Posted by : ლელა კაკაშვილი Friday, 6 April 2018


მონღოლთა სახელმწიფოს წარმოქმნა
     XIII საუკუნის დასაწყისში აზიის აღმოსავლეთ ნაწილიდან ახალი დამპყრობლები _ მონღოლები დაიძრნენ დასავლეთის მიმართულებით. მათ უმოკლეს დროში მოახერხეს ისლამური სამყაროს დიდი ნაწილის, კავკასიის, რუსეთისა და აღმოსავლეთ ევროპის მნიშვნელოვანი ტერიტორიების დაპყრობა. ამ დაპყრობების შედეგად შეიქმნა მსოფლიო ისტორიაში ერთ-ერთი უდიდესი იმპერია _ მონღოლეთის იმპერია.
    მონღოლური მესაქონლე ტომები ცენტრალური აზიის სტეპებში მოსახლეობდნენ. პირველად ისინი გვარებად მომთაბარეობდნენ. შემდეგ საგვარეულოს ცალკეული ოჯახები გამოეყო, რომლებმაც დაისაკუთრეს ეს საქონელი. ზოგიერთმა უფრო მეტი ქონება დააგროვა და მონღოლთა დიდგვაროვნებად _ ნოინებად გადაიქცნენ. XIII საუკუნის დამდეგს მონღოლეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ ტომებს შორის მიმდინარეობდა ბრძოლები, რომლის შედეგადაც წარმოიქმნა მონღოლთა გაერთიანებული სახელმწიფო. 1206 წელს მდინარე ონონის ნაპირზე მოიწვიეს მონღოლური არისტოკრატიის წარმომადგენელთა ყრილობა _ ყურულთაი, სადაც მთავარ ნოინად ანუ ყაენად თემუჩინი აირჩიეს და ჩინგიზ ყაენი უწოდეს.
     ჩინგიზ ყაენს ჰყავდა დისციპლინირებული ლაშქარი. თითოეული ნოინი ვალდებული იყო, ყაენისათვის გარკვეული რაოდენობის მეომრები გაეგზავნა. სწორედ ამის მიხედვით იქმნებოდა მონღოლური ლაშქარი. იგი იყოფოდა ათეულება, ასეულებად, ათასეულებად, ათიათასეულებად ანუ დუმნებად.
    ჯარში უმკაცრესი დისციპლინა სუფევდა. იასაკის წესის თანახმად, ერთი მეომრის ღალატისათვის მთელ ათასეულს სიკვდილით სჯიდნენ. თუ ათეული ბრძოლაში სილაჩრეს გამოიჩენდა, მთელ ასეულს ხოცავდნენ. ამასთან, მონღოლთა ლაშქარი აღჭურვილი იყო იმ დროისთვის მოწინავე ჩინური სამხედრო ტექნიკით. ომის დროს მონღოლები იყენებდნენ ე.წ. "ჰაშარის" სისტემას _ დაპყრობილ მოსახლეობას "ცოცხალ ფარად" იყენებდნენ ციხეების ალყისას. ყველაფერმა ამან მნიშვნელოვნად განაპირობა დასავლეთში ლაშქრობისას მონღოლთა წარმატებები.


მონღოლთა დაპყრობები. ბათო ყაენი. 
ილხანთა საყაენო
    ლაშქრის მკაცრმა დისციპლინამ და სამხედრო მომზადებამ მონღოლებს საშუალება მისცა, უმოკლეს დროში განეხორციელებინათ არნახული მასშატაბის დაპყრობეი. 1211 წელს მონღოლები ჩინეთში შეიჭრნენ და 1215 წელს პეკინი აიღს. ჩრდილოეთ ჩინეთის დამორჩილების შემდეგ ჩინგიზ-ყაენმა მთელი ყურადღება შუა აზიის დაპყრობაზე გადაიტანა. 1219 წელს ყურულთაიზე გადაწყდა ხორეზმზე ლაშქრობა. საბაბი გახდა ხვარაზმელების მიერ მონღოლეთიდან მომავალი ქარავნის გაძარცვა და ვაჭრების მკვლელობა. მონღოლთა შურისძიებამაც არ დააყოვნა და ისინი შეტევაზე გადავიდნენ. 
     1227 წელს ჩინგიზ-ყაენი გარდაიცვალა და მონღოთა წინსვლა დროებით შეჩერდა. მონღოლებმა  გაილაშქრეს ჯალ ადდინის წინააღმდეგ და დაამარცხეს იგი. მონღოლებს გზა გაეხსნათ ევროპისკენ. 1236 წელს მონღოლთა ლაშქარი ბათო-ყაენის სარდლობით ვოლგის ბულგარეთს და რუსეთს შეესია. რუსი ხალხის წინააღმდეგობამ, რიაზანის, მოსკოვის, ვლადიმის, კიევის და სხვა ქალაქების გმირულმა დაცვამ საგრძნობლად დაასუსტა მისი ლაშქარი. 1240 _ 1242 წლებში მონღოლებმა მოარბიეს პოლონეთი, უნგრეთი, ავსტრია, ბოსნია, სერბეთი და ბულგარეთი. ისინი გამოჩნდნენ ვენის მიდამოებშიც. ბალკანელებს კი მონღოლები ღვთისაგან გამოგზავნილ რისხვად მიაჩნდათ და თვლიდნენ, რომ სახელწოდება "ტატარ" ე.ი. "თათარ" (ასე მოიხსენიებენ მონღოლებს) მომდინარეობს ბერძნული სიტყვისაგან _ "ტარტარ" ანუ ჯოჯოხეთი. 
     ევროპის ქვეყნების ხალხთა წინააღმდეგობამ და ზურგში დარჩეილი რუსეთის შიშმა აიძულა ბათო-ყაენი უკან გაბრუნებულიყო ჯუჩის ულუსში. 1243 წელს, მდინარე ვოლგის ქვემო წელზე ბათო ყაენმა დაარსა ფეოდალური სახელმწიფო “ოქროს ურდო”,რომელიც მოიცავდა: დასავლეთ ციმბირს, რუსეთის ევროპულ ნაწილს, ყირიმს. ოქროს ურდოს დედაქალაქი თავდაპირველად იყო სარაი-ბათუ, დღევანდელ ასტრახანთან, ხოლო შემდეგ  სარაი-ბერქე, რომელიც ბათოს შვილიშვილმა ბერქემ დაარსა.
     ჩინგიზ ყაენის შთამომავლებს შორის მონღოლთა იმპერია შემდეგ ნაწილებად გადანაწილდა:
1. დიდი ყაენის იმპერია _ რომელიც მოიცავდა აღმოსავლეთ აზიის დიდ ნაწილს მონღოლეთისა და ჩინეთის ჩათვლით;
2. ჩაღატას სახანო _ ცენტრალური აზია და ჩრდილოეთ ირანს მოიცავდა;
3. ოქროს ურდო _ მოიცავდა რუსეთს, ბათო-ყაენით სათავეში;
4. ილხანთა სახელმწიფო _ მოიცავდა ირანს, თანამედროვე თურქმენეთს, ავღანეთის ნაწილს, მცირე აზიის ნაწილს და სამხრეთ კავკასიას, მათ შორის საქართველოსაც;
     ილხანთა ულუსი (ულუსი მონღოლთა ენაზე ბანაკს ნიშნავს) დაარსა 1256 წელს ჰულაგუ ყაენმა და მისი სახელის საპატივსაცემოთ ჰულაგუიანთა სახელმწიფო ეწოდა. ჰულაგუს მემკვიდრეები ატარებდნენ ილხანის ტიტულს, რაც “ტომის ყაენს” ნიშნავდა. ილხანთა სახელმწიფოში რელიგიად გამოცხადდა ისლამი. 1258 წელს ჰულაგუმ აიღო ქალაქი ბაღდადი, სიცოცხლეს გამოასალმა უკანასკნელი აბასიანი ხალიფა ამ საგვარეულოს ყველა წარმომადგენელთან ერთად. ასე რომ აბასიანთა დინასტია, რომელიც 5 საუკუნის მანძილზე სუნიტური ისლამის დასაყრდენად ითვლებოდა _ ისტორიას ჩაბარდა. ბაღდადი კი ჰულაგუმ თავისი სახელმწიფოს დედაქალაქად აქცია. მონღოლთა ძლევამოსილი წინსვლა შეაჩერა ეგვიპტის მამლუქთა არმიამ, რომელმაც 1260 წელს აიუნ ჯალუთის ბრძოლაში გაანადგურა მონღოლთა ლაშქარი. ისინი ერთმანეთს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდნენ 1277 წელს. მონღოლები ამჯერადაც დამარცხდნენ.
სამხრეთ კავკასიის სახელმწიფოები გათავისუფლდნენ ოქროს ურდოს ულუსისაგან და ილხანთა ულუსის დაქვემდებარებაში გადავიდნენ. ოქროს ურდო სამხრეთ კავკასიაზე გავლენის აღდგენას ცდილობდა. ასე, რომ კავკასია თითქმის ნახევარი საუკუნის მანძილზე წარმოადგენდა ოქროს ურდოსა და ილხანებს შორის დაპირისპირებისა და ბრძოლის ასპარეზს.




- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -