Posted by : ლელა კაკაშვილი Monday 16 April 2018



სიმონ I (1556-1569 წწ / 1578-1600 წწ)

    ქართლის სამეფო ტახტი ლუარსაბ I-ის 16 წლის ვაჟმა სიმონ I-მა დაიკავა. სიმონმა ცოლად შეირთო ლევან კახთა მეფის ასული ნესტან-დარეჯანი. 1561 წელს სიმონმა გადაწყვიტა თბილისი გაეთავისუფლებინა და დახმარება თავის სიმამრს, ლევან კახთა მეფეს სთხოვა. ლევანმა პირადად ბრძოლაში მონაწილეობა არ მიიღო და თავისი შვილი გიორგი გაუგზავნა ჯარით. სიმონს ყიზილბაშებმა მოასწრეს და თბილისი სათანადოდ გაამაგრეს. ქართველებმა ძეგვის მახლობლად ციხედიდთან ბანაკი გამართეს და თბილისზე შეტევისათვის ემზადებოდნენ. ყიზილბაშებმა ქართველებზე მალულად თავდასხმა გადაწყვიტეს. საბედისწერო უყურადღებობა გამოიჩინა მუხათგვერდთან მდგომმა საყარაულო რაზმის მეთაურმა გერმანოზიშვილმა. ის 1561 წლის 6 აპრილის აღდგომა ღამეს მთელს თავის რაზმთან ერთად მუხათგვერდის ეკლესიაში წავიდა სააღდგომო წირვის მოსასმენად. ყიზილბაშები სწორედ ამ მხრიდან მოადგნენ ქართველთა ბანაკს და მოულოდნელად თავს დაესხნენ. სიმონი იძულებული გახდა უკან დაეხია.
    ამ მარცხის შემდეგ სიმონის ძმა დავითი შაჰს ეახლა, მაჰმადიანობა მიიღო და იწოდა დავუდ-ხანად. შაჰმა დავუდ-ხანი თბილისისა და ქვემო ქართლის გამგებლად დანიშნა. სიმონმა რამდენჯერმა დაამარცხა თავისი ძმა, მაგრამ თბილისის დაკავება ვერ შეძლო.
1569 წელს ყიზილბაშები ქართლს შემოესივნენ. მტერს მეგზურობას უწევდა მოღალატე აზნაური კახაბერ ყორღანაშვილი. ბრძოლა გაიმართა ფარცხისთან. ბრძოლის დროს მეფე ყორღანაშვილმა იცნო  და ყიზილბაშებს შეატყობინა. სიმონი შეიპყრეს და ირანში გაგზავნეს. სიმონმა უარი განაცხადა გამაჰმადიანებაზე და ალამუთის ციხეში გამოკეტეს. მოღალატე აზნაური კახაბერ ყორღანაშვილი, ქვემო ქართლის სპასპეტმა საჩინო ბარათაშვილმა კოჯრის გზაზე შეიპყრო და გელიყარის ციცაბო კლდიდან გადმოაგდო. 
    1569-1578 წწ ქართლის მეფედ ითვლებოდა დავუდ-ხანი ანუ დავით XI, თუმცა რეალურად მას მხოლოდ თბილისი და ქვემო ქართლი ემორჩილებოდა. 1578 წელს ოსმალებმა ამასიის ზავი დაარღვიეს. ამავე 1578 წელს ოსმალებმა ქართლის გზით (სამცხიდან) მათი სარდალი ლალა მუსტაფა ფაშა თბილისს მიადგა და ქალაქი აიღო. დავუდ-ხანი ჯერ ყირიმის ხანთან გაიქცა, შემდეგ კი ოსმალეთის სულთანს ეახლა და მორჩილება გამოუცხადა. დავუდ-ხანი ოსმალეთში დაარჩა. აქ მან შეადგინა ცნობილი სამედიცინო ხასიათის წიგნი "იადიგარ დაუდი". ოსმალებმა ქართლის ციხეებში თავიანთი გარნიზონები ჩააყენეს, თბილისში კი ფაშა დასვეს.
   ირანმა თითქმის მთელი სამხრეთ კავკასია დაკარგა. ირანის შაჰი ხუდაბენდე ოსმალეთის წინაარმდეგ ბრძოლის ორგანიზებას ვერ ახერხებდა. ასეთ პირობებში შაჰის კარზე გადაწყვიტეს სიმონი გაეთავისუფლებინათ. მათ იმედი ჰქონდათ, რომ სიმონი ოსმალეთის წინააღმდეგ იბრძოლებდა. სამშობლოში დაბრუნების შემდეგ სიმონი ოსმალეთის წინააღმდეგ ბრძოლას ჩაუდგა სათავეში. მან დაუყოვნებლივ უარყო ახლად თავს მოხვეული ისლამი.
   1582 წელს ქართლში ოსმალთა 20 000-იანი ჯარი შემოიჭრა, რომელსაც სამცხის გამაჰმადიანებული ათაბაგი მუსტაფა იგივე მანუჩარი მოუძღოდა. 1582 წელს  მუხრანთან ბრძოლაში სიმონმა სასტიკად დაამარცხა ოსმალები. ოსმალთა სარდლებმა მარცხი მანუჩარ ჯაყელს დააბრალეს და მისი შეპყრობა გადაწყვიტეს. მანუჩარმა და მისმა მხებლებმა შეძლეს ბრძოლით დაეტოვებინათ ოსმალთა ბანაკი. მანუჩარი ისევ გაქრისტიანდა და სამცხეში ოსმალთა წინააღმდეგ აჯანყდა.
   1590 წელს ირანსა და ოსმალთა შორის ახალი ზავი დაიდო. ირნის ახალი შაჰი აბას I (1587-1629 წწ) იძულებული გახდა მთელი საქართველო ოსმალეთისათვის დაეთმო. ამ ზავის დადების შემდეგ ოსმალეთის გაძლიერებამ ევროპის ქვეყნებიც შეაშფოთა. დაიწყო ანტიოსმალური კოოალიციის შექმა. რომის პაპმა წერილები გამოუგზავნა სიმონს და კოალიციაში მონაწილეობა შესთავაზა. სიმონი სიხარულით შეხვდა ამ ამბავს და ესპანეთის მეფე ფილიპე II-სთან წერილებიც გაგზავნა, მაგრამ რეალური შედეგების მიღწევა ვერც ამჯერად მოხერხდა.
   სიმონი ბრძოლას მაინც არ წყვეტდა. ქართველებმა ალყა შემოარტყეს გორის ციხეს. ალყა 9 თვეს გაგრძელდა. აღდგომის დიდმარხვის დღეებში  ოსმალებმა ყურადღება მოადუნეს. ამით ისარგებლა სიმონ მეფემ და 1599 წელს გორი აიღო. ჯერი თბილისზე მიდგა. შეშინებულმა ოსმალებმა 1600 წელს თბილისის დასახმარებლად ჯარი გამოგზავნეს. სიმონმა ვერ მოასწრო მთელი ჯარის შეკრება. მცირერიცხოვანი ძალებით სიმონმა ნახიდურთან მტერს გზა გადაუჭრა, რათა თბილისში არ შეეშვა. ფარცხისში, ვიწროებში, ვიღაცამ შემთხვევით, მეფის ცხენს ცხენი დააჯახა და სიმონი ცხენითურთ საფლობ ტალახში ჩავარდა და მეფე ტყვედ ჩაიგდეს. დატყვევებული გმირი მეფე ოსმალეთსი ჩაიყვანეს. 1611 წელს სიმონი ტყვეობაში, იედიყულეს ციხეში გარდაიცვალა. ქართველებმა დიდი საფასური გაიღეს და მეფის ნეშტი სამშობლოში გადმოასვენეს. სვიმონი სვეტიცხოველში, მისი გმირი მამის, ლუარსაბ I-ის გვერდით დაკრძალეს. 1600 წელს, ქართლის სამეფო ტახტი სიმონ I-ის ვაჟმა გიორგი X-ემ დაიკავა.


- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -