Posted by : ლელა კაკაშვილი
Wednesday 11 April 2018
კოლუმბამდელი ამერიკა
ამერიკის კონტინენტზე პირველი ადამიანები დაახლოვებით 30 000 წლის წინ მოხვდნენ. ეს ხალხი ამერიკაში აზიის რეგიონებიდან ბერინგის სრუტის გავლით მოვიდა. იმდროინდელი გამყინვარების შედეგად ამერიკის და აზიის კონტინენტებს შორის ოკეანის დონე დაწეული იყო და დღევანდელი ბერინგის სრუტეზე ე.წ. “ხმელეთის ხიდი” არსებობდა. როგორც ირკვევა ამ ხიდის მეშვეობით აზიელი მონადირეების ნადირობისას დღევანდელი ციმბირის და ალიასკის გავლით ამერიკის კონტინენტზეც ხვდებოდნენ. შემდგომში დათბობის შედეგად ოკეანის დონემ აიწია და აზია სამუდამოდ მოსწყდა ამერიკის კონტინენტს, იქ გადასული ხალხი კი, დარჩენილი მსოფლიოსაგან იზოლირებული აღმოჩნდა. დროთა განმავლობაში ისინი ამერიკის მთელ კონტინენტზე განსახლდნენ და ნადირობით და მეთევზეობით ირჩენდნენ თავს.
მოგვიანებით, დაახლოვებით 10 000 წლის წინ, ცენტრალურ და სამხრეთ ამერიკაში დასახლებულმა ხალხმა სოფლის მეურნეობას მიჰყო ხელი. მათ სიმინდი, ლობიო და გოგრა მოჰყავდათ და ამით ირჩენდნენ თავს. ნელ-ნელა გაჩნდა პატარ-პატარა სოფლები, ადამიანები მისდევდნენ მიწათმოქმედებას, ამზადებდნენ თიხის ჭურჭელს და ქსოვდნენ ტანსაცმელს. სწორედ ამ ხალხებმა დაახლოვებით ძვ.წ. 1200 წელს შექმნა პირველი ამერიკული ცივილიზაცია. ესენი იყვნენ ოლმეკები, რომლებმაც თანამედროვე მექსიკის დასავლეთ ნაწილში დედაქალაქი დაარსეს. ოლმეკები აშენებდნენ დიდ პირამიდულ ტაძრებს. მათ ჰქონდათ დამწერლობა, დგამდნენ დიდ ქანდაკებებს და ძვირფასი ქვებისაგან სამკაულებლსაც ამზადებდნენ. ოლმეკების ცივილიზაცია ძვ.წ. 300 წელს გაქრა.
მექსიკიდან სამხრეთით, დღევანდელი პერუს ტერიტორიაზე 2800 წლის წინ განვითარება დაიწყო კიდევ ერთმა კულტურამ, რომელსაც ჩავინის კულტურა ეწოდება. ისინიც აგებდნენ ტაძრებს, ქმნიდნენ ქანდაკებებს, ამზადებდნენ თიხის ჭურჭელს, ოქროს სამკაულებს და დაზგაზე ქსოვდნენ ტანსაცმელს. ოლმეკების მსგავსად ჩავინის კულტურაც განადგურდა დაახლოვებით ძვ.წ. 200 წელს.
ოლმეკების განადგურების შემდეგ მის ადგილას წარმოიშვა ქალაქ-სახელმწიფო ტეოტიჰუაკანი. მისი მოსახლეობა ხელოსნობასა და ვაჭრობას მისდევდა. ტეოტიჰუაკანი ამერიკის უდიდესი სავაჭრო ცენტრი იყო. ქალაქში იდგა მზისა და მთვარის სატაძრო კომპლექსები _ საფეხურიანი პირამიდები, რომელთა სიმაღლე 65-სა და 46 მეტრს აღწევდა. ახ.წ. VII საუკუნეში ეს ქალაქი გაურკვეველ ვითარებაში განადგურდა და არსებობა შეწყვიტა.
ამერიკის ჩრდილოეთ ნაწილში, დღევანდელი აშშ-სა და კანადის ტერიტორიაზე მოსახლეობდნენ ესკიმოსებისა და იროკეზების ტომები. ესკიმოსები ალასკისა და კანადის ტერიტორიაზე სახლობდნენ და თავს ნადირობით და თევზაობით იეჩენდნენ. ისინი თოვლის ბლოკებისაგან აშენებდნენ სახლებს ზამთარში, ხოლო ზაფხულში ტყავის კარვებში ცხოვრობდნენ. ხმელეთზე გადასაადგილებლად იყენებდნენ ძაღლებშებმულ მარხილებს, წყალზე კი ერთადგილიან ნავებს _ კაიაკებს.
იროკეზები ჩრდილოეთ ამერიკაში მცხოვრები სხვადასხვა ტომთა გაერთიანებას ერქვა. მათ მოყავდათ სიმინდი, გოგრა, თამბაქო, ლობიო, ცხოვრობდნენ ხის მოგრძო პატარა სახლებში და ქმნიდნენ სოფლურ დასახლებებს, რომელსაც გარშემო ხელოვნური თხრილი ჰქონდა შემოვლებული. იროკეზების დამახასიათებელი ნიშანია ვარცხნილობა. ისინი თავს იპარსავდნენ და მხოლოდ თავის ქალის შუაში სიგრძეზე იტოვებდნენ თმას. ასეთ ვარცხნილობას დღეს ზოგიერთი ახალგაზრდაც ატარებს და მას “იროკეზს” ეძახიან. იროკეზები თმის ნაცვლად ფერად ბუმბულებს იმაგრებდნენ თავზე.
ჩრდილოეთ და ცენტრალურ ამერიკაში მცხოვრებ ყველა ამ ხალხს ესკიმოსების გამოკლებით ინდიელებად მოიხსენიებენ. კოლუმბამდელი ამერიკის ცივილიზაციებში მეურნეობითა და კულტურით ყველაზე დაწინაურებულნი იყვნენ მაიას, აცტეკების და ინკების ხალხები, რომლებმაც შექმნეს ძლიერი იმპერიები.
მაგრამ უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკის კონტინენტის აღმოჩენის შემდეგ აქ ევროპელი კონკისტადორების (ესპანურად დამპყრობელი) ლაშქრობები დაიწყო. თითქმის ყველა ლაშქრობას ერთი მიზანი ჰქონდა _ ადგილობრივი მოსახლეობის სასტიკი დარბევა-ლაშქრობის გზით და სწრაფად გამდიდრება. კონკისტადორთა რიცხვი საკმაოდ დიდი იყო, მაგრამ ფართო დაპყრობით და ათვისებული ტერიტორიების სიმრავლით გამოირჩეოდნენ: ერნანდო კორტესი და ფრანსისკო პისარო.