Posted by : ლელა კაკაშვილი
Monday 16 April 2018
გეორგიევსკის ტრაქტატი
ქვეყნის მოდერნიზაციის მომხრე მეფე მუდმივად განაგრძობდა ევროპაში მოკავშირის ძიებას (მაგ: ელჩობები ავსტრიაში) თუმცა უშედეგოდ. თავის მხრივ, რუსი დიპლომატები აქტიურობდნენ და ცდილობდნენ ერეკლეს დათანხმებას პრორუსულ ორინტაციაზე. მეფემ არჩევანი ქრისტიანულ და ირან-ოსმალეთთან შედარებით პროგრესულ რუსეთზე გააკეთა. იგი იმედოვნებდა მშვიდობისა და უსაფრთხოების მიღწევას და სახელმწიფოს ევროპულადაც გარდაქმნას.
რუსეთი თავის მხრივ მოხარული იქნებოდა, თუ სამხრეთ კავკასიაში პლაცდარმს შეიქმნიდა და უბრძოლველად გადმოლახავდა კავკასიის ქედს. ორმხრივი დაინტერესება აშკარა იყო, მაგრამ რუსეთს სურდა საქმე ისე წარმოეჩინა, რომ ხელშეკრულების დადების ინიციატორი ერეკლე II ყოფილიყო. 1782 წლის 21 დეკემბერს, რუსებისავე რჩევით, ერეკლემ ოფიციალური თხოვნით მიმართა ეკატერინე II-ეს ქართლ-კახეთის სამეფოს მფარველობაში მიღების შესახებ. შემუშავდა ხელშეკრულების, იგივე ტრაქტატის პროექტი, რომლის ტექსტი ეკატერინე II-ემ და ერეკლე II-ემ მოიწონეს.
1783 წლის 24 ივლისს ჩრდილოეთ კავკასიის ციხესიმაგრე გეორგიევსკში ტრაქტატს ხელი მოაწერეს: რუსეთის მხრიდან _ პავლე პოტიომკინმა და ქართლ-კახეთის მხრიდან _ იოანე მუხრანბატონმა და გარსევან ჭავჭავაძემ. ტრაქტატი სედგებოდა 13 ძირითადი და 4 სეპარატიული ანუ საიდუმლო მუხლისაგან:
1.ქართლ-კახეთის მეფე მხოლოდ რუსეთის პროტექტორატს ანუ მფარველობას აღიარებდა;
2.რუსეთის იმპერატორი და მისი მემკვიდრეები ერეკლეს აღუთქვამდნენ სამუდამო მფარველობას;
3.ქართლ-კახეთის ტახტზე ასული ახალი მეფე დაუყოვნებლივ აცნობებდა ამის შესახებ რუსეთის იმპერატორს და მისგან მიიღებდა სამეფო ნიშნებს;
4.ერეკლეს და მის მემკვიდრეებს უცხო ქვეყნებთან მიმოწერა უნდა შეეთანხმებინათ რუსეთთან;
5.ერეკლეს ეყოლებოდა თავისი წარმომადგენელი რუსეთში, ისევე, როგორც რუსეთს _ ქართლ-კახეთში;
6.ქართლ-კახეთის სამეფოს საშინაო საქმეებში რუსეთი არ ჩაერეოდა;
7.ერეკლე საჭიროების შემთხვევაში დაეხმარებოდა რუსეთს ჯარით. ამა თუ იმ პირის დაწინაურებისას ერეკლეს უნდა გაეთვალისწინებინა მისი დამსახურება რუსეთის წინაშე;
8.კათოლიკოსი ხდებოდა რუსეთის სინოდის წევრი და რუსეთის ეპისკოპოსებს შორის იჭერდა VIII ადგილს;
9.ქართველი თავადები და აზნაურები უთანაბრდებოდნენ რუსეთის თავადაზნაურობას;
10.ქართველებს უფლება ეძეოდათ გადასახლებულიყვნენ რუსეთში. გათავისუფლებული ქართველი ტყვეები თავისი შეხედულებისამებრ შეიძლება დარჩენილიყვნენ რუსეთში, ან დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში;
11.ქართველი ვაჭრები ისარგებლებდნენ რუსეთში ისეთივე უფლებებით, როგორც რუსები და პირიქით;
12.ხელსეკრულება იდებოდა სამუდამოდ;
13.ხელსეკრულების რატიფიკაცია უნდა მომხდარიყო 6 თვეში;
ძირითად მუხლებს თან ერვოდა 4 საიდუმლო ანუ სეპარატიული მუხლი:
1.ერეკლეს უნდა დაემყარებინა ნორმალური, მშვიდობიანი ურთიერთობა სოლომონ I-თან. მეფეებს ერთმანეთს შორის უთანხმოების შემთხვევაში უნდა მიემართათ რუსეთისათვის;
2.რუსეთს საქართველოში უნდა გამოეგზავნა 2 ბატალიონი და 4 ზარბაზანი;
3.ომის შემთხვევაში “კავკასიის ხაზის” სარდალს უნდა მიეღო ყველა ღონისძიება, რომ დაეცვა ქართლ-კახეთი მტრისაგან;
4.რუსეთი ეცდებოდა დაებრუნებინა ქართლ-კახეთისათვის მტისაგან მიტაცებული ქართული მიწები;
1784 წლის 24 იანვარს ტრაქტატის სარატიფიკაციო სიგელს ხელი მოაწერა ერეკლე II-ემ. ტრაქტატის რატიფიკაცია მოახდინა ეკატერინე II-მაც.
ერეკლე II იმედოვნებდა, რომ რუსეთის დახმარებით განამტკიცებდა სამეფო ხელისუფლებას, აღკვეთდა ლეკთა თარეშს, ირანისა და თურქეთისაგანაც საიმედოდ იქნებოდა დაცული და ბოლოს და ბოლოს საქართველოს გააერთიანებდა. მაგრამ ერეკლე ცდებოდა: რუსეთს, ისევე, როგორც საქართველოს დაპყრობის მსურველ ყველა ქვეყანას არ სჭირდებოდა ერთიანი და ძლიერი საქართველო. რუსეთს სჭირდებოდა სუსტი ქვეყანა, რომელსაც მის იქით გზა არ ექნებოდა.