Posted by : ლელა კაკაშვილი
Monday 16 April 2018
კათოლიკე მისიონერები საქართველოში
პირველმა კათოლიკე მისიონერებმა საქართველოში შემოსვლა დაიწყეს XIII საუკუნიდან. ჯერ კიდევ 1329 წელს, მათ რომის პაპის, იოანე XXII-ის ბრძანებით თბილისში სმირნიდან იგივე იზმირიდან, გადმოიტანეს ოსმალების მიერ შევიწროვებული კათოლიკური ეკლესიის საეპისკოპო ცენტრი.
პირველი მისიონერები იყვნენ ფრანცისკანელთა ორდენის წევრები _ ე.წ. მინორიტები. შემდეგში, რომის პაპმა გამოსცა ბრძანებულება, რომლითაც დაარსდა “პროპაგანდა ფიდე” ე.ი. “რწმენის პროპაგანდის ორგანიზაცია”. ამ ორგანიზაციის მიზანს წარმოადგენდა ახლო აღმოსავლეთის ქვეეყნებში კათოლიციზმის გავრცელება, რისთვისაც ამ ქვეყნებში კათოლიკე სასულიერო პირები, იგივე მისიონერები იგზავნებოდნენ.
XVII ს-ში ვატიკანში შეადგინეს სპეციალური ინსტრუქცია, რომელიც ეხებოდა საქართველოში მისიონერთა მუშაობას. ინსტრუქციაში ნათქვამი იყო სულიერ პრივილეგიებზე და ინდულგენციებზე, რომლიტაც შეეძლოთ ესარგებლათ მისიონერებს. პაპმა საქართველოში გამოგზავნა თეატინელთა ორდენის წამომადგენლები _ ავიტაბელე, არქანჯელო ლამბერტი, ჯუდიჩე მილანელი, ქრისტეფორო დე კასტელი და სხვანი. ვატიკანის ერთ-ერთი მიზანი იყო, რომ მისიონერებს ყურადღება მიექციათ რომის ეკლესიისა და ქართული ეკლესიის გაერთიანების საკითხისათვის.
მისიონერებმა თავდაპირველად ქართლში, ქალაქ გორში დაიდეს ბინა, სადაც მათ პატრონობას თეიმურაზ I უწევდა, რომელიც ცდილობდა მისიონერების დახმარებით ევროპელ მეფე-მთავრებთან კავშირების გამყარებას. თეიმურაზის იმერეთში გახიზვნის და როსტომ ხანის გამეფების შემდეგ მდგომარეობა შეიცვალა. მართალია როსტომი არ ავიწროვებდა მისიონერებს, მაგრამ არც დიდ ყურადღებას იჩენდა მათ მიმართ. ამის გამო მისიონერებმა სამეგრელოში გადაინაცვლეს ლევან II დადიანის კარზე.
კათოლიკე მისიონერებმა ოდიშში დიდი პოპულარობა მოიპოვეს, რადგან მათ შემოჰქონდათ იმდროინდელი მსოფლიოს მოწინავე ცოდნა, ნერგავდნენ სამკურნალო, სამეურნეო და საინჟინრო სიახლეებს, ასწავლისდნენ უცხო ენებს. ლევან II დადიანს კი მისონერებთან კავშირით სურდა ერთის მხრივ სამეგრელოს მოსახლეობის კულტურული დონის ამაღლება, ხოლო მეორეს მხრივ ოსმალეთის ეკენომიკაზე დამოკიდებულებისაგან თავის დაღწევა. უნდა ვიფიქროთ, რომ ქართველი მეფე-მთავრების მხრიდან რომის პაპის მიმართ პატივისცემის გამოხატვა რელიგიურ მოტივებზე უფრო მეტად პოლიტიკური, ეკონომიკური და კულტურული მოტივებით იყო განპირობებული.
XVII საუკუნის 60-იან წლებში საქართველოში შემოვიდნენ ფრანცისკანელთა ორდენის მისიონერები _ კაპუცინები, რომლებიც ფაქტიურად იყვნენ საფრანგეთის სავაჭრო კაპიტალის აგენტები. მათი მიზანი იყო საფრანგეთსა და სპარსეთს შორის ახალი სავაჭრო გზების მოძიება. კაპუცინებს საქართველოში რელიგიურ-საგანმანათლებლო პროპაგანდა არ უწარმოებიათ.