Posted by : ლელა კაკაშვილი Monday 23 April 2018


ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმება რუსეთის მიერ

     1798 წელს, ერეკლე II-ის გარდაცვალების შემდეგ, ტახტი დაიკავა მისმა ძემ გიორგი XII-ემ (1798-1800 წწ) გიორგი გამეფებისას უკვე ავადმყოფი იყო. ავადმყოფ მეფეს დარეჯან დედოფალი (მისი დედინაცვალი) და ტახტის მემკვიდრე ნახევარძმები დაუპირისპირდნენ. ქართველი თავადები და აზნაურები ძირითადად ორ ჯგუფად დაიყვნენ ერთნი მხარს უჭერდნენ გიორგი XII-ის ძეს დავითს, მეორენი კი ერეკლე II-ის ძეს იულონს. სამეფო კარზე საგარეო პოლიტიკურ ორიენტაციასთან დაკავშირებითაც აზრები გაიყო. გიორგი XII რუსეთს ემხრობოდა, ხოლო მისი მოწინააღმდეგეები ირანს. მათ საპირისპიროდ არსებობდა ასევე მეტად მცირე ჯგუფი, რომელიც თვლიდა, რომ ქართლ-კახეთს უნდა ესარგებლა დიდ სახელმწიფოებს შორის არსებული წინაარმდეგობებით და მათ შორის მანევრირებით უნდა შეენარჩუნებინა დამოუკიდებლობა.
    1799 წლის ნოემბერში ქართლ-კახეთში რუსეთის ჯარის ერთი პოლკი შემოვიდა გენერალ ლაზარევის მეთაურობით. ამ ჯარს ჩამოჰყვა რუსეთის ოფიციალური წარმომადგენელი გიორგი XII-ის კარზე _ კოვალენსკი. 1800 წლის ნოემბერში ქართველებმა რუსეთის ჯარის მონაწილეობით ნიახურას ველზე დაამარცხეს ომარ-ხანი.
გიორგი XII-ის მთავარი საზრუნავი ის იყო, რომ ტახტი მის შთამომავლობას დარჩენოდა და მეფობა არ გადასულიყო მის ძმებზე. რუსეთი, რომელიც შესანიშნავად იყო ინფორმირებული ქართლ-კახეთის სამეფო კარზე მიმდინარე მოვლენების შესახებ, ასევე კარგად იყენებდა ერეკლე II-ის შვილებს შორის არსებულ დაპირისპირებას.
    რუსეთის იმპერატორმა პავლე I-მა (1796-1801 წწ) დააკმაყოფილა გიორგი XII-ის მოთხოვნა და ტახტის მემკვიდრედ მისი ძე დავითი დაამტკიცა. ამ ამბავმა გიორგი XII-ის ძმების აღშფოთება გამოიწვია. გიორგი XII-ემ ვიწრო წრესთან თათბირის შემდეგ გადაწყვეტილება მიიღო შეეცვალა ტრაქტატის გარკვეული მუხლები. კერძოდ, უფლება მიეცა რუსეთისათვის ჩარეულიყო ქართლ-კახეთის სამეფოს საშინაო სამეებში. ამის სანაცვლოდ მეფე გიორგი XII რუსეთისაგან გარანტიას ითხოვდა, რომ მეფობა მის შთამომავლობას დარჩენოდა. ეს გადაწყვეტილება თავად დავით გიორგის ძისათვისაც კი არ იყო ცნობილი.
    გიორგი XII-ის მცდელობას უკვე აზრი აღარც ჰქონდა, რადგან რუსეთის სამეფო კარზე ყველაფერი გადაწყვეტილი იყო. 1800 წლის 18 დეკემბერს პავლე I-მა ხელი მოაწერს მანიფესტს, რომლის მიხედვითაც უქმდებოდა ქართლ-კახეთის სამეფო და აღმოსავლეთ საქართველო უშუალოდ რუსეთის შემადგენლობაში შედიოდა. ეს დოკუმენტი საიდუმლოდ გადაეგზავნა გენერალ კნორინგს, რომელსაც მეფის გარდაცვალებამდე ის არ უნდა გამოეცხადებინა. 10 დღის შემდეგ, 1800 წლის 28 დეკემბერს გიორგი XII გარდაიცვალა. ქართლ-კახეთის უკანასკნელი მეფე სვეტიცხოველში დაკრძალეს.
   გიორგი XII-ის გარდაცვალებისთანავე გენერალმა ლაზარევმა შეკრებილ თავადებს განუცხადა, რომ ქვეყნის შემდგომ ბედს რუსეთის იმპერატორი გადაწყვეტდა. მომავალი მეფის საკითხს გენერალი საერთოდ არც შეხებია. ლაზარევის სიტყვას მისი თარჯიმანი თარგმნიდა, მაგრამ იქვე მდგარმა სოლომონ ლიონიძემ თავადებს განუცხადა: გენერალი დავით გიორგის ძეს მეფობას ულოცავსო. ამის გამო სოლომონ ლიონიძემ მკაცრი შენიშვნა მიიღო, რომ არ ჩარეულიყო იმ საქმეში, რაც მას არ ეხებოდა. შეკრების დამთავრების შემდეგ სოლომონ ლიონიძე დააპატიმრეს. მან გაქცევა მოახერხა და თავი იმერეთს შეაფარა.
   ამასობაში, 1801 წლის 18 იანვარს რუსეთში გამოქვეყნდა პავლე I-ის მანიფესტი. ქართლ-კახეთის სამეფოს დროებით გამგებლად დაინიშნა დავით გიორგის ძე. 1801 წლის 11 მაარტს შეთქმულებმა მოკლეს რუსეთის იმპერატორი პავლე I. შეთქმულების ერთერთი აქტიური მონაწილე იყო რუსეთის არმიის მომავალი გენერალი ვლადიმერ იაშვილი. ახალმა იმპერატორმ ალექსანდრე I-მა (1801-1825 წწ) კავკასიის ხაზის უფროსს კნორინგს დაავალა, გაერკვია ვითრება  ქართლ-კახეთის სამეფოში. კნორინგი ჩამოვიდა თბილისში, გადააყენა დავით გიორგის ძე და ქვეყნის მმართველად დანიშნა გენერალი ლაზარევი. კნორინგმა "შეისწავლა" ვითარება ქართლ-კახეთში და თავისი დასკვნა რუსეთის სახელმწიფო საბჭოს გააცნო. კნორინგის აზრით, ქართლ-კახეთს დამოუკიდელად არსებობა არ შეეძლო. სახელმწიფო საბჭოში ეს აზრი არ გაიზიარა მხოლოდ ორმა კაცმა, გრფმა კოჩუბეიმ  და გრაფმა ვორონცოვმა.
   შედგა ახალი მანიფესტი, რომელსაც ალექსანდრე I-მა ხელი მოაწერა 1801 წლის 12 სექტემბერს. ამ მანიფესტით გაუქმდა ქართლ-კახეთის სამეფო და აღმოსავლეთ საქართველო რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში შევიდა. ეს მანიფესტი მხოლოდ 1802 წლის 12 აპრილს წაუკითხეს სიონის ტაძრის ეზოში შეკრებილ ალყაშემორტყმულ ქართველებს.
   ქართლ-კახეთის უმაღლეს ხელისუფლებას სათავეში ედგა საქართველოს მთავარსარდალი, მას მთავარმმართველსაც უწოდებდნენ. პირველი მთავარმმართებელი იყო გენერალი კნორინგი. მთელი ქართლ-კახეთი დაიყო მაზრებად. სულ შეიქმნა 5 მაზრა: გორის, ლორეს, სიღნაღის, დუშეთისა და თელავის. მაზრებს სათავეში რუსი სამხედრო მოხელეები _ კაპიტან-ისპრავნიკები უდგნენ. ყოველ მაზრაში შეიქმნა სამაზრო პოლიცია და სამაზრო სასამართლო. სასამართლოში გაბატონდა რუსული ენა. ქალაქის მმართველობა დაეკისრათ კომენდანტებს
   რუსეთმა ფაქტობრივად მოახერხა ის, რასაც ბრძოლით ვერ ახერხებდნენ ირანი და თურქეთი. მან თითქმის ყოველგვარი გართულების გარეშე გააუქმა ქართლ-კახეთის სამეფო. ქართლ-კახეთის სამეფოს გაუქმება პირველ ყოვლისა შედეგი იყო ქვეყნის შინაგანი სისუსტისა, ასევე იმ არახელსაყრელი საერთაშორისო ვითარებისა, რომელიც მაშინ არსებობდა.
   რუსეთმა აღმოსავლეთ საქართველო იმპერიის უბრალო პროვინციად აქცია. ქართლ-კახეთმა თავისი სახელმწიფოებრიობა ვერ დაიცვა. მიუხედავად ბაგრატიონთა ოჯახის დიდი წინააღმდეგობისა, რუსებმა ისინი ძალით გადაასახლეს სამშობლოდან. გასახლებულთა შორის იყო ერეკლეს ცოლი _ დარეჯან დედოფალი, რომელიც უკვე სამოცდაათს გადასცდენოდა. დარეჯანი პეტერბურგში აღესრულა და იქვე დაკრძალეს. სამაგიეროდ რუსეთში წასვლაზე მტკიცე უარი განაცხადა გიორგი XII-ის მეუღლემ – დედოფალმა მარიამმა. გენერალი ლაზარევი დედოფლის საწოლ ოთახში შეიჭრა და მისი ძალით გამოყვანა მოინდომა. ამ ძალადობას რუსი გენერალი შეეწირა. იგი იქვე მოკლეს. მიუხედავად ამისა, მარიამი რუსეთში გადასახლებას მაინც ვერ გადაურჩა. 1803 წელს პეტერბურგში გადაასახლეს ქართლ-კახეთის ტახტის უშუალო მემკვიდრე დავით ბატონიშვილიც. 1804 ერლს იგივე ბედი ეწიათ იულონ და ფარნაოზ ბატონიშვილებს. მათი ხვედრი გაიზიარეს  ბაგრატიონთა სამეფო სახლის სხვა წარმომადგენლებმაც, როგორც ქართლ-კახეთში, ასევე იმერეთშიც.
   დასრულდა ქართლ-კახეთის სამეფოს არსებობის ისტორია, ხოლო რუსეთმა კავკასიაში გაბატონება დაიწყო. ქართველი ერი არასოდეს შეჰგუებია თავისუფლების დაკარგვას. გრძელდებოდა ბრძოლა დამოუკიდებლობისათვის.

- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -