Posted by : ლელა კაკაშვილი Monday 16 April 2018


ჩრდილოეთ ამერიკის კოლონიზაცია

    ინგლისელებმა ეევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით გვიან დაიწყეს ამერიკის კონტინენტის კოლონიზაცია. პირველი ინგლისური დასახლებები ჩრდილოეთ ამერიკაში ჯეიმს I  სტიუარტის–ის დროიდან გაჩნდა. კოლონიების დაარსების უფლება თავდაპირველად სავაჭრო კომპანიებს მიეცა,  რომლებსაც კოლონისტები ამერიკის კონტინენტზე გადაჰყავდათ და ახალ ადგილებზე მათ დამკვიდრებას უწყობდნენ ხელს. 1607 წელს ჯეიმს I-მა ჩრდილოეთ ამერიკაში ინდიელებით დასახლებული ატლანტის ოკეანის სანაპიროზე ლონდონის სააქციო კომპანიას ახალშენის დაარსების უფლება მისცა. 129 ადამიანმა სამი ხომალდით გადალახა ატლანტის ოკეანე და ჩესაპიკის ყურეში ამერიკის კონტინენტზე პირველი ინგლისური მუდმივი კოლონია _ ჯეიმსთაუნი დაარსა. ამ კოლონიას შემდეგში ვირჯინია ეწოდა, ეს სახელი ეწოდა დედოფალ ელისაბედის, “ქალწული დედოფლის” პატივსაცემად, ხოლო დასახლებას ჯეიმსის პატივსაცემად _ ჯეიმსთაუნის უწოდეს. მეფემ აღნიშნული სიგელის გაცემისათვის გარკვეული საფასური აიღო, მაგრამ თავი აარიდა ყოველგვარ პასუხისმგებლობას, აღმოეჩინა მფარველობა და დაეცვა ეს კოლონია. ვირჯინიამ მოგების თვალსაზრისით არ გაამართლა აქციონერების იმედები. მალე ლონდონის სავაჭრო კოლონიამ კოლონისტების სხვა ხომალდებიც გაგზავნა ამერიკის ნაპირებისაკენ. 1620 წწ ერთ-ერთი გემი “მეიფლაუერი”, რომლის გებანზეც 41 ინგლისელი პურიტანი იმყოფებოდა, კურსს ასცდა და მასაჩუსეტსის ჩრდილოეთით მიადგა ნაპირს. ამ ადამიანებმა, რომლებმაც შემდგომში პურიტანი მამები უწოდეს დაარსეს საკუთარი დასახლება და მას პლიმუტი უწოდეს. შემდგომში ჩრდილოეთ ამერიკის ატლანტის ოკეანის სანაპიროზე შედარებით უფრო მომგებიანი კოლონიები დაარსდა. 
   1732 წლისათვის ჩრდილოეთ ამერიკის ატლანტიკის ოკეანის სანაპიროზე უკვე არსებობდა 13 კოლონია, რომლის მოსახლეობასაც შეადგენდნენ: ინგლისელი მსჯავრდებულები, რომლებიც სასჯელის მოხდის შემდეგ იქვე რჩებოდნენ, ღატაკები, რომელსაც მგზავრობის საფასურს სახელმწიფო უხდიდა, დევნილი რელიგიური ჯგუფები, ასევე შოტლანდიელები, ირლანდიელები, ზანგი მონები და სხვა.
  ამერიკულ კოლონიას მართავდა გუბერნატორი, რომელსაცს ნიშნავდა ან მეფე, ან აზნაური ან სავაჭრო კომპანია. დანიშვნა ხდებოდა იმისდა მიხედვით თუ ვის ჰქონდა საკუთრების უფლება ამა თუ იმ კოლონიაზე. დანიშნული გუბერნტორის გარდა, კოლონიის მმართველობაში მონაწილეობას იღებდა ადგილობრივი მიწათმფლობელთაგან არჩეული სახალხო წარმომადგენლობის ორგანო. ეს ორგანო მონაწილეობდა საკანონმდებლო საქმიანობაში და ამტკიცებდა საგადასახადო კანონებს. ცალკეული ქალაქები და საგრაფოები სარგებლობდნენ თვითმმართველობის უფლებით.



წინააღმდეგობის გამწვავება მეტროპოლიასა და კოლონიებს შორის

   ამერიკის კოლონიების სამეურნეო წარმატებები ვაჭრობაში, ხელოსნობასა და მანუფაქტურულ წარმოებაში ინგლისის უკმაყოფილებას იწვევდა.  ბრიტანული საქონლის ამერიკელი მეტოქეებისაგან დაცვის მიზნით ინგლისის პარლამენტი კოლონიებში ვაჭრობა- წარმოების განვითარების შეზღუდვას ცდილობდა. მეტროპოლიასა და კოლონიებს შორის ურთიერთობა განსაკუთრებისთ გამწვავდა 1756-1763 წწ შვიდწლიანი ომის შემდეგ, როდესაც ინგლისი საფრანგეთის კოლონიას კვებეკს დაეპატრონა. ომის დასრულების შემდეგ  დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ცარიელი ხაზინის შევსების მიზნით ახალი გადასახადების შემოღება გადაწყვიტა, მათ შორის კოლონიებშიც. 
   დიდ ბრიტანეთთან დაპირისპირებამ 1773 წელს პიკს მიაღწია. ოსტინდოეთის კომპანიამ გადაწყვიტა კოლონიებში გაესაღებინა ბრიტანეთის საწყობებში ჩაწოლილი ჩაი და მთავროპისაგან პროდუქციის შეტანაზე მონოპოლია მიიღო. კოლონისტებმა ამ კომპანიის მხრიდან სხვა საქონელზეც დაინახეს მონოპოლიის საშიშროება, რაც თავის მხრივ ამერიკის ტერიტორიაზე საფრთხეს შეუქმნიდა თავისუფალ ვაჭრობას. ამიტომ დაიწყო წინააღმდეგობის მოძრაობა. ზოგიერთ ქალაქში ჩაი ვერ შეიტანეს, მაგ: ნიუ-იორკში, ფილადელფიაში. მხოლოდ ბოსტონის ნავსადგურში შეძლო ჩაით დატვირთულმა გემმა შესვლა. ინდიელებად გადაცმული ბოსტონელი კოლონისტები აიჭრნენ ნავსადგურში მდგარ ჩაით დატვირთულ ხომალდზე, რომელიც აღმოსავლეთ ინდოეთის ინგლისურ სავაჭრო კომპანიას ეკუთვნოდა და პროტესტის ნიშნად მთელი ტვირთი ოკეანეში გადაყარეს _ ეს მოხდა 1773 წელს და ამ ფაქტს “ბოსტონის ჩაის სმა” ეწოდა.
 ინგლისის მეფემ და პარლამენტმა გადაწყვიტეს ძალის გამოყენებით გაეტეხათ კოლონისტების წინააღმდეგობა. ამის საპირისპიროდ, 1774 წელს 13-ვე კოლონიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ პირველ კონტინენტურ კონგრესზე ფილადელფიაში და გადაწყვიტეს ბოიკოტი გამოეცხადებინათ ინგლისური საქონლისათვის. მასაჩუსეტსის სამხედრო გუბერნატორმა კოლონისტების რამდენიმე ლიდერის დაპატიმრება დააპირა. მაშინ 1775 წ მასაჩუსეტსში, ბოსტონთან ბრიტანეთის არმიასა და კოლონისტებს შორის შეიარაღებული შეტაკებები მოხდა ლექსინქტონსა და კონკორდთან. ეს იყო ჩრდილოეთ ამერიკის ინგლისური კოლონიების დამოუკიდებლობისათვის ომის დასაწყისი.

მეორე კონტინენტური კონგრესი

   ბოსტონთან მომხდარმა შეიარაღებულმა შეტაკებამ ჩრდილოეთ ამერიკის ინგლისის კოლონიებში საბოლოოდ გამიჯნა დიდი ბრიტანეთის მომხრეები და მოწინააღმდეგეები, ტორები და ვიგები. ტორების ბანაკი შეადგინეს ინგლისის მეფის ლოალურად განწყობილმა ძალებმა _ კოლონიებში მყოფმა არმიამ, მოხელეებმა, ანგლიკანური ეკლესიის სამღვდელოებამ, არისტოკრატიამ, მეტროპოლიასთან საშუამავლო ვაჭრობაში ჩაბმულმა ე.წ. კომპრადორებმა და მათთან დაახლოებულმა ან მათზე დამოკიდებულმა. მოსახლეობის ჯგუფებმა.  პატრიოტული სულისკვეთებით გამსჭვალული მეწარმეების, ვაჭრები, პლანტატორები, ფერმერები, ხელოსნები, ქარგლები, დღიური მუშები ვიგების ბანაკში გაერთიანდნენ. 
   1775 წ ფილადელფიაში მეორე კონტინენტურ კონგრესზე ინგლისის ცამეტივე კოლონიის წარმომადგენლები შეიკრიბნენ. II კონტინენტური კონგრესის დადგენილებით ინგლისთან ურთიერთობა შეწყდა. მოხალისეთაგან შეიქმნა არმია, არმიის სარდლად გამათავისუფლებელი მოძრაობის გამოჩენილი მოღვაწე და სამხედრო საქმის მცოდნე ჯორჯ ვაშინგტონი(1732-1799 წწ).  დაინიშნა. II კონტინენტურ კონგრესზე მიიღეს დადგენილება, რომ  კოლონიები “ თავისუფალი და დამოუკიდებელი შტატები უნდა იყოს”. ამგვარად კოლონიის წარმომადგენლობა სათათბიროდან საკანონმდებლო ორგანოდ _ პარლამენტად გადაიქცა.

ომი დამოუკიდებლობისათვის და აშშ შექმნა. 
კოლონიათა დამოუკიდებლობის გამოცხადება

   კონგრესმა 1776 წ 4 ივლისს დაამტკიცა “დამოუკიდებლობის დეკლარაცია”, რომელიც ეროვნული მოძრაობის თვალსაჩინო წარმომადგენელმა თომას ჯეფერსონმა შეადგინა. ამ დეკლარაციით კოლონისტებმა ინგლისისაგან დამოუკიდებლობა გამოაცხადეს. სწორედ 4 ივლისს აღინიშნება აშშ-ს დამოუკიდებლობის დღე.


   ამგვარად II კონტინენტური კონგრესის მიერ დამტკიცებული “დამოუკიდებლობის დეკლარაციით” ინგლისის ყოფილმა 13 კოლონიამ თავიდამოუკიდებელ სახელმწიფოდ _ ამერიკის შეერთებულ შტატებად გამოაცხადა, შემოკლებით აშშ. ამ მოვლენის აღსანიშნავად 4 ივლისი აშშ-ს ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა. აშშ-ს სახელმწიფო დროშაზე 13 თეთრ-წითელი ზოლი და ლურჯ ფონზე 13 ვარსკვლავი გამოსახეს. შემდგომში შტატების ზრდასთან ერთად აშშ-ს დროშაზე  ვარსკვლავების რაოდენობაც გაიზარდა, ამჟამად მისი რაოდენობა 50 შეადგენს, ხოლო ზოლების რაოდენობა უცვლელი დარჩა. ამგვარად ამერიკის დროშაზე ყოველი შტატი ვარსკვლავით, ხოლო 13 დაარსებული შტატი დამატებით თეთრი ან წითრლი ზოლით არის წარმოდგენილი.
ომი დამოუკიდებლობისათვის
   დამოუკიდებლობისათვის ომის დაწყების შემდეგ ინგლისელებმა საზღვაო დესანტით აშშ-ს ტერიტორიაზე მდინარე ჰუდძონის შესართვთან  მდებარე ნიუ-იორკი აიღეს და ჩრდილოეთისაკენ დაიძრნენ, ასევე კანადიდანაც შეოიჭრა ინგლისის არმია, რომელიც სამხრეთისაკენ მოძრაობდა. მდინარე ჰუდძონის სათავისკენ.  ჰუდძონის აუზში ამ ორი ინგლისური არმიის შეერთების შემთხვევაში აშშ ორად გაყოფილი აღმოჩნდებოდა, ინგლისელები კი ამ ორ ნაწილს ადვილად დაამარცხებდნენ. 1777 წ სარაგოსასთან ამერიკელებმა კანადიდან შემოსული ინგლისის არმია დაამარცხეს და დაატყვევეს. ამ დამარცხებამ ინგლსელების გეგმა ჩაშალა. ინგლისელები იმედოვნებდნენ, რომ თუ სამხრეთში წარმატებებს მოიპოვებდნენ, კონსერვატორულად განწყობილ პლანტატორ მონათმფლობელებთან საერთო ენას გამონახავდნენ. სარაგოსასთან გამარჯვებამ და აშშ მიერ პარიზში წარგზავნილი ბენჯამენ ფრანკლინის საერთაშორისო ავტორიტეტმა და დიპლომატიურმა გულისხმევამ ძირფესვიანად შეცვალა აშშ-ს საერთაშორისო მდგომარეობა.
   აშშ-ს და საფრანგეთის გაერთიანებულმა ფლოტმა და არმიამ საბოლოო გამარჯვება 1781 წ ვირჯინიაში მოიპოვეს. იორკთაუნის ბრძოლის შემდეგ ინგლისის მთავარი ძალები ჯორჯ ვაშინგტონს და მის ფრანგ მოკავშირეებს როშამბოსა და ლაფაიეტს დანებდნენ. საომარი მდგომარეობა შეწყდა, დაიწყო საზავო მოლაპარაკებები. 1783 წლის პარიზის ზავით ინგლისელებმა კოლონიების დამოუკიდებლობა სცნეს. 100 ათასამდე როიალისტმა აშშ დატოვა და ინგლისის კოლონია კვებეკში გადასახლდა. აშშ-ს ტერიტორია დიდი ტბებიდან ფლორიდამდე, ატლანტის ოკეანის სანაპიროდან მისისიპამდე გადაიჭიმა.

1787 წლის კონსტიტუცია

   დამოუკიდებლობისათვის ომში  გამარჯვების შემდეგ 1783 წ ამერიკელებმა მოიშორეს ინგლისელების კოლონიური უღელი. ოთხი წლის  წლის შემდეგ 1787 წ, ფილადელფიაში ჯორჯ ვაშინგტონის თავმჯდომარეობით შეიკრიბა საგანგებო პარლამენტი _ კონვენტი. კონვენტმა ჯეიმს მედისონის პროექტის საფუძველზე შეიმუშავა კონსტიტუცია, რომელმაც აშშ რესპუბლიკად გამოაცხადა. 1787 წ კონსტიტუცია აშშ-ში დღესაც მოქმედებს, მაგრამ მასზე მეტი ძალა აქვს კონსტიტუციის შესწორებებს. აშშ-ში მიღებულია სამ ათეულამდე შესწორება, რომელთაგანაც პირველი ათი _ “უფლებათა კანონის” (იგივე “ბილი”) სახელწოდებით ძალაში შევიდა 1791 წ. “უფლებათა ბილით” მოქალაქეებს ენიჭებოდათ კრების, სიტყვის და სინდისის თვისუფლება; ბილი კრძალავდა თვითნებურ დაპატიმრებებს სასამართლო დადგენილების გარეშე.


   აშშ-ს პოლიტიკური ცხოვრების ცენტრალური ფიგურაა პრეზიდენტი, რომელიც ერთდროულად სახელმწიფოს, მთავრობისა და შეიარაღებული ძალების მეთაურია. პრეზიდენტს 4 წლის ვადით ირჩევენ. აშშ-ს პირველ პრეზიდენტად 1789 წ ჯორჯ ვაშინგტონი აირჩიეს (1732-1799 წწ). აშშ-ს უმაღლეს საკანონმდებლო ხელისუფლებას ახორციელებს პარლამენტი _ კონგრესი, რომელიც ორი პალატისაგან შედგება. ზედა პალატაში _ სენატში ყოველი შტატი ირჩევს ორ სენატორს; ქვედა _ წარმომადგენლობით პალატაში ადგილები შტატებს შორის ნაწილდება მათში ამომრჩეველთა რაოდენობის მიხედვით. დიდი უფლებამოსილებანი აქვს აშშ-ს უზენაეს სასამართლოს. იგი შედგება პრეზიდენტის მიერ სენატთან შეთანხმებით დანიშნული უცვლელი წევებისაგან. უზენაესი სასამართლო განსაზღვრავს თუ რამდენად შეესაბამება კანონები და დადგენილებები კონსტიტუციას. წინააღმდეგ შემთხვევაში კანონი კარგავს იურიდიულ ძალას და მოქალაქეებს უფლება აქვთ არ დაემორჩილონ ამ წესებს.
  კონსტიტუციამ ინდიელთა მიწები სახელმწიფო საკუთრებად გამოაცხადა და დაიწყო მათი გაყიდვა. 1800 წლიდან აშშ-ს დედაქალაქი ვაშინგტონი გახდა. კონსტიტუციამ თითოეულ შტატს მიანიჭა დიდი უფლებები ადგილობრივ მმართველობაში. მათ თვითონვე უნდა გადაეწყვიტათ ზანგთა მონობის დაშვება-არდაშვებისა და საარჩევნო უფლებიბის საკითხი. არჩევნებში მონაწილეობისათვის თავდაპირველად საარჩევნო ცენზი დააწესეს _ ამომრჩეველი უნდა ყოფილიყო ქონების მეპატრონე, XIX ს I ნახევარში კი შემოიღეს საყოველთო საარჩევნო უფლება თეთრკანიანი მამაკაცებისათვის.

- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -