Posted by : ლელა კაკაშვილი
Wednesday 11 April 2018
გიორგი V ბრწყინვალე (1318-1346 წწ)
1314 წელს მონღოლებმა გაამეფეს დავით VIII-ის ძე გიორგი VI მცირე, რომელსაც მეურვედ ბიძა გიორგი V დაუნიშნეს. 1318 წელს კი სამეფო ტახტი უკვე მეორედ და საბოლოოდ დემეტრე II-ის უმცროსმა ძემ გიორგი V-ემ დაიკავა. მამის ტრაგიკულად დაღუპვის შემდეგ გიორგი V დედულეთში, პაპის _ სამცხის მთავრის, ბექა ჯაყელის კარზე იზრდებოდა. ბექა ჯაყელი ენერგიული მმართველი და ჭკვიანი პოიტიკოსი იყო. ცხადია, მასაც უხდებოდა ბრძოლა მონღოლთა მხარეზე. ბექა ჯაყელს აქტიური ურთიერთობა ჰქონდა ტრაპიზონის იმპერიასთან მან თავისი ერთერთი ასული მიათხოვა ტრაპიზონის იმპერატორს. ბექა ჯაყელის დროს შედგა სამართლის წიგნი _ "წიგნი სამართლისა კაცთა შეცოდებისა ყოვლლისავე", რომელმაც საბოლოო სახე ბექას შვილიშვილის, აღბუღას დროს მიიღო. ამ წიგნს ხშირად მოიხსენიებენ, როგორც ბექა-აღბუღას სამართალს. ამ პერიოდშივე აშენდა ტაძრები საფარასა და ზარზმაში.
გიორგი V-ის ტახტზე ასვლის ჟამს ქვეყანაში კატასტროფული მდგომარეობა იყო. ფაქტიურად საქართველოს ყოფნა-არყოფნის საკითხი იდგა. გიორგიმ აქტიური მოქმედება ჯერ კიდევ გამეფებამდე დაიწყო. მის სახელს უკავშირდება 1316-1317 წლებში ეგვიპტის სულთანთან გაგზავნილი ელჩობა. მოლაპარაკებების შედეგად ქართველებს დაუბუნდათ ჯვრის მონასტერი და გადაეცათ იერუსალომის წმინდა საფლავის ტაძრის გასაღებები. ქართველები ცხენებზე ამხედრებულები, გშლილი დროშებით შედიოდნენ იერუსალიმში.
გიორგი V არ ცდილობდა მონღოლებთან აშკარა ბრძოლასა და დაპირისპირებს. მან მოხერხებულად გამოიყენა ყაენის პირველ ვაზირთან ჩობანთან მეგობრობა და შეძლო ამ კავშირის საშუალებით აღეკვეთა მონღოლთა თარეში. გიორგი V-ემ ჩობანისაგან უფლება მიიღო თავად აეკრიფა ხარკი. თავის მხრივ ჩობანიც დაინტერესებული იყო გიორგი V-სთან კარგი ურთიერთობით. ეს მას საშუალებას აძლევდა ქართველთა სამხედრო ძალის იმედი ჰქონოდა. 1327 წელს ილხანთა ყაენმა ჩობან ნოინს ღალატში დასდო ბრალი და სიკვდილით დასაჯა. ამ ფაქტმა კიდევ უფრო დააჩქარა საილხანოს დაშლა. ამით ისარგებლა საქართველოს მეფემ და მონღოლებს ხარკი შეუწყვიტა. 1335 წელს კი, აბუსაიდ ყაენის გარდაცვალების შემდეგ, მონღოლთა ასწლოვან ბატონობას ბოლო მოეღო.
საგარეო პოლიტიკის დარეგულირების შემდეგ გიორგი V-ემ საშინაო პოლიტიკის მოგვარებაც დაიწყო. მან კახეთში, ცივის მთაზე, სადარბაზოდ მიიწვია მეფის ხელისუფლების მოწინააღმდეგე კახეთ-ჰერეთისა და სომხითის ერისთავები, ამოხოცა ისინი და მათი სამფლობელოები სამეფო ტახტს შემოუმტკიცა. გიორგი V-ემ აღკვეთა ოსთა თავდასხმები შიდა ქართლში და ქალაქი გორიც გაათავისუფლა.
როგორც გვახსოვს გიორგი V-ის გამეფებისას სამცხე ცალკეული ადმინისტრაციულ ერთეულად იყო გამოყოფილი. 1334 წელს, სამცხის მთავარ ბექა ჯაყელის გარდაცვალების შემდეგ მთავარი გახდა გიორგი V-ის ბიძაშვილი (დედის მხრიდან) სარგის II ჯაყელი. მეფემ იგი ათაბაგად და ამირსპასალარად დანიშნა, რითაც გამდგარი სამცხის მთავარი კვლავ ცენტრალურ ხელისუფლებას დაუქვემდებარა.
მონღოლთა ბატონობის შემდეგ წესრიგის აღდგენა ეკლესიაშიც იყო საჭირო, ამიტომ XIV საუკუნის 30-იან წლებში გიორგი V-ის ინიციატივით მოიწვიეს საეკლესიო კრება.
მონღოლთა ბატონობამ ქვეყანაში მთლიანად მოშალა სასამართლო სისტემც. გიორგი V-ის ბრძანებით და აქტიური მონაწილეობით შეიქმნა სამართლის წიგნი _ "ძეგლის დადება". ეს იყო 46 მუხლისგან შემდგარი კოდექსი, რომელიც განკუთვნილი იყო ქართლის მთიანეთის მოსახლეობისათვის (კერძოდ ქსნისა და არაგვის ხეობის მოსახლეობისათვის).
ამავე პერიოდში შეიქმნა სახელმწიფო სამართლის მნიშვნელოვანი ძეგლი _ "ხელმწიფის კარის გარიგება". მასში განსაზღვრული იყო სამეფო კარის ეტიკეტი, სხვადასხვა მოხელეთა უფლებები და მოვალეობები.
როგორც დავინახეთ გიორგი V-ემ აღადგინა ქვეყნის მართვა-გამგეობის ტრადიციული წესები. გაატარა საფინანსო რეფორმა მოიჭრა ვერცხლის ფული, რომელსაც "გიორგაული" თეთრი ეწოდა. საქართველოს ეკონომიკურ განვითარებასა და წინსვლას ხელს უწყობდა გენუასა და ვენეციასთან არსებული სავაჭრო-ეკონომიკური კავშირ-ურთიერთობები.
ქვეყნის პოლიტიკურმა და ეკონომიკურმა გაძლიერებამ მნიშვნელოვნად გაზარდა საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტი. საქართველოს მეფეს მიმოწერა და დიპლომატიური ურთიერთობა ჰქონდა რომის პაპ იოანე XXII-სთან, რომლის ბულის მიხედვით, კათოლიკური საეპისკოპოსო კათედრა ბულგარეთის ქალაქ სმირნიდან თბილისში გადმოიტნეს ეს ყოველივე საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტის ზრდაზე მიუთითებდა. საქართველოს საერთაშორისო ავტორიტეტის ზრდას ასევე ადასტურებს კიდევ ერთი ფაქტი _ ეგვიპტის სულთანმა ქართველებს უფლება მისცა აეშენებინათ ახალი ტაძარი იერუსალიმში, ეს მაშინ როცა სულთანმა უფლება არ მისცა ოქროს ურდოს ყაენს იერუსალიმში მეჩეთი აეგო.
XIV საუკუნის 30-იან წლებში გიორგი V-ეს დიპლომატიური ურთიერთობა ჰქონდა საფრანგეთის მეფე _ ფილიპე VI ვალუასთან. გიორგი V-ის დროს კვლავ ამოტივტივდა ჯვაროსნული ლაშქრობების მოწყობის იდეა ეგვიპტის სულთნის წინაარმდეგ "წმინდა მიწის" გასათავისუფლებად, მაგრამ მოგვიანებით ევროპაში დაწყებულმა ასწლიანმა ომმა ჯვაროსნული ლაშქრობების იდეა განიხორციელებელი დატოვა. მიუხედავად ამისა, საქართველოს უფლებები "წმინდა მიწაზე" გიორგი V-ის მეფობისას დაცული იყო.
გიორგი V-ემ არა მარტო განდევნა მონღოლები საქართველოდნ, არამედ თავისი გავლენის ქვეშ მოაქცია რანი და შარვანიც და ტრაპიზონიც. როგორც დავინახეთ, გიორგი V-ემ აღადგინა საქართველოს ერთიანობა, განამტკიცა სამეფო ხელისუფლება, იხსნა ქვეყანა სრული განადგურებისაგან, ააღორძინა მონღოლთა მიერ დაქცეული საქართველო. ამიტომ მადლიერმა შთამომავლობამ მას "ბრწყინვალე" უწოდა.