Posted by : ლელა კაკაშვილი Monday 23 April 2018


იმერეთის მეფე სოლომონ II
იმერეთის სამეფოს გაუქმება რუსეთის მიერ

    ქართლ-კახეთის სამეფოს დაპყრობის შემდეგ გამოჩნდა, რომ ქართულ სამეფო-სამთავროებს ადრე თუ გვიან რუსეთის შემადგენლობაში მოუწევდათ შესვლა.
     იმერეთის მეფე სოლომონ II (1789-1810 წწ) შიშობდა, რომ მისი სამეფოც ქართლ-კახეთის ბედს გაიზიარებდა. ამიტომ ცდილობდა, მთელ დასავლეთ საქართველოზე თავისი ხელისუფლება გაევრცელებინა და სამეგრელოსა და გურიის მთავრები დაემორჩილებინა. მისი აზრით, თუ იგი ამას მოახერხებდა, მაშინ რუსეთი "გეორგიევსკის ტრაქტატის" მსგავსი პირობებით მფარველობაში მიიღებდა, თუმცა იმპერიის ინტერესებში ეს არ შედიოდა. მთავარმართებელი პავლე ციციანოვი მისგან სრულ მორჩილებას ითხოვდა. 
   1804 წელს ციციანოვი რუსული ჯარით შევიდა იმერეთში და სოლომონს საკუთარი პირობები უკარნახა. ამ ტრაქტატს სოფელ ელაზნაურში მოეწერა ხელი, რომლის თანახმადაც იმერეთის მეფე სოლომონ II რუსეთის იმპერატორის სამუდამო ქვეშევრდომი ხდებოდა. იმერეთის მეფობა სოლომონ II-ეს საშვილიშვილოდ უმტკიცდებოდა. იმერეთის მეფის ტახტზე ასვლა რუსეთის იმპერატორის სიგელით უნდა დამტკიცებულიყო. ქვეყნის ადმინისტრაციული მმართველობა და სამართალი იმერეთის მეფის ხელთ რჩებოდა, თუმცა სისხლის სამართლის საქმეებში რუსული კანონებით უნდა ეხელმძღვანელათ. იმერეთის სამეფოში რუსთა ჯარი უნდა შესულიყო, რომელიც იმერეთის მეფეს უნდა შეენახა.
   მანამდე, 1803 წელს, რუსეთმა სამეგრელოს მთავრის გრიგოლ დადიანის პროტექტორობა იკისრა, რომელსაც სოლომონ II თავის ვასალად მიიჩნევდა. იმერეთის სამეფოსა და სამეგრელოს სამთავროს ქვეშევრდომობაში მიღება რუსეთის დიდი წარმატების მაუწყებელი იყო. რუსეთმა ასევე გადაწყვიტა გურიის სამთავროს ბედიც. 1804 წელს გურიის სამთავრო, იმერეთის სამეფოსთან ერთად რუსეთის ქვეშევრდომობაში მიღებულად გამოცხადდა, თუმცა უკვე 1810 წელს გურიის მთავარმა მამია გურიელმა დამოუკიდებლად გააფორმა ხელშეკრულება რუსეთთან.
   იმერეთის მეფის, სოლომონ II-ის ანტირუსულ განწყობილებას იმპერიული ხელისუფლება დიდხანს ვერ მოითმენდა, ამიტომაც მთავარმმართებელი ტორმასოვი აგრძელებდა სოლომონ II-ის შევიწროვებას. მათ შორის ურთიერთობა მკვეთრად გამწვავდა. ამასთან ერთად რუსეთი დასავლეთ საქართველოში ნელ-ნელა პოზიციებს იმაგრებდა. 1804 წელს მათ ყულევი დაიკავეს და ციხე-სიმაგრე რედუტ-კალე ააგეს. ამასობაში რუსეთის საიმპერატორო კარმა იმერეთის სამეფოს საკითხი გადაწყვიტა.
     1809 წელს რუსეთის ჯარი იმერეთის სამეფოში შევიდა და ქუთაისი დაიკავა, სოლომონ II-ემ ქალაქი დატოვა და ბრძოლისათვის მოემზადა. 1810 წელს, 20 თებერვალს, მთავარმმართებელმა ტორმასოვმა ქუთაისში იმერეთის სამეფოს ხელისუფლების გაუქმება საჯაროდ გამოაცხადა და მის მმართველად გენერალი სიმონოვიჩი დანიშნა. სოლომონ II-ის წინაარმდეგ ბროლაში ჩაებნენ იმერეთის და გურიის მთავრებიც. ბოლოს რუსებმა სოლომონ II მოტყუების გზით შეიპყრეს და თბილისში ჩამოიყვანეს. მაგრამ 1810 წელს სოლომონ II-ემ მოახერხა თბილისიდან გაქცევა და ახალციხის საფაშოში გადასვლა, მაგრამ მალე იმერეთში დაბრუნდა და სათავეში ჩაუდგა რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლას.
იმერეთის ძალები რუსეთის ძალებთან შედარებით სუსტი იყო. დაუცხრომელი მეფე და მისი მომხრენი დამარცხდნენ და თურქეთში გადაიხვეწნენ. იმერეთის სამეფოს ბედი საბოლოოდ გადაწყდა, იგი რუსეთის სამფლობელოდ იქცა. ახალციხეში მყოფ სოლომონ II-ეს მთავარმართებელმა ტორმასოვმა დესპანები გაუგზავნა და წინადადება მისცა დაბრუნებულიყო თბილისში, სადაც მას რუსეთის იმპერატორისაგან შეწყალება და პატივისცემა ელოდა. იმერეთის მეფემ შეწყალება არ მიიღო. ახალციხის საფაშოდან იგი საქართველოში აღარ დაბრუნებულა. 1815 წელს სოლომონ II ტრაპიზონში გარდაიცვალა. 1990 წელს სოლომონ II-ის ნეშტი  ტრაპიზონიდან ქუთაისში გადმოასვენეს და გელათის ტაძარში დაკრძალეს.
   იმერეთის პირველ მმართველად დაინიშნა გენერალი სიმონოვიჩი, ხოლო მის მოადგილედ, ანუ ვიცე-მმართველად _ ზურაბ წერეთელი. იმერეთი დაყვეს ექვს ოკრუგად, რომელთა სათავეში რუსი ოფიცრები იდგნენ. ქალაქ ქუთაისს კი რუსი ოფიცერი განაგებდა. ქუთაისში შეიქმნა რუსული სასამართლო, რომელიც მთელი იმერეთის სასამართლოს ფუნქციას ასრულებდა.
   იმერეთის სამეფოს გაუქმების შემდეგ დასავლეთ საქართველოს სამთავროებმა ფორმალური ავტონომიური უფლებები შეინარჩუნეს, თუმცა დროებით. რუსეთმა გურიის სამთავრო გააუქმა 1829 წელს, სამეგრელოს სამთავრო ფაქტიურად გააუქმეს _ 1857 წელს, ხოლო იურიდიულად _ 1867 წელს, როდესაც სამეგრელოს ტახტის მემკვიდრეს, ნიკო დადიანს უარი ათქმევინეს სამეგრელოს სამთავროს ტახტზე. იგივე ბედი ეწია სვანეთის სამთავროს 1859 წელს, ხოლო აფხაზეთს _ 1864 წელს.
   ქართული სახელმწიფოებრიობის გაუქმების შემდეგ ჯერი ეკლესიაზე მიდგა. 1811-1814 წლებში რუსეთის ხელისუფლებამ გააუქმა ეკლესიის ავტოკეფალია (ჯერ მცხეთის, ხოლო შემდეგ აფხაზეთის საკათალიკოსო). კათალიკოსი ანტონ II რუსეთში გაიწვიეს. ქართული ეკლესია რუსეთის სინოდის (1917 წლამდე რუსული მართლმადიდებლური ეკლესიის კოლეგიალური ორგანო) ნაწილი გახდა, რომლის სათავეშიც ეგზარქოსი იდგა. პირველ ეგზარქოსად რუსულმა მთავრობამ დანიშნა ქსნის ერისთავთა საგვარეულოს წარმომადგენელი ვარლამი, მის შემდეგ ეს თანამდებობა ერთი საუკუნის მანძილზე რუსებს ეკავათ.


- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -