Posted by : ლელა კაკაშვილი Monday 16 April 2018


შაჰ აბას I (1587-1629 წწ). 

     შაჰ-თამაზის გარდაცვალების შემდეგ ირანში დაიწყო შინადინასტიური ბრძოლები და ირანი არეულობამ მოიცვა. სეფიანთა ირანის სათავეში შაჰ-თამაზის შვილი ხუდაბენდე მოვიდა, რომელიც სუსტი ხელისუფალი აღმოჩნდა. ამით ისარგებლეს ოსმალებმა და წამოიწყეს ირან-ოსმალეთის II ომი, რომელიც მიმდინარეობდა 1578-1590 წლებში. ასეთ ვითარებაში ყიზილბაში დიდებულების ერთმა ნაწილმა ტახტზე აიყვანა შაჰ-თამაზის შვილიშვილი 16 წლის აბას მირზა, იგივე შაჰ-აბას I (1587-1629 წწ). აბას I-ის ზეობის პერიოდში ირანმა დიდ სიძლიერეს მიაღწია.
   თავისი მეფობის პირველ წლებში აბას I დაკავებული იყო ქვეყნის აღმოსავლეთში უზბეკ ხანებთან ბრძოლებით. ხშირი იყო ხანების აჯანყებები ქვეყნის შიგნითაც. ყოველივე ამან შაჰ აბას I აიძულა 1590 წელს ოსმალეთთან დაედო ირანისათვის მძიმე ზავი და მას მთელი ამიერკავკასია დაუთმო. აბას I-ს დროს სჭირდებოდა, რათა რეფორმები გაეტარებინა და ქვეყანა ახალი ომისათვის მოემზადებინა.
   სამშვიდობო შესვენებამ აბას I საშუალება მისცა დაეწყო ბრძოლა ქვყნის მტრებისა და ურჩი ხანების წინააღმდეგ და გაეტარებინა რეფორმები: 
1. ალაგმა უზბეკი ხანები.  
2. მანვე გაანადგურა 10-ზე მეტი მსხვილი ადგილობრივი ფეოდალი. ხანები სიკვდილით დასაჯა და მოახდინა მათი ქონების კონფისკაცია. ამან კი მნიშვნელოვნად გაზარდა შაჰის სამფლობელოები და გააძლიერა შაჰის ხელისუფლება.  
3. აბას I-მა ყიზილბაშურ არისტოკრატიას დაუპირისპირა და მათ ნაცვლად დააწინაურა “ახალი არისტოკრატია”, რომელთა რიცხვსაც განეკუთვნებოდნენ ირანის სახელმწიფო სამსახურში მყოფი ქართველები, სომხები, ჩერქეზები. 
4. შაჰ აბას I-მა დაიწყო ძირეული რეფორმების გატარება, უპირველს ყოვლისა არმიაში. ყიზილბაშებს ჯარში თანდათანობით ჩაენაცვლნენ კავკასიელები, მათ შორის კი ჭარბობდნენ ქართველები. შაჰ აბასამდე ირანს არ ჰყავდა რეგულარური ჯარი. ამიერიდან კი საფუძველი ჩაეყარა რეგულარულ არმიას. შაჰ აბასმა ყიზილბაშთა ფეოდალური ჯარი 60 000-დან 30 000-მდე შეამცირა, სანაცვლოდ შექმნა მუდმივი ჯარი _ ღუმელთა კორპუსი, იგივე “ღოლამები”. ეს კორპუსი კომპლექტებოდა ირანში აღზრდილი და გამაჰმადიანებული კავკასიელების, ძირითადად ქართველებისა და სომხებისაგან. მან არმია შეიარაღა თოფებითა და ზარბაზნებით. შაჰ აბას I-ის დროს ირანს 120 000-იანი არმია ჰყავდა.
   სამხედრო რეფორმის ძირითადი გამტარებელი და ხელმძღვანელი იყო ქართული წარმოშობის ალავერდი-ხან უნდილაძე. მას არმიის რეფორმირების საქმეში ეხმარებოდნენ შაჰ აბასის მიერ მოწვეული ინგლისელი ძმები ენტონი და რობერტ შერლები. ალავერდი-ხანი გამაჰმადიანებული ქართველი იყო, გვარად უნდილაძე. იგი ბავშვობაში გაიტაცეს საქართველოდან და ირანში აღიზარდა. ალავერდი-ხანის სახელს უკაშირდება ასევე დიდი სამშენებლო საქმიანობაც. მან ააშენებინა ისპაანში ბაზრები, ქარვასლები. ისპაანში დღესაც არის მის დროს აგებული ხიდი. ალავერდი-ხანი იყო ირანის პირველი ყულარაღასი ანუ ყულის ჯარის, იგივე გვარდიის სარდალი და ფარსის პროვინციის ბეგლარბეგი. 
5. შაჰ-აბასი ხელს უწყობდა ირანში ვაჭრობა-ხელოსნობის განვითარებასაც. მის დროს დაწინაურდა მევენახეობა-მებაღეობა და მეაბრეშუმეობა, რაც ძირითადად საქართველოდან აყრილ და ირანში გადასახლებულ ქართველებთან არის დაკავშირებული. აბასმა რეფორმების გატარების შედეგად ირანი ძლიერ ქვეყანად აქცია.
   ირანის გაძლიერების შემდეგ შაჰ აბას I-მა განაახლა ომი ოსმალეთის წინააღმდეგ. ირან-ოსმალეთის III ომი მიმდინარეობდა 1603-1612 წლებში. ეს ომი მცირეოდენი შესვენებებით რამდენიმე წელიწადს გაგრძელდა. შაჰ-აბასმა ომი  ერევნის ციხის აიღებით დაიწყო. ოსმალეთი იძულებული გახდა აღმოსავლეთ კავკასიაში ირანის ბატონობა ეცნო. 1612 წელს დაიდო სტამბოლის ზავი, რომლის მიხედვითაც ირან-ოსმალეთმა კიდევ ერთხელ გაიყო კავკასია. მათ ძირითადად ამასიის ზავის პირობები გაიმეორეს, მხოლოდ ერთი შესწორებით _ სამცხე-საათაბაგო მთლიანად ოსმალეთის ხელში გადავიდა.
   შაჰ-აბასმა სამხედრო ოპერაციები წამოიწყო პორტუგალიის წინააღმდეგ სპარსეთის ყურის დაკავების მიზნით. ირანმა პორტუგალიელები განდევნეს კუნძულ ბაჰრეინიდან, ხოლო 1622 წელს, ინგლისის ფლოტის დახმარებით პორტუგალიელები განდევნეს კუნძულ ჰორმუზდიდან. 
6. შაჰ აბასმა ირანის სატახტო ქალაქი თავრიზიდან ირანის ცენტრალურ ნაწილში _ ისფაჰანში გადაიტანა. 

- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -