Posted by : ლელა კაკაშვილი Monday 23 April 2018


ვორონცოვის რეფორმები

   ანტირუსულმა აჯანყებებმა და 1832 წლის შეთქმულებამ ცარიზმს მის მიერ განხორციელებული მმართველობის ნაკლოვანებები და რეფორმების საჭიროება დაანახა. მათ ამ მხრივ 1840-1841 წლებში რამდენიმე ნაბიჯი გადადგეს. მოხდა სამხრეთ კავკასიის ორ მსხვილ ადმინისტრაციულ ერთეულად _ 1. საქართველო-იმერეთის გუბერნიად და 2. კასპიის ოლქად დაყოფა. ასევე 1840 წლიდან თბილისში შემოიღეს სამოქალაქო მმართველობა, რომელიც შედგებოდა ქალაქის თავისა და 6 ხმოსანისაგან. ქალაქის თავს მთელი მოსახლეობა ირჩევდა 6 წარმომადგენელს ანუ ხმოსანს კი _ უძრავი ქონების მფლობელები, ვაჭრები და ხელოსნები, თითოეული ირჩევდა ორ-ორ წარმომადგენელს.მათ ძალიან  შეზღუდული უფლებები ჰქონდათ. ქალაქის მმართველობის კომპეტენციაში შედიოდა: ზრუნვა ქალაქის კეთილმოწყობაზე, სახელმწიფო გადასახადების დროულად აკრეფა, ხელოსნობისა და მეურნეობის სხვა დარგებისათვის ხელის შეწყობა. მოგვიანებით კორექტივები შეიტანეს მართლმსაჯულების დარგში: კერძოლდ შესაძლებელი გახდა სამოქალაქო საქმეების აგდგილობრივი ადათ-წესების საფუძველზე განხილვა.
   1844 წელს მთავარმართებლის თანამდებობა შეიცვალა მეფისნაცვლის თანამდებობით. მეფისნაცვალი მთავარმმართებლისაგან განსხვავებით შეუზღუდავ უფლებებს ფლობდა და მხარის თითქმის ყველა საკითხის გადაწყვეტა დამოუკიდებლად შეეძლო.
   პირველი მეფისნაცვალი გახდა მიხეილ ვორონცოვი (1844-1856 წწ). თავის სამხედრო წინამორბედებისაგან განსხვავებით ლონდონში გაზრდილი დიპლომატი მოქნილი პოლიტიკით ცდილობდა ქართველებში რუსული მმართველობისადმი ნდობა გაეღვივებინა. ამ მიზნის მისაღწევად მან აქცენტი არა ადმინისტრაციულ, არამედ კულტურული ღინისძიებების გატარებაზე გადაიტანა. მაგალითად, მან ნებართვა გასცა, აღედგინათ ქართული თეატრი. 1850 წელს, თბილისის გიმნაზიის სცენაზე პირველად დაიდგა, გიორგი ერისთავის პიესა “გაყრა”. 1851 წელს თბილისის ქარვასლის თეატრში გაიმართა პირველი საოპერო წარმოდგენა. 1852 წელს თბილისში რუსეთის საიმპერატორო გეოგრაფიული საზოგადოების კავკასიის განყოფილების მუზეუმი დაარსდა, რომლის ბაზაზე 1865 წელს ჩამოყალიბდა კავკასიის მუზეუმი.

   1847 წელს მიხეილ ვორონცოვმა თხოვნით მიმართა ცნობილ ქართველ პოეტსა და საზოგადო მოღვაწეს, ვახტანგ ორბელიანს, თავისი სახსრებით აეგო შენობა საჯარო ბიბლიოთეკისათვის, რასაც ვახტანგ ორბელიანი დასთანხმდა და 1851 წელს შენობა საჯარო ბიბლიოთეკას გადაეცა. 1852 წელს მეფისნაცვლის განკარგულებით საცენზურო კომიტეტს დაევალა კავკასიის ფარგლებში დაბეჭდილი ყველა გამოცემის ორი ეგზემპლიარის საჯარო ბიბლიოთეკისათვის გადაცემა.
   ადგილობრივ მოსახლეობაში რუსული ენის გავრცელების მიზნით ვორონცოვი,  სხვა ღონისძიებებთან ერთად, ქართველი თავადაზნაურების შვილებს სასწავლებლად გზავნიდა მოსკოვისა და პეტერბურგის სასწავლებლებში, ხოლო მისი ხელშეწყობით, დაახლოვებით 30 000 კაცს თავადაზნაურული წოდება დაუმტკიცდა. 
   საბოლოოდ ვორონცოვმა შეძლო საერთო ენის გამონახვა ქართულ არისტოკრატიასთან და მისი მნიშვნელოვანი ნაწილი რუსეთის ერთგულ ქვეშევრდომად აქცია. ცხადია ეს იმას არ ნიშნავდა, რომ ქართულ საზოგადოებაში ანტირუსული განწყობილება საბოლოოდ გაქრა. მიხეილ ვორონცოვმა სერიოზული ნაბიჯები გადადგა ამიერკავკასიის, კერძოდ საქართველოს ეკონომიკური ათვისების მიზნით. მისი ინციატივით საქართველოში დაიწყეს ახალი სასოფლო-სამეურნეო კულტურების დანერგვა. ვორონცოვის მეფისნაცვლობის პერიოდში ამოქმედდა მინის ქარხანა სოფელ ღვარევში, მაუდის ფაბრიკა, ლითონის ჩამოსასხმელი ფაბრიკა ზუგდიდში და სხვა. ცხადია ეს ღონისძოებები არ ცვლიდა კოლონიური პოლიტიკის მთავარ მიმართულებას _ საქართველო უნდა დარჩენილიყო რუსეთის მრეწველობისათვის ნედლეულის ბაზად და მზა პროდუქციის გასაღების ბაზრად. 
    მიხეილ ვორონცოვის მმართველობის, ისევე, როგორც ალექსანდრე ბარიატინსკის დროს (1856-1862 წწ) კვლავ გრძელდებოდა რუსეთის დემოგრაფიული ექსპანსია საქართველოში. კვლავ იქმნებოდა რუს სამხედროთა დასახლებები (სოფლები). გრძელდებოდა საქართველოში რუსი სექტანტების (მალაკნების, დუხობორების და სხვათა), ასევე სხვა უცხოტომელთა ჩამოსახლება. ასე, რომ რუსეთის კოლონიური პოლიტიკა, რომელსაც მიხეილ ვორონცოვი უხეში ძალმომრეობის ნაცვლად მოქნილი, ლოიალური მეოდებით ატარებდა, არანაკლებ საშიში იყო ქართველი ერისათვის. ამიტომ მიხეილ ვორონცოვის მიერ გატარებულ პოლიტიკას “ნაცხვრისა და მათრახის” პოლიტიკა უწოდეს.


- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -