Posted by : ლელა კაკაშვილი
Monday 16 April 2018
ერეკლე II (1744-1798 წწ) რეფორმები
1761 წელს თეიმურაზ II რუსეთში გაემგზავრა დახმარების სათხოვნელად და იქვე გარდაიცვალა 1762 წელს. ის დაკრძალულია ასტრახანში ვახტანგ VI-ის გვერდით. ქართლ-კახეთის მეფე 1762 წლიდან გახდა ერეკლე II, რომელმაც დაიწყო რეფორმების განხორციელება.
1.დასაჯა და დაიმორჩილა ურჩი თავადები _ ქართლის თავადების ერთმა ნაწილმა მეფის წინააღმდეგ შეთქმულების მომზადება დაიწყო. შეთქმულებს ერეკლეს ნაცვლად ვახტანგ VI-ის უკანონო შვილის პაატა ბატონიშვილის აყვანა უნდოდათ. პაატა თავის დროიათვის საკმაოდ განათლებული პიროვნება და, როგორც ჩანს რუსული ორიენტაციის მოწინააღმდეგე იყოს. შეთქმულება შემთხვევით გამჟღავნდა 1765 წელს. შეთქმულები სასტიკად დასაჯეს: პაატა ბატონიშვილი სიკვდილით დასაჯეს, თავად ციციშვილს ენა მოაჭრეს, ხოლო შეთქმულების ყველაზე ახალგაზრდა წევრს ალექსანდრე ამილახვარს ცხვირი მოაჭრეს და კოჭის ძარღვები გადაუჭრეს.შეთქმულთა ესოდენ მკაცრი დასჯა იმიტ იყო განპირობებული, რომ სასჯელი სამაგალითო ყოფილიყო მეფის ყველა მოწინააღმდეგისათვის;
2. დაასახლა შემოსევების შედეგად აოხრებული სოფლები;
3. აკრძალა ტყვეებით ვაჭრობა;
4. დაიწყო მმართველობის ევროპულად გარდაქმნა და ამ მიზნით ჩამოაყალიბა “საგარეო საქმეთა”, “სახელმწიფო შემოსავლისა” და “სამხედრო საქმეთა” უწყებები.
5. ერეკლე II ენერგიულ ღონისძიებებს მიმართავდა მრეწველობის განვითარებისათვის, რის შედეგადაც ამუშავდა: მინის, აგურის, საპნის, თოფ-იარაღის საწარმოები. ახტალასა და ალავერდში (ახლა ორივე სომხეთშია), ხდებოდა ვერცხლისა და სპილენძის მოპოვება და გამოდნობა. ამ მიზნით მეფემ დაახლოვებით 2 000-მდე ბერძენი გადმოასახლა ანატოლიიდან, რადგან მათ იცოდნენ მადნის მოპოვება და დამუშავება. ამ საწარმოებში გამოიყენებოდა დაქირავებული შრომა, ე.ი. წარმოადგენდა მანუფაქტურებს, სადაც ხდებოდა შრომის დანაწილება, რაც ამაღლებდა წარმოების ნაყოფიერებას.
6. განაახლა ზარაფხანა, სადაც იჭრებოდა ვერცხლისა და სპილენძის ფული. თბილისის იქცა მნიშვნელოვან სავაჭრო ცენტრად. დასავლეთ საქართველოში გაიზარდა ქუთაისის სავაჭრო-ეკონომიკური მნიშვნელობა. ჩამოყალიბდა მდიდარ ვაჭართა ფენა. ასე, რომ ერეკლე II-ის ეპოქაში ტრადიციული აღმოსავლური სავაჭო ურთიერთობების გვერდით ჩნდება წინარეკაპიტალისტური სისტემისათვის დამახასიათებელი პირველი ნიშნებიც;
7. ერეკლე II-ის ეპოქაში დიდი ყურადღება დაეთმო განათლებას: გაიხსნა სასულიერო სემინარიები (თბისში, გორში და თელავში) და სკოლები. აღდგა სტამბა. თბილისი მნიშვნელოვან პოლიტიკურ-კულტურულ და სავაჭრო ცენტრად იქცა. მეფე ცდილობდა ქვეყნის მოდერნიზაციას, ამ მიზნით იგი ახალგაზრდებს აგზავნიდა ევროპასა და რუსეთში სასწავლებლად;
8. სამხედრო წარმატებებში დიდი მნიშვნელობა ჰქონდა 1774 წელს შექმნილ “მორიგე ჯარს”, რომელიც წარმოადგენდა რეგულარული არმიის შექმნის ცდას. მორიგე ჯარში უნდა ემსახურა ყველა წოდების სრულწლოვან მამაკაცს, წელიწადში ერთი თვის განმავლობაში, თავისი ხარჯითა და იარაღით. ხელმოკლე გლეხის უზრუნველყოფა იარაღითა და სურსათით ევალებოდა ბატონს. მორიგე ჯარში იკრიბებოდა 5 000 მეომარი, რომელსაც მეფის ვაჟი, ლევან ბატონიშვილი მეთაურობდა. ამ ღონისძიების შედეგად ერთერთი სერიოზული პრობლემა _ ლეკთა შემოსევები ნაწილობრივ მოგვარდა და მოსახლეობას სედარებით მშვიდი ცხოვრების საშუალება მიეცა. 1781 წელს მოულოდნელად გარდაიცვალა ლევან ბატონიშვილი და ამის შემდეგ მორიგე ჯარს შესაბამისი ყურადღება აღარ ექცეოდა და მალე ის ფაქტობრივად მოიშალა კიდეც.
9. ერეკლე II ცდილობდა ქვეყანაში უცხოური კაპიტალის მოზიდვასაც. ამ მიზნით XVIII საუკუნის 70-იან წლებში, მან კავშირი დაამყარა ინდოეთში, კერძოდ _ მადრასში მცხოვრებ ცნობილ სომეხ ვაჭართან და საზოგადო მოღვაწესთან _ ჩახმირ ჩახმირიანთან. ერეკლე II-ემ მას შესთავაზა საქართველოში დასახლება და ქართულ ეკონომიკაში ფულის დაბანდება.
მეფე ერეკლე II-ემ წარმატებული სამხედრო მოქმედებებით აღმოსავლეთ ამიერკავკასიაში უპირატესობის მოპოვება შეძლო. მის დაქვემდებარებაში რჩებოდა: ერევნის, განჯისა და ნახჩევანის სახანოები.
ერეკლე II-ის ეპოქაში მომწიფდა რუსეთის პროტექტორატის ქვეშ ქართულ-სომხური ერთიანი სახელმწიფოს შექმნის იდეაც, რომელიც ეკუთვნოდა ჩახმირ ჩახმირიანის ჯგუფს. ეს ჯგუფი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებდა სომეხი ხალხის განთავისუფლების საქმეში ერეკლე II-სთან კავშირს. ამიტომ იყო, რომ ისინი მიესალმნენ 1783 წელს რუსეთსა და საქართველოს შორის დადებულ ტრაქტატს. ჩახმირინმა კი ერეკლე II-ს საჩუქრებთან ერთად გამოუგზავნა ქართულ-სომხური სახელმწიფოსათვის ერთიანი გერბის ესკიზი, რომელიც წარმოადგენდა ჩახმირიანის პოლიტიკის სიმბოლურ გამოხატულებას, რომელიც მიზნად ისახავდა რუსეთის პროტექტორატის ქვეშ ქართულ-სომხური სახელმწიფოს შექმნას, რომელსაც სათავეში ერეკლე II ედგებოდა. მაგრამ 1795 წელს ირანელთა ახალი შემოსევის შედეგად ეს პროექტი სამუდამოდ დასამარდა.
მეფობის ბოლო წლებში, რგორც ჩანს ერეკლე II-ზე გარკვეული გავლენა მოუხდენია დარეჯან დედოფალს. სწორედ დარეჯანის ზეგავლენით უნდ მიეღო ერეკლეს ორი მეტად მნიშვნელოვანი, მაგრამ სრულიად გაუმართლებელი კანონი.
1. ერეკლე II-ემ 1791 წელს მიიღო კანონი ტახტის მემკვიდრეობის შესახებ, რომლის მიხედვითაც მეფობა უნდა გადასულიყო ძმიდან ძმაზე; ეს კანონი ერეკლეს ყველა ვაჟს აძლევდ უფლებას ტახტი მოეთხოვა. ეს კი სამეფოში მუდმივი არეულობის მიზეზი იქნებოდა;.
2. 1792 წელს ერეკლე მეფემ საუფლისწულოები გამოუყო თავის ვაჟებს. ასეთი საუფლისწულო სულ 6 იყო. ამით ფაქტობრივად დაიშალა ქართლ-კახეთის ერთიანობა, რადგანაც ბატონიშვილები საუფლისწულოებში ჩაიკეტნენ და აღარავის ემორჩილებოდნენ