Posted by : ლელა კაკაშვილი Monday 23 April 2018

ბატონყმობის გაუქმების გამოცხადება

ალექსანდრე II-ის რეფორმები
საგლეხო რეფორმა

   დასავლეთ ევროპასთან შედარებით, სადაც კაპიტალიზმი სწრაფად ვითარდებოდა ბატონყმური რუსეთი ჩამორჩენილი ქვეყანა იყო, რაც კარგად აჩვენა 1853-1856 წლების “ყირიმის ომმა”. ქვეყანას რეფორმები სჭირდებოდა. რუსეთის იმპერატორმა ალექსანდრე II-ემ (1855-1881 წწ) 1861 წლის 19 თებერვალს ხელი მოაწერა მანიფესტს ბატონყმობის გაუქმების შესახებ რუსეთის იმპერიის ევროპული ნაწილისათვის. ამ მანიფესტის მიხედვით ყმა გლეხი ხდებოდა თავისუფალი მოქალაქე (ე.ი. იურიდიულად თავისუფლდებოდა, ენიჭებოდა პირადი თავისუფლება) და საშუალება ეძლეოდა საკუთარი სურვილის მიხედვით გამოეყენებინა თავისი ნიჭი და შესაძლებლობა. გლეხმა პირად თავისუფლებასთან ერთად მიწის გარკვეული ნაკვეთიც (“ნადელი”) მიიღო. ის მოვალე იყო თავისი ყოფილი ბატონისათვის მიწის გამოსასყიდი თანხა 20 წლის განმავლობაში ეხადა, ამის შემდეგ კი ის მიწის სრული მესაკუთრე ხდებოდა. გლეხს უფლება ჰქონდა, მთელი გამოსასყიდი თანხა წინასწარ გადაეხადა, მანამდე კი ე.წ. “დროებით ვალდებულად” რჩებოდა. ამრიგად, საგლეხო რეფორმის ძირითადი ნაკლი ის იყო, რომ ბატონყმურ ვალდებულებებს დროებით მაინც ძალაში ტოვებდა.
   უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოს დაპყრობის გასაადვილებლად, რუსი მოხელეები ავრცელებდნენ “საიდუმლო” ხმებს, რომ თითქოს “იმპერიაში შესვლით” ქართველი გლეხები თავისუფლებას მიიღებდნენ. სინამდვილეში კი მიწისა და თავისუფლებისათვის მათ ნახევარსაუკუნოვანი ბრძოლა მოუხდათ. XIX საუკუნის 50-იანი წლებისათვის ქართველ გლეხობას მისი ინტერესების დამცველი ინტელიგენტი მოღვაწეები გამოუჩნდნენ, რაფიელ ერისთავმა, დანიელ ჭონქაძემ ჟურნალ “ცისკრის” სხვა თანამშრომლებმა ბატონყმობა დაგმეს და მისი გაუქმება იწინასწარმეტყველეს. მალე მათ მხარში ამოუდგნენ ევროპისა და რუსეთის მოწინავე იდეებზე აღზრდილი ილია ჭავჭავაძე, აკაკი წერეთელი, გიორგი წერეთელი, ნიკო ნიკოლაძე, იაკობ გოგებაშვილი, სერგი მესხი, მოგვიანებით ვაჟა-ფშაველა, ალექსანდრე ყაზბეგი და სხვები. ეს იყო ქართველ საზოგადო მოღვაწეთა მთელი პლეადა, რომლებმაც გლეხობის სტიქიური მისწრაფებები მწყობრ ანტიბატონყმურ იდეოლოგიად ჩამოაყალიბა.
  საგლეხო რეფორმა კავკასიაში გატარდა 1864 წელს. ქართველი თავადაზნაურების დამოკიდებულება ბატონყმობის გაუქმებისადმი გამოიხატა რამდენიმე პროექტში:
1.”უმრავლესობის პროექტი” _ რომელიც შეიმუშავა დიმიტრი ყიფიანმა. ქართლ-კახეთის 240 მემამულიდან, რომლებმაც აზრი გამოთქვეს საგლეხო რეფორმასთან დაკავშირებით დიმიტრი ყიფიანს მხარი დაუჭირა 224-მამემამულემ. ეს პროექტი მორგებული იყო თავადაზნაურთა ინტერესებზე და შესაძლებლად თვლიდა გლეხთა მხოლოდ პირად გათავისუფლებას. მიწა მემამულის საკუთრებაში რჩებოდა. გლეხს შეეძლო ესარგებლა მებატონის მიწით, რისთვისაც უნდა გადაეხადა სათანადო გადასახადები; ეს პროექტი იმდენად კონსერვატორული აღმოჩნდა, რომ მის მიღებაზე მეფის მთავრობამაც კი უარი თქვა;
2.”უმცირესობის პროექტი” _ წარმოადგინა მემამულეთა მცირე ჯგუფმა გრიგოლ ორბელიანის მეთაურობით და ის “უმრავლესობის პროექტისაგან” იმით განსხვავდებოდა, რომ გლეხს უფლებას აძლევდა შინაური საქონელი და უძრავი ქონების ნაწილი მიეღო.
3. არსებობდა მესამე პროექტიც, რომლის ავტორი იყო კონსტანტინე მამაცაშვილი. იგი თავის პროექტში ყმის მიწით გათავისუფლებას ითხოვდა, რათა არ გაჩენილიყო პროლეტარიატი (ღატაკები). გარდა ამისა, ის დარწმუნებული იყო, რომ ადამიანი, რომელსაც თავის ქვეყანაში ადგილ-მამული არ ჰქონდა, ვერ დაინტერესდებოდა ამ ქვეყნის ბედით;
4.პროექტი შეიმუშავა ილია ჭავჭავაძემაც _ მან თავისი მოსაზრებები ჩამოაყალიბე “კრიტიკულ შენიშვნებში”, სადაც აღნიშნული იყო, რომ მემამულესა და გლეხს შორის უნდა გამწყდარიყო ყველა ძაფი, რომელიც მათ იძულებით აკავშირებდათ. წინააღმდეგ შემთხვევაში პატონყმობა გაგრძელდებოდა, ოღონდ შეცვლილი ფორმით.
   საბოლოოდ რუსეთთან შედარებით საქართველოში რეფორმა მემამულეთათვის უფრო ხელსაყრელ პირობებში განხორცილედა. ახალი პროექტით ქართველ გლეხს თითქმის ისეთივე პირობებით მიეცა მიწა და თავისუფლება, როგორც თვით რუს გლეხს. მაგრამ საქართველოში გლეხს მიწა გაცილებით ნაკლები მოცულობის, ხოლო ზოგს სულაც არ მიეცა. ამ რეფორმას ილიამ “სანახევრო”, ხოლო ნიკო ნიკოლაძემ “ სამარცხვინო” უწოდა. აღმოსავლეთ-საქართველოსი (ქართლ-კახეთში) საგლეხო რეფორმა გატარდა 1864 წელს, იმერეთსა და გურიაში _ 1865 წელს, სამეგრელოში _ 1867 წელს, აფხაზეთში _ 1870 წელს და სვანეთში _ 1871 წელს. საქართველოში მიწის გამოსყიდვა არსებული დებულებით სავალდებულოდ არ იქნა მიჩნეული. დროებითმა ვალდებულებამ მუდმივი ხასიათი მიიღო და კანონით მხოლოდ 1912 წელს გაუქმდა, თუმცა პრაქტიკულად 1917 წლამდე იარსება.
   როგორც მთელს რუსეთში, ისე საქარველოში, ბატონყმობის გაუქმებას მაინც პროგრესული მნიშვნელობა ჰქონდა. მან ხელი შეუწყო კაპიტალიზმის განვითარებას. ამ რეფორმით დაიწყო რუსეთის იმპერიის თავადაზნაურულ-ფეოდალური მონარქიის ბურჟუაზიულ მონარქიად გარდაქმნის პროცესი. საქართველო კი ამ ფეოდალური მონარქიის “განაპირა მხარიდან” ბურჟუაზიული მონარქიის ტიპიურ კოლონიად იქცა.


- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -