Posted by : ლელა კაკაშვილი Monday 16 April 2018


ნიდერლანდის (ჰოლანდიის) რევოლუცია

    XVI საუკუნის დასაწყისში ეკლესიის რეფორმაციის ტალღამ ნიდერლანდებსაც მიაღწია. იქაურ ვაჭრებსა და მდიდარ მოსახლეობას შორის განსაკუთრებით გავრცელდა პროტესტანტიზმის კალვინისტური მიმართულება. მათთვის “პაპიზმი” (კათოლიციამი) ასოცირებული იყო სამღვდელოების სიხარბესთან, ინდულგენციების გაყიდვასთან, რომის პაპისათვის შემოსავლის მეათედის გადახდასთან.
   1556 წელს კარლ V-ის მემკვიდრეობა ერგო მის შვილს, თავგადაკლულ კათოლიკეს და კონტრრეფორმაციის თვითგამოცხადებულ მეთაურს, ფილიპე II-ეს.  ფილიპე კათოლიკე იყო და მას არ მოსწონდა, რომ მის სამეფოში შემავალ ნიდერლანდებში კალვინიზმი იყო გავრცელებული. ის ფიქრობდა, რომ თუ ნიდერლანდის მოსახლეობას კვლავ კათოლიკობაზე მოაქცევდა, მაშინ უფრო ადვილად დაიმორჩილებდა ამ ქვეყანას.
   გამეფების პირველსავე წლებში ფილიპე II-ემ დაიწყო ნიდერლანდის დამორჩილების კამპანია. მან პირველ რიგში ჰოლანდიის ქალაქებისა და მხარეების მმართველებად მისთვის სანდო ხალხი დანიშნა. იმავდროულად მან დაიწყო პროტესტანტების შევიწროვება და მოსახლეობას გადასახადები გაუძვირა.
  ჰოლანდიის მოსახლეობამ პროტესტი გამოთქვა ფილიპე II-ის ღონისძიებების წინააღმდეგ და უარი განაცხადა გაზრდილი გადასახადების გადახდაზე. ამ ფაქტს მოჰყვა კალვინისტების გამოსვლები, რომლებიც ეწინააღმდეგებოდნენ კათოლიკობას ჰოლანდიაში.
  1566 (1568 წ) წელს ჰოლანდიაში აჯანყება დაიწყო, რომელშიც კათოლიკე სამღვდელოების გარდა, საზოგადოების ყველა ფენა ჩაერთო. აჯანყება და ომი, შესვენბებით 80 წელი გაგრძელდა. “ოთხმოცწლიანი ომის” დროს სამხრეთ ნიდერლანდების (დაახლოვეით დღევანდელი ბელგია) ქალაქებმა ბრიუგემ, ანტვერპენმა ბრიუსელმა, დაკარგეს ძველი მნიშვნელობა, სამაგიეროდ აღზევდა ჩრდილოეთ ნიდერლანდების ქალაქები: ამსტერდამი, ჰააგა, როტერდამი. ომის დროს მათი მოსახლეობის უმეტესობა პროტესტანტიზმზე გადავიდა. აჯანყებულებმა დაიწყეს კათოლიკური ეკლესია-მონასტრების დარბევა დაიწყეს.
   ფილიპე II-ემ აჯანყების ჩასახშობად ჰოლანდიაში დამსჯელი რაზმი გაგზავნა, რომელსაც სათავეში გამოცდილი სარდალი ჰერცოგი ალბა ჩაუყენა. ალბამ ადვილად დაამარცხა ჰოლანდიელები და რეპრესიების გატარება დაიწყო: მან აჯანყების ლიდერები სიკვდილით დასაჯა და ნიდერლანდში საოკუპაციო რეჟიმი დაამყარა. ალბამ შექმნა სპეციალური სასამართლო _ "არეულობის საქმეთა სასამართლო", რომელმაც 8 000-ზე მეტი ადამიანი დასაჯა სიკვდილით, ამიტომ მას "სისხლისნი საბჭო" უწოდეს. ხშირად ალბა ერთპიროვნულად იღებდა გადაწყვეტილებებს და პროტესტანტებთა გვამებსაც კი შეურაცხყოფდა.
  ალბას რეპრესიებმა ჰოლანდიაში დიდი უკმაყოფილება გამოიწვია _ დაიწყო ხანგრძლივი ბრძოლა ესპანეთის ჯარებსა და აჯანყებული ნიდერლანდის მოსახლეობას შორის. აჯანყებას სათავეში ჩაუდგა ჩრდილოეთ ნიდერლანდის გამგებელი, დიდგვაროვანი ვილჰემ ორანელი. როდესაც ალბა ჰოლანდიაში შეიჭრა ორნელი გერმანიაში გაიქცა, თუმცა მალე აჯანყების ლიდერი გახდა.
  აჯანყებულებს სულ უფრო მეტი და მეტი ხალხი უერთდებოდა. ჰოლანდიიდან გაქცეულმა მოქალაქეებმა ხომალდები შეიძინეს და სისტემატურად ესხმოდნენ თავს ესპანურ გემებს. მათ "ზღვის გიოზებს" უწოდებდნენ. სიტყვა გიოზი ფრანგული სიტყვაა და ნიშნავს "მათხოვარს", მაგრამ ამ მეტსახელს ჰოლანდიელი პარტიზანები არ თაკილობდნენ. ისინი წარმატებით ებრძოდნენ ესპანურ ფლოტს არა მარტო თავისი ქვეყნის სანაპიროებთან, არამედ ოკეანეშიც კი.
   1574 წელს ესპანელებმა ალყა შემოარტყეს ჩრდილოეთ ჰოლანდიის ქალაქ ლეიდენს. ქალაქის მოსახლეობა მედგრად იცავდა თავს, მაგრამ მათ სურსათ-სანოვაგე ეწურებოდათ. ამიტომ ლეიდენის მოქალაქეებმა ქალაქის ახლოს მდებარე წყლის კაშხალი დაანგრიეს და ქალაქის მისადგომები დატბორეს, ესპანელბმა ქალაქს ალყა მოხსნეს და გაიქცნენ. გალავნებმა ქალაქის ტერიტორია იხსნა დატბორვისაგან.
  დროთა განმავლობაში აჯანყებულმა ჰოლანდიელებმა შეძლეს ესპანეთის შევიწროვება. 1581 წელს ჩრდილოეთ ჰოლანდიის 7 პროვინციამ გაერთიანებული სახელმწიფო ჩამოაყალიბა და ესპანეთისაგან დამოუკიდებლობა გამოაცხადა. სამხრეთ ჰოლანდია კი, კვლავ ესპანეთის მმართველობის ქვეშ რჩებოდა
   ესპანეთის წინააღმდეგ ომებში ჰოლანდიას ეხმარებოდა პროტესტანტული ინგლისი. სწორედ ამიტომ ესპანეთმა გადაწყვიტა გაენაგურებინა ინგლისის საზღვაო ფლოტი. ამისათვის ესპანელებმა უზარმაზარი თანხები გაიღეს და შექმნეს 130 გემისაგან შემდგარი ფლოტი, რომელსაც "უძლეველი არმადა" ეწოდა. 
  1588 წელს "უძლეველი არმადა" ინგლისისაკენ დაიძრა. ლა მანშის სრუტის გავლის დროს მას თავს დაესხა ინგლისის ფლოტი. დაქსაქსული და დაბნეული ესპანური ხომალდები ღია ზღვაში გავიდნენ, სადაც შტორმში მოხვდნენ და მათი უმეტესობა განადგურდა. ამის შემდეგ ესპანელებმა ერთმანეთის მიყოლებით ჩრდილოეთ და სამხრეთ ჰოლანდიის მნიშვნელოვანი ქალაქები დაკარგეს.
  1639 წელს ჰოლანდიის რესპუბლიკამ საბოლოოდ მოუღო ბოლო ესპანეთის საზღავო ჰეგემონიას. 1648 წელს დაიდო მიუსტერის საზავო ხელშეკრულება, რომლის თნახმადაც ჰოლანდია დამოუკიდებელ სახელმწიფოდ გამოცხადდა. ჰოლანდიაში პრაქტიკულად მოხდა პირველი ბურჟუაზიული რევოლუცია, როდესაც ვაჭრებმა, ფინანსისტებმა, მრეწველებმა, ზღვაოსნებმა ხელში აიღეს ძალაუფლება. რევოლუციაში მონაწილეობა მიიღო არისტოკრატიამაც.
  ჰოლანდიურმა რევოლუციამ შექმნა ისეთი პრეცენდენტი, რომ "ხალხმა შეიძლება გადააყენოს სუვერენი, თუკი ნათლად დაინახავს, რომ ის არ ასრულებს იმ ვალდებულებებს, რომელიც მას ღმერთმა დააკისრა". 1648 წელს ევროპის მონარქიული სახელმწიფოების მიერ ჰოლანდიის რესპუბლიკის აღიარებამ განამტკიცა აზრი იმის შესახებ, რომ მეფეები ყოველთვის არ არიან კანონიერი უფლებების მატარებელნი.

- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -