Posted by : ლელა კაკაშვილი Monday 16 April 2018



კახეთის სამეფო XVI საუკუნეში

       ერთიანი საქართველოს უკანასკნელმა მეფემ გიორგი VIII-ემ XV საუკუნის 60-იან წლებში განვითარებული მოვლენების შედეგად 1466 წლიდან მხოლოდ კახეთის შენარჩუნება და იქ გამეფება მოახერხა. გიორგი VIII კახეთში გიორგი I-ის სახელით მეფობდა. მან იქ გაატარა 1.ადმინისტრაციული რეფორმა _ გააუქმა საერისთავოები და კახეთი დაყო სამოურავოებად.  2.ლაშქრის ორგანიზაციის თვალსაზრისით კი ქვეყანა ოთხ სადროშოდ დაყო. ქართლისა და იმერეთისაგან განსხვავებით, კახეთში სადროშოების სათავეში იდგენენ ეპისკოპოსები. ეპისკოპოსები მეფეს უფრო ერთგულად ემსახურებოდნენ, ვიდრე თავადები.
    1476 წელს კახეთის მეფე გიორგი I გარდაიცვალა და ტახტი მისმა ძემ ალექსანდრე I-მა დაიკავა (1476-1511 წწ). სწორედ ალექსანდრემ ჩაუყარა საფუძველი იმ პოლიტიკას, რომელსაც მთელი საუკუნის მანძილზე მისდევდნენ მისი შთამომავლები. ალექსანდრე I ნებისმიერი საშუალებით ცდილობდა კახეთის მშვიდობიანი ცხოვრება შეენარჩუნებინა და მტრის შემოსევები თავიდან აეცილებინა. ამ მიზნით მეფე დათმობებზე მიდიოდა და კარს მომდგარი მტრის წინაშე ხარკს კისრულობდა, მოჩვენებით ერთგულებას ეფიცებოდა, ოღონდ კი საკუთარი სამეფო დაეცვა. ასეთი პოლიტიკის გამო კახეთის მეფეები მხოლოდ თავიანთი ვიწრო ინტერესებიდან გამომდინარე მოქმედებდნენ.
    ალექსანდრე კახთა მეფე პირველი იყო ქართველ პოლიტიკოსთა შორის, რომელმაც ურთიერთობა დაამყარა რუსეთთან. 1483 წელს მან ელჩობა გაუგზავნა მოსკოვის დიდ მთავარს ივანე III-ეს. კახეთის მეფე ვარაუდობდა, რომ მართლმადიდებლობა იქნებოდა იმის გარანტი, რის საფუძველზეც რუსეთი გულწრფელად დაეხმარებოდა საქართველოს. ასეთი ვარაუდი მოკლებული იყო რეალობას. რუსეთს მართლმადიდებლობა მხოლოდ მაშინ ახსენდებოდა, როდესაც კონკრეტული მიზნის მისაღწევად მართლმადიდებელი ხალხის გამოყენება სჭირდებოდა. 1491 წელს ალექსანდრე I-მა განმეორებით გაგზავნა ელჩები რუსეთში. რა თქმა უნდა რეალური დახმარება რუსეთისაგან არც ამჯერად მიუღია კახეთს.
    1511 წელს, მორიგი შელაპარეკების დროს ალექსანდრე I-ის ვაჟმა გიორგიმ მოკლა მამა, ხოლო ძმას თვალები დასთხარა და კახეთიდან გააძევა. მამის  მკვლელი გიორგი ავ-გიორგის სახელით შევიდა ისტორიაში მისმა მეფობამ სულ ორი წელი გასტანა (1511-1513 წწ). ქართლის მეფის, დავით X-ის ძმამ ბაგრატმა შეიპყრო ავ-გიორგი და ციხეში გამოკეტა, სადაც მალევე გარდაიცვალა. ქართლის მეფე დავით X-ემ ისარგებლა შექმნილი ვითარებით და კახეთი შემოიერთა, მაგრამ კახელებმა ავ-გიორგის ვაჟი, კახეთის ტახტის ერთადერთი მემკვიდრე ლევანი გარსევან ჩოლოყაშვილთან გადამალეს. მათ ისარგებლეს ქართლში ყიზილბაშების შემოსევით და კახეთის ტახტზე დასვეს ლევან I (1518-1574 წწ).
მას შემდეგ, რაც ყიზილბაშებმა შაქი დაიკავეს, კახეთს საშიშროება შეექმნა. კახეთის წინააღმდეგ ყიზილბაშთა ჯარი დაიძრა. ლევანი იძულებული გახდა ყიზილბაშებს დამორჩილებოდა და კახეთის სეფიანთა სახელმწიფოს ვასალი გახდა. 
     მას შემდეგ, რაც  ივანე IV-ემ მოახდინა ყაზანისა და ასტრახანის სახანოების ანექსირება და ვოლგისპირეთი რუსეთს შემოუერთა,  თანდათანობით გააიზარდა რუსეთის ინტერესი კავკასიის მიმართაც.  კახეთის მეფე იყო ლევანი იმედოვნებდა, გაძლიერებულ რუსეთთან კავშირის დამყარებით კახეთი ყიზილბაშებისაგან განთავისუფლდებოდა. ამიტომ ლევანმა რუსეთში ელჩობა მიავლინა, ბოლოს კი, 1561 წელს გაფორმდა ორმხრივი შეთანხმება, რომლის მიხედვითაც კახეთმა რუსეთის "მფრველობა" მიიღო. ამან ირანისა და ოსმალეთის დიდი უკმაყოფილება გამოიწვია და ლევანი იძულებული გახდა რუსეთის ჯარი კავკასიიდან გაეშვა. ამრიგად, რუსეთის ცდა ჩარეულიყო კავკასიის საქმეებში მარცხით დასრულდა. თურქეთმა და ირანმა პოზიციები არ დათმეს.
   ლევან I-ის გარდაცვალების შემდეგ კახეთის ტახტი დაიკავა მისმა მემკვიდრემ ალექსანდრე II-ემ (1574-1605 წწ). მისი მეფობის დროს, ე.ი. XVII საუკუნის დასაწყისში ძალზე დაიძაბა ვითარება კახეთის სამეფოში. 1601 წლის ზაფხულში  ალექსანდრე II ავად გახდა და მის ვაჟებს შორის _ დავითსა და გიორგის შორის დაიწყო ბრძოლა პირველობისათვის. კახეთის მეფე 1601 წელს გახდა დავით I, სწორედ მისი მეუღლეა ქეთევან წამებული. ამასობაში ალექსანდრე გამოჯანმრთელდა, მაგრამ დავითმა მამას ტახტი აღარ დაუთმო, ალექსანდრე II იძულებული გახდა ბერად აღკვეცილიყო. დავით I-მა ქართლის მეფის, გიორგი X-ის, სიმონ I-ის ძის - 1600-1605 წწ – დახმარებით მოახერხა ძმის დატყვევება და იგი თორღას ციხეში გამოკეტა. დავითი, როგორც ჩანს არ აპირებდა კახეთის სამეფოს საგარეო ორინტაციის (რუსეთთან ურთიერთობა) შეცვლას. 1602 წელს დავითი გარდაიცვალა და კახეთის სამეფოს ტახტი კვლავ ალექსანდრე II-ემ დაიკავა.
      ალექსანდრე II-ის  (1574-1605 წწ) დროს კახეთში 1585 წელს რუსეთის მეფის ელჩი ჩამოვიდა. კახეთიც და რუსეთიც დაინტერესებულნი იყვნენ ურთიერთკავშირით, რადგან თუ რუსეთი საშამხლოს დაიკავებდა, მაშინ იგი უშუალოდ გაუმეზობლდებოდა კახეთს, რითაც აილაგმებოდა დაღესტნელთა თავდასხმები. 1587 წელს კახეთის მეფე ალექსანდრე II-ემ ხელი მოაწერა რუსეთის მეფისადმი “ფიცის წიგნს”. ამ ხელშეკრულებით რუსეთს უნდა დაეცვა კახეთი მტრებისაგან. თავის მხრივ კახეთი უნდა დახმარებოდა რუსეთს ჩრდილოეთ კავკასიაში სამხედრო მოქმედებების დროს. სამწუხაროდ, ისევე, როგორც ერთი საუკუნის წინ რუსეთმა კახეთი არ დაიცვა.
   აქვე ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ კახეთში მშვიდობის შენარჩუნებას განაპირობებდა ქართლის ბრძოლა დამპყრობთა წინააღმდეგ. ირანი და ოსმალეთი იმის შიშით, რომ ქართლს კახეთიც არ შეერთებოდა და ერთობლივი ძალებით არ გამოსულიყვნენ, კახეთის მეფეებს შედარებით თავისუფალი მოქმედების საშუალებას აძლევდნენ, მოჩვენებითი ყმობით კმაყოფილდებოდნენ. 


- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -