Posted by : ლელა კაკაშვილი Friday 6 April 2018


  ჯალალ ად-დინის ლაშქრობები საქართველოში
   1223 წელს რუსუდანი საქართველოს მეფე გახდა. თამარის შემდეგ ქალის გამეფება არ იყო საქართველოსათვის უცხო მოვლენა, მაგრამ მათ შორის მნიშვნელოვანი განსხვავებაც არსებობდ. თამარს ამზადებდნენ მეფობისათვის. იგი 6 წელი გიორგი III-ის თანამოსაყდრე იყო და ქვეყნის მართვის ცოდნასა და გამოცდილებას ეუფლებოდა. რუსუდანი კი მეფობისათვის მზად აარ იყო, რადგან ალბათ, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ იგი ერთადერთი კანონიერი მემკვიდრე იქნებოდა. სამწუხაროდ, რუსუდანს არც პიროვნული თვისებები აღმოაჩნდა მეფობის შესაფერისი. 1224 წ. იანვარს რუსუდანმა იქორწინა არზრუმის ამირას ვაჟზე ღიას ად-დინზე, წინასწარ ღიას ად-დინმა ქრისტიანობა მიიღო და მოინათლა. ამის შემდეგ მას დიმიტრი ეწოდა. დიმიტრი 17 წლის იყო და, როგორც ჩანს, თავისი ასაკის გამო მან ვერ შეძლო ივანე მხარგრძელისა და მისი დასის გავლენის დაძლევა და სამეფო კარზე იმ უფლებების მოპოვება, რაც რუსუდანის ქმარს შეეფერებოდა. ამ დინასტიურმა ქორწინებამ გააძლიერა საქართველოს პოლიტიკური გავლენა არზრუმის საამიროზე. 
   რუსუდანის მეფობის პირველი წლები თითქოს ცუდს არაფერს უქადდა ქვეყანას. მოხერხდა ჩრდილო კავკასიიდან შემოჭრილი ყივჩაღების დამარცხებაც. ქართველები კვლავ ჯვაროსნულ ლაშქრობაში მონაწილეობის მისაღებაად ემზადებოდნენ, ამას მოწმობს წერილი, რომელიც 1223 წელს საქართველოს მეფემ რომის პაპის ჰონორიუს III-ისაგან მიიღო, რომლითაც რომის პაპი რუსუდანს ჯვაროსნულ ლაშქრობაში მონაწილეობის მიღებისაკენ მოუწოდებდა. საქართველოს მეფე, ივანე მხარგრძელის მეთაურობით რომის პაპს 40 ათასიანი მხედრობის გაგზავნას ჰპირდებოდა. ქართველებს არც ამჯერად დასცალდათ, რადგან საქართველოს საზღვრებს ჯალალ ად-დინი მოადგა.
მონღოლთაგან ლტოლვილმა ხორეზმის შაჰის მუჰამედის შვილმა ჯალალ ად-დინმა მოახერხა ირანში გამამგრებულიყო. მას სასტიკი ბრძოლები ჰქონდა მონღოლებთან. ჯალალ ად-დინი კარგი სარდალი, მაგრამ ცუდი დიპლომატი და პოლიტიკოსი აღმოჩნდა. მან ერთიანი ანტიმონღოლური კოალიციის შექმნის მაგივრად დაიწყო თავისი შესაძლო მოკავშირეების რბევა და აოხრება, თუმცა ისიც უნდა ავღნიშნოთ, რომ ჯალალ ად-დინს არ ენდობოდნენ, მისი ეშინოდათ და მისი მოკავშირეობა ეეჭვეოდათ.
    1225 წ. აგვისტოში ჯალალ ად-დინი საქართველოსაკენ დაიძრა. ბრძოლა მოხდა საქართველის სამხრეთში სოფ. გარნისთან (დღევანდელი სომხეთის ტერიტორია) და ქართველთა სასტიკი მარცხით დამთავრდა. მარცხის ერთ-ერთი მიზეზი იყო საქართველოს ამირსპასალარის ივანე მხარგრძელის გაუბედავი მოქმედება, რაც მისი მხცოვანი ასაკით უნდა აიხსნას. აღსანიშნავია ჯალალ ად-დინის უდავო მხედართმთავრული ტალანტიც. მარცხის ძირითადი მიზეზი მაინც ქართველ დიდებულთა სხვადასხვა საგვარეულოს შორის დაპირისპირება და ურთიერთქიშპი იყო, რაც ფეოდალურ საზოგადოებაში ყოველი ახალი მეფის მმარველობის პირველ წლებში მწვავდებოდა. ქართველი მემატიანე ხაზს უსვამს იმ დაპირისპირებას, რომელსაც ადგილი ჰქონდა ივანე მხარგრძელსა და მოწინავე ლაშქრის სარდლებს ძმებს ივანე და შალვა ახალციხელებს შორის. გარნისის ბრძოლაში 20 ათასი ქართველი მეომარი დაიღუპა. მისი ძმა ხორასნის ლაშქრობის გმირი, უნიჭიერესი ქართველი სარდალი შალვა ახალციხელი კი ჯალალ ად-დინს ტყვედ ჩაუვარდა. თავდაპირველად ჯალალ ად-დინს შალვა ახალციხელი დიდ პატივში ჰყავდა, მას ხომ ამ ლეგენდარული სარდლის შესახებ ბევრი რამ სმენოდა. მაგრამ როდესაც აღმოჩნდა, რომ შალვა რუსუდანს და საქართველოს სამეფო კარს მტრის მოძრაობის მარშუტს ატყობინებდა, ხორეზმ-შაჰმა ის სიკვდილით დასაჯა. საქართველოში შალვა ახალციხელის გმირობაზე მის სიცოცხლეშივე თხზავდნენ სიმღერებს. ქართველმა ხალხმა სამშობლოსათვის წამებული გმირი მწარედ დაიტირა. შალვა ახალციხელის ხსოვნას ეძღვენება ქართული ხალხური სიმღერა “შავლეგო”. 
    გარნისის ბრძოლის შემდეგ ჯალალ ად-დინმა საქართველოს მეფეს ცოლობა და მონღოლთა წინააღმდეგ ერთობლივი ბრძოლა შესთავაზა, რაზედაც უარი მიიღო. მას რომ რეალურად სდომოდა მოკავშირეობა, ასეთი წინადადებით შეეძლო საქართველოსათვის მიემართა გარნისის ბრძოლამდე. თუ იგი რუსუდანს ცოლად მოიყვანდა, მაშინ იგი, ფაქტიურად უომრად დაიკავებდა საქართველოს. გარდა ამისა იმ მომენტში მონღოლები უფრო ნაკლებ საფრთხეს წარმოადგენდნენ საქართველოსათვის, რადგან ისინი ჯერ კიდევ შორს იყვნენ, ვიდრე ჯალალ ად-დინი. ყოველივე ამის გათვალისწინებით საქართველოს სამეფო კარმა უარყო ჯალალ ად-დინის მიერ შემოთავაზებული წინადადება.
     1226 წლის დამდეგს ხორემზ-შაჰი თბილისს მოადგა. ჯალალ ად-დინის მოსვლამდე მეფე რუსუდანმა თბილისი დატოვა, დასავლეთ საქართველოს მიაშურა და თბილისის დაცვა ძმებს ბოცოს-ძეებს (ჯაყელთა საგვარეულოდან) მემნას და ბოცოს ჩააბარა. თბილისი ძლიერად იყო გამაგრებული და მისი აღება შეუძლებელი ჩანდა, მაგრამ საერთო დაბნეულობისა და მტრის ზურგში მზვერავთა უქონლობის გამო ჯალალ ად-დინმა რამდენიმე თვის ალყის შემდეგ 9 მარტს მაინც აიღო ქალაქი: ერთ-ერთ ბრძოლაში ჯალალ ად-დინმა ქართველთა რაზმი ქალაქიდან შორს გაუტყუა, შემდეგ კი ჩასაფრებული ნაწილებით დაესხა თავს. ქართველებმა მტრის ჭარბ ძალებს ვერ გაუძლეს და ქალაქისაკენ გაბრუნდნენ. მტერი მათ ფეხდაფეხ დაედევნა და ქალაქში შემოიჭრა. სასტიკი ბრძოლა გაჩაღდა. აქ უკვე თბილისელ მუსლიმთა ღალატმა იჩინა თავი. ერთ-ერთმა მუსლიმმა მემნა ბოცოს-ძე მუხანათურად სიცოცხლეს გამოასალმა. ქართველები ახლა ბოცოს მეთაურობით ისნის ციხეში შეიკეტნენ. ქალაქი კი მტრის ხელში გავაიდა. სამეფო კარი სრულმა დამბლამ მოიცვა. რამდენიმე თვის განმავლობაში, სანამ თბილისის ალყა გრძელდებოდა, რუსუდანმა ვერ შეძლო დამხმარე ძალის გამოგზავნა ქალაქის დასაცავად. ახლაც ისნის ციხეში ჩაკეტილი თბილისის მცველები კიდევ მედგარ წინააღმდეგობას უწევდნენ მტერს და მეფეს დამხრებას სთხოვდნენ, მაგრამ ამაოდ. რუსუდანი მათ წერილს წერილზე უგზავნიდა და დედაქალაქის გმირ დამცველებს ციხის დაცლასა და ქალაქიდან გასვლას უბრძანებდა. საბოლოოდ, ბოცო იძულებული იყო ისნის ციხე დაეცალა და ქალაქს გასცლოდა. თბილისის ხელში ჩაგდების შემდეგ ჯალალ ად-დინი საშინელი სისასტიკით გაუსწორდა ქალაქის ქრისტიანულ მოსახლეობას. ზოგიერთი ცნობით, დახოცითა რიცხვი 100 ათას კაცს აღწევდა. მტერს აურაცხელი ქონება ჩაუვარდა ხელში. გაძარცვას და დარბევას არც მუსლიმები გადაურჩნენ, რის გამოც ღალატი მათ სანანებელი გაუხდათ. შემდეგ კიდევ 5 წელი ჯალალ ად-დინი გამუდმებით აოხრებდა საქართველოს სხვადასხვა კუთხეებს. წინააღმდეგობის გამწევი კი არავინ იყო.
    მალე ჯალალ ად-დინი მარტო აღმოჩნდა მონღოლების წინაშე. საბოლოოდ იგი იძულებული გახდა გაქცევით ეშველა თავისთავისათვის და 1231 წელს ყველასაგნ მიტოვებული გაზარცვის მიზნით ერთმა ქურთმა მოკლა.



- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -