Posted by : ლელა კაკაშვილი
Monday 19 March 2018
ქართლის სამეფოს მდგომარეობა ვახტანგ გორგასალის გამეფებამდე
ჯერ კიდევ III საუკუნის დასაწყისში პართიის სამეფოს ნანგრევებზე აღმოცენდა ახალი ირანული სახელმწიფო, რომელსაც სათავეში ედგა სასანიანთა დინასტია. V საუკუნის I ნახევრისათვის სასანიდურმა ირანმა გააქტიურა თავისი დამპყრობლური პოლიტიკა სამხრეთ კავკასიის ქვეყნების მიმართ. 428 წელს ირანის შახჰმა სომხეთში მეფობა გააუქმა. ხოლო 463 წელს - ალბანეთში. მართალია შემდეგ დროებით აღდგა ალბანეთის მეფის ხელისუფლება, მაგრამ 510 წ. საბოლოოდ იქნა გაუქმებული.
კავკასიის საბოლოოდ დასამორჩილებლად შაჰმა გადაწყვიტა ქართლში, სომხეთსა და ალბანეთში (დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე) მაზდეანობა გაევრცელებინა. მისი (შაჰის) განკარგულების თანახმად კავკასიის ქვეყნების მოსახლეობას უარი უნდა ეთქვა ქრისტიანობაზე და აუცილებლად მიეღო მაზდეანობა. მაგრამ კავკასიის ქრისტიანმა მოსახლეობამ უარი თქვა ამ განკარგულების შესრულებაზე. ამიტომ ირანის შაჰმა ქართლის, სომხეთისა და ალბანეთის ქვეყნის თავკაცები თავისთან იხმო. მათ შორის იყო ქვემო ქართლის პიტიახში ( პიტიახში იყო იმდროინდელ ირანში ერთ-ერთი უმაღლესი მოხელე ქართლსა და სომხეთში) არშუშა. დიდებულებმა კარგად იცოდნენ რისთვისაც იბარებდა მათ შაჰი. მათ თავისი ქვეყნები დარბევისაგან რომ გადაერჩინათ, წასვლა ამჯობინეს, თუმცა ერთმანეთში მოილაპარაკეს, რომ ერთმანეთთან შეთანხმების გარეშე არავითარი გადაწყვეტილება არ მიეღოთ. შაჰმა მათ დაუყოვნებლივ ქრისტიანობის უარყოფა და მაზდეანობის მიღება მოსთხოვა, წინააღმდეგ შემთხვევაში სიკვდილით დასჯით დაემუქრა. სამივე ქვეყნის წარმომადგენლები შეთანხმდნენ, ფორმალურად დასთანხმებოდნენ შაჰის მოთხოვნას იმ პირობით, რომ სამშობლოში დაბრუნების შემდეგ ისინი თავის სარწმუნოებას დაუბრუნდებოდნენ. შაჰი ეტყობა ბოლომდე არ ენდობოდა კავკასიელ დიდებულებს, ამიტომ ქართლის პიტიახში არშუშა და სომხეთის მარზპანის ორი ვაჟიშვილი დაიტოვა თავისთან. ამიერკავკასიის დიდებულებს შაჰმა თან მაზდეანობის მსახური მოგვები გამოატანა, რომელთაც მოსახლეობის ყველა ფენაში უნდა გაევრცელებინათ მაზდეანობა.
ქართლს, სომხეთს და ალბანეთს უდიდესი საფრთხე დაემუქრა: თუ შაჰის ბრძანება შესრულედებოდა, მაშინ ეს ქვეყნები ირანის პროვინციებად იქცეოდა. მოგვების მოქმედებას სომხეთსა და ალბანეთში 450 წელს აჯანყებები მოჰყვა, მაგრამ ირანმა 451 წელს მათი ჩახშობა შეძლო, თუმცა იძულებული გახდა მაზდეანობის გავრცელებაზე ხელი აეღო.
ამავე პერიოდს ემთხვევა 451 წელს გამართული ქალკედონის IV მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელზედაც დიგმო მონოფიზიტობა. ქართლსა და ბიზანტიაში გავრცელდა დიოფიზიტობა, სწორედ მათ საწინააღმდეგოდ სასანიდურმა ირანმა მხარი მონოფიზიტობას დაუჭირა, რადგან ის ბიზანტიაში იდევნებოდა.
როგორც ვხედავთ ამ მოვლენების დროს არ ჩანს ქართლის მეფე. სავარაუდოა, რომ ვახტანგი მცირეწლოვანიიყო და, ბუნებრივია ქვეყნის მართვასა და პოლიტიკურ პროცესებში ჩარევა არ შეეძლო.
სწორედ ვახტანგის მცირეწლოვნობით ისარგებლეს ალან_ოსებმა. V ს-ის 40-იან წლებში ისინი არაგვის ხეობით ქართლში შემოიჭრნენ და ქვეყანა დაარბიეს. ოსები ქალაქ კასპს დაესხნენ თავს. ამ ქალაქში იმჟამად ვახტანგის უმცროსი და მირანდუხტი იყო გაძიძავებული, რაც რა თქმა უნდა თავდამსხმელებმა კარგად იცოდნენ. ოსებმა ქალაქი აიღეს, მირანდუხტი ტყვედ წაიყვანეს და დიდი ნადავლით უკან დაბრუნდნენ. ამ დროს ვახტანგი 10 წლის იყო.
უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ირანის შაჰი ცდილობდა მეფისათვის დაეპირისპირებინა ადგილობრივი დიდაზნაურები. დიდაზნაურებიც აღარ ემორჩილებოდნენ ცენტრალურ ხელისუფლებას. მათ მაღალი სამოხელეო და საეკლესიო თანამდებობეი ეკავათ. დიდაზნაურები ფლობდნენ და განაგებდნენ დიდ ტერიტორიებს იქ მოსახლე ყმა-გლეხებითა და დამოკიდებული მეთემეებით. ისინი ამ თანამდებობებს მემკვიდრეობით დაუფლებას ცდილობდნენ. მეფე ამას ეწინააღმდეგებოდა, რაც მათ შორის კონფლიქტს იწვევდა. ამით სარგებლობდა შაჰის კარი და დიდაზნაურებს ყველანაირად მხარს უჭერდა და ეხმარებოდა. რაც შეეხება დასავლეთ საქართველოს, ის ამ დროს ბიზანტიელების ხელში იყო.
ვახტანგ გორგასალი
ვახტანგ გორგასალი შესახებ მოგვითხრობს ქართველი ისტორიკოსი ჯუანშერი. V ს. 30-იანი წლების დასაწყისში ქართლის მეფეა მირდატი. მისი მეუღლე და ქართლის დედოფალი ირანელი დიდმოხელის, ასული საგდუხტი იყო. ქართლის მეფე მირდატი მალე გარდაიცვალა. 7 წლის ვახტანგი მამძუძის ოჯახიდან წამოიყვანეს და სამეფო ტახტზე აიყვანეს (დაახ: 442 _ 502).
ვახტანგი ცოტა რომ წამოიზარდა იძულებული გახდა ქართლის ჯარით ირანში წასულიყო მათ მხარეზე საომრად. უკან მობრუნებულმა 15 წლის ვახტანგ მეფემ თავისი პირველი სამეფო თათბირი (დარბაზი) მოიწვია, მეფემ თათბირის მონაწილეებს მის მიერ ქვეყნის უშუალო მართვა-გამგეობის დაწყება ამცნო და ოსეთზე ლაშქრობისათვის მომზადება უბრძანა.
ამ სამხედრო კამპანიაში ვახტანგს ეხმარებოდნენ სპარსელები, რადგანაც მომთაბარე ტომებისაგან თავის დაცვა ირანისათვის და ასევე ბიზანტიისათვის ძალიან მნიშვნელოვანი იყო. ქართველთა ლაშქარმა დაამარცხა ალანები, გაანთავისუფლა ტყვეები. მეფემ კავკასიონის გადმოსასვლელები გაამაგრა. დარიალის კარზე ვახტანგმა გოდოლი ააშენა და იქ მცველებად მთიელები დააყენა. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო ქართლის საზღვრების უსაფრთხოებისათვის.
ვახტანგმა ასევე მოახერხა არგვეთის (იმერეთი) შემოერთება და თავისი გავლენა გაავრცელა ეგრისზეც. მან ასევე დაიკავა კლარჯეთი, აქ ააშენა ქალაქი არტანუჯი და ამ საერისთავოს ცენტრად აქცია. სპარსელების დახმარებით ვახტანგმა ასევე შემოიერთა ჰერეთი და დაღესტანის მთიანეთი ნაწილი _ იგივე წუქეთი.
ამ შემთხვევაში ირანის დათმობები და ბიზანტიის პასიურობა გამოწვეული იყო მათი პრობლემებით. კერძოდ: ამ დროს ბიზანტიაში მიმდინარეობდა რელიგიური ომები დიოფიზიტებსა და მონოფიზიტებს შორის. ასევე მას თავს ესხმოდნენ გოთები და ვანდალები, ხოლო ირანს გამუდმებული ომები ჰქონდა ჰუნებთან ცენტრალურ აზიაში.
ქვეყნის ირანელთა ბატონობისაგან საბოლოოდ გასათავისუფლებლად საჭირო იყო
1.სამეფო ხელისუფლების განმტკიცება,
2.ორგული ფეოდალების დასჯა,
3.ირანის წინააღმდეგ ბრძოლაში მოკავშირის შეძენა.
1. სამეფო ხელისუფლების განმტკიცებისა და ქართული ქრისტიანული ეკლესიის გაძლიერების მიზნით, მეფემ საეკლესიო რეფორმა განიზრახა: ქართული ეკლესიის ისტორიაში ახალი ერა ქართლის მეფის ვახტანგ გორგასალის სახელს უკავშირდება. ვახტანგს კარგად ესმოდა, რომ სპარსეთთან დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში ქართულ ეკლესიას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭებოდა. მაგრამ კონფლიქტი მეფე ვახტანგსა და მთავაეპისკოპოსს შორის მეფის შუა აზიიდან დაბრუნების შემდეგ მოხდა.
მეფის სურვილს წესრიგი დაემყარებინა ეკლესიაში, წინ აღუდგა მთავაეპისკოპოსი მიქაელი. მან მეფეს აბსურდული ბრალდება წარუყენა. მან ვახტანგს ბრალი დასდო ცეცხლთაყვანისმცემლობისადმი ლმობიერ დამოკიდებულებაში. მათ შორის წარმოქმნილი უთანხმოება იმით დასრულდა, რომ, როცა შეხვედრისას ვახტანგმა მუხლი მოიდრიკა მთავარეპისკოპოსის წინაშე, მან კბილი ჩაუმტვრია. ვახტანგ გორგასალმა კარგად გამოიყენა ბიზანტიის კეისრის კეთილგანწყობილება, ყოველივე მომხდარი კონსტანტინოპოლის პატრიარქს შეატყობინა, კონსტანტინოპოლშივე გააგზავნა მიქაელი და ქართლის ეკლესიის ავტორიტეტის უფრო გაზრდის მიზნით, მისთვის თვითმმრთველობის ანუ ავტოკეფალიის მინიჭება ითხოვა. “ავტოკეფალია” ორი ბერძნული სიტყვის “აუთოს” _ “თვითონ” და “კეფალე” _ “თავი” შეერთებისგანაა მიღებული და თავისთავადობას, დამოუკიდებლობას ნიშნავს. ბიზანტიამ სპარსეთის წინააღმდეგ ახალშეძენილი მოკავშირე არ გაანაწყენა და ანტიოქიის პატრიარქი ქართლის ეკლესიისათვის თვითმმართველობის მიცემაზე დაითანხმა. ამის შემდეგ, ქართლის მეფის თხოვნით, ანტიოქიის პატრიარქმა ვახტანგ გორგასალის მიერ კათალიკოსად შერჩეული მისივე მეგობარი ბიზანტიელი ბერი პეტრე და კიდევ 12 ახალი ეპისკოპოსი საგანგებოდ აკურთხა და ქართლში გამოუშვა. ეს მოხდა 470-იან წლებში. ამის შემდეგ ქართლის ეკლესიის მეთაური კათალიკოსის ტიტულს ატარებდა. მთავარეპისკოპოსისაგან განსხვავებით, ქართლის კათალიკოსს უფლება ჰქონდა საეკლესიო კრებები მოეწვია და ქართლის ეკლესიის საქმები თვითონვე გადაეწყვიტა. ასე დაიწყო ქართლის ეკლესიის ავტოკეფალია.
ბიზანტიის იმპერატორი საქართველოს მიმართ ასეთ დათმობებზე იმიტომ მიდიოდა, რომ ითვალისწინებდა რეგიონში (კავკასიაში) არსებულ რთულ პოლიტიკურ სიტუაციას და იმ მნიშვნელოვან როლს, რომელსაც ქართლი ასრულებდა სამხრეთ კავკასიაში ქრისტიაობის პოზიციების დასაცავად.
2. როგორც უკვე ავღნიშნეთ მეფის ცენტრალურ ხელისუფლებას აღარ ემორჩილებოდნენ დიდაზნაურები და ღალატსაც არ ერიდებოდნენ. ამის ნათელი მაგალითია ქვემო ქართლის პიტიახში (გამგებელი) ვარქსენი, რომელიც 466 წელს გაემგზავრა ირანის შაჰთან, მისი გულის მოგების მიზნით უარყო ქრისტიანობა და მაზდეანობა მიიღო. ამ გზით ვარსქენს სურდა თავი დაეღწია ქართლის მეფის ქვეშევრდომობისაგან და ირანის მხარდაჭერით თავის სამფლობელოში უფრო მეტი უფლებები მოეპოვებინა. ვარსქენის მიზნებს ხელი შეუშალა მისმა მეუღლემ – შუშანიკმა. მიუხედავად წამებისა, ის არ დაემორჩილა ვარსქენის მოთხოვნებს და ციხეში აღესრულა ხანგრძლივი პატიმრობისა და ტანჯვის შემდეგ. ეკლესიამ იგი წმინდანად შერაცხა.
3. მეფის ხელისუფლების განმტკიცებასა და დიდაზნაურთა გავლენის შესუსტებას ისახავდა მიზნად მეფის მიერ წამოწყებული დიდი საქალაქო და საფორტიფიკაციო მშენებლობები. ვახტანგის დროს დამთავრდა ქალაქ უჯარმის მშენებლობა მდინარე ივრის ხეობაში, ასევე გაშენდა ქალაქი ჭერემი კახეთში, ხორნაბუჯი ჰერეთში, არტანუჯი კლარჯეთში. ვახტანგმა დაიწყო თბილისის მშენებლობა და ძველი არისტოკრატიის პოლიტიკური ცენტრის, მცხეთის, საპირისპიროდ დედაქალაქის თბილისში გადატანა გადაწყვიტა. ვახტანგი ამაგრებდა ძველ ციხე-სიმაგრეებსაც, ეს კი უკვე ნიშნავდა, რომ ვახტანგი ემზადებოდა სპარსელების წინააღმდეგ საბრძოლველად. თბილისში დედაქალაქის გადატანა მოხდა ვახტანგის შვილის, დაჩის დროს.
4. აჯანყების დაწყების წინ ვახტანგმა შეუტია სპარსეთის სამსახურში მყოფ დიდაზნაურებს. მან 482 წელს მოაკვლევინა ვარსქენ პიტიახში. მისი სიკვდილით დასჯა სპარსეთის წინააღმდეგ გამოსვლას ნიშნავდა. ამით ხაზი გაესვა იმას, რომ ბრძოლა მიმდინარეობდა არა მარტო პოლიტიკური თავისუფლებისათვის, არამედ სარწმუნოებისთვისაც. დროც კარგად იყო შერჩეული. ირანს გართულებული ჰქონდა მდგომარეობა ცენტრალურ აზიაში და ძირითადი ძალები იქ ჰყავდა გადაყვანილი. ალბანეთშიც დაწყებული იყო აჯანყება და სომხეთიც გამოსასვლელად ემზადებოდა. ვახტანგ მეფემ იცოდა, რომ ირანელებს მარტო ვერ გაუმკლავდებოდა, ამიტომ სომხებსა და ალბანელებს დაუკავშირდა, რომლებსაც სახელმწიფოებრიობის აღდგენა სურდათ.
აჯანყების პირველ წელს ვახტანგმა ირანელთა ჯარები დაამარცხა და ქართლიდან განდევნა. მომდევნო 483 წელს ირანმა ქართლსა და სომხეთში დიდი ჯარი გამოგზავნა. ვახტანგმა უკან დაიხია სომხეთის მთებისაკენ, რათა ქართველებისა და სომხების ძალები გაეერთაიენბინა. ამავე დროს იგი ელოდებოდა ჰუნთა დამხმარე ძალას, მაგრამ მხოლოდ 300 კციანი რაზმი მოუვიდა. არ იყო ერთიანობა ქართველთა მოკავშირე სომეხთა ლაშქარშიც. ბრძოლის დაწყების წინ სომეხი ნახარარების (დიდებულების) ნაწილი სპარსელთა მხარეს გადავიდა. ყოველივე ამან კი მოკავშირეთა მარცხი გამოიწვია. შემდეგი წლის, 484 წლის გაზაფხულზე საქართველოში კვლავ შემოვიდა ირანელთა დიდი ლაშქარი. ვახტანგი იძულებული იყო დასავლეთ საქართველოში გადასულიყო, თუმცა მალე მოვიდა ცნობა მეფე პეროზის ჰუნებთან ბრძოლაში დაღუპვის შესახებ და სპარსელთა სარდალი ირანში გაბრუნდა.
ირანელები ამჯერად იძულებულნი გახდნენ სამხრეთ კავკასიაში დათმობებეზე წასულიყვნენ. რაში გამოიხატა ქართლის მიმართ დათმობა ჩვენთვის უცნობია, მაგრამ ცნობილია, რომ მათ სომხეთში შეწყვიტეს ქრისტიანთა დევნა, სომეხთა მხრიდან აჯანყების მეთაური სომხეთის მარზპანად (მმართველად) დანიშნეს და ალბანეთში მეფის ხელისუფლება აღადგინეს. როგორც ჩანს ვახტანგიც დაბრუნდა აღმოსავლეთ საქართველოში, მაგრამ მისი შერიგება სპარსელებთან ვერ მოხერხდა. მან აიღო მკვეთრი პრობიზანტიური კურსი. ცხადია, ამას ირანთან ურთოერთობის გამწვავება მოჰყვა, ამიტომ ირანელებმა ქართლში ჯარი კვლავ შემოიყვანეს.
სპარსელებთან ვახტანგ გორგასალის უკანასკნელი ბრძოლა 502 წელს უჯარმის ახლოს ივრის ველზე (სამგორში) გაიმართა.
ამავე დროს (გადმოცემით მოღალატემ გასცა, რომ მეფეს ჯაჭვის პერანგი იღლიის ქვეშ გარღვეული ჰქონდა) მეფე მოწამლული ისრით იღლიის ქვეშაც დაიჭრა. დაჭრილი მეფე უჯარმაში წაიყვანეს, სადაც ჭრილობისაგან გარდაიცვალა. დიდი მეფე მისავე აგებულ სვეტიცხოვლის ტაძარში დაკრძალეს. ვახტანგ მეფე ისტორიაში “გორგასალის” სახელითაა ცნობილი. “გორგ-ა-სარ” სპარსულად “მგლისთავას” ნიშნავს. ეს სახელი იმიტომ ეწოდა, რომ მის მუზარადზე მგელი _ ფარნავაზიანთა საგვარეულო ემბლემა იყო გამოსახული საუკუნეთა მანძილზე ქართველები სამეფო დროშას “გორგასლიანს” უწოდებდნენ. ვახტანგ გორგასალის მეფობით დასრულდა საქართველოს ისტორიის ანტიკური პერიოდი და დაიწყო შუა საუკუნეების ხანა.