Posted by : ლელა კაკაშვილი Saturday 7 April 2018


მონღოლთა მიერ საქართველოს დაპყრობა
   ჯალალ ად-დინის შემოსევებმა საქართველო მნიშვნელოვნად დაასუსტა, რამაც საქმე გაუადვილა მონღოლებს. როდესაც მონღოლები საქართველოს მოადგნენ, მათ დაუპირისპირდა არა ძლიერი სახელმწიფო, არამედ ქვეყანა, რომლის მმართველებმაც მონღოლთა წინააღმდეგ ბრძოლის რეალური გეგმაც კი ვერ შეიმუშავეს.
   რუსუდანი თბილისში ახალი დაბრუნებული იყო, როდესაც 1235 წელს მონღოლების შემოსევის ამბავი შეიტყო. მეფემ ნაცად ხერხს მიმართა: თავად ქუთაისში გაიხიზნა, ქალაქის დაცვა კი ციხისთავ მუხას ძეს დაავალა. ციხისთავმა ზუსტად შეასრულა მეფის ბრძანება: მტრის მოახლოებისთანავე ქალაქი გადაწვა და მიატოვა. მონღოლების წინააღმდეგ გენერალური ბრძოლის გამართვა ვერ მოხერხდა, რადგან ყველა თავის ციხე-სიმაგრეში ჩაიკეტა. დიდებულთა ნაწილმა კარს მომდგარ მონღოლებს ბრძოლის ნაცვლად მოლაპარაკებები გაუმართა. ამგვარ ვითარებაში მონღოლებმაც შესაფერისი ტაქტიკა აირჩიეს, ჯარი ცალკეულ ნაწილებად დაჰყვეს და სხვადასხვა მხარეს შეუსიეს. ერთადერთი, ვინც წინააღმდეგობა გაუწია მტერს ივანე-ყვარყვარე ჯაყელ-ციხისჯვარელი იყო. მაგრამ მის ბრძოლას სხვათა უმოქმედობის გამო აზრი არ ჰქონდა. ყვარყვარემ მეფეს დაზავების ნებართვა სთხოვა და დასტურის მიღების შემდეგ ბრძოლა შეწყვვიტა.
   მონღოლებთან დაზავება გადაწყვიტა თვით რუსუდანმაც, მით უმეტეს, რომ დახმარების იმედი არსაიდან ჩანდა. მან რომის პაპ გრიგოლ IX-საც მიმართა წერილით დახმარებისათვის, მაგრამ ამაოდ. 1240 წელს რომის პაპი რუსუდანს წერდა, რომ: დახმარებას ვერ გაუწევდა, რადგან ქართველები ტერიტორიულად შორს იყვნენ.
   ასეთ მძიმე ვითარებაში საქართველოს ელჩობა არსენ მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელის მეთაურობით ბათო-ყაენთან გაემგზავრა. ბათო ჩინგიზ-ყაენის შვილიშვილი იყო, რომლის დროსაც მონღოლებმა დაიმორჩილეს მთელი რუსეთი, პოლონეთი და უნგრეთი. სწორედ ბათომ შექმნა "ოქროს ურდო", რომლის დედაქალაქი თავდპირველად იყო სარაი-ბათუ ანუ დღევანდელი ასტრახანი, შემდეგ კი სარაი-ბერქე.
    1243 წელს საქართველომ ზავი დადო მონღოლებთან. ზავის თანახმად:
 1)საქართველოს მეფე აღიარებდა მონღოლთა ყაენის უზენაეს უფლებას; 
 2)აღმოსავლეთ საქართველოში, როგორც მონღოლებისაგან ომით დაპყრობილ ქვეყანაში, ქართულ ხელისუფლებასთან ერთად ჩადგებოდნენ მონღოლი მოხელეები და სარდლები ანუ ნოინები; 
3)დარბევას გადარჩენილი დასავლეთ საქართველო ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას;
4)საქართველოს დაეკისრა ყოველწლიურად მონღოლებისათვის 50 000 ოქროს პერპერის გადახდა და მონღოლთა ლაშქრობებში მონაწილეობა; 
5)საქართველოში მეფობის პრეტენდენტი უნდა დაემტკიცებინა მონღოლთა დიდ ყაენს.
   მონღოლებთან ზავის დადება შექმნილი ვითარებიდან ერთადერთი სწორი გამოსავალი იყო. სამეფო კარმა ამ ნაბიჯით შეინარჩუნა ქვეყნის ერთიანობა. თავიდნ აიცილა ის სისხლისღვრა, რაც შეიძლებოდა მოჰყოლოდა ბრძოლებს დასავლეთ საქართველოსათვის (მონღოლებს მარტო აღმოსავლეთ საქართველოს დასაპყრობად 7 წელი დასჭირდა). 
ზავის დადების შემდეგ რუსუდანი თბილისში დაბრუნდა და თავისი ძე დავითი, რომელიც მანამდე თანამოსაყდრედ დასვა ურდოში გაგზავნა ბათო ყაენთან მეფედ დასამტკიცებლად, მან კი ყარაყორუმში გაგზავნა დიდ ყაენ მანგუსთან. დავითს რამდენიმე წლის მანძილზე მოუწია ყარაყორუმში ყოფნა. ამასობაში მეფე რუსუდანი დასნეულდა და 1245 წელს გარდაიცვალა. ქვეყანა უმეფოდ დარჩა.





უმეფობის ხანა. კოხტასთავის შეთქმულება
   უმეფოდ დარჩენილ საქართველოში მონღოლებმა მართვის მათთვის ჩვეული წესი შემოიღეს. მათ ქვეყანა ცხრა დუმნად დაჰყვეს. დუმანი, როგორც უკვე ვიცით, მოსახლეობის ისეთი ოდენობაა, რომელსაც 10 ათასიანი ლაშქრის გამოყვანა შეუძლია. თითოეულ დუმანს სათავეში დიდმოხელე ქართველი დიდებული ჩაუყენეს: მონღოლთა ბაატონობა სულ უფრო და უფრო მძიმდებოდა. 1246 წლიდან მონღოლებმა დააწესეს ყოველი მეხუთე მამაკაცის ყოველწლიურად სალაშქროდ გაწვევა, რაც უმძიმეს მდგომარეობაში აგდებდა საქართველოს მოსახლეობას. უკვე შემდგომში მეფის, მთავრებისა თუ ვაზირების მონღოლთა ლაშქარში ხშირად გასვლის გამო ქვეყნის მართვის სადავეები შემთხვევით პირებს უვარდებოდათ ხელში.
   ქართველები არ აპირებდნენ ასე ადვილად შეგუებოდნენ თავისუფლების დაკარგვას. ჯავახეთში, კოხტასთავზე, შეიკრიბნენ: ეგარსლან ბაკურციხელი, ცოტნე დადიანი, შოთა კუპრი, ყვარყვარე ჯაყელი, ვარამ გაგელი, თორღვაი პანკელი და სხვები. მათი მიზანი დიდი აჯანყების მომზადება იყო. მონღოლებმა შეთქმულების შესახებ შეიტყვეს და მისი მონაწილეები დააპატიმრეს. გადარჩნენ მხოლოდ ცოტნე დადიანი და რაჭის ერისთავი კახაბერისძე, რომლებმაც ადრე დატოვეს შეკრება. დაპატიმრებულები ანისში წაიყვანეს, ხელ-ფეხი შეუკრეს, გააშიშვლეს, ტანზე თაფლი წაუსვეს და მზეზე დაყარეს. ცოტნე დადიანმა გაიგო ქართველი დიდებულების შეპყრობის ამბავი, მან ორი მსახური იახლა და ანისში წავიდა. ჟამთააღმწერელის გადმოცემით ცოტნემაც იგივე სასჯელი მოითხოვა თავისთვის. იგი მონღოლებს პასუხობდა, რომ მისი მეგობრები უდანაშაულონი იყვნენ და თუ მათი დასჯა იყო საჭირო, ისიც დასაჯელი ყოფილა. ასე, რომ ცოტნეს თავდადებამ 
1)ქართველლი ტყვეები იხსნა სიკვდილისაგან და 
2)საქართველო იხსნა მონღოლთა დამსჯელი ექსპედიციისაგან. 
  მართალია ეს შეთქმულება წარუმატებლად დასრულდა, მაგრამ ქართველმა დიდებულებმა მაინც სცადეს შემნილი მდგომარეობის გამოსწორება. კოხტასთავის შეთქმულება სავარაუდოდ უნდა 1246 წელს მომხდარიყო.



ორმეფობა. 
   ტახტის მემკვიდრის მონღოლებთან გამგზავრების შემდეგ დიდი დრო გავიდა, მაგრამ დავით რუსუდანის ძის შესახებ ქართველებს კვლავ არანაირი ცნობა არ ჰქონდათ. უმეფობის გაგრძელება აღარ შეიძლებოდა. დიდებულები უკვე ერთმანეთს უპირისპირდებოდნენ, მაგალითად ეგარსლან ბაკურციხელმა, რომელიც მონღოლთა სამსახურში ჩამდგარი შედარებით დაბალი წარმოშობის სამხედრო პირი იყო, პრეტენზია განაცხადა ქვეყნის ერთპიროვნულ განმგებლობაზე.
   ქართველმა დიდებულებმა დავით გიორგის ძე ყაენთან გააგზავნეს მეფედ დასამტკიცებლად. მონღოლთა ყაენთან ჩასულ დავით გიორგის ძეს იქ დახვდა თავისი მამიდაშვილი დავით რუსუდანის ძე, რომელიც უკვე დიდი ხანია მეფედ დამტკიცებას ელოდა. ამრიგად ყაენის კარზე ერთდროულად საქართველოს სამეფო ტახტის ორი პრეტენდენტი აღმოჩნდა. ორივეს თავისი არგუმენტები ჰქონდა და მეფედ დამტკიცებას ითხოვდა. ლაშა-გიორგის ძის მომხრეები ამბობდნენ, რომ მეფობა არ ეკუთვნოდა ქალის შვილს და ტახტზე გიორგი IV-ის მემკვიდრე უნდა ასულიყო. რუსუდანის ძის მომხრეები კი ხაზს უსვამდნენ იმას, რომ რუსუდანი, მართალია ქალი იყო, მაგრამ კანონიერ მეფედ ითვლებოდა და მის შვილსაც ტახტი კანონიერად უნდა რგებოდა. ლაშა-გიორგის ძე უკანონო შვილი იყო და რადგნ, ქართული სამართლის მიხედვით, დავით გიორგის ძეს მეფობა არ ეკუთვნოდა, მისმა მომხრეებმა ამ დავითს მონღოლური წესით გადაწყვეტა მოითხოვეს. მონღოლური კანონის მიხედვით მართალია ძმებს ერთდროულად შეიძლებოდა დაეკავებინათ  ყაენის ტახტი, ოღონდ ოთხ ყაენს შორის ერთი უნდა ყოფილიყო დიდი ყაენი.  მონღოლები კანონიერ და უკანონო შვილებს არ ასხვავებდნენ, მაგრამ უფროს-უმცროსობას დიდ პატივს სცემდნენ. 
   მონღოლებს რომ მოენდომებინათ ამ საკითხში გარკვევა, რა თქმა უნდა ამას შეძლებდნენ, მაგრამ მათთვის ხელსაყელი იყო საქართველოში ორი მეფის მმათველობა. ერთმანეთთან დაპირისპირებული პრეტენდენტები, ცხადია მშვიდობიანად ვერ იმეფებდნენ და ექნებოდთ მუდმივი კონფლიქტი. ეს კი დაასუსტებდა საქართველოს და დაქსაქსავდა მის ძალებს. ამიტომ, მათში გავცელებული წესის თანახმად, 1247 წელს ორივე უფლისწული საქართველოს მეფეებად დაამტკიცეს: დავით ლაშა-გიორგის ძე უწოდეს "ულუ" ანუ უფროსი (მისი სამეფო ნუმერაციაა დავით VII, რადგან იგი დავით რუსუდანის ძის შემდეგ ჩავიდა საყაენოში), ხოლო დავით რუსუდანის ძეს "ნარინი" ანუ უმცროსი, მისი სამეფო ნუმერაციია დავით VI, რადგან იგი პირველი ჩავიდა ურდოში. 1247 წელს ორივე მეფე თბილისში ჩამოვიდა. მონღოლთა იმედები არ გამართლდა, მეფეებს შორის დაპირისპირება და კონფლიქტი არ მომხდარა. 
მონღოლური საგადასახადო სისტემა
   სანამ მონღოლები დიდ დაპყრობით ომებს აწარმოებდნენ, მათი შემოსავლის ძირითად წყაროს სამხედრო ნადავლი და ალაფი წარმოადგენდა. XIII საუკუნის 50-იანი წლებისათვის კი დიდი დაპყრობითი ომების ეპოქა დასრულდა, შესაბამისად მონღოლებს შეუმცირდათ შემოსავალიც. მონღოლებმა გადაწყვიტეს მოეწესრიგებინათ საგადასახადო სისტემა. ამ მიზნით მათ ჩაატარეს აღწერა.
1254-1256 წლებში ხარკის დაწესების მიზნით მონღოლებმა მთელ საყაენოში მოსახლეობის მასობრივი აღწერა ჩაატარეს. საქართველო მონღოლთა სახელმწიფოს შემადგენლობაში "გურჯისტანის ვილაიეთის" სახელით ცალკე სამხედრო-ადმინისტრაციულ ერთეულად შევიდა. ვილაიეთებს მართავდნენ დიდი ყაენის მიერ დადგენილი მოადგილეები. გადასახადებისაგან გაათავისუფლეს ეკლესია, მოხუცები, ბავშვები და ქალები. ძირითადი მონღოლური ანუ "სათათრო" გადასახადები იყო:
1. მალი _ იყო ძირითადი გადასახადი, რომლის სინონიმებია "ხარკი" და "ხარაჯა". იხდიდნენ, როგორც ფულადად, ისე ნატურით. ეს გადასახადი წლიური შემოსავლის 60% აღწევდა.
2. ყაფჩერი _ ანუ "საბალახე" გადასახადი პირუტყვის ყოლისათვის. მონღოლები 100 სულ პიტურყვზე 1 სულს ახდევინებდნენ. ეს გადასახადი მოგვიანებით ფულადი გადასახადით შეიცვალა.
3. ყალანი _ იყო სამხედრო ბეგარა. საგადასახადო დავთარში, როგორც სამხედრო ძალა, შეიყვანეს 15-დან 60 წლმადე მამაკაცები. აღწერის შედეგად საქართველოში 9 სრულფუძიან კომლს უნდა გამოეყვანა ერთი მეომარი. ასეთი წესით საქართველოდან გადიოდა 90 000 მეომარი. ამ მონაცემების მიხედვით საქართველოს მოსახლეობა 5 მილიონი უნდა ყოფილიყო.   
   მონღოლები სულ ომობდნენ და ქართველებსაც მონაწილეობის მიღება უხდებოდათ ამ ომებში, ეს კი ბუნებრივია დიდ მსხვერპლს მოითხოვდა. ხშირად ქართველებს ძალიან ხანგრძლივად უხდებოდათ სამშობლოს დატოვება. 
   როგორც უკვე ავღნიშნეთ მონღოლებმა ეკლესია გაათავისუფლეს გადასახადებისაგან (ისევე, როგორც სომხური ეკლესია და მაჰმადიანური მეჩეთი). სასულლიერო წოდება ქონებრივად უფრო დაცული აღმოჩნდა. ამიტომ მეფის ხელისუფლებამ, რომელიც მსხვილ ფეოდალებს სათანადოდ ვერ აკონტროლებდა, დაიწყო ეკლესიისათვის მიწების ჩამორთმევა და ერთგული პირებისათვის გადაცემა. ამან სასულიერო ფენა ძალიან შეაშფოთა და ისინი დავით ულუს ამ პროცესის შეჩერებას სთხოვდნენ, წინააღმდეგ შემთხვევაში ეკლესიების დახურვითა და მღვდელმსახურების შეწყვეტით იმუქრებოდნენ. თუმცა ამას მეფეზე გავლენა არ მიუხდენია და საეკლესიო მიწების “გამოწირვა” კვლავ გრძელდებოდა.


აჯანყებები მონღოლთა წინააღმდეგ. ილხანთა საყაენოს შექმნა.
   როგორც  უკვე ავღნიშნეთ მონღოლთა მიერ დაწესებული გადასახადები მძიმე ტვირთად დააწვა მოსახლეობას. თავდაპირველად გადასახადებს ადგილობრივი ფეოდალები კრეფდნენ, მაგრამ შემდეგ ეს საქმე მონღოლ მოხელეებს _ ბასკაკებს დაევალათ, რომლებიც საგადასახადო წესების და ვადების დაუდგენლობის გამო ცდილობდნენ რამდენჯერმე აეკრიფათ ერთიდაიგივე გადასახადი. 
   მონღოლთა მიერ ქვეყანაში შექმნილ გაუსაძლის პირობებს მოჰყვა დავით VI ნარინის აჯანყება 1259 წელს (არსებობს მოსაზრება, რომ დავით ნარინი აჯანყდა 1249 წელს). მან დაამარცხა საქართველოში მყოფი მონღოლთა, მაგრამ მიხვდა, რომ მონღოლების წინაარმდეგ ბრძოლას დიდხანს ვერ შეძლებდა და დასავლეთ საქართველოში გადავიდა. მეფემ ქუთაისს შეაფარა თავი. ფაქტიურად ამ დროიდან საქართველოს სამეფო ორად გაიყო. ორად გაიყო ხაზინაც. დავით ნარინი ლიხთიმერეთის მეფედ დაჯდა.
   1260 წელს აჯანყდა დავით VII ულუ. მან უარი განაცხადა ხლებოდა ქართული ლაშქრით ყაენს ეგვიპტის წინააღმდეგ საბრძოლველად. მას მხარი მხოლოდ სარგის ჯაყელმა დაუჭირა. მონღოლებმა კიდევ ერთხელ დაარბიეს ქვეყანა. დავით ულუმაც დასავლეთ საქართველოს შეაფარა თავი, სადაც მონღოლებს შეღწევა უჭირდათ. დავით ნარინის და დავით ულუს დამარცხების უმთავრესი მიზეზი ის იყო, რომ ქართველი მეფეები შეუთანხმებლად მოქმედებდნენ, ქუთაისში ერთდროულად ორი მეფე აღმოჩნდა. აღმოსავლეთ საქართველოში მონღოლებმა დასვეს მათთვის სანდო პირი, სომეხი შადინი, მისთვის ქვეყნის გამგებლის წოდების მინიჭებასაც კი აპირებდნენ, რაც აღმოსავლეთ საქართველოს დამოუკიდებლობის მოსპობის ტოლფასი იყო. ასეთ პირობებში დავით ულუმ მონღოლებთან შერიგება გადაწყვიტა და სარგის ჯაყელთან ერთად ჰულაგუ ყაენს ეახლა. ყაენის წინაშე მთელი დანაშაული თავის თავზე აიღო სარგის ჯაყელმა. მონღოლები ალბათ სასტიკად დასჯიდნენ განდგომილებს, რომ არა ამ დროს არსებული ვითარება.
   როგორც ვიცით 1256 წელს ჩინგიზ-ყაენის შვილიშვილმა ჰულაგუმ თავი დამოუკიდებელ მმართველად გამოაცხადა. დიდი ყაენისაგან მან ოფიციალური აღიარება 1261 წელს მიიღო. სწორედ ილხანებს ემორჩილებოდა საქართველოც. ილხანებს თავიდანვე სასტიკი ბრძოლა ჰქონდათ ოქროს ურდოსთან. მათ შორის ბრძოლა ფაქტიურად აზერბაიჯანის დაპატრონებისათვის დაიწყო, მაგრამ მალე მის ორბიტაში საქართველოს მოექცა, რადგან ამ ბრძოლაში დიდი მნიშვნელობა ენიჭებოდა საქართველოს. ილხანებს სჭირდებოდათ ქართველთა სამხედრო ძალა, რათა ჩაეკეტათ ჩრდილოეთიდან სამხრეთ კავკასიაში გადმოსასვლელები. მონღოლებს ასევე სჭირდებოდათ პიროვნება, ვინც ქართველთა ლაშქარს სათავეში ჩაუდგებოდა. ასეთი კი მხოლოდ დავით ულუ შეიძლება ყოფილიყო. ამიტომ შეიწყალა დავით ულუ ჰულაგუმ.
   ქართველებს კიდევ ერთი მძიმე მოვალეობა დაეკისრათ: სიბაზე დგომა. სიბა იყო      გამაგრებული თავდაცვითი ზღუდე. სიბაზე მდგომ ქართველთა ლაშქარს ოქროს ურდო ჯარი უნდა შეეჩერებინა. დავით ულუს ბრძოლა  მოუხდა საქართველოში შემოჭრილ ოქროს ურდოს ყაენ ბერქასთან. მიუხედავად იმისა, რომ ბერქე-ყაენს თბილისი არ აუღია, მან მაინც გამოუსწორებელი ზარალი მოუტანა საქართველოს. სიბაზე უმძიმესი პირობები იყო შექმნილი. გავრცელებული იყო ეპიდემიური დაავადებები (მუცლის ტიფი...), რასაც 1270 წელს თვით მეფე დავით ულუ და მისი ვაჟი გიორგი უფლისწულიც კი ემსხვერპლნენ.


- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -