Posted by : ლელა კაკაშვილი Monday, 23 April 2018


“აღმოსავლეთის საკითხი” XIX საუკუნეში

   “აღმოსავლეთის საკითხი” ეწოდება ევროპულ სახელმწიფოებს შორის ქიშპს, რომელიც წარიმართა დასუსტებული ოსმალეთის იმპერიაზე ზეგავლენის მოსაპოვებლად და მისი ცალკეული მიწების ხელში ჩასაგდებად, ასევე ევროპული სახელმწიფოების ომებს ოსმალეთთან.
   ევროპასა და რუსეთთან ოსმალეთის (თურქეთის) დაპირისპირებას ხანგრძლივი ისტორია ქონდა. თუმცა, ჩვეულებრივ “აღმოსავლეთის საკითხის” ათვლის წერტილად მიიჩნევენ 1768-1774 წლების რუსეთ_თურქეთის ომს, რომელიც დასრულდა ქუჩუკ-კაინარჯის ზავით. ამ ზავით გამარჯვებულმა რუსეთმა თავი შავი ზღვის ბატონ-პატრონად მიიჩნია. რუსეთმა თავი ასევე მიიჩნია თავი თურქეთის მართლმადიდებელი აღმსარებლობის ხალხის დამცველად. მაგრამ ევროპულ სახელმწიფოებს სულაც არ აწყობდათ რუსეთის ზედმეტი გაძლიერება ოსმალეთის იმპერიის ხარჯზე. ასე, რომ ევროპული სახელმწიფოები ცდილობდნენ ოსმალეთის, თუნდაც დასუსტებული ერთიანობის შენარჩუნებას.
   XVIII საუკუნის დასასრულს, 1787-1792 წლებში მიმდინარეობდა რუსეთ_თურქეთის კიდევ ერთი ომი. რუსეთ-თურქეთის ეს ომი, მაინც რუსეთისათვის წარმატებული გამოდგა და დაიდო ახალი, იასის ზავი, რომელიც ფაქტიურად იმეორებდა ქუჩუკ-კაინარჯის ხელშეკრულების დებულებებს.
   1806 წელს დაიწყო რუსეთ-თურქეთის ომი, რომელიც გაგრძელდა 1812 წლამდე. სამხრეთ კავკასიაში განლაგებულ რუსეთის ჯარებს ორ ფრონტზე უხდებოდათ ბრძოლა, რასაც თან დაერთო მარცხი, ნაპოლეონის წინააღმდეგ აუსტერლიცთან ბრძოლაში. რუსეთის ჯარების დიდი ნაწილი ბალკანეთის ნახევარკუნძულზე ებრძოდა თურქეთს და ამიეკავკასიაში დიდი სამხედრო ძალების გადმოსროლა შეუძლებელი იყო. ამ ვითარებაში რუსეთის არმიას დიდ დახმარებას უწევდა ქართველებისა და სომხების სახალხო ლაშქარი.
   ამ ომის ერთ-ერთ მთავარ მიზანს დასავლეთ საქართველოში ბატონობაც წარმოადგენდა. ჯერ კიდევ 1804 წელს რუსულმა ჯარებმა დაიკავეს ყულევი და იქ ააგეს პატარა ციხე-სიმაგრე რედუტ-კალე. ამ ფაქტს უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა, ვინაიდან შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე რუსეთმა რედუტ-კალეს სახით შექმნეს საყრდენი პუნქტი და დაიწყეს მზადება მომავალში შავი ზღვის აღმოსავლეთი სანაპიროდან თურქების განდევნისათვის. რუსებმა 1809 წელს თურქები ფოთიდანაც განდევნეს, შემდეგ ახალქალაქიდანაც, მაგრამ როგორც ვიცით რუსეთი  ამ ომის პარალელურად ნაპოლეონთანაც აწარმოებდა ომს და ამჯობინა ეს ქალაქები დროებით დაებრუნებინა თურქებისათვის.
   რუსეთ-თურქეთის ომი დასრულდა 1812 წელს ბუქარესტის ზავით. ამ ზავით თურქეთმა ცნო საქართველოს გადასვლა რუსეთის მფლობელობაში და დათმო შავი ზღვის სანაპირო ზოლი სოხუმიდან რედუტ-კალემდე. ოსმალეთს რუსეთმა დაუბრუნა ფოთი და ახალქალაქი.
   1828 წელს რუსეთმა ომი გამოუცხადა თურქეთს. მთავარი საბრძოლო მოქმედებები ბალკანეთის ნახევარკუნძულზე იგეგმებოდა, კავკასიის ფრონტს კი მეორეხარისხოვანი დატვირთვა უნდა ჰქონოდა. ამ ომში აქტიურად მონაწილეობდნენ რუსეთის ჯარებში მყოფი ქართველი გენერლები, ოფიცრები და სახალხო ლაშქარი. რუსეთის ჯარებმა აიღეს ქალაქები:  ყარსი, ფოთი, ახალციხე, ახალქალაქი და არტაანი. ალექსანდრე ჭავჭავაძის სარდლობით დაიკავეს ბაიაზეთის საფაშო, 1829 წელს კი _ არზრუმი.
   1829 წელს რუსეთსა და თურქეთს შორის ზავი დაიდო ადრიანოპოლში. თურქეთმა რუსეთის კუთვნილებად სცნო შავი ზღვის სანაპირო მდინარე ჩოლოქიდან მდინარე ყუბანამდე. ადრიანოპოლის ზავით რუსეთმა ასევე მიიღო თავისუფალი ნაოსნობის უფლება შავ ზღვაზე. რუსეთს მიენიჭა ბოსფორის სრუტის გამოყენების უფლებაც. ამ ზავის თანახმად რუსეთის მფლობელობაში გადავიდა ქალაქები: ფოთი, ახალციხე, ახალქალაქი, ასპინძა, აწყური, ხერთვისი, ქვაბლიანი, აბასთუმანი და ჭაჭარაქი. როგორც დავინახეთ ადრიანოპოლის ზავით თურქეთმა რუსეთის კუთვნილებად ცნო ისტორიული სამცხის ტერიტორიის ერთი ნაწილი _ დღევანდელი სამცხე-ჯავახეთი. ეს ერთი მხრივ მნიშვნელოვანი მოვლენა იყო საქართველოსათვის, მაგრამ მეორე მხრივ ამ მხარეში გზას უხსნიდა კოლონიზაციისა და რუსიფიკაციის პოლიტიკას.
  სამცხე-ჯავახეთის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის დროისათვის მკვიდრი ქართული მოსახლეობის ნაწილი ქრისტიანობას ინარჩუნებდა, ხოლო ნაწილი გამაჰმადიანებული იყო. პოლიტიკური მოსაზრებით რუსებმა ქართველი მაჰმადიანები თურქებად გამოაცხადეს და მშობლიურ მიწაზე ცხოვრებისთვის აუტანელი პირობები შეუქმნეს. მათ ქართველ მაჰმადიანებს მძიმე გადასახადები დააკისრეს. რუსმა მოხელეებმა დაიწყეს ქართველი მაჰმადიანების თურქეთის აგენტებად გამოცხადება. აუტანელი პირობების გამო დაიწყო სამცხე-ჯავახეთში მცხოვრები ქართველი მაჰმადიანების თურქეთში გადასახლება ანუ მუჰაჯირობა. 
   ქართველი საზოგადოების წარმომადგენლებმა გრაფ პასკევიჩს სთხოვეს სამცხე- ჯავახეთში დასავლეთ საქართველოდან გადმოესახლებინათ ქართველები, რაზედაც უარი მიიღეს. სამაგიეროდ, პასკევიჩმა ქართული მოსახლეობისაგან დაცლილ ტერიტორიაზე, თურქეთიდან შემოსული 30 000 სომეხი და ბერძენთა  6 000-ზე მეტი ოჯახი დაასახლა. ამგვარმა პოლიტიკამ გადამწყვეტი როლი შეასრულა საქართველოს ამ მხარეში ჭარბი სომხური მოსახლეობის გაჩენაში, რის შედეგადაც ეთნიკური სურათი რადიკალურად შეიცვალა.
   რუსეთის მიზნები ოსმალეთის იმპერიის მიმართებით XIX საუკუნის მანძილზე არ შეცვლილა. რუსეთი ისევ და ისევ ცდილობდა ბალკანური პროვინციების დაუფლებას და ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების ხელში ჩაგდებას. ბრიტანეთი და საფრანგეთი განსაკუთრებულ ინტერესს იჩენდნენ ოსმალეთის იმპერრისადმი. ბრიტანელებს განზრახული ჰქონდათ მხარი დაეჭირათ დასუსტებული ოსმალეთის იმპერიისათვის და ასე მოეხდინათ რუსების შესვლის ბლოკირება ხმელთაშუა ზღვაში. ოსმალეთის იმპერიასთან დაკავშირებით ევროპული სახელმწიფოებისა და რუსეთის ქიშპი გადაიზარდა 1853-1856 წლების, ე.წ. ყირიმის ომში.
  როგორც ვიცით, ადრე დადებული ხელშეკრულებით რუსეთი აღიარებული იყო ოსმალეთის იმპერიის მართლმადიდებლური უმცირესობების დამცველად, მაგრამ ამჯერად რუსეთმა ოსმალეთის ხელისუფლებას მოსთხოვა დასთანხმებოდა, რომ რუსეთისათვის მიენიჭებინა უფლება უშუალოდ ჩარეულიყო ოსმალეთის საშინაო საქმეებში, თუ რუსეთი მიიჩნევდა, რომ მართლმადიდებლური უმცირესობების უფლებები ირღვეოდა. ეს კი ოსმალეთის დამოუკიდებლობის მნიშვნელოვან შეზღუდვას მოასწავლებდა. ამიტომ სულთანმა, რომელსაც მხარს უჭერდნენ ევროპული სახელმწიფოები, უარი განაცხადა რუსეთის ამ მოთხოვნის შესრულებაზე და დაიწყო ომი, რომელშიც თურქეთი მეორეხარისხოვან როლს თამაშობდა და რუსეთის მთავარ მოწინააღმდეგეებად ბრიტანეთი და საფრანგეთი იქცნენ. რადგან ძირითადი საომარი მოქმედებები ყირიმის ნახევარკუნძულზე მიმდინარეობდა, ამ ომმა “ყირიმის ომის” სახელმწოდება მიიღო.
   რუსეთი კავკასიის ფრონტს მეორეხარისხოვნად მიიჩნევდა და მის გამაგრებაზე დიდად არ უზრუნია. ამით ისარგებლა ოსმალთა სარდალმა _ ომერ ფაშამ და დაარბია აფხაზეთი, გურია და სამეგრელო. ომერ ფაშა გეგმავდა ჩრდილოეთ კავკასიაში გადასვლას და იმამ შამილთან შეერთებას. 1854 წელს შამილის რაზმები კახეთში შემოიჭრნენ და დაარბიეს მდინარე ალაზნის ნაპირები. გაძარცვეს წინანდალი და ტყვედ ჩაიგდეს მშვიდობიანი მოსახლეობა. შამილის რაზმები ამჯერად კახეთს მალე გაეცალნენ, რადგან ოსმალებმა ქართველთა რაზმების წინააღმდეგ, რომელსაც გენერალი ივანე ანდრონიკაშვილი სარდლობდა რამდენჯერმა მარცხი განიცადეს. მაგრამ წარმატებები კავკასიის ფრონტზე ვერ წყვეტდა ყირიმის ომის ბედს.  ომერ-ფაშამ სამეგრელოს დედოფლის ეკატერინე ჭავჭავაძის გადმობირება სცადა, უარის მიღების შემდეგ კი სასტიკად დაარბია სამეგრელო. მაგრამ ომერ-ფაშას მდგომარეობა მას შემდეგ გახდა უიმედო, რაც თურქებმა რუსებს ყარსი ჩააბარეს. მან უკან დახევა დაიწყო. დამარცხებულმა თურქებმა გადაწვეს ზუგდიდი.
   ყირიმის ომი დასრულდა 1856 წელს პარიზის ზავით. რუსეთი დამარცხდა. ზავის პირობები შეეხო კავკასიასაც. ყარსის სანაცვლოდ რუსეთს დაუბრუნეს სევასტოპოლი და საერთოდ ყირიმის ნახევარკუნძული. თურქებმა დატოვეს სამეგრელოსა და აფხაზეთში მათ მიერ დაკავებული ტერიტორიები. ყირიმის ომში ქართველმა ერმა დიდი სისხლი გაიღო. მტერმა ააოხდა სამეგრელოს, აფხაზეთის, იმერეთის, გურიისა და კახეთის ნაწილი. ქართველი გენერლებისა და ოფიცრების, ქართული სახალხო ლაშქრის აქტიური დახმარების წყალობით რუსეთის ჯარმა კავკასიის ფრონტზე შეძლეს რამდენიმე მნიშვნელოვანი გამარჯვების მოპოვება.
   XIX საუკუნის 70-იან წლებში “აღმოსავლეთის საკითხი” კვლავ გამწვავდა.  რუსეთი ახალი ომისათვის ემზადებოდა, რომლის მიზანსაც ბოსფორ-დარდანელის სრუტეების ხელში ჩაგდება წარმოადგენდა. მის ამ სურვილს ტრადიციულად ინგლის-საფრანგეთი ეწინააღმდეგებოდა, მაგრამ თურქეთის წინააღმდეგ ბრძოლას მხარს უჭერდა ბალკანეთის მართლმადიდებელი მოსახლეობა, რომელთა ამბოხებამაც დააჩქარა რუსეთ-თურქეთის ომი. 1875 წელს აჯანყდნენ ბოსნიელი სერბები, 1876 წელს კი ბულგარელები. ინგლისისაგან წაქეზებულმა ოსმალებმა ყურად არ იღეს რუსეთის მოთხოვნა შეეჩერებინა დამსჯელი ოპერაციები, რაც რუსეთის იმპერატორმა საბაბად გამოიყენა და 1877 წელს თურქეთს ომი გამოუცხადა. 
   საბრძოლო მოქმედებები ბალკანეთსა და კავკასიაში მიმდინარეობდა. 1877 წლის სექტემბერში ახალი ძალებით გაძლიერებული რუსეთის არმია შეტევაზე გადავიდა და ოსმალები დაამარცხა. ამან შეაშფოთა ევროპის სახელმწიფოები. ისინი სულთანს ომის შეწყვეტას და დაზავებას ურჩევდნენ. ევროპის ქვეყნებთან ურთიერთობის გართულების თავიდან ასაცილებლად იმპერატორმა ალექსანდრე II-ემ ოსმალეთის სულთნის წინადადება მიიღო. 1878 წლის 3 მარტს რუსეთსა და თურქეთს შორის დაიდო სან-სტეფანოს ზავი, რომლის პირობებითაც დამოუკიდებლობა მიიღეს ბულგარეთმა, ჩერნოგორიამ და რუმინეთმა. რუსეთს ასევე უნდა გადასცემოდა ევროპაში ბესარაბია, აზიაში კი _ სამხრეთ-დასავლეთი საქართველოს ისტორიული ტერიტორია, მათ შორის აჭარა.
    სან-სტეფანოს ზავის მიმართ დიდ უკმაყოფილებას არ მალავდა ინგლისი. მისი ინციატივით დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებმა მიაღწიეს სან-სტეფანოს ზავის პირობების გადასინჯვას. ხელშეკრულების გადასინჯვის საკითხი განიხილა ბერლინის კონგრესმა. ამ კონგრესზე რუსეთი იზოლაციაში აღმოჩნდა და იძულებული გახდა ზოგიერთი რამ დაეთმო. 1878 წლის ივლისში “ბერლინის ტრაქტატი” იქნა ხელმოწერილი, რომლის მიხედვითაც რუსეთს გადაეცა თურქეთის მიერ მიტაცებული საქართველოს ისტორიული ტერიტორია: აჭარა, შავშეთი, კლარჯეთი, იმერხევი, კოლა-არტაანი და ოლთისი.  ბერლინის ტრაქტატის ძალით, ბათუმი რუსეთს პორტო-ფრანკოს ე.ი. თავისუფალი სავაჭრო ქალაქის სტატუსით გადაეცა.  
   ტრაქტატის ხელმოწერის დღეს ამ ტერიტორიების უდიდესი ნაწილი რუსეთის ჯარებს ეკავათ. მხოლოდ აჭარაში რჩებოდა, მათ შორის ბათუმშიც, თურქეთის ჯარები. თურქეთი აჭიანურებდა ჯარის გაყვანას. 1878 წლის 25 აგვისტოს რუსეთის ჯარები ბათუმში შევიდნენ.

- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -