Posted by : ლელა კაკაშვილი Monday 16 April 2018


სოლომონ I (1752-1784 წწ)

   XVII საუკუნიდან დასავლეთ საქართველოში მძიმე ვითარება სუფევდა: ოსმალეთის ბატონობა, ტყვეებით ვაჭრობა, მეფე-მთავრებსა და სხვა ფეოდალებს შორის მუდმივი დაპირისპირება, რთული ეკონომიკური ვითარება და დასუსტებული ეკლესია _ ეს ყველაფერი ჩვეულებრივ სურათს წარმოადგენდა დასავლეთ საქართველოსათვის.
   1752 წელს იმერეთის სამეფო ტახტზე ავიდა 15 წლის სოლომონ I (1752-1784 წწ). მის გამეფებას ეწინააღმდეგებოდნენ: საკუთარი ბიძები, რაჭის ერისთავი, აბაშიძეთა ძლიერი საგვარეულო და მეფის დედა დარეჯანიც, რომელიც აბაშიძეთა ფეოდალურ სახლს ეკუთვნოდა. სოლონ I-მა სამეგრელო-გურიის მთავრებისა და შედარებით წვრილი ფეოდალების დახმარებით იმერეთის სამეფო ტახტი დაიკავა და ცენტრალური ხელისუფლების გაძლიერებას შეუდგა. მის ერთერთ მთავარ მიზანს ქვეყნიდან ოსმალთა გაძევება წარმოადგენდა. თურქების გაღიზიანება განსაკუთრებით გამოიწვია სოლომონ I-ის მიერ ტყვეთა ვაჭრობის აკრძალვამ და 1757 წელს მათი ჯარები დასავლეთ საქართველოში შემოიჭრნენ. სოლომონ I-მა მტერი, რომლის მხარეზეც მისი პაპა, ლევან აბაშიძე იბრძოდა, ხრესილთან სასტიკად დაამარცხა.
   სოლომონ I ხვდებოდა, რომ ოსმალებთან ბრძოლაში მიღწეული გამარჯვებები დროებითი იყო. ამიტომ 1758 წელს გორში თეიმურაზ II-სთან და ერეკლე II-სთან მეგობრობის და ურთიერთდახმარების ხელშეკრულება დადო. 1759 წელს კი მეფემ მოიწვია საეკლესიო კრება, სადაც აკრძალა ტყვეთა სყიდვა, ხოლო ტყვეებით მოვაჭრეებისათვის სასჯელად საეკლესიო კრებამ სიკვდილით დასჯა დააწესა. იმავე კრებაზე მიიღეს სხვა კანონებიც, რომელთა ძალითაც აღდგა ქუთაისის ეპარქია, ეკლესიას დაუბრუნდა ჩამორთმეული მიწები, გლეხები გათავისუფლდნენ საეკლესიო გადასახადებისაგან და სხვა.
   სოლომონ I-მა ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის განსამტკიცებლად ციხე-სიმაგრეები მეფის მფარველობაში მოაქცია. ზოგი ციხე მან თავადებისაგან შეიძინა, ზოგი ურჩ დიდებულებს ჩამოართვა, ზოგიც ნებაყოფლობით გადასცეს.
   ტყვეთა სყიდვის აკრძალვამ ოსმალების დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, რადგან მათმა შემოსავალმა იკლო. ამის გამო XVIII საუკუნის 60-იან წლებში მათ რამდენჯერმე ილაშქრეს დასავლეთ საქართველოში. მართალია ამ ლაშქრობებმა იმერეთის სამეფო ძალიან დაასუსტა, მაგრამ თურქებმა მაინც ვერ მოახერხეს დასავლეთ საქართველოს დამორჩილება. სოლომონ I-ის მიერ გატარებული რეფორმების შედეგად მდგომარეობა დასავლეთ საქართველოსი შედარებით გაუმჯობესდა.
   სოლომონ I გარდაიცვალა 1784 წელს. მას პირდაპირი მემკვიდრე არ დარჩენია.  მიუხედავად იმისა, რომ  1789 წელს, იმერელი ფეოდალების ნაწილი ერეკლე II-ეს ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოების გაერიანებას სთავაზობდა, მან უარი განაცხადა, რადგან ქართლ-კახეთი უკვე რუსეთის მფარველობის ქვეშ იყო, იმერეთი კი თურქეთის გავლენის სფეროდ ითვლებოდა. გაერთიანების შემთხვევაში კი თურქეთთან ურთიერთობები გართულდებოდა. თუმცა ერეკლე II-ემ ხელი შეუწყო 1789 წელს იმერეთის ტახტზე საკუთარი შვილიშვილის დავით არჩილის ძის ასვლას, რომელიც სოლომონ I-ის პატივსაცემად სოლომონ II-ედ იწოდა (1789-1810 წწ). სოლომონ II-ის დედა ერეკლე II-ის ასული იყო.
   მიუხედავად იმისა, რომ ჩაიშალა ქართლ-კახეთისა და იმერეთის სამეფოების გაერთიანება, 1790 წელს სოლომონ ლიონიძის დიდი ძალისხმევით დამყარდა სამხედრო-პოლიტიკური კავშირი ერეკლე II-ეს, სოლომონ II-ეს, გრიგოლ დადიანსა და სიმონ გურიელს შორის, რომელსაც ეწოდა: “ტრაქტატი ივერიელ მეფეთა და მთავართა”. ამ ალიანსის სათავეში იდგა ერეკლე II, მასვე ანდობდნენ მეფე-მთავრები რუსეთთან ურთიერთობის მოგვარებას, თუმცა არ უერთდებოდნენ 1783 წლის გეორგიევსკის ტრაქტატს.


- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -