქართველებმა მეფის ნეშტი ჩამოასვენეს და ალავერდში დაკრძალეს.