Posted by : ლელა კაკაშვილი Monday 23 April 2018



 1832 წლის შეთქმულება
    XIX საუკუნის დამდეგის ეროვნული აჯანყებების მარცხმა და თავსდატეხილმა რეპრესიებმა გარკვეული დაღი დაასვა ქართულ საზოგადოებას. ბაგრატიონთა სამეფო სახლის წევრები რუსეთში იყვნენ გადასახლებულნი. რუსეთის ხელისუფლება ყოველნაირად ცდილობდა სამეფო სახლის წევრებს რაც შეიძლება ნაკლები კავშირი ჰქონოდათ სამშობლოსთან. აჯანყებების მონაწილე ქართველი არისტოკრატიის წარმომადგენლები მკაცრად დაისაჯნენ. აუტანელი პირობები შეუქმნეს რუსეთის ხელისუფლებისადმი ოპოზიციურად განწყობილებაში შემჩნეულებს. ამავე დროს წაახალისეს ქართველი არისტოკრატიის ის ნაწილი, რომელიც აჯანყებები პერიოდში რუსეთის მხარეზე იდგა. ასპარეზზე გამოვიდა ქართველი არისტოკრატიის ის  თაობა, რომლებმაც შეგნებული ცხოვრება რუსეთის ბატონობის პერიოდში დაიწყო. ეს თაობა წინამავალისაგან განსხვავებით გაცილებით უფრო ლოიალურად ეკიდებოდა რუსეთის ბატონობას. მთლიანად ქართულ საზოგადოებაში კი იმძლავრა რუსულ ხელისუფლებასთან შერიგების განწყობილებამ.
    XIX საუკუნის 20-იან წლებში დაიწყო ეროვნული მოძრაობის გამოცოცხლება. ეროვნულ ძალთა კონსოლიდაცია მიმდინარეობდა პეტერბურგსა და მოსკოვში, სადაც ბაგრატიონთა სამეფო სახლის წევრები იყვნენ გადასახლებულნი. 1825 წელს, დიმიტრი ბატონიშვილის ხელმძღვანელობით, პეტერბურგში ჩამოყალიბდა პირველი საიდუმლო ორგანიზაცია. ამ ორგანიზაციის წევრები მსჯელობდნენ საქართველოს განთავისუფლების გზებზე და პრაქტიკული მოქმედების დაწყებაზეც ოცნებობდნენ.
    1826 წელს მოსკოვში, ოქროპირ ბატონიშვილის ხელმძღვანელობით, ჩამოყალიბდა მეორე საიდუმლო ორგანიზაცია. 1827-1829 წლებში შეთქმულების ცენტრმა რუსეთიდან თბილისში გადმოინაცვლა. აქ შეთქმულებს შეუერთდნენ: ალექსანდრე ჭავჭავაძე, გრიგოლ ორბელიანი, ალექსანდრე ორბელიანი, დიმიტრი ყიფიანი, ფილადელფოს კიკნაძე და სხვები. 1830-1832 წლებში ხელმძღვანელ როლს ასრულებდნენ: ალექსანდრე ორბელიანი, ელიზბარ ერისთავი და სოლომონ დოდაშვილი. თბილისის გარდა შეთქმულებმა მუშაობა გაშალეს საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში. შეთქმულები მიზნად ისახავდნენ, რუსეთის წინააღმდეგ ბრძოლაში ჩაებათ მთელი კავკასია.
   შეთქმულები ცდილობდნენ დაეცვათ კონსპირაცია. მათ შემუშავებული ჰქონდათ ფარული მიმოწერის ხერხები, იყენებდნენ საიდუმლო ანბანს და სხვა. 1830 წელს ფილადელფოს კიკნაძემ შეადგინა ფარული ორგანიზაციის წესდება, სახელწოდებით “აქტი გონიური”. ეს აქტი განსაზღვრავდა ფარულ ორგანიზაციაში წევრად მიღების პირობებს, ასევე წევრთა უფლებებსა და მოვალეობებს. 1832 წელს მოხდა ფარული საზოგადოების წევრთა დაფიცება. შეთქმულთა ორგანიზაციის წესდების ერთერთი მუხლი აფრთხილებდა მის წევრებს, რომ მათ რიგებში არ შეპარულიყვნენ საეჭვო პირები. ამ წესდებას ცხადია ჰქონდა ნაკლი, ერთ-ერთი უმთავრესი ნაკლი ის იყო, რომ შეთქმულების შესახებ ძალიან ბევრმა ადამიანმა იცოდა, რაც ზრდიდა ჩავარდნის საშიშროებას.

   რუსეთის ბატონობისაგან საქართველოს გათავისუფლების გზების შესახებ ქართველთა შორის აზრთა სხვადასხვაობა არსებობდა. ერთი ნაწილი, გენერალ ივანე აფხაზის მეთაურობით, თვლიდა, რომ საქართველო ჯერ პოლიტიკურად და ეკონომიკურად უნდა გაძლიერებულიყო და შემდეგ ეფიქრა დამოუკიდებლობაზე. სხვანაირად საქართველო სპარსეთისა და ოსმალეთის მსხვერპლი გახდებოდა. ივანე აფხაზი თვლიდა რომ ას წელზე ადრე არ შეიძლებოდა რუსეთისაგან საქართველოს გამოყოფის საკითხის დასმა.
   შეთქმულთა მეორე ნაწილი, რომელთა გულის თქმას გრიგოლ ორბელიანი გამოხატავდა და რომელის აზრსაც, შეთქმულთა ძირითადი ნაწილი უჭერდა მხარს, რუსეთის წინააღმდეგ აჯანყებას შესაძლებლად მიიჩნევდა. მათი აზრით ქართველი ერი მზად იყო არა მარტო დამოუკიდებლობის მოპოვებისათვის, არამედ მისი შენარჩუნებისთვისაც.
    შეთქმულთა მესამე ნაწილის პოზიციას ალექსანდრე ორბელიანი გამოხატავდა, რომლის აზრითაც, საჭირო იყო რუსეთის იმპერატორის დარწმუნება იმაში, რომ კანონიერი და თვით რუსეთისთვისაც უფრო სასარგებლო იქნებოდა იმპერიის შემადგენლობაში საქართველოს ავტონომიური სამეფოს შექმნა.
   როგორც ვხედავთ შეთქმულთა ერთი ნაწილი ეგუებოდა რუსეთის მიერ საქართველოს დაპყრობას, მეორე ნაწილი რუსეთის წინააღმდეგ აჯანყების მომხრე იყო და დამოუკიდებელი სახელმწიფოს შექმნა და შენარჩუნება რეალურად ესახებოდა. მესამე ნაწილი კი ფიქრობდა, რომ შესაძლებელი იყო მშვიდობიანი გზით რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში საქართველოს ავტონომიური სამეფოს შექმნა.
   შეთქმულთა აბსოლუტური უმრავლესობა ქართველ არისტოკრატიას ეკუთვნოდა. ცხადია, არისტოკრატიასა და გლეხობას შორის არსებობდა გარკვეული დაპირისპირება და წინააღმდეგობა, მაგრამ სამშობლოს მძიმე მდგომარეობა ქართველი ერის სხვადასხვა წოდებასა და სოციალურ ფენას ერთი მიზნისათვის აერთიანებდა კიდეც. ასე მოხდა ამჯერადაც. თუ რუსეთის წინააღმდეგ დაიწყებოდა შეიარაღებული აჯანყება, შეთქმულებს განზრახული ჰქონდათ გლეხობა მასში ჩაბმა. ისინი ასევე ფიქრობდნენ თბილისელი ხელოსნების მიმხრობასაც.
   შეთქმულები ცდილობდნენ იმ დროისათვის შექმნილი ვითარების გამოყენებასაც _ კერძოდ, 1830-1831 წლებში დიდი აჯანყება მიმდინარეობდა პოლონეთში, რომელიც ავტონომიის სტატუსით შედიოდა რუსეთის იმპერიის შემადგენლობაში. გარდა ამისა ისინი საფრანგეთის, ინგლისის, ოსმალეთისა და სპარსეთის საგარეო ინტერესებზეც ამყარებდნენ იმედებს.
   შეთქმულები დამოუკიდებლობის აღდგენის შედგომ სახელმწიფოს მოწყობაზეც ფიქრობდნენ. ისინი განიხილავდნენ სახელმწიფო მმართველობის სამ ფორმას: 
1.აბსოლუტური მონარქია _ მონარქიის მომხრეები ძირითადად ბაგრატიონთა საგვარეულოს წევრები იყვნენ. ისინი ესწრაფოდნენ ბაგრატიონთა დინასტიის აღდგენას. მონარქიის აღდგენის შემთხვევაში უნდა აღდგენილიყო ერთიანი ქართული სამეფოც;
2.კონსტიტუციური მონარქია _ რომელსაც მხარს უჭერდა დიმიტრი ბატონიშვილი, ელიზბარ ერისთავი და შეთქმულთა უმეტესობა; კონსტიტუციური მონარქიის პროექტის მიხედვით უნდა ჩამოყალიბებულიყო ორპალატიანი პარლამენტი. ზედა პალატის თავმჯდომარე იქნებოდა მეფე, წევრები კი _ მინისტრები. ქვედა პალატაში წარმოდგენილი იქნებოდნენ დეპუტატები. მეფე-მონარქი ამ შემთხვევაში ინარჩუნებდა სამემკვიდრეო უფლებას;
3. რესპუბლიკა _ სახელმწიფო მმართველობის ამ მოდელის მომხრე კი სოლომონ დოდაშვილი იყო; ამ პროექტის შესახებ უფრო კონკრეტული არაფერია ცნობილი;
შეთქმულები მეფედ ალექსანდრე ბატონიშვილის მოწვევას ვარაუდობდნენ. შერჩეული იყო მინისტრთა კანდიდატებიც: ალექსანდრე ჭავჭავაძე (სამხედრო მინისტი), ნიკოლოზ ფალავანდიშვილი (ფინანსთა მინისტრი), კონსტანტინე მუხრანბატონი (იუსტიციის მინისტრ) და სხვანი.
   შეთქმულები აჯანყების დაწყებისათვის ხელსაყრელ დროს ელოდნენ, ამის გამო აჯანყების დაწყების თარიღი რამდენჯერმე გადადეს. 1832 წლის ნოემბერში შეიმუშავეს აჯანყების გეგმა. ამ გეგმას უწოდეს “პირველი ღამის განკარგულება”.რომელიც ითვალისწინებდა მოქმედების ასეთ გეგმას: აჯანყებულებს უნდა დაეკავებინათ ციხე და განეიარაღებინათ თბილისსა და მის გუბერნიებში მდგარი რუსების ჯარი. ამისათვის თავადები  გლეხებისაგან სპეციალურ რაზმებს ამზადებდნენ. შეთქმულთა ერთ ნაწილს ევალებოდა თბილისში, თათრის მოედანზე, ღვთისმშობლის ხატებით ხელში ხალხის გამოყვანა. აჯანყების გეგმა ითვალისწინებდა მოღალატეთა მკაცრ დასჯას.
   ცხადია, “პირველი ღამის განკარგულებას” ჰქონდა ნაკლი. ამ ნაკლთაგან უმთავრესი ის იყო, რომ რუსეთის ჯარის განიარაღება და დამარცხება ადვილი არ იქნებოდა. შეთქმულებს ამის ძალები აშკარად არ გააჩნდათ, არც ხალხის ქუჩაში გამოყვანა იყო ადვილი.
    როგორც უკვე ავღნიშნეთ, შეთქმულებმა აჯანყების დაწყების დრო რამდენჯერმე შეცვალეს. მათი გეგმით, ლუარსაბ ორბელიანის სახლში უნდა გამართულიყო ბალი, სადაც მოიწვევდნენ მთავარმმართებელს, მაღალი რანგის სამხედრო და სამოქალაქო პირებს. ღამის პირველ საათზე კი დაიწყებოდა “პირველი ღამის განკარგულების” განხორციელება.
     შეთქმულებმა საბოლოოდ აჯანყების თარიღად გამოცხადდა 20 დეკემბერი, მაგრამ 9 დეკემბერს შეთქმულება გამჟღავნდა. ერთ-ერთ შეთქმულს, იესე ფალავანდიშვილს, საკუთარი ძმის, თბილისის სამოქალაქო გუბერნატორის _ ნიკო ფალავნდიშვილის გადმობირება დაევალა. ნიკოლოზ ფალავნდიშვილმა ძმას მხარდაჭერაზე უარი უთქხრა და მოსთხოვა, ეცნობებინა ხელისუფლებისათვის შეთქმულების შესახებ. იესე ძმას დაემორჩილა და შეთქმულება გასცა
    ხელისუფლებამ 4 თვეში 145 კაცი დააპატიმრა. 38 შეთქმული გაასამართლეს. სასამართლომ შეთქმულების აქტიურ მონაწილეებს სიკვდილით დასჯის განაჩენი გამოუტანა, მაგრამ რუსეთის იმპერატორმა ნიკოლოზ I_მა განაჩენი შეამსუბუქა _ სიკვდილით არავინ დაუსჯიათ. შეთქმულების აქტიური მონაწილეები სხვადასხვა ვადით რუსეთის იმპერიის გუბერნიებსა და მხარეებში გადაასახლეს. გადასახლებულთა შორის იყვნენ: ელიზბარ ერისთავი, ალექსანდრე ჭავჭავაძე, დიმიტრი ყიფიანი, გიორგი ერისთავი და სხვები.  რუსეთის იმპერატორმა ასეთი გადაწყვეტილება იმიტომ მიიღო, რომ მას სურდა ჰუმანური ჟესტით ქართული საზოგადოების გული მოეგო.
     1832 წლის შეთქმულებას წინა ეპოქის ეროვნული აჯანყებებისაგან სამი ნიშანი განასხვავებდა: 1. შეთქმულება არ იყო სტიქიური მოვლენა, იგი საერთო ქართულ მოვლენად იქცა. 2.შეთქმულება არ იყო ლოკალური, ოგო საერთო-ქართულ მოვლენად იქცა; 3)შეთქმულებმა დიდი მიშაობა გასწიეს პროგრამის და წესდების მომზადების და სრულყოსიდ მიზნით. მართალია, როგორც ავღნიშნეთ შეთქმულები ყველა საპროგრამო საკითხზე ვერ შეთანხმდნენ, მაგრამ ეროვნლი მოძრაობის ამ ეტაპზე ეს მოულოდნელი არ იყო.
     როგორც დავინახეთ, 1832 წლის შეთქმულებამ დანახა ცარიზმს, რომ ქართველებსი არ ჩამკვდარა თავისუფლების წყურვილი, ქართველი ერის ასიმილაციის, საქართველოს რუსეთის განუყოფელ ნაწილად გადაქცევის ცდას განხორციელება არ ეწერა. ამავე დროს 1832 წლის შეთქმულება გახდა ერთგვარი სტიმულის მიმცემი შემდგომი ეპოქის დიდი ეროვნული-გამათავისუფლებელი მოძრაობისათვის.

- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -