Posted by : ლელა კაკაშვილი Saturday 10 March 2018



პომპეუსის ლაშქრობა

     ძვ.წ. II საუკუნეში მკვეთრად შეიცვალა ვითარება ქართლის სამხრეთ საზღვრებთან.
  ძვ.წ. 190 წელს, მაგნეზიასთან დამარცხების შემდეგ სელევკიდების სამეფოს აღარ შეეძლო აქტიური პოლიტიკის წარმოება. ამ სამეფოს დასუსტებით ისარგებლა პართიამ, გამოეყო სელევკიდებს და გაძლიერდა. პართია მდებარეობდა დღევანდელი ირანის ტერიტორიაზე, ქართლის სამეფოს მეზობლად, კერძოდ მის სამხრეთ-აღმოსავლეთით. პართიას სათავეში ედგა არშაკიდების დინასტია. 
  სელევკიდების დსუსტებას ასევე მოჰყვა ქართლის სამხრეთით ორი სომხური სახელმწიფოს _ სოფენესა და დიდი არმენიის შექმნა. ეს სომხური სამეფოები გამოეყვნენ სელევკიდების სახელმწიფოს და მიითვისეს ქართლის სამეფოს სამხრეთით მდებარე ტერიტორიების ნაწილი, კერძოდ ჭოროხის ხეობა, ტაო, არტაანი, ქვემო ქართლი, ქიზიყი.
გარკვეული პოლიტიკური ცვლილებებით აღინიშნება ქართლის სამეფოს აღმოსავლეთის და დასავლეთის საზღვრები. კერძოდ, ქართლის აღმოსავლეთით, დღევანდელი აზერბაიჯანის ტერიტორიაზე წარმოიშვა ალბანეთის სახელმწიფო, ხოლო დასავლეთიდან ქართლის სამეფოს გაუმეზობლდა ძლიერი პონტოს სამეფო.
  პონტოს სამეფო მოიცავდა შავი ზღვის სამხრეთ, აღმოსავლეთ და ჩრდილოეთ სანაპიროებს. მისი მოსახლეობის ნაწილს შეადგენდნენ დასავლურ-ქართული ტომები:  ლაზები, ჭანები, კოლხები, ხალიბები, მოსინიკები. პონტოს შემადგენლობაში ძვ.წ. I საუკუნეში კოლხეთიც შედიოდა. 
    პონტოს სამეფომ განსაკუთრებულ ძლიერებას მიაღწია მითრიდატე VI ევპატორის _ ძვ.წ. 111-63 წწ, მეფობის დროს. მითრიდატე VI-ემ რომთან წარმოებული I და II მითრიდატულ ომებში მარცხის მიუხედავად, მაინც მოახერხა ძალების აღდგენა და დიდი არმენიის მეფე ტიგრან II-სთან ერთად დაიწყო ბრძოლა აღმოსავლეთში რომის შემოტევების წინააღმდეგ, რომელსაც III მითრიდატული ომი ეწოდა (ძვ.წ. 74-64 წწ). ამ ბრძოლებში ქართლი და ალბანეთი სომხეთისა და პონტოს მოკავშირეები იყვნენ.
     რომაელებმა ლუკულუსის მეთაურობით რამდენჯერმე დაამარცხეს მითრიდატე VI და ძვ.წ. 69 წელს სომხეთში შეიჭრნენ. მითრიდატე და მისი მოკავშირე ტიგრან II დამარცხდნენ ლუკულუსთან ბრძოლაში. რომაელმა სარდალმა სომეხთა ქალაქი ტიგრანაკერტი აიღო, მაგრამ ამ გამარჯვების შემდეგ ლუკულუსმა რამდენიმე წარუმატებელი სამხედრო ოპერაცია განახორციელა, რამაც მითრიდატეს საშუალება მისცა კვლავ დაებრუნებინა თავისი სამეფო. მითრიდატესთან სომხეთში გაჭიანურებული ომის გამო სენატი უკმაყოფილო იყო, ამიტომ ლუკულუსი რომში გაიწვიეს, ხოლო რომაულ არმიას აღმოსავლეთში ბრძოლების საწარმოებლად ახალი მთავარსარდალი ჩაუყენა სათავეში. ეს იყო რომაელთა სახელგანთქმული სარდალი გნეუს პომპეუსი, რომელმაც ძვ.წ 66 წელს  დაამარცხა მითრიდატე და იძულებული გახადა კოლხეთში გაქცეულიყო. როგორც გვახსოვს  პონტოს მეფემ  ძვ.წ. 63 წელს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. პომპეუსმა აიძულა სომხეთის მეფე ტიგრან II, წინააღმდეგობა შეეწყვიტა და რომაელებს დამორჩილებოდა. სომხეთის დამარცხების შემდეგ რომაელები ქართლში შემოვიდნენ.

   იბერიაში რომაელთა ლაშქრობაზე ცნობებს გვაწვდიან ანტიკური ავტორები: პლუტარქე, აპიანე, დიონ კასიუსი. პომპეუსმა იბერიაში ილაშქრა ძვ.წ. 65 წელს. იბერიის მეფე არტაგი კარგად ხედავდა, რომ მისი მოკავშირეების მარცხის შემდეგ ძალები უთანასწორო იყო და არ შეეძლო წინაღმდეგობა გაეწია რომაელთა ძლიერი ჯარისათვის, ამიტომ მან პომპეუსს ზავი შესთავაზა, მაგრამ დიონ კასიუსის ცნობით ის ფარულად უეცარ თავდასხმას ამზადებდა. პომპეუსმა ეს შეიტყო და მოულოდნელად შეიჭრა იბერიის დედაქალაქში, მიადგა აკროპოლისს _ არმაზციხეს. არტაგმა დატოვა არმაზციხე და გადავიდა მტკვრის მეორე მხარეზე _ მცხეთაში, ხიდი კი დაწვა. პომპეუსმა კი დაიმორჩილა მტკვრის მარჯვენა ნაპირზე მდებარე მთელი მხარე და ემზადებოდა მეორე მხარეზე გადასასვლელად. არტაგმა მას დესპანი გაუგზავნა და პირობა მისცა, რომ ხიდს ააგებდა და რომაელთა ლაშქარს სურსათს მიაწვდიდა. ეს პირობები შეასრულა კიდეც ( ეს ის ხიდია, რომლის ნაშთი შემორჩენილია დღევანდელი მცხეთის სადგურთან მტკვრის ვიწრო ადგილზე.) 

    პომპეუსი მაინც გადავიდა მტკვრის მარცხენა ნაპირზე. არტაგი კი გაიქცა მდინარე პელორისაკენ (ალბათ არაგვისაკენ). პომპეუსი დაეწია მას და დაამარცხა. პელორზე გადასვლის შემდეგ  არტაგმა ხიდი დაწვა. მეომართა მეორე ნაწილმა ვერ მოასწრო გადასვლა და შეეცადა მდინარე გადაეცურა, მათი ნაწილი დაიღუპა, ნაწილმა კი ტყეს შეაფარა თავი და რომაელებს მაღალი ხეებიდან უშენდა ისრებს. რომაელები იძულებულები იყვნენ ხეები მოეჭრათ. პლუტარქეს ცნობით 9 000 იბერიელი დაიღუპა და 10 000 ტყვედ ჩავარდა.
   პომპეუსსა და არტაგს შორის განახლდა მოლაპარაკება. პომპეუსი არტაგის შვილებს მძევლად ითხოვდა. თავდაპირველად არტაგი არ თანხმდებოდა, მაგრამ შემდეგ, როცა ზაფხულის სიცხეების გამო პელორი ადვილად გადასასვლელი გახდა და პომპეუსის ლაშქარიც გადავიდა მასზე, არტაგი დათანხმდა მძევლის მიცემაზე და ზავიც შეიკრა. პლუტარქეს ცნობით, არტაგმა პომპეუსს უძღვნა ოქროს სარეცელი, ტახტი და მაგიდა.
ზავის პირობით:
 1) ქართლში მეფის ხელისუფლება ხელუხლებელი დარჩა;
 2) ქართლის მეფეს რომაელთა სამხედრო მოკავშირეობა (“მეგობრობა”) დაევალა, რაც თავის მხრივ გულისხმობდა საჭიროების შემთხვევაში რომისათვის ჯარით დახმარებას;
 3) ქართლის მეფეს დაევალა ჩრდილო-კავკასიის გადმოსასვლელების გამაგრება. 
ეს ხელშეკრულება არ იყო თანასწორუფლებიანი. ქართლის სამეფო მოექცა რომის პოლიტიკის გავლენის ქვეშ, თუმცა ამასაც ჰქონდა დადებითი მხარეები. კერძოდ, უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნა სომხეთი, მან დაკარგა ტიგრან II-ის მიერ დაპყრობილი მიწები და გადაიქცა მეორეხარისხოვან სახელმწიფოდ. ეს ქართლისათვის სასარგებლოც იყო, რადგანაც სამხრეთ კავკასიაში სომხეთი მან ჩაანაცვლა და ყველაზე დიდი სახელმწიფოს, “რომის  მეგობარი და მოკავშირე” გახდა.
ი  ბერიიდან პომპეუსი კოლხეთში გადავიდა უმოკლესი გზით _ სურამის უღელტეხილით, მიაღწია ქ. ფაზისს, სადაც ელოდებოდა პუბლიუს სერვილიუსი რომაული ესკადრით. კოლხეთში უეჭველია პომპეუსს ბევრჯერ მოუხდა ბრძოლით გზის გაკვლევა. ამაზე მიუთითებს თუნდაც ის, რომ რომში დაბრუნებული პომპეუსის ტრიუმფალურ სვლაში მონაწილეობდა “კოლხების სკეპტუხი” ოლთაკი. 
კოლხეთის მმართველად პომპეუსს დაუნიშნია არისტარქე. ჩვენამდე მოაღწია არისტარქეს სახელით მოჭრილმა მონეტებმა, რომელზეც ამოკვეთილია მისი სახელი “არისტერქე კოლხეთის მბრძანებელი”. სავარაუდოა, რომ არისტარქე მართავდა ცენტრალურ კოლხეთს. რაც შეეხება ჩრდილო კოლხეთის მთიელ ტომებს, ისინი არავის ემორჩილებოდნენ.

- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -