Posted by : ლელა კაკაშვილი
Monday 16 April 2018
გიორგი სააკაძე. ქეთევან წამებული.
მარტყოფისა და მარაბდის ბრძოლები, ბაზალეთის ბრძოლა
ბაგრატ-ხანის გარდაცვალების შემდეგ, 1619 წელს, შაჰმა ქართლის მმართველად მისი ძე სვიმონ-ხანი დანიშნა და მისი მცირეწლოვნობის გამო მეურვედ დაუნიშნა გიორგი სააკაძე. ქართლის ფაქტობრივი მმართველი იყო გიორგი სააკაძე. იგი იმ ხანების მნიშვნელოვანი პოლიტიკური და სამხედრო ფიგურა გახდა. ის იყო თბილისის, ცხინვალისა და დვალეთის მოურავი. სააკაძემ ახალგაზრდობისთანავე გამოიჩინა თავი, როგორც ნიჭიერმა მხედართმთავარმა.
ჯერ კდევ 1609 წელს ქართლში ოსმალთა ჯარი შემოიჭრა. ლუარსაბ II მცირე ამალით ცხირეთის ციხეში (ქვემო ქართლი) იმყოფებოდა. ოსმალებმა ეს შეიტყვეს და მეფის დატყვევება განიზრახეს. სოფელ კველთაში მათ მღვდელი თევდორე შეიპყრეს და ცხირეთისაკენ გზის ჩვენება მოსთხოვეს. თევდორემ მტერი სულ სხვა მიმართულებით ატარა და მეფის სამყოფელს დააშორა. როცა ოსმალები ყველაფერს მიხვდნენ, თევდორე ჯერ სასტიკად აწამეს, შემდეგ კი თავი მოჰკვეთეს. თევდორეს გმირობამ ლუარსაბ II-ს საშუალება მისცა დრო მოეგო.
თბილისის მოურავმა გიორგი სააკაძემ ჯარი შეკრიბა და სხერტის ჭალაში მტერს შეებრძოლა და დაამარცხა ისინი. ოსმალებმა გზა გააგრძელეს. ამასობაში გიორგი სააკაძემ მტერს ახალციხისაკენ მიმავალი გზა მოუჭრა და აიძულა ბრძოლაში ჩაბმულიყვნენ. 1609 წელს ტაშისკართან ბრწყინვალე მანევრით დაამარცხა ქართლში შემოჭრილი მრავალრიცხოვანი ოსმალთა არმია. ამით მეფე ლუარსაბ II დატყვევებას, ხოლო ქართლი აოხრებას გადაარჩინა.
მოგვიანებით ძლიერ თავადებთან დაპირისპირების გამო ის იძულებული გახდა, ქვეყანა დაეტოვებინა და სპარსეთში გადახვეწილიყო. იქ მან მუსულმანობა მიიღო. გიორგი სააკაძე ირანშიც აქტიურად მოღვაწეობდა სამხედრო ასპარეზზე და არაერთი გამარჯვება მოუტანა ირანის არმიას.
კახეთიდან ლტოლვილი თეიმურაზ I კი ყოველნაირად ცდილობდა, ქვეყანაში მდგომარეობა გამოესწორებინა. თეიმურაზმა რუსეთში გაგზავნა ელჩები, მაგრამ უშედეგოდ. მეფის გაუტეხელობით განრისხებულმა შაჰმა შური მის შვილებზე იძია _ ლევანი და ალექსანდრე დაასაჭურისეს.
შაჰ-აბას I-მა გადაწყვიტა ერთხელ და სამუდამოდ გადაეწყვიტა ქართველების საკითხი. მან ჯერ ქართველების მორალური გატეხა გადაწყვიტა და ლუარსაბ II-ეს გამაჰმადიანება მოსთხოვა. უარის მიღების შემდეგ 1622 წელს ლუარსაბი ციხეში მოაშთობინა. შემდეგ შაჰმა გამაჰმადიანება მოსთხოვა ქეთევან დედოფალს. ქეთევან დედოფალი დიდი ავტორიტეტით სარგებლობდა ხალხში. შაჰმა იცოდა, თუკი დედოფალი გამაჰმადიანდებოდა, ეს ირანის უდიდესი გამარჯვება იქნებოდა. მრისხანე შაჰმა ვერაფრით აიძულა ქეთევან დედოფალი გამაჰმადიანებულიყო. 1624 წლის 12 სექტემბერს ქეთევან დედოფალი შირაზში სასტიკად აწამეს. მისმა მოწამეობრივმა აღსასრულმა დიდი გამოხმაურება ჰქონდა ქრისტიანულ სამყაროში. პორტუგალიაში, ერთერთი ტაძრის კედელზე არის ქეთევანის წამების ფრესკა.
1625 წელს შაჰ-აბასმა საქართველოს წინაარმდეგ ახალი ჯარი გამოგზავნა. მას სათავეში წარმოშობით სომეხი, გამაჰმადიანებული ყარჩიხა-ხანი ჩაუყენა. მას შაჰისაგან დავალებული ჰქონდა კახელების სრული ამოწყვეტა, ქართლელების აყრა და ირანში გადასახლება. სადამსჯელო ექსპედიციის სარდალი გიორგი საკაძეც იყო. შაჰი ქართველების ხელითვე აპირებდა ქართველების დამარცხებას. აბასი ქართველებს ბოლომდე არ ენდობოდა, ამიტომ თავისთან მძევლად დაიტოვა გიორგი საკაძის ვაჟი პაატა და ზურაბ ერისთავის მეუღლე.
1625 წლის 25 მარტს მარტყოფის ველზე გაიმართა გადამწყვეტი ბრძოლა. ირანელთა ჯარში მყოფი სააკაძე ქართველებთან ერთად ყიზილბაშ ხანებს დაერივნენ. გიორგიმ პირადად მოკლა ყარჩიხა-ხანი. აჯანყებულებმა რამდენიმე დღეში მთლიანად განდევნეს ქართლიდან და კახეთიდან ირანული ჯარი. ქართლ-კახეთის მეფედ მოიწვიეს თეიმურაზ I, რომელიც ამ დროს გონიოს ციხეში იმყოფებოდა.
იმავე 1625 წელს შაჰმა ახალი ჯარი გამოგზავნა საქართველოში თავისი სიძის, ისა-ხან ყორჩიბაშის მეთაურობით. გიორგი სააკაძის გეგმით, ქართველებს მტერი ვიწრობებში უნდა შეეტყუებინათ და იქ გაენადგურებინათ. გაშლილ ველზე მტერს შეეძლო რიცხობრივი უპირატესობის გამოყენება, თანაც ზაფხულის საშინელი სიცხეები იდგა. ირანელები კი სიცხეში ბრძოლას შეჩვეულები იყვნენ. ქართველტა ბანაკში გიორგი სააკაძის ეს გეგმა არ გაიზიარეს.
1625 წლის 1 ივლისს მარაბდის ველზე სასტიკი ბრძოლა გაიმართა ქართველებსა და ირანელებს შორის. ქართველთა გმირობისა და სიმამაცის მიუხედავად, მრავალრიცხოვანმა მტერმა შეძლო გამარჯვების მოპოვება. 10 000 ქართველი დაეცა ბრძოლის ველზე. მათ შორის იყვნენ: დავით ჯანდიერი, 9 ძმა ხერხეულიძე, 7 ჩოლოყაშვილი და სხვა მრავალი. ქართველებმა ბევრი მტერი დახოცეს. 14 000 ყიზილბაში დაიღუპა მარაბდის ბრძოლაში.
მარაბდის ბრძოლის შემდეგ ქართველებმა გიორგი სააკაძის მეთაურობით პარტიზანული ბრძოლებით დიდი ზიანი მიაყენეს მტერს. შაჰ-აბასი მიხვდა, რომ ძალით ის ქართველების წინააღმდეგ ვერაფერს გახდებოდა და პოლიტიკა შეცვალა. მან ცნო თეიმურაზ I ქართლ-კახეთის მეფედ, სამაგიეროდ თეიმურაზმა თავი ირანის ვასალად აღიარა.
მალე თეიმურაზ მეფე და გიორგი სააკაძე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ. გიორგი სააკაძემ დახმარება იმერეთის მეფე გიორგის სთხოვა, სამაგიეროდ მისი შვილის ალექსანდრეს ქართლ-კახეთში გამეფება შესთავაზა. შემქნილი ვითარება გამოიყენა შაჰ აბასმა. ის ერთმანეთის წინააღმდეგ აქეზებდა დაპირისპირებულ მხარეებს.
1626 წელს ბაზალეთის ტბასთან თეიმურაზსა და გიორგი სააკაძეს შორის გაიმართა ბრძოლა, რომელშიც თეიმურაზმა და მისმა მომხრეებმა გაიმარჯვეს და სააკაძე იძულებული გახდა ოსმალეთში გადახვეწილიყო, სადაც ის სულთნის კარის ინტრიგების მსხვერპლი გახდა და 1629 წელს მოკლეს. იმავე წელს გარდაიცვალა შაჰ აბას I-იც.