Posted by : ლელა კაკაშვილი Wednesday 11 April 2018


ბიზანტიის დაცემა

   მას შემდეგ, რაც ოსმალებმა განაგრძეს ბიზანტიის ტერიტორიების მითვისება, იმპერატორმა იოანე VIII-ემ დაიწყო მოლაპარაკებები  დასავლეთ ევროპის სახელმწიფოებთან, მათ შორის რომის პაპთან, რათა საერთო ძალებით გამკლავებოდნენ ოსმალებს. ამ მოლაპარაკებებისას მთავარ პრობლემას წარმოადგენდა რელიგიური დაპირისპირება; კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესიები საკუთარ პოზიციებს არ თმობდნენ.
   1439 წელს, რომის პაპის, ბიზანტიის იმპერატორის და კონსტანტინოპოლის პატრიარქის მეთაურობით ფლორენციაში შეიკრიბნენ კათოლიკური და მართლმადიდებლური ეკლესიების წარმომადგენლები.  ბიზანტიის მთავარი მიზანი იყო ევროპული სახელმწიფოებისაგან მიეღო სამხედრო და ფინანსური დახმარება. რომის პაპი კი ცდილობდა თავისი ძალაუფლების გავრცელებას  აღმოსავლეთ ევროპაზეც. გამოუვალ მდგომარეობაში ჩავარდნილი იმპერატორი იოანე VIII თავად ეწვია რომს და მონაწილეობა მიიღო ფლორენციაში გამართულ საეკლესიო კრებაზე რომის პაპ ევგენიუს VI-სთან ერთად. საბოლოოდ ორივე ეკლესიას შორის დაიდო ხელშეკრულება _ "ფლორენციის უნია". უნიის მიზანი იყო აღმოსავლური და დასავლური ეკლესიების ერთიანობის აღდგენა. ამ ხელშეკრულების თანახმად, მართლმადიდებლები ცნობდნენ პაპის ხელისუფლებას, ამის სანაცვლოდ კი დასავლეთ ევროპა ბიზანტიას დაეხმარებოდა. 
    კონსტანტინოპოლის აღებისა და ბიზანტიის საბოლოო განადგურების მისია იკისრა ახალმა სულთანმა მეჰმედ II-ემ, , რომელსაც დამპყრობელი უწოდეს. 1453 წლის მაისში მეჰმედ II-ემ კონსტანტინოპოს ალყა შემოარტყა. 1453 წლის 29 მაისს ოსმალებმა კონსტანტინოპოლი შტურმით აიღეს. ბიზანტიის იმპერატორი კონსტანტინე XI ბრძოლაში დაიღუპა. ოსმალებმა ქალაქში სასტიკი ხოცვა-ჟლეტა მოაწყეს. ქრისტიანული იმპერიის სიმბოლო _ აია სოფიას ტაძარი მუსლიმურ მეჩეთად გადააკეთეს. ოსმალებმა ქალაქს სახელი შეუცვალეს და მას ისტანბული (სტამბოლი) დაარქვეს. ეს იყო ერთ-ერთი პირველი ბრძოლა, სადაც გამოყენებული იქნა ახალი სამხედრო ტექნოლოგიები _ დენთი და არტილერია. ამგვარად დასრულდა აღმოსავლეთ რომის _ ბიზანტიის იმპერიის ათასწლოვანი ისტორია.
    ისტორიკოსთა დიდი ნაწილი თვლის, რომ კონსტანტინოპოლის დაცემას ევროპის ისტორიისათვის უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა. ამ ფაქტით დასრულდა შუა საუკუნეები და დაიწყო ახალი ეპოქა. მეცნიერები ასეთ შეფასებას მთელი რიგი ფაქტორებით ხსნიან: 
1. ოსმალური დაპყრობების შედეგად დაემხო აღმოსავლური ქრისტიანული იმპერია და მისი ადგილი დაიკავა ისლამურმა იმპერიამ. ეს კი უმძიმესი ფსიქოლოგიური დარტყმა იყო ქრისტიანული სამყაროსათვის;
2. კონსტანტინოოლის აღებით ოსმალებმა დაიკავეს უმნიშვნელოვანესი სამხედრო და სავაჭრო პუნქტი. ოსმალთა ხელში აღმოჩნდა მნიშვნელოვანი სახმელეთო და საზღვაო გზები, ამან კი დიდი ზიანი მიაყენა ევროპულ სახელმწიფოებს, პირველ რიგში კი, გენუასა და ვენეციას.
3. ბიზანტიის დაცემამ დიდი ზიანი მიაყენა იმდროინდელ კულტურას. ბიზანტიიდან გაქცეულმა უამრავმა ბერძენმა სწავლულა დასავლეთ ევროპის უნივერსიტეტებს მიაშურა, რამაც დასავლეთ ევროპაში დაწყებული აღორძინება (რენესანსი) კიდევ უფრო გააძლიერა. 
4. კონსტანტინოპოლის აღებამ, რომელიც ევროპასა და აზიას შორის დამაკვშირებელ ცენტრს წარმოადგენდა, ევროპის მოვაჭრეებსა და ზღვაოსნებს სტიმული მისცა, რათა მათ ახალი გზები ეძებნათ ინდოეთში მოსახვედრად. ყოველივე ამის შედეგად, შეიძლება ითქვას, რომ დიდი გეოგრაფიული აღმოჩენები გარკვეულწილად ოსმალურმა დაპყრობებმაც განაპირობეს;
5. ოსმალების დაპყრობებმა ყველაზე დიდი ზიანი მის მეზობლად მცხოვრებ ხალხებს _ სლავებს, კავკასიელებს და ბალკანელებს მიაყენა. თურქული დაპყრობეის შედეგად დიდი გასაქანი მიეცა ტყვეთა სყიდვას. 
6. ბიზანტიის დაცემის შედეგად შეიცვალა მდგომარეობა მართლმადიდებლურ სამყაროში. აქ პირველობა მოსკოვმა წამოაყენა. შემუშავდა "მესამე რომის" თეორია. მანამდე არსეობდა შემდეგი თეორია: "პირველი რომი რომია, მეორე რომი კონსტანტინოპოლია", ახლა ამ თერიას დაემატა: "მესამე რომი მოსკოვია, მეოთხე აღარ იქნება". მოსკოვი თავს ყველა მართლმადიდებლის მფარველად აცხადებდა. მონღოლთა ბატონობისაგან გათავისუფლების შემდეგ მოსკოვმა დაიწყო ბრძოლა ტერიტორიის გაფართოებისათვის და სულ უფრო აქტიურად დაიწყო სვლა სამხრეთისაკენ.



- Copyright © იანუსი (ლელა კაკაშვილის ბლოგი) - Blogger Templates - Powered by Blogger - Designed by Johanes Djogan -