Posted by : ლელა კაკაშვილი
Thursday 12 April 2018
ინკები
XII საუკუნის დასაწყისში დღევანდელი პერუს ტერიტორიაზე, მაღალმთიან ანდებში ადგილობრივმა მოსახლეობამ ქალაქების აშენება დაიწყო და მაღალგანვითარებული ცივილიზაცია შექმნა. ესენი იყვნენ ინკები. მათი მთავარი ქალაქი იყო კუსკო, რაც ინკების ენაზე “ჭიპს” ანუ სამყაროს ცენტრა ნიშნავდა. ინკების ქვეყანაზე გადიოდა ქვაფენილიანი გზები. იმპერიაში ქვით მოკირწყული ორი ძირითადი გზა არსებობდა, რომლებიც მცირე გზებით სოფლებსა და ქალაქებს უერთდებოდა. საინტერესოა, რომ ინკებმა ხის იარაღების გამოყენებით მთიანი ტერიტორიები ტერასებად დაყვეს. ამ ტერასებზე მოყავდათ საკვები კულტურები და აქვე აშენებდნენ დიდ ქალაქებს. ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული ქალაქი იყო მაჩუ-პიკჩუ, რომელიც ზღვის დონიდან 2430 მეტრზე მდებარეობდა, გაშენებული იყო ქვის ლოდებით დუღაბის გარეშე. ეს ქალაქი ინკების რელიგიურ ცენტრს წარმოადგენდა, აქვე მდებარეობდა მზის ტაძარი და ასტრონომიიული ობსერვატორია. ერთ-ერთ დარბაზში კედლები დაფარული იყო ოქროს ფურცლებით და იდგა მზის ოქროს ქანდაკება. როდესაც ოთახში მზის სხივები იჭრებოდა, საოცარი ოქროსფერი დგებოდა. მზის ქანდაკების გარშემო ოქროს სავარძლებში ისხდნენ გარდაცვლილი მეფეების მუმიები.
დიდად იყო განვითარებული სოფლის მეურნეობა. მინდვრები ირწყვებოდა ხელოვნური სარწყავი სისტემებით. საძოვრებზე ურიცხვი ლამა ძოვდა. ინკების იმპერატორს ეპყრა პოლიტიკური და რელიგიური ძალაუფლება. იგი მზის პირდაპირ შთამომავლად მიიჩნეოდა.
ინკების იმპერიაში მკაცრი კანონები მოქმედებდა. მცირედი დანაშაულისთვისაც კი სიკვდილით სჯიდნენ. საზოგადოების წევრების საქმიანობა სახელმწიფოს მუდმივ კონტროლქვეშ იყო. მოსახლეობის რაოდენობის და გადასახადების მონაცემებს ისინი სპეციალურ თოკებზე ინახავდნენ, რომლებზეც ნასკვების რაოდენობა შესაბამის ინფორმაციას გულისხმობდა. ინკებს დამწერლობის ნაცვლად ჰქონდათ ზეპირსიტყვიერების თავისებური ფორმა – “კიპუ”. ინკები წმინდა საგნად თვლიდნენ ქვას, ხოლო ღვთაება იყო მზე, ოქრო და ძვირფასი ლითონები მზის სიმბოლო.
ინკებს ჰყავდათ მრავალრიცხოვანი არმია, გონივრულად ჰქონდათ განლაგებული ციხე-სიმაგრეები, რაც განამტკიცებდა დაპყრობილი ხალხების მორჩილებას. დამარცხებულ მტერს უმკაცრესად უსწორდებოდნენ. ინკებში მაღალ დონეზე იდგა მედიცინა, ისინი თავის ტვინის ოპერაციებსაც კი აკეთებედნენ, ავადმყოფის მოსარჩენად ბალახოვან წამლებს იყენებდნენ.
1532 წელს ინკების იმპერიის საზღვრებს ცნობილი კონკისტადორი ფრანსისკო პისარო მიადგა თავის რაზმთან ერთად. ამ დროს ინკების იმპერატორის ვაჟებს შორის ბრძოლა მიმდინარეობდა. ამით ისარგებლა პისარომ, ერთ ძმას მეორე მოაკვლევინა, ცოცხლად დარჩენილი კი ტყვედ ჩაიგდო და დიდი გამოსასყიდი _ ერთი ოთახი ოქროთი და ერთი ოთახი ვერცხლით სავსე მოითხოვა. ინკებმა მოაგროვეს გამოსასყიდი, ხოლო პისარომ ქონება მიიღო, ხოლო იმპერატორი სიცოცხლეს გამოასალმა. მეთაურის გარეშე დარჩეილი ინკები მალე დამარცხდნენ _ მათი ცივილიზაცია დაემხო.