Posted by : ლელა კაკაშვილი Monday 16 April 2018



კრწანისის ბრძოლა

   გეორგიევსკის ტრაქტატის დადებას თავიდანვე შიშით შეხვდნენ ქართლ-კახეთის მეზობელი მაჰმადიანური სახანოები. ტრაქტატის დადებამ ყველას დაანახა, რომ ერეკლე რუსეთის მოკავშირე იყო. სამხრეთ კავკასიაში კი რუსეთის გამოჩენა ხელს არ აძლევდა არა მარტო თურქეთსა და ირანს, არამედ ევროპის დიდ სახელმწიფოებსაც _ ინგლისსა და საფრანგეთს.
   რუსეთს, რომ პატიოსნად შეესრულებინა თავისი ვალდებულებები, შეიძლება საშიშროება ნაკლები ყოფილიყო, მაგრამ იგი ამას არ აპირებდა. ასე, რომ გეორგიევსკის ტრაქტატის დადება იყო უდიდესი დიპლომატიური მარცხი. მისი შედეგები დამღუპველი აღმოჩნდა არა მარტო ქართლ-კახეთისათვის, არამედ მთელი საქართველოსათვის.
    პირველი სერიოზული დარტყმა, რომელიც ქართლ-კახეთის სამეფომ ტრაქტატის დადების შემდეგ მიიღო, იყო 1785 წელს ომარ-ხანის შემოსევა, რომლის წინააღმდეგ ბრძოლაში რუსეთმა ერეკლეს დახმარება არ აღმოუჩინა. ქართლ-კახეთის მეფემ ხარკის გადახდა აღუთქვა ომარ-ხანს და ამ გზით სცადა ქვეყნის უსაფრთხოების მოპოვება.
   პრორუსულ ორინტაციაზე დადგომამ ერეკლე II-ეს ირანთან და ოსმათთანაც გაუფუჭა ურთიერთობა. ირანის შაჰმა აღა მაჰმად_ხანმა (1779-1797 წწ) წერილი გაუგზავნა ერეკლეს, რომელსიც რუსეთთან ურთიერთობის გაწყვეტას და ირანის ქვეშევრდომობის აღიარებას მოითხოვდა, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში ლაშქრობით იმუქრებოდა. ერეკლემ ,რომელსაც რუსების სამხედრო დახმარების იმედი ჰქონდა, ულტიმატუმზე პასუხი არ გასცა.
   ის, რომ აღა-მაჰმად ხანი  ქართლ-კახეთის წინააღმდეგ გამოილაშქრებდა, ყველამ იცოდა. ერეკლე რუსეთს დახმარებას სთხოვდა, რუსეთი კი მას აიმედებდა, მაგრამ ჯარს არ აგზავნიდა. რუსეთი, რომ ქართლ-კახეთს არ დაეხმარებოდა, ეს აღა მაჰმად-ხანმაც იცოდა.
   1795 წელს ერეკლე II-ის უარით განრისხებული შაჰი 35 000-იანი ჯარით ქართლ-კახეთისაკენ დაიძრა. ერეკლემ მხოლოდ 5 000 მეომრის მოგროვება მოახერხა. 10 სექტემბერს პირველი შეტაკება მოხდა სოღანლუღთან, თბილისის მახლობლად, სადაც ირანელები დამარცხდნენ. აღა-მაჰმად ხანი გაბრუნებასაც კი აპირებდა, მაგრამ მას მოღალატეებმა შეატყობინეს, რომ ერეკლეს მცირერიცხოვანი ჯარი  ჰყავდა. იმ დროს მდინარე მტკვარი ადიდებული იყო და მტერი მის გადმოლახვას და აღმოსავლეთიდან თბილისთან მოახლოვებას ვერ ახერხებდა. ამ მომენტში აღა-მაჰმად ხანმა მამაცური გადაწყვეტილება მიიღო და ადიდებულ მდინარეში გადაეშვა ცხენით, მას ჯარისკაცებიც მიჰყვნენ, ბევრი მათგანი მდინარეში ჩაიხრჩო, მაგრამ უმრავლესობამ შეძლო მდინარის გადმოლახვა და თბილისის გალავანთან აღმოჩნდნენ.
   11 სექტემბერს გაიმართა კრწანისის ბრძოლა, რომელიც ერთერთი ყველაზე ტრაგიკული ბრძოლა იყო საქართველოს ისტორიაში. რიცხობრივმა უპირატესობამ თავისი გაიტანა. ქართველები დამარცხდნენ. ბრძოლაში დაეცა 300 არაგველიც, რომლებსაც არც ერთს არ ჰქონდა ზურგში ტყვია მოხვედრილი. 75 წლის ერეკლე ბრძოლის ველიდან შვილიშვილებმა ძალით გაიყვანეს. აღსანიშნავია, რომ ბატონიშვილების ნაწილმა ბრძოლაში მონაწილეობა არ მიიღო. მათ ფაქტიურად უღალატეს მამასაც და სამშობლოსაც. ქართლ-კახეთის ბედი გადაწყდა. დამარცხებულ ერეკლეს რუსეთთან ურთიერთობაზე უარის თქმა უკვე არაფრით აღარ შეეძლო. 
   აღა-მაჰმად ხანმა თბილისი აიღო და 9 დღის მანძილზე აოხრებდა. მარცხმა მძიმედ იმოქმედა. იგი აღა-მაჰმად ხანის წასვლის შემდეგ თბილისშიც აღარ დაბრუნებულა. იგი თელავში გადავიდა, სადაც გარდაიცვალა კიდეც 1798 წლის 11 იანვარს. ერეკლე II დაკრძალეს სვეტიცხოველში. ტახტზე ავიდა მისი შვილი გიორგი XII (1798 - 1800 წწ).

- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -