Posted by : ლელა კაკაშვილი Wednesday 11 April 2018


მაია

    მაია ცივილიზაციის ერთერთი ყვლაზე ძირძველი საზოგადოება იყო. მაიას ხალხი ბინადრობდა ცენტრალურ ამერიკაში, იუკატანის ნახევარკუნძულზე. თანამედროვე  გვატემალაში მაიას ტომებმა ააშენეს დიდი ქვის ქალაქები და ძეგლები. ყველაზე ადრეული დასახლებები თარიღდება ძვ.წ. 1800 წლით. მათ უკვე ახ.წ. III საუკუნეში შექმნეს ძლიერი ცივილიზაცია. სიმინდის _ მაიას მოყვანა მათ ჭარბი საკვების მოპოვებისა და მოსახლეობის ქალაქად დასახლების საშუალებას აძლევდა. მაიას ქალაქებში ყვაოდა ხელოსნობა, ხელოვნება და მეცნიერება. მაიას კულტურის ერთ-ერთი გამორჩეული ქალაქია ჩიჩენ-იცა, სადაც არქეოლოგებმა არა ერთი ტაძარი, პირამიდა და ქუჩა აღმოაჩინეს. ამ ქალაქის უმთავრეს ნაგებობას ცხრასაფეხურიანი პირამიდა წარმოადგენდა.
   მაია გამოირჩეოდა თავისებური რელიგიით და კულტურით. არქეოლოგიურმა გათხრებმა აღმოაჩინა არა მარტო სასახლეები, ტაძრები და პირამიდები, ასევე სასამართლოები, ბურთის სათამაშო მოედნები. მაიას მოსახლეობა თაყვანს სცემდა მზეს, მთვარეს, წვიმასა და სიმინდის კულტურას. აქ შენდებოდა პირამიდის ფორმის დეკორატიული ნაგებობები. დიდია მაიას მიღწევები მათემატიკასა და ასტრონომიაში. მაიას ქურუმები უძველესი დროიდან ადევნებდნენ თვალს ციურ სხეულებს. საიდუმლო ცოდნას ვარსკვლავებისა და პლანეტების შესახებ ქურუმები იწერდნენ კოდექსებში, რომელმაც შემოგვინახა მაიას კალენდრების რთული სისტემა, რომელიც დაკავშირებულია მზის, მთვარის და პლანეტა ვენერას მოძრაობასთან. მაიამ შექმნა არა მარტო მზის კალენდარი 365 დღით, არამედ უდიდესი სიზუსტით განსაზღვრა მთვარის თვეც (თანამედროვე გამოთვლებით სულ 23 წამის ცდომილებით). შეძლო მზის და მთვარის დაბნელების წინასწარმეტყველება. ერთ-ერთ უზარმაზარ პირამიდა ციხე-სიმაგრეს 365  საფეხურიანი კიბე ჰქონდა, წელიწადის დღეების რაოდენობის მიხედვით. მეცნიერთა აზრით ამგვარი პირამიდები იგებოდა მზის ღმერთთან რაც შეიძლება მეტად დაახლოების მიზნით.

   გამოიგონეს წერის იეროგლიფური სისტემა.ისინი წერდნენ ლეღვის და თუთის ხის  თხელ ფოთლებზე წითელი და შავი საღებავებით. მათი ხელნაწერების უმეტესობა ესპანელებმა გაანადგურეს მექსიკის ტერიტორიის დაპყრობის დროს. 
   XV ს მიწურულისათვის, როცა ამერიკის კონტინენტზე ესპანელები აღმოჩნდნენ, მაიას ქვეყანა ძალზედ დასუსტებული იყო მეზობელ ტომებთან მრავალსაუკუნოვანი ბრძოლების გამო. როდესაც ერნენდ კორტესმა აცტეკების დიდი იმპერია დაიპყრო, მან ერთერთი თავისი რაზმის მეთაური გაგზავნა სამხრეთში, ახალი ტერიტორიების დასაპყრობად. 1547 წლისათვის ესპანელებმა დაასრულეს მაიას ხალხების დაპყრობა, თუმცა ზოგიერთმა ტომმა თავის შეაფარა იუკატანის ნახევარკუნძულის ცენტრალური ნაწილის ტყეებს და კიდევ 150 წლის განმავლობაში განაგრძობდა ბრძოლას. ესპანელების მიერ შემოტანილი ყვავილის, წითელასა და გრიპის ეპიდემიები, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა არ იცნობდა, მილიონობით ინდიელს ანადგურებდა. ამავე დროს ესპანელები სასტიკად დევნიდნენ მათ რელიგიას: ანგრევდნენ ტაძრებს, წმინდა ადგილებს ძარცვავდნენ, ხოლო მათ, ვინც კერპთაყვანისმცემლობაში იყვნენ შემჩნეულნი, კათოლიკე მისიონერი ბერები სვამდნენ ძელზე, მდუღრავდნენ ცხელი წყლით, სცემდნენ მათრახით.
   ამ მისიონერობას ხელმძღვანელობდა ფრანცისკანელი ბერი დიეგო დე ლანდა. მან აღმოაჩინა საიდუმლო სამალავი, რომელშიც 30 იეროგლიფური წიგნი ინახებოდა. ეს წიგნები მნიშვნელოვან ინფორმაციას შეიცავდა. ბერმა გადაწყვიტა, რომ მაიას წიგნებში ეშმაკისეული მაცდუნებელი მასალა იქნებოდა და ბრძანა მათი დაწვა, რამაც მაიას ხალხს თავზარი დასცა. დიეგო დე ლანდას სამთვიანი ინკვიზიციის დროს, მისი ხელმძღვანელობით აწამეს 5 000 ინდიელი, რომელთაგან 158 დაიღუპა. ამ სისატიკის გამო დე ლანდა უკან,  ესპანეთში გაიწვიეს, მაგრამ იქ გაამართლეს და სულ მალე ეპისკოპოსის რანგში დააბრუნეს.




- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -