Posted by : ლელა კაკაშვილი
Monday, 16 April 2018
ვახტანგ VI. ჯანიშინი _ 1703-1714წწ; ქართლის მეფე _ 1716-1724 წწ;
საშინაო და საგარეო პოლიტიკა
XVII საუკუნის შუა ხანებიდან ქართლსა და კახეთში ირანელების მიერ დანიშნული მუსლიმი მმართველები ისხდნენ. ქართლის მმართველები კვლავ ბაგრატიონთა სახლის წარმომადგენლები იყვნენ და მათ “გურჯისტანის ვალი” ერქვათ, ხოლო კახეთი ირანელებმა სპარსელ ხანებს ჩააბარეს.
ქართლის მეფეებს, როგორც ირანის ვასალებს, ხშირად უწევდათ თავისი ქვეყნის გარეთ მონაწილეობის მიღება ირანისათვის წარმოებულ ბრძოლებში. ხშირად ქართველი მეომრები სამშობლოშიც ვეღარ ბრუნდებოდნენ. მაგალითად, ქართლის მეფე გიორგი XI, იგივე შაჰ-ნავაზ II (ვახტანგ V-ის ანუ შაჰ-ნავაზ I-ის შვილი) თავისი რაზმებით ავღანელების წინააღმდეგ იბრძოდა და როგორც ირანის ჯარების მთავარსარდალი (სპასალარი), 1703 წელს ავღანეთის მმართველად (ყანდაარის ბეგლარბეგად) დატოვეს, ქართლში კი მეფის მოადგილედ ე.ი. "ჯანიშინად" დაინიშნეს მისი ძმისშვილი (ლევანის შვილი) ვახტანგი, შემდეგში ვახტანგ VI.
ვახტანგი კარგად სარგებლობდა ირანის სისუტითა და შაჰის კარზე თავისი უახლოესი ნათესავების გავლენით. ამან საშუალება მისცა ვახტანგ VI-ეს აქტიური პოლიტიკის გატარება დაეწყო. იგი ხელს უწყობდა ვაჭრობის განვითარებას, გაჰყავდა სარწყავი არხები და გზები. განსაკუთრებით აღსანიშნავი ღონისძიება იყო ე.წ. "მყრელობა" _ ომიანობის შედეგად გახიზნული გლეხების მიწაზე დაბრუნება, რასაც დიდი მნიშვნელობა ჰქონდა ქვეყნის ეკონომიკისათვის.
ვახტანგმა 1705 წელს, მოიწვია საეკლესიო კრება, რომელმაც ქართლის კათალიკოსად, ვახტანგის ძმა, დომენტი აირჩია, რომელიც აქტიურად ედგა მეფეს მხარში. ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერების მიზნით მეფემ შექმნა ე.წ. "მცველთა ჯარი", რომელიც მიმართული იყო მსხვილი ფეოდალების წინააღმდეგ. ქართლის სამეფოს ჩრდილოეთის საზღვრების დაცვის მიზნით ვახტანგმა ჯერ დვალეთში ილაშქრა, შემდეგ _ ოსეთში. მეფემ დაიმორჩილა ქსნისა და არაგვის ერისთავები, რომლებიც ხშირად ეურჩებოდნენ სამეფო ხელისუფლებას.
გიორგი XI-ის (1709 წ) ავღანეთში დაღუპვის შემდეგ ქართლის ტახტი პარსელებმა გადასცეს გიორგი XI-ის ძმის შვილს ქაიხოსროს, რომელიც ასევე ავღანელებთან ბრძოლაში დაიღუპა 1711 წელს. ქაიხოსრო ვახტანგ VI-ის უფროსი ძმა იყო, ქაიხოსროს ავღანელებთან ბრძოლაში დაღუპვის შემდეგ "გურჯისტანის ვალის" ტახტი თავისუფალი აღმოჩნდა. შაჰის არჩევანი ვახტანგზე შეჩერდა. 1712 წელს ქართლის "ჯანიშინი" ქართლის ტახტზე დასამტკიცებლად ისპაჰანში გაემგზავრა. მას დიდი ამალა გაჰყვა. შაჰმა ვახტანგს ისლამის მიღება მოსთხოვა, ვახტანგს კი სარწმუნოების შეცვლა არ სურდა. ვახტანგი დაატყვევეს და ქირმანს გაგზავნეს, ქართლი კი მის გამაჰმადიანებულ ძმას, იესეს, იგივე ალი ყული-ხანს გადასცეს.
ქართველებმა ვახტანგის საქართველოში დაბრუნების საკითხის მოგვარება ევროპის საშუალებით სცადეს, სადაც სპეციალურად გაიგზავნა ვახტანგ VI-ის აღმზრდელი და მრჩეველი, ბერი და საზოგადო მოღვაწე სულხან-საბა ორბელიანი. 1714 წელს სულხან-საბა ლუი XIV-მ მიიღო ვერსალში. საქართველოს ელჩმა დიდი შთაბეჭდილება მოახდინა საფრანგეთის სამეფო კარზე. სულხან-საბას განცხადებით, ქართველები მზად იყვნენ მიეღოთ კათოლიკობა, თუკი ევროპა მათ დაიცავდა მუსლიმი მეზობლებისაგან. იმავე წელს სულხან-საბა რომში ჩავიდა და პაპ კლემენტი XI-ს შეხვდა.
მიუხედავად ამ სირთულეებისა, სულხან-საბა ორბელიანის ევროპული მოგზაურობა შეიძლება წარმატებულადაც ჩაითვალოს იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ სულხან-საბასთან და ვახტანგ VI-სთან დაახლოვებული კათოლიკე ბერი ჟან რიშარი საფრანგეთის სამეფო კარმა აღჭურვა სარეკომენდაციო წერილებით და დაავალა კონსულის მოვალეობის შესრულება საქართველოში. ქვეყანაში უნდა ჩამოსულიყო კათოლიკე მისიონერთა ჯგუფიც. სულხან-საბა ორბელიანი მისიონერებს კონსტანტინოპოლში ელოდებოდა, მაგრამ მალე გეგმები შეიცვალა, კერძოდ, 1715 წელს გარდაიცვალა ლუი XIV. გარდა ამისა ოსმალეთის ხელისუფლებამაც უარი განაცხადა კათოლიკეთა ეს მისია ქვეყნის ტერიტორიაზე გაეტარებინა. საფრანგეთმა ასეთ შემხვევაში თავი აარიდა ურთიერთობის გართულებას ოსმალეთთან და აღნიშნული გეგმებიც დავიწყებას მიეცა. ამდენად, ევროპასთან კავშირის დამყარების კიდევ ერთი ცდა, საბოლოო ჯამში, უშეეგოდ დასრულდა.ევროპაში უშედეგო ელჩობის შემდეგ, 1716 წელს, ვახტანგ VI იძულ ებული გახდა ისლამი მიეღო, რათა ქართლის მეფე გამხდარიყო, მაგრამ 1719 წელს, სამშობლოში დაბრუნებისთანავე, ისევ ქრისტიანობას დაუბრუნდა.
მიუხედავად ამისა, ვახტანგი ცდილობდა, დახმარებისათვის ქრისტიანული ქვეყნისათვის მიემართა. მან უარყო როსტომ მეფის მიერ შემუშავებული საგარეო-პოლიტიკური კურსი, ე.წ. "კომპრომისული" პოლიტიკა ირანთან და ამჯერად მეფემ არჩევანი რუსეთზე შეაჩერა. ამ დროს რუსეთის ტახტზე იჯდა პეტრე I, რომლის დროსაც რუსეთი ევროპეიზაციის გზას დაადგა.
რუსეთის იმპერიის პოზიციების განსამტკიცებლად და კასპიის ზღვისპირეთში გამავალი სავაჭრო გზების ხელში ჩასაგდებად, 1722 წელს დასუსტებული ირანის წინააღმდეგ დაიწყო ლაშქრობა და ამის შესახებ ვახტანგ VI-ეს აცნობა. რუსეთთან სამხედრო კავშირის დამყარების საკითხი განიხილეს ქართლის სამეფო დარბაზის სხდომაზე. ამ კრებას დარბაზის ყველა წევრი არ ემხრობოდა. დიდებულთა უმრავლესობამ ირანის წინააღმდეგ ომს მხარი არ დაუჭირა.
ვახტანგ VI-ემ ოსმალეთსა და რუსეთს შორის არჩევანი რუსეთის სასარგებლოდ გააკეთა, თუმცა შეცდა. რუსეთი მხოლოდ საკუთარი ინტერესების მიხედვით მოქმედებდა. ირანელთა ბატონობისაგან ქართლის განთავისუფლება იმხნად არ შედიოდა რუსეთის ინტერესებში, რადგან ეს ირან-ოსმალეთთან დაპირისპირებას გამოიწვევდა. ამისათვის კი რუსეთი მზად არ იყო. რუსებმა დაიკავეს დარუბანდი, მაგრამ ლაშქრობა აღარ გააგრძელეს. ვახტანგ VI-ემ კი ვერ გაბედა დამოუკიდებლად დაეწყო სამხედრო მოქმედებები.
1723 წელს, ირანის შაჰ თამაზის ბრძანებით, კახეთის მეფე კონსტანტინე II-ემ ლეკთა დაქირავებული ლაშქრით თბილისი აიღო. თურქებმა კი ჩათვალეს, რომ ვახტანგი მათ ატყუებდა და 1724 წელს ქართლი დაიკავეს. ამავე წელს, 1724 წელს, კონსტანტინოპოლში დაიდო რუსეთ-თურქეთის შეთანხმება, ე.წ. "განაწილების ხელშეკრულება", რომლის მიხედვითაც თურქეთი ცნობდა კასპიისპირეთის რუსეთთან შეერთებას, ხოლო რუსეთი უარს ამბობდა მთელი ირანის დაპყრობის სურვილზე. პეტრე I კი თურქეთის მიერ აღმოსავლეთ საქართველოს, აღმოსავლეთ სომხეთის და ირანის ჩრდილო-დასავლეთის ნაწილის დაპყრობას აღიარებდა.
ასეთ ვითარებაში, 1724 წელს ვახტანგ VI თავის 1200 კაციან ამალასთან ერთად იძულებული გახდა რუსეთში გადახვეწილიყო. ქართველთა ამალა მოსკოვთან ახლოს, ვსეხსვიატსკოეში დასახლდა. პეტრე I-ს ვახტანგ VI-ის მიღებაც კი არ სურდა. ვახტანგს პეტერბურგში ცივად ეპყრობოდნენ მანამ, სანამ კვლავ არ გართულდა რუსეთ_ირანის ურთიერთობები. ვახტანგ VI გარდაიცვალა 1737 წელს, დაკრძალულია ასტრახანში.
ვახტანგ VI-ის კულტურულ-საგანმანათლებლო მოღვაწეობა
ვახტანგ VI-ის მმართველობის ხანაში მნიშვნელოვნად გამოცოცხლდა ქართლის ინტელექტუალური ცხოვრება. თავად მეფე იყო პოეტი, კრიტიკოსი და მთარგმნელი. დაინტერესებული იყო ფილოსოფიით, ასტრონომიითა და ქიმიით.
მეფე განსაკუთრებით ზრუნავდა ქართული საისტორიო მწერლობის განვითარებისათვით. მისი ინციატივით და ბერი ეგნატაშვილის მეთაურობით შეიქმნა “სწავლულ კაცთა” კომისია, რომელსაც “ქართლის ცხოვრების” რედაქტირება, გამართვა და XIV-XVII სს-ის საქართველოს ისტორიის შედგენა დაევალა.
ვახტანგ VI-მ 1709 წელს თბილისში პირველი ქართული სტამბა დაარსა. ამ სტამბაში პირველად დაიბეჭდა “სახარება” , ხოლო _ 1712 წელს კი “ვეფხისტყაოსანი”, უნდა აღინიშნოს, რომ პირველი ქართული წიგნი დაიბეჭდა რომში 1629 წელს _ ეს იყო ქართულ-იტალიური ლექსიკონი, რომელიც შეადგინეს ნიკიფორე ირბახმა (ჩოლოყაშვილმა) და სტეფანო პაოლინიმ.
ვახტანგ VI-ემ თბილისში სტამბის მოწყობა მოახერხა რუმინეთის პატრიარქის ანთიმოზ ივერიელის, რომელიც წარმოშობით ქართველი იყო, ის რუმინეთის ეკლესიის მიერ წმინდანად არის შერაცხული. ანთიმოზ ივერიელმა საქართველოსი გამოგზავნა თავისი მოსწავლე მიხაი იშტვანოვიჩი.
განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ვახტანგ VI-ის მიერ შემუშავებულ კანონთა კრებულს, რომელსაც “დასტურლამალი” ანუ გარიგება, შეთანხმება ეწოდა. ეს ახალი საკანონმდებლო შეთანხმებანი მიზნად ისახავდა სამეფო კარზე არსებული მოხელეთა მოვალეობების ქცევისა და ურთიერთობის წესების რეგულირებას.
ვახტანგ VI-ეს თავისი მმართველოს პირველ წლებში შეუკრებია ძველი ქართული და უცხოური (ებრაული, ბერძნული, სომხური) სამართლის წიგნები, ერთ კრებულად შეუკრავს, თან დაურთავს სამეფო დარბაზის მონაწილეობით შედგენილი საკუთარი სამართლის წიგნი და მისთვის უწოდებია “სამართალი ბატონიშვილი ვახტანგისი”, რომელშიც დეტალურადაა მოცემული მეფე-მთავრების უფლება-მოვალეობები, საგლეხო საგადასახადო და სხვადასხვა მიწების და ტყეებით სარგებლობის უფლებები.
ვახტანგ VI-ის დროს დიდი ყურადღება ექცეოდა საგანმანათლებლო საქმესაც. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩევა სულხან-საბა ორბელიანის იგავ-არაკების კრებული “სიბრძნე-სიცრუისა”, რომელშიც მეფის აღზრდის მეთოდებია გადმოცემული. სუხან-საბას ასევე ეკუთვნის “სიტყვის კონა” _ ქართული ენის პირველი განმარტებითი ლექსიკონი. XVIII საუკუნის I ნახევარში განვითარების ახალ საფეხურზე ავიდა ქართული მწერლობა. ვახტანგ VI-ემ და სულხან-საბა ორბელიანმა ქართულად თარგმნეს ძველი სპარსული იგავ-არაკების კრებული “ქილილა და დამანა”.