Posted by : ლელა კაკაშვილი Saturday 7 April 2018



დემეტრე II თავდადებული (1270-1289 წწ)
   დავით ულუს გარდაცვალების შემდეგ ტახტზე მისი თერთმეტი წლის ვაჟი დემეტრე II ავიდა, რომელიც საქართველოს ისტორიაში “დემეტრე თავდადებულის” სახელით შევიდა. 
   დემეტრე II-ის მეფობა (1270-1289) საქართველოს ისტორიის უმძიმეს ხანას დაემთხვა. მეფის ხელისუფლება უკიდურესად დაეცა, სამეფოს ფაქტობრივად მონღოლებთან დაახლოებული ქართველი დიდებულები განაგედნენ. ერთ-ერთი ასეთი აღზევებული და მონღოლებთან დაახლოებული დიდებული საქართველოს მეფის ვეზირი, ათაბაგი სადუნ მანკაბერდელი იყო. 
   დემეტრეს მცირეწლოვნობის დროს სამეფოს ფაქტიურად ათაბაგ-ამირსპასალარი სადუნი განაგებდა. ვინ იყო სადუნ მანკაბერდელი? მონღოლებს სხვადასხვა ეროვნების ადამიანებთან უწევდათ ურთიერთობა. ამიტომ ყოველთვის დიდ უპირატესობას ანიჭებდნენ იმას, ვინც მონღოლთა ენა იცოდა. ასეთი პირები უმეტესად ვაჭრები ან ბედის მაძიებლები იყვნენ. მხარგრძელების ყოფილმა ყმამ, სადუნ მანკაბერდელმა იცოდა ქართული, სომხური, სპარსული და მონღოლური ენები. მას ხშირად უწევდა ყაენის კარზე თარჯიმნის მოვალეობის შესრულება. თავისი მოხერხებულობითა და ენების ცოდნით სადუნმა მონღოლთა ნდობა დაიმსახურა და საქართველოს სამეფო კარზე მონღოლთა დახმარებით ათაბაგ-სპასალარობაც მიიღო დემეტრეს მცირეწლოვნობის დროს სამეფოს ფაქტიურად ათაბაგ-ამირსპასალარი სადუნი განაგებდა. მისი გარდაცვალების შემდეგ კი (1281 წ) დემეტრე II-ემ სადუნის ძეს ხუტლუ-ბუღას მხოლოდ ამირსპასალარობა უბოძა დ ამით ეს უკანასკნელი გადაიმტერა.
   დემეტრე II მეტად მძიმე პერიოდში აღმოჩნდა სამეფო ტახტზე. ქვეყანა პოლიტიკურად დაშლილი, ეკონომიკურად კი საშინლად გაჩანაგებული იყო. მეფე შეეცადა გარკვეული ღონისძიებები გაეტარებინა. დაიწყო გაუკაცრიელებული ადგილების ხელახლა დასახლება, დანგრეულის აღდგენა, მის დროს აიგო მეტეხის ღვთისმშობლის ტაძარი თბილიში.
  საზოგადოებაში ძალზე გავრცელდა მონღოლური ცხოვრების წესები, რომელიც ქართულ-ქრისტიანულ წეს-ჩვეულებებს არ შეესაბამებოდა. თვით დემეტრე მეფეს სამი ცოლი ჰყავდა:Lტრაპიზონის კეისრის ასული, რომელთანაც ხუთი შვილი შეეძინა, მონღოლი ქალი, რომლისგანაც სამი შვილი ჰყავდა და სამცხის მთავრის ბექა მადატურთუხუცესის ასული ნათელა, რომლისგანაც ერთი ვაჟი, მომავალი გიორგი ბრწყინვალე შეეძინა. 
    დემეტრე მეფის ცხოვრების დიდი ნაწილი მონღოლთა სამხედრო სამსახურს შეეწირა. ის ილხანებთან ერთად იბრძოდა, როგორც ოქროს ურდოს, ისე ეგვიპტის სასულთნოს წინააღმდეგ. ასეთ ვითარებაში საქართველოს მეფე უნებლიედ აღმოჩნდა ჩათრეული ილხანთა სამეფო კარის გაუთავებელ ინტრიგებში. იმჟამად ილხანთა საყაენოს პირველ ვეზირს, დემეტრე მეფის მძახლის ბუღას (ბუღას ვაჟს ცოლად ჰყავდა დემეტრე მეფის ასული რუსუდანი) ყაენის წინააღმდეგ შეთქმულება დაბრალდა. ბუღა სიკვდილით დასაჯეს, ხოლო დემეტრე მეფე ყაენის კარზე დაიბარეს. 
   საქართველოში იცოდნენ, რომ მეფეს სიკვდილი ემუქრებოდა, ამიტომ სამეფო დარბაზმა დემეტრეს მთიულეთში გახიზვნა, ან დასავლეთით საქართველოში გადასვლა ურჩია. მეფეს კარგად ესმოდა, რომ გაქცევის შემთხვევაში მონღოლები ქვეყანას სასტიკად ააოხრებდნენ, ამიტომ ქვეყნის გაწირვას, თავის გაწირვა ამჯობინა და სპარსეთში ილხანთა კარზე გაემგზავრა. 1289 წლის 12 მარტს ყაენის ბრძანებით, ილხანთა კარზე მყოფ დემეტრეს თავი მოჰკვეთეს. ქართულმა ეკლესიამ ქვეყნისათვის თავდადებული ახალგაზრდა მეფე წმინდად შერაცხა. 
   დემეტრე II-ის ნაცვლად ყაენმა მეფედ დავით ნარინის ძე ვახტანგ II (1289-1292 წწ) დაამტკიცა, რომელიც მალე გარდაიცვალა. ერთი წლის შემდეგ, 1293 წელს გარდაიცვალა დავით ნარინიც.
    ვახტანგ II-ის გარდაცვალების შემდეგ თბილისში მეფედ ყაენმა დემეტრე II-ის უფროსი ძე დავით VIII (1293-1311 წწ) დაამტკიცა. ყაზან ყაენმა თავისთან დაიბარა დავით VIII, რადგან იგი ყაენის მოწინაარმდეგეებს ემხრობოდა. ამჯერად მეფეს ვაზირებმა საყაენოში წასვლა ურჩიეს, მაგრამ დავით VIII ყაენის წინააღმდეგ აჯანყება წამოიწყო. ყაენმა ჯარი გამოგზავნა, მაგრამ დავითი ვერ შეიპყრეს. მაშინ მონღოლებმა 1299 წელს თბილისში მეფედ დასვეს დავით VIII-ის უმცროსი ძმა, დემეტრე II-ის ვაჟი მესამე ცოლისაგან, ნათელასაგან _ გიორგი V.
    გიორგი V ჯერ კიდევ მცირეწლოვანი იყო და ქვეყნის მართვა რეალურად არ შეეძლო, ამიტომ მონღოლებმა დავით VIII-ეს მეორე ძმა ვახტანგ III (1302-1308 წწ) დაუპირისპირეს. დავით VIII და ვახტანგ III-ეს შორის გარკვეული შეთანხმება მოხდა. დავით VIII ჯავახეთში დამკვიდრდა. მისი სამფლობელოს ცენტრი ჯავახეთში მდებარე სოფელი ალასტანი იყო. ასე ჩაეყარა საფუძველი ბაგრატიონთა გვერდით შტოს _ ალასტანელებს, ე.წ. "პროვინციის მეფეებს".



- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -