Posted by : ლელა კაკაშვილი Monday, 16 April 2018


სულეიმან I კანუნი 
(1520 - 1566 წწ)

   ოსმალეთის იმპერიის ოქროს ხანად ითვლება სულთან სულეიმან I-ის მმართველობა (1520-1566 წწ). სულეიმანს ევროპელები ბრწყინვალეს, ხოლო თურქები კანუნს ე.ი. კანონმდებელს უწოდებენ. მან შექმნა ოსმალეთის ახალი სამართლებრივი სისტემა. სულთნის საკანონმდებლო რეფორმები შეეხო საზოგადოებრივ ცხოვრებას, საგადასახადო სისტემას, განათლებას, სისხლის სამართლის სფეროს. მისი კანონების კრებული საუკუნეების მანძილზე მოქმედებდა ოსმალთის იმპერიაში.
   სულეიმან I ბევრად განსხვავდებოდა სისატიკით ცნობილი მამისაგან. მან კარგად იცოდა, თუ რამდენად მომგებიანი იყო ევროპელებთან ვაჭრობა ქვეყნისათვის, ამიტომ 1521 წელს ხელი მოაწერა ვენეციასთან დადებულ ხელშეკრულებას. ამ ხელშეკრულებით ვენეციელებს მიეცათ ოსმალეთის ტერიტორიაზე ვაჭრობის უფლება და უსაფრთხოების გარანტიები. ოსმალეთსა და ვენეციას შორის რეგულარულად იცვლებოდა დიპლომატიური მისიები.
   სულეიმან I-მა მოიპოვა არაერთი სამხედრო გამარჯვებაც. 1522 წელს ოსმალებმა დაიკავეს კუნძული როდოსი და იქიდან გააძევეს ჯვაროსნები. როდოსის დაკავებით ოსმალებმა თავისი პოზიციები გაიმყარეს ხმელთაშუა ზღვაზე, რადგან როდოსი იყო ხმელთაშუა ზღვაზე მნიშვნეოვანი სავაჭრო სტრატეგიული პუნქტი.
   1526 წელს ოსმალებმა მოჰაჩის ბრძოლაში დაამარცხეს უნგრელები. ამის შემდეგ უნგრეთი და ცენტრალური ევროპის რამდენიმე რეგიონი ოსმალეთის სამფლობელოში მოექცა. ხოლო 1529 წელს  ოსმალებმა ვენას ალყა შემოარტყეს. ოსმალებმა ვენის დამცველებს ქალაქის უომრად ჩაბარება მოსთხოვეს, რაზეც ცივი უარი მიიღეს. ბოლოს ოსმალებმა ქალაქის იერიშით აღება გდაწყვიტეს, მაგრამ მათ არ გაუმართლა, რადგან ცივმა ზამთარმა მათ ხელი შეუშალა ქალაქის აღებაში. ვენა აღმოჩნდა ყველაზე ჩრდილოეთი პუნქტი, რომელსაც თურქები ევროპაში მისწვდნენ.
   1536 წელს სულეიმანმა დიპლომატიური ურთიერთობა დაამყარა საფრანგეთის მეფე ფრანსუა I-თან. ამ ორ ქვეყანას შორის გაფორმდა ხელშეკრულება "მშვიდობის, მეგობრობის და ვაჭრობის შესახებ". ამ ხელშეკრულების თანახმად ამ ორი სახელმწიფოს მოქალაქეებს მიეცათ ერთმანეთთან მიმოსვლისა და ვაჭრობის უფლება. ოსმალეთისა და საფრანგეთის მოკავშირეობა მიმართული იყო ესპანეთისა და ავსტრიის წინააღმდეგ. ერთის მხრივ ოსმალეთს სჭირდებოდა ევროპაში მოკავშირის ყოლა, ხოლო მეორეს მხრივ ჰაბსბურგებისაგან ე.ი. ესპანეთისა და ავსტრიისაგან შევიწროვებულ საფრანგეთს ოსმალეთთან მოკავშირეობა ამოსუნთქვის საშუალებას მისცემდა, გარდა ამისა საფრანგეთი იქნებოდა ის ერთდერთი ევროპული სახელმწიფო, რომელიც ვაჭრობას მოახერხებდა ოსმალეთთან.
   ამრიგად, XVI საუკუნის შუა ხანებისათვის, სულთან სულეიმან I-ის დროს ოსმალეთი უზარმაზარ სახელმწიფოდ ჩამოყალიბდა, რომელიც სამ კონტინენტზე იყო გადაჭიმული.

- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -