Posted by : ლელა კაკაშვილი Friday 6 April 2018



ლაშა-გიორგი (1213-1223 წწ)
    გიორგი IV, რომელიც საქართველოს ისტორიაში უფრო ლაშა-გიორგის სახელითაა ცნობილი, თამარ მეფემ თანამოსაყდრედ ჯერ კიდევ 12 წლის ასაკში, 1205 წ. გაიხადა. 1210 წ. გაზაფხულზე კი როგორც ჩანს, სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ დედამ მას ფორმალურად ტახტი დაუთმო და თავის სიცოცხლეშივე გაამეფა. ამაზე, უპირეველეს ყოვლისა, მეტყველებს ის, რომ 1210 წლიდან საქართველოში ფული უკვე ლაშა-გიორგის სახელზე იჭრება.
  თამარის გარდაცვალებამ და სახელმწიფოს სათავეში ახალგაზრდა მეფის მოსვლამ საქართველოს ყმადნაფიც ქვეყნებს განდგომის სურვილი გაუჩინა. პირველმა განძამ გაბედა და ხარკის გადახდაზე უარი განაცხადა. საჭირო გახდა განძის კვლავ დამორჩილება. ეს რაც შეიძლება სწრაფად უნდა მომხდარიყო, რათა სხვებს განძისათვის არ მიებაძათ. ქართველთა ლაშქარი განძისაკენ დაიძრა. ამირსპასალარ ივანე მხარგრძელის გადაწყვეტილებით განძას ალყა შემოარტყეს. ალყა გაჭიანურდა. ლაშა-გიორგის როგორც ჩანს განძის სწრაფად აღება სურდა და აქტიური სამხედრო ოპერაციების მომხრე იყო. მეფემ 4 000 კაცთან ერთად ქალაქის გარშემოვლა გადაწყვიტა. განძელებმა, როგორც კი შენიშნეს, რომ გიორგი IV მცირერიცხოვანი ჯარით მოსწყდა ქართველთა ძირითად ლაშქარს, გააღეს ქალაქის კარები და თავს დაესხნენ ქართველებს. მეფემ თავის რაზმთან ერთად უკან არ დაიხია, არ შეშინდა. გაიმართა სასტიკი ბრძოლა. მალე ბრძოლაში ქართველთა მხედრობის ძირითადი ნაწილიც ჩაება. განძელები უკუიქცნენ და ქალაქში ჩაიკეტნენ. ბრძოლის შემდეგ ივანე მხარგრძელმა უსაყვედურა მეფეს, ლაშა-გიორგიმ კი შენდობა ითხოვა. განძის ათაბაგმა კვლავ ხარკი იკისრა.
   განძასთან მომხდარი ინციდენტი პირველი დაპირისპირება იყო მეფესა და დიდებულებს შორის, რომელიც შემდგომში უფრო გამწვავდა. ლაშა-გიორგი, როგორც ჩანს საკმაოდ თავისუფალი პიროვნება გახლდათ. მისი შეხედულებები და მისწრაფებები გარკვეულწილად მიუღებელი იყო იმდროინდელი საზოგადოებისათვის. ამას ისიც ემატებოდა, რომ მეფე ერთპიროვნულად, თავისი დიდი წინაპრის დავით აღმაშენებლის მსგავსად, აპირებდა ქვეყნის მართვას და დიდებულების ინტერესებს ნაკლებად ითვალისწინებდა. 
   მემატიანეს გადმოცემით გიორგი IV რინდი ყოფილა. მეცნიერთა შორის არ არის ერთიანი აზრი იმასთან დაკავშირებით, თუ ვინ იყვნენ ეს რინდები და რა საქმიანობას ეწეოდნენ.  თავად სიტყვა რინდი სპარსულად ნიშნავს ლოთსა და შფოთისთავს. ჟამთააღმწერელთან მოხსენიებული რინდები, სავარაუდოდ უნდა იყვნენ აღმოსავლეთში გავრცელებული რელიგიურ-ფილოსოფიური მიმდინარეობის წევრები. თამარის მმართველობის ხანაში უზომოდ აღზევებულ მოხელე-დიდებულებს კი სასახლის კარზე თავისი გავლენის დაკარგვა არ სურდათ. ამიტომ ისინი თვით მეფეს და მის ირგვლივ თავმოყრილ ახალგაზრდა თანამოაზრეებს მათთვის სახელის გატეხვისა და ავტორიტეტის შელახვის მიზნით, ლოთობაში, უპასუხიმგებლობასა და აღვირახნილ, ფუქსავატ ცხოვრებაში სდებდნენ ბრალს.
    განსაკუთრებით გამწვავდა ურთიერთობა ლაშა გიორგისა და ივანე მხარგრძელს შორის, რომელსაც თამარის მიერ მისთვის სასახლის კარზე ათაბაგობის პატივის მინიჭების შემდეგ, თავი ფაქტობრივად მეფის შემდეგ მეორე კაცად მიაჩნდა. ივანე ათაბაგის მეთაურობით მოხელე-დიდებულთა ძველ ნაწილს და ლაშა გიორგის შორის ურთიერთობა იმდენად დაიძაბა, რომ ივანე ათაბაგი, ვარამ გაგელი და სხვები მეფის სასახლიდან დაეთხოვნენ და განაწყენებულები თავიანთ მამულებსა და ციხე-დარბაზებში ჩაიკეტნენ. დიდებულთა განსაკუთრებულ უკმაყოფილებას იწვევდა ის, რომ გიორგი მეფემ მათ თხოვნას ცოლი მოეყვანა, რათა ქვეყანას დროულად მემკვიდრე შესძენოდა, ყური არ ათხოვა. კახეთში, ველისციხეში ერთ-ერთ თავის აზნაურთან სტუმრობის დროს ლაშა გიორგის მისი ცოლი შეუყვარდა, ქალი სასახლეში წამოიყვანა და უგვირგვინო ცოლად ჰყავდა. ამ ქალისაგან მას ვაჟი დავითი შეეძინა. მეფის პოლიტიკით განაწყენებულ მოხელე-დიდებულებს მეფესთან ანგარიშსწორების კარგი საბაბი მიეცათ: კათალიკოსმა, ეპისკოპოსებმა და სასახლის დიდმოხელეებმა მეფეს წესისა და კანონის დაცვა კატეგორიულად მოსთხოვეს. ქმრის სახლიდან თვითნებურად წამოყვანილი ქალი კი ისევ მის ქმარს მიუბრუნეს. მეფე ერთგული დარჩა თავისი სიყვარულისა და ცოლი აღარ მოუყვანია.
   სამეფო კარზე არსებული დაპირისპირება, რა თქმა უნდა, ქვეყანაში შექმნილ ვითარებაზეც ახდენდა გავლენას.  მიუხედავად ამისა, საქართველო მაინც ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთი ძლიერი სახელმწიფო იყო. ჯვაროსნები დახმარებას სთხოვდნენ გიორგი IV-ეს და იმედის თვალით შესცქეროდნენ საქართველოს.
   1217 წელს დაიწყო V ჯვაროსნული ლაშქრობა, რომელიც 4 წელიწადს გაგრძელდა. ჯვაროსნულ ლაშქრობაში მონაწილეობის მისაღებად სერიოზულად ემზადებოდნენ საქართველოში. ყველაფერი კი მონღოლთა უეცარმა გამოჩენამ ჩაშალა.



მონღოლთა პირველი გამოჩენა საქართველოში
    საქართვეელოში მონღოლები პირველად 1220 წელს გამოჩნდნენ. ჩინგიზ-ყაენის ბრძანებით ხორეზმშაჰის ლტოლვილ მემკვიდრეს, ჯალალედინს ორი საუკეთესო ნოინი _ ჯებე და სუბუდაი დაედევნა. ნოინებს ამავე დროს უნდა დაეზვერათ ის ქვეყნები, რომელთა დაპყრობასაც მონღოლები მომავალში აპირებდნენ. სწორედ ჯებე და სუბუდაი მოადგნენ საქართველოს.
   1220 წლის ზამთარში მონღოლები აზერბაიჯანში შემოვიდნენ. ათაბაგმა უზბეგმა მათ დიდძალი საჩუქრები მიართვა, ხარკი გადაუხადა და დაუზავდა. მონღოლები საქართველოს სამეფოს ფარგლებში შემოიჭრნენ. პირველივე ბრძოლა მათი გამარჯვებით დამთავრდა, თუმცა მათ საქართველოს სიღრმეში შესვლა არ უცდიათ. მეორე ბრძოლისათვის ქართველები უკეთ მოემზადნენ. ლაშა-გიორგიმ 90 000 ჯარი შეკრიბა და მტერს შეებრძოლა. მონღოლებმა ჩვეული ხერხი გამოიყენეს _ ჯარი ორად გაყვეს. სუბუდაი ქართველებს შეებრძოლა და მალე უკუიქცა. ქართველები გაქცეულ მონღოლებს დაედევნენ. სწორედ ამ დროს ბრძოლაში ჩაება ჩასაფრებული ჯებე. მტერმა წარმატებას მიაღწია. მონღოლთა გამარჯვებით დამთავრდა მესამე ბრძოლაც. ამის შემდეგ მათ დატოვეს საქართველო და ჩრდილო კავკასიაში გადავიდნენ, სადაც 1223 წელს მდინარე კალკაზე დაამარცხეს რუსთა და ყივჩაღთა გაერთიანებული ლაშქარი და მონღოლეთში დაბრუნდნენ.
    მონღოლებთან ბრძოლაში განცდილი რამდენიმე მარცხი სერიოზული დარტყმა იყო საქართველოსათვის. უკვე ძალიან დიდი ხანია ქართველებს დამარცხების სიმწარე არ განეცადათ. როგორც ჩანს, ქართველემა სახელმწიფო მოღვაწეებმა ყოველივე მომხდარიდან სათანადო დასკვნები არ გამოიტანეს. მონღოლთა პირველი ლაშქრობის შემდეგაც კი ქართული საზოგადოება კარგად ვერ ათვითცნობიერებდა მოსალოდნელ საფრთხეს და მონღოლებს ჯერ კიდევ ქრისტიანულ სამყაროს აკუთვნებდა. აი, რას წერდა რუსუდანი გამეფების შემდეგ რომის პაპს, ჰონოიუს III-ეს: “ბოროტნი თათარნი შემოვიდნენ ჩვენ ქვეყანაში და დაგვიხოცეს ექვსი ათასი კაცი. ჩვენ მათ არ უფრთხოდით, რადგან ქრისტიანები გვეგონა. როდესაც მივხვდით, რომ კარგი ქრისტიანები არ იყვნენ, მაშინ შევკრიბეთ ყოველი ძალა და წინ აღვუდეგით. ოცდახუთი ათასი კაცი გავუწყვიტეთ, ბევრი დავატყვევეთ და დანარჩენი მათი მხედრობა ჩვენი ქვეყნიდან გავაძევეთო". შემდგომში განვითარებულმა მოვლენებმა კი აჩვენა, რომ საქართველოს ძლიერების ხანა წარსულს ჩაბარდა.
   მონღოლთა წელიწადნახევრიანმა თარეშმა მოსახლეობას დიდი რბევა და უბედურება მოუტანა, მაგრამ თანდათან ცხოვრება ჩვეულ კალაპოტს დაუბრუნდა. საქართველოშიც მონღოლები საბოლოოდ წასულებად მიიჩნიეს და ლაშა გიორგი კვლავ ჯვაროსნული ლაშქრობისათვის სამზადისს შეუდგა. 
   ცოტა ხნის შემდეგ რუსუდანის ხელი საქართველოს ყმადნაფიცმა Dშარვანშაჰმა ითხოვა. ლაშა გიორგი ამ ქორწინებას დასთანხმდა და საქმის მოსაგვარებლად 1223 წ. დასაწყისში ბაგავს ჩავიდა, მაგრამ ქორწილი არ შედგა. 18 იანვარს ჯერ კიდევ ახალგაზრდა, 30 წლის გიორგი IV მოულოდნელად გარდაიცვალა. გიორგი მეფე გელათში დაკრძალეს. კანონიერი შვილის უყოლობის გამო კი, ტახტზე მისი და რუსუდანი ავიდა.


- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -