Posted by : ლელა კაკაშვილი Monday 16 April 2018


ლუარსაბ I (1527-1556 წლები )

    1525 წელს საოჯხო კონფლიქტის შედეგად ქართლის მეფე დავით X (კონსტანტინე II-ეს ძე), რომლის მეფობის წლებია 1505-1525 წლები ტახტიდან გადადგა და ბერად აღიკვეცა. წესისა და კანონის მიხედვით, მეფე მისი ძე ლუარსაბი უნდა გამხდარიყო, მაგრამ ქართლის მეფობა ხელთ იგდო მისმა ბიძამ (დავით X-ის ძმამ) გიორგი IX-ემ (1525-1527 წლები). ამ გარემოებას ლუარსაბი არ შერიგებია. მას დაეხმარა იმერეთის მეფე ბაგრატ III (1510-1565 წწ). ლუარსაბს ცოლად ჰყავდა ბაგრატ III-ის ასული თამარი. იმერეთის მეფის დახმარებით ტახტისათვის ბრძოლაში ლუარსაბმა დაამარცხა გიორგი IX და 1527 წელს საბოლოოდ დაიკავა ქართლის ტახტი. ამ საქმეში დახმარების სანაცვლოდ ლუარსაბმა თავის სიმამრს, იმერეთის მეფე ბაგრატ III-ეს დაუთმო ქართლის სამეფოს დასავლეთი ნაწილი _ ალი, სურამი და ახალდაბა (ლიხის უღელტეხილთან.)
   ლუარსაბ I კარგად ხედავდა, რომ რამდენიმე ნაწილად დაშლილ საქართველოს უდიდესი საფრთხე ემუქრებოდა. ლუარსაბ I და იმერეთის მეფე ბაგრატ III შეთანხმებულად მოქმედებდნენ. 1535 წელს, მურჯახეთის ბრძოლის შედეგად ბაგრატ III-ემ დაიმორჩილა სამცხე, იმავე დროს ლუარსაბ I-მა ჯავახეთი დაიკავა. 
   1541 წელს ქართლში შემოიჭრა შაჰ-თამაზი. მტერი თბილისს მოადგა და ქალაქი აიღო. ამ დროს მეფე თავის ოჯახთან ერთად მცხეთაში იმყოფებოდა გარდაცვლიი მცირეწლოვანი შვილის დასაკრძალად. ლუარსაბმა მტერს პარტიზანული ბრძოლები გაუმართა და დიდი ზარალი  მიაყენა.
   1545 წელს ოსმალთა წინააღმდეგ  გამართულ სოხოხისტას ბრძოლაში ბაგრატ III-ეს ეხმარებოდა ლუარსაბ I-იც. მაგრამ ეს ბრძოლა ქართველთა მარცხით დასრულდა. ამ ბრძოლაში ბაგრატ III-ეს დახმარებაზე უარი უთხრა დადიანმა. ამას ისიც დაემატა, რომ ბრძოლის წინ უთანხმოება მოხდა: მესხები მოითხოვდნენ ბრძოლაში მეწინავეობას და როცა ამაზე უარი მიიღეს ბრძოლა მიატოვეს. ოსმალებმა სამცხელი თავადის ოთარ შალიკაშვილის დახმარებით დაიკავეს სამცხის ციხეები და ათაბაგად დასვეს ქაიხოსრო III.
   სოხოისტას ბრძოლაში მარცხის შემდეგ იმერეთის მეფემ სამცხე დაკარგა, ამ დროიდან ოსმალებმა მყარად მოიკიდეს ფეხი სამხრეთ საქართველოში. ლუარსაბ I-მა კი მოახერხა ჯავახეთის შენარჩუნება. სამცხის მთავარმა ქაიხოსრო III-ემ დახმარება შაჰ-თამაზს სთხოვა. 1547 წელს შაჰ-თამაზმა  მეორედ ილაშქრა საქართველოში. მან ჯავახეთი და ქვემო ქართლი დალაშქრა და მოაოხრა. 
   მიუხედავად ამისა ლუარსაბ I ბრძოლას არ წყვეტდა. მეფე ხვდებოდა, თუ რა მძიმე მდგომარეობაში ჩავარდებოდა მთელი საქართველო, თუ ირანი ან ოსმალეთი სამცხე-საათაბაგოს დაიმორჩილებდა. სამცხე-საათაბაგო იყო ის პირველი და მნიშვნელოვანი ზღუდე, რომლის დაკავების შემდეგაც მტერს გზა გაეხსნებოდა, როგორც დასავლეთ, ასევე აღმოსავლეთ საქართველოსაკენ. ამიტომ ლუარსაბ I-მა 1551 წელს სამცხის ნაწილი დაიკავა. ამის საპასუხოდ კი შაჰ-თამაზი მესამედ შემოესია საქართველოს 1551 წელს. ყიზილბაშებმა ვარძია გაძარცვეს და იქ მყოფი ქართველები, მათ შორის ბერები თითქმის მთლიანად ამოწყვიტეს. ლუარსაბ I-ის ხელში ჩაგდება შაჰ-თამაზმა მაინც ვერ მოახერხა.
   1554 წელს შაჰ-თამაზმა მეოთხედ ილაშქრა ქართლში. მტერმა აიღო ქალაქი გორი და ატენის ციხეს შემოარტყა ალყა. ატენის ციხეში იმყოფებოდა მეფის დედა _ ნესტან-დარეჯანი. ქართველები მტრის "უკანმავალს" დაეწივნენ და დიდი ზიანი მიაყენეს, მაგრამ ტყვეების გათავისუფლება ვერ შეძლეს. დედოფალმა ნესტან-დარეჯანმა გზაში თავი მოიწამლა.
   შაჰ-თამაზის შემოსევებმა დიდი ზიანი მიაყენა ქართლის სამეფოს, მაგრამ ყიზილბაშებმა ვერ შეძლეს ქართლის დაპყრობა. ლუარსაბი არ წყვეტდა ბრძოლას. როგორც ვიცით 1555 წელს ამასიაში ოსმალეთსა და ირანს შორის დაიდო ზავი. ხელშეკრულების ძალით აღმოსავლეთ საქართველო და სამცხე-საათაბაგოს უდიდესი აღმოსავლეთი ნაწილი (მდინარე მტკვრის აუზი) ერგო ირანს, ხოლო დასავლეთ საქართველო და სამცხე-საათაბაგოს დასავლეთი ნაწილი (მდინარე ჭოროხის აუზი) ოსმალეთს. ამასიის ზავის პირობები არ ცნო ქართლის მეფე ლუარსაბ I-მა და ყიზილბაშების წინააღმდეგ ბრძოლა გააგრძელა. 1556 წელს ქართლში ყარაბაღის ბეგლარბეგი შემოიჭრა. ბრძოლა მოხდა სოფელ გარისთან, მდინარე ხრამის ხეობაში. ქართლის ჯარს ლუარსაბ მეფის ძე ახალგაზრდა სიმონი ხელმძღვანელობდა. მტერი დამარცხდა და გაიქცა. ერთ-ერთი გაქცეული რაზმი იმ გორაკზე აღმოჩნდა, საიდანაც მოხუცი მეფე ლუარსაბი ბრძოლის ველს გასცქეროდა. მტერთან შეტაკებისას მეფის ცხენს ფეხი ნაპრალში ჩაუვარდა და მოხუცი მხედარი ძირს ჩამოაგდო, სწორედ ამ დროს ყიზილბაშებმა მეფე სასიკვდილოდ დაჭრეს. 



- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -