Posted by : ლელა კაკაშვილი Monday, 16 April 2018


კახეთის სამეფო და შაჰ აბას I 

   XVI საუკუნუს მიწურულისათვის საქართველოში ოსმალეთი დომინირებდა. ოსმალეთთან ომის შედეგად ირანმა დაკარგა არა მხოლოდ მოხარკე ქვეყნები, არამედ დაკარგა ხელსაყრელი ეკონომიკური პოზიციებიც კავკასიაში. XVI საუკუნის ბოლოს და  XVII საუკუნის დასაწყისში საქართველოს ყველა სამეფო-სამთავრო ოსმალების ხელში იყო. ამ პერიოდისათვის ქართლის მთავარ ციხეებში _ თბილისში, გორში, დმანისში, ლორეში _ ასევე ოსმალთა გარნიზონები იდგა.
   სწორედ ამგვარ ვითარებაში 1603 წელს ოსმალეთის წინააღმდეგ ომი განაახლა შაჰ-აბას I-მა. მან ალყა შემოარტყა ერევნის ციხეს. შაჰმა თავისთან დაიბარა ქართლის მეფე გიორგი X სიმონ I-ის ძე და კახეთის მეფე ალექსანდრე II ლევანის ძე. ქართლისა და კახეთის ჯარებმა აქტიური მონაწილეობა მიიღეს ერევნის ციხის ალყისას. შაჰმა ერთგულებისათვის და ომში მონაწილეობისათვის მეფეები "დაასაჩუქრა". 1604 წელს ქართლის მეფეს გიორგი X და კახეთის მეფეს ალექსანდრე II-ეს სოფლები აჩუქა ირანში და ჯამაგირიც დაუნიშნა. შაჰმა ამის სანაცვლოდ, გიორგის მდინარე დებედას ხეობა და ლორეს მხარე, ხოლო ალექსანდრეს _ კაკ-ენისელი ანუ დღევანდელი საინგილო მოსთხოვა. მეფეები იძულებულები იყვნენ შაჰისათვის დაეთმოთ. ამ ტერიტორიებზე შაჰ აბას I-მა თურქმანული ტომები ჩამოასახლება დაიწყო., ხოლო დებედას ხეობაში "ბორჩალუს" ტომი ჩამოასახლა.
   შაჰ აბასმა ოსმალეთთან ომი მოიგო და მიაღწია თავის მიზანს კავკასიაში:  ქართლ-კახეთში აღიდგინა თავისი გავლენა, სამცხე-საათაბაგო კი ოსმალეთის გავლენის სფეროდ დარჩა. აბას I-მა განაგრძო თავისი წინამორბედების პოლიტიკა, რომელიც მიმართული იყო სეფიანთა იმპერიაში აღმოსავლეთ საქართველოს სრული ინტეგრაციისათვის.
   1605 წელს შაჰმა ალექსანდრე II კახეთში გამოუშვა და თან მისივე ძე, გამაჰმადიანებული კონსტანტინე-მირზა გამოაყოლა, რომელიც 7 წლიდან ირანში, შაჰის კარზე იზრდებოდა. ალექსანდრეს ნაბრძანები ჰქონდა შარვანში ელაშქრა და და იქ მმართველად კონსტანტინე დაესვა. კონსტანტინე-მირზას კი საიდუმლო ბრძანება ჰქონდა შაჰისაგან მიცემული: ალექსანდრეს ორჭოფობის შემთხვევაში მოეკლა იგი და თავად გამეფებულიყო.
   1605 წლის 12 მარტს ძეგამში გაიმართა თათბირი, რომლის დროსაც კონსტანტინე მირზამ ყიზილბაშებს ღალატით მოაკვლევინა მამა და ძმა. ამის შემდეგ კონსტანტინემ თავი კახეთის მეფედ გამოაცხადა. ცხადია მამისა და ძმის მკვლელი კახელებმა მეფედ არ აღიარეს და მის წინააღმდეგ აჯანყდნენ. ალექსანდრე მეფის რძალმა, ქეთევან დედოფალმა დახმარება ქართლის მეფე გიორგი X-ეს სთხოვა. გიორგიმ ჯარი გამოუგზავნა კახელებს დასახმარებლად. კახელებმა დაამარცხეს მტერი, კონსტანტინე-მირზა კი ბრძოლის ველზე მოკლეს. კახელებმა მეფედ ალექსნდრე II-ის შვილიშვილი, დავითისა და ქეთევანის ვაჟი თეიმურაზი ითხოვეს. შაჰს ქართველებთან ბრძოლისათვის ჯერ არ ეცალა და დასთანხმდა თეიმურაზის მეფფედ კურთხევას.
   1606 წელს თეიმურაზ I ქრისტიანული წესით მეფედ აკურთხეს. ამავე წელს გარდაიცვალა ქართლის მეფე გიორგი X და ქართლის მეფე მისი ძე ლუარსაბ II გახდა. 1612 წელს შაჰ აბასმა, ვითომდა სანადიროდ, თავისთან დაიბარა თეიმურაზ I და ლუარსაბ II. მეფეები შაჰს არ ეახლნენ და შეთანხმდნენ, რომ ერთობლივად ემოქმედათ მტრის წინააღმდეგ. ამასობაში ირანსა და ოსმალეთს შორის 1612 წელს დაიდო ზავი. 

შაჰ აბას I-ის ლაშქრობები აღმოსავლეთ საქართველოში

   1612 წლის ზავის დადების შემდეგ ირანის შაჰს უკვე შეეძლო მთელი ყურადღება საქართველოსაკენ გადმოეტანა. 1613 წელს შაჰ-აბას I უზარმაზარი ლაშქრით საქართველოსაკენ დაიძრა. მან თეიმურაზს მძევლები მოსთხოვა. თეიმურაზ I იძულებული გახდა, ქეთევან დედოფალი და შვილები : ლევანი და ალექსანდრე შაჰთან გაეგზავნა. ამის შემდეგ შაჰმა თეიმურაზიც იხმო თავისთან. კახეთის მეფე მას არ ეახლა.
   1614 წელს შაჰ აბას I კახეთში შეიჭრა. თეიმურაზი მტერს შეებრძოლა, მაგრამ იძულებული გახდა უკან დაეხია და ქართლში გადასულიყო. გაირკვა, რომ წინააღმდეგობის გაწევა არც ქართლს შეეძლო. თეიმურაზ I-მა და ლუარსაბ II-ემ თავი იმერეთს შეაფარეს. შაჰმა ქართლის მეფეს მისი გამზრდელი შადიმან ბარათაშვილი მიუგზავნა. ლუარსაბ მეფე ენდო თავის გამზრდელს და შაჰთან გამოცხადდა. შაჰ აბასმა იგი ირანში თან წაიყვანა. 
   ირანის შაჰი 50 დღე იმყოფებოდა საქართველოში. ამ ხნის განმალობაში საშინლად აოხრდა ქართლი, განსაკუთრებით კახეთი. XVII საუკუნის ისტორიკოსი ისქანდერ მუნში წერდა: "მუსლიმმა მეომრებმა მათი საცხოვრებლები დააქციეს და ქალაქ ზეგამში (იგულისხმება ძეგამი) კვალიც კი არ დატოვეს მოსახლეობისა."
   1614 წლის შაჰ აბასის შემოსევამ კახეთს არნახული ზიანი მიაყენა. განადგურდა მრავალი ქალაქი და სოფელი, ცეცლს მიეცა ეკლესია-მონასტრები და სახცხოვრებლები, მოიშალა სამეურნეო ცხოვრება, გაწყდა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი. დამპყრობლებმა თითქმის მთელი კახეთი დაიკავეს. 
   კახელებმა დიდხანს ვერ აიტანეს ყიზილბაშთა ბატონობა. 1615 წელს დაიწყო აჯანყება, რომელსაც მეთაურობდა დავით ჯანდიერი. გახზნული თეიმურაზ I სასწრაფოდ დაბრუნდა კახეთში და აჯანყებას ჩაუდგა სათავეში. იგი თავად წარუძღვა ჯარს  შეტევაზე 5 000-მა ქართველმა 15 000 ყიზილბაშს მუსრი გაავლო და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა.
   განრისხებული შაჰი 1616 წელს კახეთის დასასჯელად დაიძრა. ის ჯერ თბილისში შემოვიდა და ქართლის მმართველად დაუდ-ხანის შვილი, გამაჰმადიანებული ბაგრატ-ხანი დანიშნა. თეიმურაზი მიხვდა, რომ ირანელებს წინააღმდეგობას ვერ გაუწევდა და იმერეთში გაიხიზნა. დავით ჯანდიერის მეთაურობით კახელები დიდ წინაღმდეგობას უწევდნენ მტერს. ამ შემოსევამ დიდი ზარალი მიაყენა კახეთს.
   1617 წელს ირანელებმა კვლავ დალაშქრეს კახეთი. შაჰ აბასის ამ გამანადგურებელი შემოსევების შედეგად აღმოსავლეთ საქართველო საშინალად აოხრდა და განადგურდა. განსაკუთრებით მძიმე გამოდგა ეს ლაშქრობები კახეთისათვის. ყიზილბაშებთან ბრძოლაში დაიღუპა 100 000 ქართველი, 200 000 დატყვევებული ქართველი კი შაჰმა ირანში გადაასახლა და ირანის პროვინციებში: ხორასანში, მაზანდარაში და ფერეიდანში ჩაასახლა. დღემდე მხოლოდ ფერეიდნელმა ქართველებმა შეინარჩუნეს ქართული ენა და ტრადიციები, მიუხედავად იმისა, რომ დროთა განმავლობაში ისინი გამუსლიმანდნენ. ფერეიდნელმა ქართველებმა იციან თავიანთი ისტორია და იციან, რომ მათი სამშობლო საქართველოა.  გადასახლებული ქართველების ადგილზე კი მომთაბარეების ჩამოსახლება დაიწყეს.

- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -